"პარტიის ლიდერად ჩემი თავი ვერ წარმომიდგენია" - რას ამბობს თემურ ჭყონია ბიზნესმენების პოლიტიკაში წასვლაზე, ხელისუფლებასა და მომავალ არჩევნებზე? - კვირის პალიტრა

"პარტიის ლიდერად ჩემი თავი ვერ წარმომიდგენია" - რას ამბობს თემურ ჭყონია ბიზნესმენების პოლიტიკაში წასვლაზე, ხელისუფლებასა და მომავალ არჩევნებზე?

"საქართველო მდიდარი ვერასდროს იქნება, მაგრამ მას შეუძლია იყოს კარგი ქვეყანა. არა ისეთი ღატაკი, როგორიც ახლაა"

ბიზნესიდან პოლიტიკამდე და პოლიტიკიდან ბიზნესამდე ერთი ნაბიჯია... მართალია, ეს გამოთქმა სიყვარულსა და სიძულვილზეა, მაგრამ ჩვენს პოლიტიკურ რეალობასაც ძალიან უხდება. საქართველოს ხელისუფლებაში, საკანონმდებლო შტო იქნება ეს თუ აღმასრულებელი, იმდენი ნაბიზნესმენარი პოლიტიკოსი გვინახავს და კიდევ უფრო მეტი პოლიტიკიდან ბიზნესში პორტირებული, რომ წესით, აღარაფერი უნდა გვიკვირდეს, თუმცა 2020 წლის არჩევნები ამ თვალსაზრისით მაინც გამორჩეული იქნება, რადგან ბიზნესმენებს შორის ნამდვილი "ვარსკვლავური ომები" გველოდება. მაინც რატომ მიდიან ბიზნესმენები პოლიტიკაში?

თემურ ჭყონია, ბიზნესმენი: - თუ ექიმები, სპორტსმენები, იურისტები და უსაქმურები მიდიან პოლიტიკაში, რატომ არ შეიძლება ბიზნესმენებსაც გაუჩნდეთ პოლიტიკაში მოსვლის სურვილი? ბიზნესმენების პოლიტიკაში წასვლა არ ნიშნავს, რომ მომავალ მთავრობასა თუ პარლამენტში ჩვენ მათი სახით პროფესიონალ პოლიტიკოსებს ვიხილავთ, მაგრამ მათ აქვთ ცოდნა და გამოცდილება, რაც, შესაძლოა, სასიკეთოდ გამოადგეს ქვეყანას. ხომ არსებობენ ექსპერტები, რომლებსაც სპეციალური ექსპერტული განათლება არა აქვთ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაზეც ლაპარაკობენ და მოდი, ვაღიაროთ, რომ ჟურნალისტებმა დაარქვით მათ ექსპერტები. ასეა პოლიტიკაში წასულ ბიზნესმენებთან დაკავშირებითაც. როგორ შეიძლება ადამიანი, რომელიც ერთი კვირის წინ ბიზნესმენი იყო, ერთი კვირის შემდეგ უცებ სერიოზული პოლიტიკოსი გახდეს?! მაგრამ ესეც პოლიტიკის შემადგენელია - ექსპერტებიც, რომლებიც პოლიტიკოსებზე ლაპარაკობენ და ბიზნესის წარმომადგენლებიც, რომლებმაც რაღაც ეტაპზე ქვეყნის მართვაში მონაწილეობა გადაწყვიტეს.

... - თქვენ რატომ არასდროს გქონიათ პოლიტიკაში წასვლის სურვილი?

- არ მინდა ტრაბახად ჩამეთვალოს, მაგრამ მე სულითაც ბიზნესმენი ვარ და არა მხოლოდ ჩემი საქმიანობით. ბიზნესი ჩემი სულიერი მოთხოვნილებაა, რომლის შეცვლაც შეუძლებელია.

- 2020 წლის არჩევნებისთვის, ფაქტობრივად, ბიზნესმენების პარტიების ჩამოყალიბებას ვადევნებთ თვალს - ხაზარაძე-ჯაფარიძე, ჩოჩელი-ოქრიაშვილი... როგორ ფიქრობთ, დაუჭერს მათ ხალხი მხარს?

- ვფიქრობ, ხაზარაძეს, ჯაფარიძესა და იმ შემადგენლობას, რომელიც მათ პარტიაში გაერთიანდა, თუ მხარს არ დაუჭერენ, ეს იქნება ამომრჩევლის შეცდომა. ვიცნობ მათ ახლოს და ვიცი, რომ მათი ხედვა ორიენტირებულია ქვეყნის განვითარებაზე. თუმცა მხარდაჭერა თუ არ ექნებათ, ეს არ იქნება მათი ბრალი. შესაძლოა ამომრჩეველში სუბიექტურმა შეხედულებებმა გადაწონოს ობიექტური გადაწყვეტილებები. ობიექტურად ეს ადამიანები და მათი პარტიის წევრები მხარდაჭერას იმსახურებენ.

- არსებობდა მოლოდინი, რომ თქვენც იქნებოდით მათი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი...

- პარტიის ლიდერად ჩემი თავი ვერ წარმომიდგენია. უცებ ჩემი თავის შემეშინდა კიდეც ამ ამპლუაში. კანონშემოქმედებითი საქმიანობა მეტად საპასუხისმგებლო საქმეა. თითოეულ იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობს არჩევნებში და კიდევ უფრო მეტად მათ, ვინც ხმა უნდა მისცეს, კარგად უნდა ესმოდეთ, რომ ჩვენ ვირჩევთ არა კახეთის, ქართლის ან თბილისის რომელიმე ოლქის დამცველს მაჟორიტარი დეპუტატის სახით, არამედ დეპუტატების ერთობლიობას და ისინი დაგვიწერენ კანონებს, რომელთა შესრულება მოგვიწევს. ამიტომ ამომრჩეველმა ახლავე უნდა წარმოიდგინოს, ვინ იქნება ამ კანონის შემქმნელი, კეთილსინდისიერმა და პასუხისმგებელმა დეპუტატებმა თუ კანდიდატებმა კი იმაზე იფიქრონ, ვისთვისაც ამ კანონს წერენ. შესაძლოა დღეს "მიქარულმა" კანონმა 4-5 წელიწადს ისე იმუშაოს, რომ მიწასთან გაასწოროს თAავისი განვრცობის არეალი. იხილეთ ინტერვიუ სრულად