"კოდა" - ხარისხისა და გემოს გარანტი - კვირის პალიტრა

"კოდა" - ხარისხისა და გემოს გარანტი

უახლესი წარმოება, თანამედროვე ტექნოლოგიები და ჯილდოდ მიღებული მომხმარებლის ნდობა

სასურსათო კვერცხი და ქათმის ხორცპროდუქტებისგან მომზადებული სხვადასხვა კერძები საკმაოდ ხშირად ხვდება ნებისმიერი ჩვენგანის კვების რაციონში. ეს ის პროდუქტებია; რომლებიც, როგორც ინგრედიენტი, ბევრი კერძის მომზადებისას გამოიყენება, ამიტომ დიასახლისებს ხშირად უწევთ გადაწყვეტილების მიღება, რომელი მწარმოებლის სასარგებლოდ გააკეთონ არჩევანი.

პროდუქციის ვიზუალური მხარე, ეტიკეტი ან კომპანიის სახელი ზოგჯერ არ იძლევა ამომწურავ ინფორმაციას ამა თუ იმ მწარმოებლის შესახებ, ამიტომაც გადავწყვიტეთ საკუთარი თვალით გვენახა სრული წარმოების პროცესი და "კოდას" საწარმოში გავემგზავრეთ, რომლის პროდუქციასაც საქართველოს ნებისმიერი მომხმარებელი კარგად იცნობს.

საწარმო, სადაც სასურსათო კვერცხის გარდა ბროილერის მეხორცული ჯიშის ქათმის წარმოებაც ხდება, დაახლოებით 100 ჰექტარზეა გადაჭიმული. შპს "პოულტრი ჯორჯია", იგივე კომპანია "კოდა" 2002 წელს თბილისის სანაშენე რეპროდუქტორის ბაზაზე დაარსდა, რომელიც იმ დროს მთლიანად განადგურებული და გაპარტახებული იყო. კომპანიამ ბაზის აღდგენისა და რეაბილიტაციისთვის დაახლოებით 5 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩადო. მნიშვნელოვანია, რომ ეს მთლიანად ქართული კაპიტალი იყო. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ყოფილ მეფრინველეობის ფაბრიკაში კომპანია "კოდას" განახლებული წარმოება.

ბაზარზე გამოსვლიდან ძალიან მოკლე ხანში შეძლო "კოდამ" მოეპოვებინა მომხმარებელთა ნდობა და აღიარება. დრომ და მიღებულმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის პოპულარობა გარანტირებულად მაღალი ხარისხის, მოქნილი და ოპერატიული მენეჯმენტის დამსახურებაა. "კოდას" წარმოებულ ქათმის ხორცპროდუქტებს და სუფრის კვერცხს ყოველდღიურად საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მოიხმარს.

ქათამი, ქათმის ხორცპროდუქტები, კვერცხი - ის პროდუქტებია, რომლის შეძენისას ხარისხთან და გემოვნურ თვისებებთან ერთად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება პროდუქციის სიახლეს, ამიტომაც არის, რომ მომხმარებელი არჩევანს ადგილობრივი წარმოების სასარგებლოდ აკეთებს და მართებულადაც იქცევა.

ზურაბ ჭუჭულაშვილი, კომპანია "პოულტრი ჯორჯია" - "კოდას" გენერალური დირექტორი: - ამჟამად ჩვენი კომპანია აწარმოებს როგორც სუფრის კვერცხს, ასევე ქათმის ხორცპროდუქტებს, მათ შორის გაყინულ და ნედლ ქათამს, დანაწევრებულ ქათმის ნაწილებს: ფრთა, კუჭი, ღვიძლი, ბარკალი, ფილე, ანუ ყველა იმ პროდუქტს, რომლის მიღებაც შესაძლებელია ქათმისგან. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს არის აბსოლუტურად ქართული პროდუქტი.

მოთხოვნის ზრდასთან ერთად,  2002 წლიდან დღემდე კომპანიამ ჯამში 10 მილიონი ლარის რეინვესტიცია განახორციელა, რის ხარჯზეც 2010 წლის ოქტომბერში მთლიანად განახლდა წარმოება. ამჟამად საწარმო აღჭურვილია ევროპული სტანდარტების, თანამედროვე ტექნოლოგიებით შექმნილი ინკუბატორით. გარდა ამისა, შევიძინეთ გერმანული წარმოების "ბიგ დაჩმენის" მარკის ხუთი ახალი საფრინველე, რომელიც აბსოლუტურად ავტომატიზებულია. ამასთან ერთად, გავაკეთეთ ხორცპროდუქტების გადამმუშავებელი ახალი საამქრო - სასაკლაო, რომელიც ასევე ევროპული წარმოების, პოლონურ-ჰოლანდიური დანადგარებით მუშაობს. ყოველივე ეს კი გვაძლევს უფლებას ვთქვათ, რომ ისეთი სუპერთანამედროვე საწარმო, როგორიც "კოდაა", ერთადერთია ამიერკავკასიაში.

სასურსათო კვერცხის და ქათმის ხორცპროდუქტების წარმოებისას მნიშვნელოვანია მათი შენახვის ყველა აუცილებელი პარამეტრის დაცვა. კომპანია ამ მოთხოვნებსაც ზედმიწევნით იცავს და საწარმო აღჭურვილია თანამედროვე სამაცივრე მეურნეობით. ეს არის შოკმაცივარი, რომელიც აუცილებელია გაყინული ქათმისა და მისი ხორცპროდუქტების წარმოებისთვის და სადაც პროდუქციის გაყინვა - 35 გრადუსზე ხდება. ამას ემატება 200 ტონა ტევადობის მაცივარი, სადაც ტემპერატურა - 20 გრადუსია და სასაწყობე მეურნეობა, რომელიც აუცილებელია წარმოებული პროდუქციის შესანახად.

რაც შეეხება სანიტარიული და ვეტერინარული ნორმების დაცვას, აქაც ყველა პირობა ზედმიწევნით სრულდება. სხვათა შორის, ამ საკითხებზე სოფლის მეურნეობის სამინისტრო საკმაოდ მკაცრ პოლიტიკას ატარებს. მაგალითად, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში აღნიშნული უწყება გეგმავს საწარმოების შემოწმებას, თუმცა ამ ღონისძიებას სარეკომენდაციო ხასიათი ექნება და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში საჯარიმო სანქციები არ გატარდება. თუმცა ასეც რომ იყოს, არც ეს გვაშინებს, რადგან ყველა აუცილებელ ღონისძიებას, იქნება ეს ვაქცინაცია, სანიტარიული ნორმების დაცვა, თანამშრომლების სათანადო ეკიპირება და სხვა, ზედმიწევნით ვასრულებთ.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია წარმოებული პროდუქციის ხარისხი, ამიტომ საწარმოში გვაქვს უახლესი სტანდარტების, ამერიკული მოდელის ლაბორატორია, რომლის შესაძენად კომპანიამ სოლიდური ხარჯი გაიღო, მაგრამ გარჯა ამად ნამდვილად ღირდა, რადგან ეს გარანტია იმისა, რომ ჩვენი მომხმარებელი ყოველთვის მიიღებს ჩვენგან ხარისხიან პროდუქციას. აღნიშნულ ლაბორატორიაში მიმდინარეობს როგორც იმ საკვები კომპონენტების კონტროლი, რომლებსაც ქათმის გამოსაკვებად ვიყენებთ, ასევე მოწმდება ჩვენ მიერ გამოშვებული პროდუქცია. თუმცა, არც ამას ვჯერდებით და საკვებსა თუ ვიტამინიზირებულ საკვებდანამატებს, რომლებიც აუცილებელია ქათმის გასაზრდელად და რომელიც აბსოლუტურად ბიოელემენტებზეა დამზადებული, სხვა, კერძო ლაბორატორიაში მაინც ვამოწმებთ.

- შესაბამისად, წარმოების მოცულობას კომპანია ყოველწლიურად ზრდის, არა?

- გახსოვთ ალბათ, რა მდგომარეობა იყო საქართველოს სასურსათო ბაზარზე რამდენიმე წლის წინ. როდესაც ჩვენმა კომპანიამ ბაზარზე სასურსათო კვერცხის მიწოდება განახორციელა, ბაზარი 100%-ით იმპორტირებული პროდუქციით იყო გაჯერებული, რადგან არ არსებობდა ერთი მეფრინველეობის ფაბრიკაც კი. შემდეგ კი სხვა კომპანიებთან ერთად, შევძელით, რომ სასურსათო კვერცხით მთელი საქართველო უზრუნველვყავით და ექსპორტზეც კი გავიტანეთ. მაგალითად, 2009-2010 წლებში ჩვენ მიერ წარმოებული კვერცხის დაახლოებით 15% ერაყში გადიოდა.

სხვათა შორის, ადგილობრივი წარმოების განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სახელმწიფომ. 2004 წლიდან გამკაცრდა საბაჟო კონტროლი, მთლიანად აღმოიფხვრა ბაზარზე კონტრაბანდული საქონელი, ამის შემდეგ შეძლეს უკვე ქართულმა კომპანიებმა, რომ სული მოეთქვათ. ყოველგვარი ბეგარის გარეშე შემოდიოდა კონტრაბანდული პროდუქცია საქართველოში და ადგილობრივს ფასით უწევდა კონკურენციას.

ჩვენ მიერ წარმოებული კვერცხისა და ქათმის ხორცის დისტრიბუციას მთელი საქართველოს მასშტაბით, სპეციალური ავტომობილებით ვახდენთ. მაგალითად, ჰოლანდიაში შევიძინეთ "მერსედესის" მარკის ცხრა ავტომობილი, რომელიც 24 საათის განმავლობაში -35 გრადუს ტემპერატურას ინარჩუნებს და ამ ავტომობილებით პროდუქციის უსაფრთხოდ გადატანა საქართველოს ნებისმიერ წერტილშია შესაძლებელი, თან ისე, რომ მათი შენახვის რეჟიმი არ დაირღვეს.

მხოლოდ გასულ წელს, დაახლოებით 35-40%-ით გაიზარდა ჩვენი პროდუქციის წარმოების მოცულობა და ეს მოხდა იმის ხარჯზე, რომ ბაზარზე ქათმის ხორცპროდუქტების ახალი ასორტიმენტი გამოვუშვით. სამწუხაროდ, ადგილობრივი წარმოების ქათამსა და ქათმის ხორცპროდუქტებს ბაზრის მხოლოდ 25% უკავია, დანარჩენი კი იმპორტირებული პროდუქციით არის გაჯერებული. იმედი მაქვს, რომ ბაზრის ამ სეგმენტის ათვისება მომავალში ადგილობრივი წარმოების მიერ სრულად მოხდება.

R

- მომხმარებელი შენიშნავდა, რომ თბილისში გამოჩნდა "კოდას" სუპერმარკეტების ქსელი. ესეც თქვენი ბიზნესის განვითარების ნაწილია?

- 2009 წლის ბოლოს ჩვენმა კომპანიამ გადაწყვიტა გაეკეთებინა სუპერმარკეტების ქსელი. ამ ეტაპზე უკვე გვაქვს ორი სუპერმარკეტი თბილისში: პეკინისა და კეკელიძის ქუჩებზე, სამომავლოდ კი ამ ქსელის გაფართოებასაც ვგეგმავთ. მაღაზიები "კოდას" სამარკო ნიშნით გაიხსნება ასევე რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმშიც, სადაც მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება ჩვენი პროდუქცია საკმაოდ შეღავათიან ფასად შეიძინოს.