"ვისოლმა" ქუთაისში ახალი ავტოგასამართი სადგური და "ტორპედო-ქუთაისის" სახელობის სკვერი გახსნა - კვირის პალიტრა

"ვისოლმა" ქუთაისში ახალი ავტოგასამართი სადგური და "ტორპედო-ქუთაისის" სახელობის სკვერი გახსნა

22 თებერვალს, ნავთობკომპანია "ვისოლმა" ქუთაისში სამი მნიშვნელოვანი ღონისძიება მოაწყო: ქალაქს კიდევ ერთი ავტოგასამართი სადგური შემატა, გრიშაშვილის ქუჩაზე ლეგენდარული საფეხბურთო კლუბის "ტორპედო ქუთაისის" სახელობის სკვერი გახსნა და საზოგადოებას საფეხბურთო გუნდის ახალი შემადგენლობაც გააცნო. "ვისოლმა" ახლახან სხვადასხვა გუნდიდან 7 ფეხბურთელი იყიდა.

პრეზენტაციას ქუთაისის მერი გია თევდორაძე და იმერეთის გუბერნატორი ლაშა მაქაცარია დაესწრნენ.

ახალი, რიგით 90-ე ავტოგასამართი სადგური განსხვავებული დიზაინით გამოირჩევა, სადგურის მოსაპირკეთებლად ძვირად ღირებული მასალები იტალიიდან ჩამოიტანეს. სადგურს შადრევანიც ამშვენებს და სულ მალე "სმარტ კაფეც" შეემატება. ახალ ავტოგასამართ სადგურზე ევრო ხუთი სტანდარტის იტალიური აპიც გაიყიდება და სასიამოვნო გარემო მომხმარებელს მომსახურების დროს სრულ კომფორტს შეუქმნის. ახლად გახსნილ ავტოგასამართ სადგურზე 30-მდე ადამიანი დასაქმდება.

"ვისოლისთვის" მიმდინარე წელი განსაკუთრებულად დაიწყო, იანვარშივე მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციისგან სპეციალური სიგელი მიიღო, როგორც საბაჟო ურთიერთობების მიმართულებით განსაკუთრებული მიღწევების მქონე კომპანიამ.

"ვისოლის" მარკეტინგის დეპარტამენტის დირექტორი თორნიკე გურული: - დიახ, წელიწადი დინამიკურად, ჯილდოთი დაიწყო. ვიმედოვნებთ, რომ ჯილდოების რაოდენობა მალე გაიზრდება. ამასთან, ჩვენ მთელი წლის განმავლობაში პერმანენტულად ვიმუშავებთ ახალი ავტოგასამართი სადგურების გახსნაზე,"სმარტის" და ავტოექსპრესის განვითარებაზე, რომელიც "ტოტალის" ზეთების ექსკლუზიური იმპორტიორია საქართველოში. წელს ეს  პირველი, ამ მასშტაბის ავტოგასამართი სადგურია, რომელთანაც ინტეგრირებულია "სმარტ კაფეც".

ეს კი სრულიად ევროპულ, დასავლურ სტილს შემოიტანს ქალაქში. განსხვავებული დიზაინის მიზანი იყო, ქალქისთვის მიგვეცა ლამაზი იერსახე და გვეჩუქებინა ორიგინალური ობიექტი. შევეცდებით, სხვადასხვა ქალაქში ადგილობრივი მახასიათებელი ელემენტები გავითვალისწინოთ ავტოგასამართი სადგურის და სხვა ობიექტის მშენებლობისას. მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ "ვისოლი" ავტოგასამართი სადგურების განსაკუთრებული დიზაინის გამო დაჯილდოვდა. ახლაც ფოთში საძირკველს ვუყრით ახალ, "სმარტის" სავაჭრო ქსელს, რომელსაც გემის ფორმა აქვს. ეს მთლიანად მოერგება ქალაქის შინაარსობრივ კონცეფციას.

ქუთაისში იმაზეც ვიზრუნეთ, რომ სრულიად მიტოვებული ადგილი სკვერად ვაქციეთ და "ტორპედო ქუთაისის" სახელი ვუწოდეთ. აქ შეეძლებათ ადამიანებს დაისვენონ  და ისაუბრონ უამრავ საინტერესო თემაზე, ვიმედოვნებთ, უზარმაზარი ბანერები ფეხბურთელების გამოსახულებით ქუთაისელებს პირველ რიგში "ტორპედო ქუთაისზე" სალაპარაკოდ და მხარდასაჭერად განაწყობს.

ვისოლის დამფუძნებელთა საბჭოს თავმჯდომარე სოსო ფხაკაძე: - "ვისოლისთვის" მიმდინარე წლის განმავლობაშიც პროდუქციის ხარისხზე ზრუნვა სტრატეგიის ძირითადი ნაწილია. ამის გარდა წელს ჩვენ დავიწყეთ საკმაოდ საინტერესო პროექტი, შეიქმნა ახალი კომპანია "ავტოექსპრესი," "ტოტალის" ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში, რომლის პირველი ობიექტი მუშტაიდის ბაღთან მდებარე "ვისოლის" ავტოგასამართ სადგურზე უკვე გაიხსნა. მომავალი სამი თვის განმავლობაში ავტოექსპრესს თბილისში ექნება 5-6 ობიექტი და შემდეგ დაიწყება პარალელურად მისი რეგიონებში გაშლა და განვითარება. ეს იქნება მომსახურების ბოქსები, სადაც ფრანგული "ტოტალის" ზეთებს გამოცვლიან, საბურავს შეაკეთებენ და სხვა დამტებით სერვისს გასწევენ მომხმარებლისთვის. ეს იქნება დამატებითი მომსახურეობა და მაქსიმალური კომფორტის მიღების მცდელობა მომხმარებლისთვის, რომელიც ჩვენს ავტოგასამართ სადგურზე საკუთარ მანქანაში ჩაასხამს მაღალი ხარისხის საწვავს, ზეთებს და მიიღებს მაღალი ხარისხის მომსახურებას.

დღევანდელი დღე ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმითაც, რომ დღეს ასევე  გავხსენით ახალი სკვერი გრიშაშვილის ქუჩაზე. "ტორპედო ქუთაისის" გუნდში დავიმატეთ შვიდი ახალი ფეხბურთელი. ამასთან განსაკუთრებით მეამაყება, რომ ორიგინალური დიზაინის ობიექტი ვაჩუქეთ ქუთაისს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ ობიექტზე რამდენიმე ათეული ადამიანი დასაქმდება. სადგურის განვითარების შემდეგი ეტაპი იქნება სმარტისნიშნიანი "სმარტ-კაფე". ესეც ახალი მიმართულებაა - "სმარტის" სუპერმარკეტების ქოლგის ქვეშ ვითარდება "სმარტ კაფეც."

თუმც, მიმაჩნია, რომ ქუთათურებისთვის ყველა, დღეს განვითარებული მოვლენისგან განსაკუთრებულია "ტორპედო ქუთაისის" შემადგენლობის განახლება. ჩვენი სტრატეგიული მიმართულებაა ლეგენდარული ტორპედოს ბაზაზე შევქმნათ  ძალიან სერიოზული, ახალი ისტორიის მქონე და თანამედროვე, დასავლური ტიპის გუნდი. ქუთაისი იყო კადრების სამჭედლო ფეხბურთში და ვფიქრობთ, რომ ამ რესურსის  ნახევარიც არ გვაქვს ათვისებული. ძალიან ბევრი პერსპექტიული ახალგაზრდაა და  გვინდა, მათ ზრდა-განვითარების საშუალება მივცეთ. ეს კი იმაში გამოიხატება, რომ არა მხოლოდ საქართველოში, უცხოურ ტურნირებზეც ძალიან წარმატებით ითამაშებენ.

"ტორპედო-ქუთაისის" მთავარი მწვრთნელი გია გიგატაძე: - ტორპედოს "ვისოლის" მფარველობაში შესვლის დღიდან დღემდე  ფაქტობრივად ყველაფერი შეიცვალა გუნდში და მის სამუშაო-საწვრთნელ ბაზაზე. ყველაფერი დანგრეული იყო. მოედნის რეკონსტრუქცია უკვე დასრულდა, ახლა ეწყობა ბავშვთა აკადემია და რიტმი მხოლოდ წარმატებისკენ  მიდის. ფეხბურთელის წარმატებისთვის უმთავრესია, შრომა სწორი კურსით და დაფინანსება. ტორპედოს "ვისოლთან" ერთად დადგომამ შრომა უფრო მიზანმიმართული გახადა ჩვენი გუნდისთვის. ჩვენ ახლა სწორი გეზით მივდივართ და პირველ რიგში ვაპირებთ თასის ფინალში გავიდეთ. ეს უეფაზე მონაწილეობის მიღების შესაძლებლობასაც მოგვცემს. რაც ასეთი ახალგაზრდა გუდნისთვის უდიდესი წარმატება იქნება. მზად ვართ ამ წარმატების მისაღწევად.

იმერეთის სამხარეო რწმუნებული ლაშა მაქაცარია: - ყოველი ახალი ობიექტის გახსნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზოგადად საქართველოსთვის, რადგან ახალ ობიექტზე ახალი კადრები დასაქმდება და უმუშევრობის საკითხში ცვლილება ხდება, ეს პრობლემა ნაწილობრივ გვარდება. ამას ჰქვია ეკონომიკურ განვითარებაში ძალიან წინ გადადგმული  ნაბიჯი.

R