გაძვირდება თუ არა პური საქართველოში - კვირის პალიტრა

გაძვირდება თუ არა პური საქართველოში

"დღეს გვაქვს 100-120 ათასი ტონა ხორბლის მარაგი, ადგილობრივი ხორბლის გარეშე, რაც დაახლოებით 3 თვის მარაგია"

გაძვირდება თუ არა პური საქართველოში? ბოლო თვეში მსოფლიო ბირჟებზე რუსული ხორბლის ფასი გაიზარდა. თუ გასულ თვეში ტონა ხორბალი 203-208 დოლარად იყიდებოდა, ახლა უკვე 215 დოლარი ღირს. რადგან საქართველო თითქმის 100%-ით რუსულ ხორბალზეა დამოკიდებული, გაჩნდა მოლოდინი, ხომ არ გამოიწვევს ხორბლის გაძვირება პურზე ფასის ზრდას? არადა, წინა წელთან შედარებითაც, პურის ფასი საქართველოში 3,12%-ით, ხოლო თვით ხორბალი - 10,57%-ით არის გაზრდილი. რას გააკეთებს საქართველოს ხელისუფლება, რომ პურზე ფასმა დრამატულად არ მოიმატოს და გაზრდის თუ არა ხორბლის მარაგს პანდემიის პირობებში?

ლევან სილაგავა, მეხორბლეთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი: - ამ ეტაპზე ფოთში შემოტანილი 1 ტონა ხორბლის ფასი 215 დოლარის ფარგლებშია. გაძვირება, რომელიც დააანონსა რუსეთის ანალიტიკურმა სამსახურებმა, ბუნებრივი და თანხვდენილი პროცესია იმ მოვლენებისა, რაც ჩვეულებრივ ამ დროს მიმდინარეობს. ხორბლის მოსავლის აღება რუსეთსა და უკრაინაში 1-ლი ივლისიდან იწყება და ამ დროს, თუ კარგი მოსავალია, მარცვლეულის ფასი მცირდება. მოსავლის აღებამდე ფასი ტონაზე 215-230 დოლარის ფარგლებში მერყეობდა, ხოლო როგორც კი ახალი მოსავლის აღება დაიწყეს, ფასიც შემცირდა 203-208 დოლარამდე. მოსავლის დაბინავების შემდეგ კი, როგორც წესი, ზრდა იწყება, ხორბლის ფასი ეძებს წონასწორობის ნიშნულს, რომლის ფარგლებშიც წლის განმავლობაში უნდა იყოს.

- თუ დღეს ვამბობთ, რომ ხორბლის გაძვირებამ შესაძლოა პურპროდუქტების ფასი გაზარდოს, მაშინ რატომ არ გაიაფდა პური საქართველოში თუნდაც ახალი მოსავლის აღებისას, როცა ფასი 203-208 დოლარამდე ჩამოვიდა? - პანდემიის პირველი ტალღის დროს საქართველოში სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებული ხორბალი შემოვიდა. იმ პერიოდში 1 ტონის ფასი 250 დოლარს აღწევდა, სახელმწიფომ ფასი დააზღვია და საქართველოში

ხორბლის პირველი გარდამავალი მარაგი, ფაქტობრივად, 220 დოლარად შემოვიდა. მაღალი ფასით შემოსულმა მარაგმა დააბალანსა იმ ხორბლის ფასი, რომელიც მოგვიანებით 207 დოლარად, ანუ უფრო იაფად შემოვიდა, და მივიღეთ ხორბლის საშუალო ფასი 215 დოლარის ფარგლებში, რომლითაც ახლაც ვხელმძღვანელობთ. დღეს პირიქით, აქამდე დაბალი ფასით შემოსული ხორბალი აბალანსებს ახლა უკვე მაღალი ფასით შემოსულის ფასს და ამიტომაც არ ველოდებით ფქვილზე ფასის დრამატულ ზრდას.

- სწორედ ამ პერიოდში რუსეთისგან დაახლოებით 1 მილიონი ტონა ხორბალი შეისყიდეს ეგვიპტემ და თურქეთმა. კორონავირუსის მეორე ტალღის პირობებში უპრიანი ხომ არ იქნებოდა, საქართველოსაც დაეჭირა თადარიგი და სტრატეგიული მნიშვნელობის სასურსათო პროდუქტის მარაგები გაეზარდა? - ეგვიპტისა და თურქეთის შესყიდვებმა დიდი გავლენა მოახდინა ფასზე, თუმცა სხვა ქვეყნებიც არიან ხორბლის დიდი შემსყიდველი, მათ შორის ლიბია და ალჟირი. რაც შეეხება საქართველოს, თუ შარშან ამავე პერიოდში გვქონდა 1,5-2 თვის მარაგი, წლეულს 20-30%-ით მეტი გვაქვს სწორედ იმიტომ, რომ თადარიგი დავიჭირეთ, როცა ვნახეთ, რომ პანდემიის გამო ბევრმა ქვეყანამ თავისთვის დაიტოვა გარდამავალი მარაგები და გართულდა ხორბლის შემოტანა არა მარტო საქართველოში, არამედ ბევრ სხვა ქვეყანაში, რომელიც იმპორტირებულ ხორბალზეა დამოკიდებული. ახლაც მუდმივ კოორდინაციაში ვართ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და მუდმივად მიმდინარეობს როგორც ადგილობრივი მარაგების, ასევე მსოფლიო ტენდენციების მონიტორინგი. თუმცა ასევე უნდა ვიზრუნოთ ადგილობრივი ხორბლის მოსავლიანობის გაზრდაზე ცოდნისა და ტექნოლოგიების განვითარების ხარჯზე. დღეს ჩვენი მოსავლიანობა ჰექტარზე 2-2,5 ტონაა, როცა საშუალო-ევროპული მაჩვენებელი 5 ტონას აღწევს. თუ ამ გზით წავალთ, მოხმარების 30-40%-ის ადგილობრივი წარმოებით დაკმაყოფილებას შევძლებთ.

გიორგი ხანიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე: - საქართველოში პურის გაძვირების საფუძველი არ არსებობს, არსებული საფასო პოლიტიკა არ იძლევა საამისოდ არანაირ მიზეზს. დეტალურად ავხსნი, რას ვგულისხმობ: აქცენტი რუსულ ხორბალზე, რომელსაც ცდილობენ ზოგჯერ პოლიტიკური ელფერიც შესძინონ, არასწორია, რადგან ეს არ არის ჩვენი არჩევანი პოლიტიკური ნიშნით. რუსული ხორბალი არის ყველაზე ხელმისაწვდომი სიიაფის თვალსაზრისით და ყველაზე ხარისხიანიც. ამას ადასტურებს ის მასშტაბური ტენდერები, რომლებიც მსოფლიოში, ევროპის ქვეყნებში რუსული ხორბლის შესაძენად ცხადდება. რუსული ხორბლის ფასი ეგვიპტისა და თურქეთის შესყიდვებმა მკვეთრად გაზარდა, ერთბაშად 10-12 დოლარით ტონაზე. რუსული ხორბლის ალტერნატივა მსოფლიოში ბევრია, მაგრამ გაცილებით ძვირია ჩვენთვის და ბიზნესს, რომელიც თავისუფალია ყოველგვარი ზეწოლისგან, იმპორტით სწორედ რუსული ხორბალი შემოაქვს. ჩვენ ვცადეთ ყაზახური ხორბლის ხელმისაწვდომობა გაგვეზარდა, მაგრამ მისი საწყისი ფასი რუსულ ხორბალზე მეტია, გარდა ამისა, ტრანსპორტირება მეტად ხარჯიანია, რადგან ტვირთი სამ ქვეყანაზე გადის.

- ყაზახეთი დაგვპირდა, რომ ტრანსპორტირების ხარჯის 50%-ს დააფინანსებდა... - ტონა ხორბლის ტრანსპორტირების ფასი 90 დოლარია, რაშიც ყაზახური წილი 35 დოლარია, ამიტომ ყაზახურმა მხარემ თავის ნაწილში რაც დააფინანსა, 15-17 დოლარი იყო - ანუ ტრანსპორტირების ხარჯი 90-დან 75 დოლარამდე ჩამოდიოდა, მაგრამ ესეც კი 25 დოლარით ძვირია რუსეთიდან ტრანსპორტირებაზე. შესაბამისად, საქართველოში მეწარმეს დღეს აქვს ერთადერთი რეალური არჩევანი, რომ შეიძინოს რუსული ხორბალი. რა თქმა უნდა, სახელმწიფო ინსტიტუტები ვმუშაობთ, რომ დივერსიფიცირება მოვახდინოთ, თუკი ფასის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით ეს სადმე შესაძლებელია. ამავე დროს, ჩვენ ვმუშაობთ და ეს პროცესი 2013 წლიდან დაიწყო, როდესაც საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი `სათესლე და სანერგე მასალის შესახებ~, რომლის თანახმადაც, ჩვენ მეცნიერულ კვლევებს ვატარებთ უხვმოსავლიან ჯიშებზე. გვაქვს არაერთი პროგრამა მარცვლეულის წარმოების ხელშეწყობისთვის და კიდევ არაერთ პროგრამაზე ვმუშაობთ.

დღეს საქართველოში მოჰყავთ 150 ათას ტონამდე ხორბალი, ჩვენი მოხმარების 10-15%. გვაქვს პოტენციალი, რომ მივუახლოვდეთ და შესაძლოა გადავაჭარბოთ კიდეც 400-ათასტონიან ზღვარს. ეს მიიღწევა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის სათესლე მასალას შემოვიტანთ.

უკვე ათწლეულებია, საქართველოში მასობრივად არ შემოსულა მაღალპროდუქტიული, ქართულ ბუნებრივ კლიმატურ პირობებთან ადაპტირებული სათესლე მასალა.

- ადგილობრივი წარმოების განვითარებას დრო სჭირდება და საინტერესოა, მანამდე რას ვაკეთებთ? გასაგებია, რომ რუსულ ხორბალზე თითქმის 100%-ით დამოკიდებულება არ არის ჩვენი არჩევანი, მაგრამ რამდენად სახიფათოა ეს, მით უფრო მაშინ, როცა ვხედავთ, რომ მტრულად განწყობილი ქვეყანა ცდილობს ქვეყნის ინტერესები დააზიანოს. ამის მაგალითია კიბერთავდასხმა ლუგარის ლაბორატორიასა და ჯანდაცვის სამინისტროზე...

- როცა დამპყრობელ ქვეყანასთან ეკონომიკური ურთიერთობა გაქვს, რა თქმა უნდა, ხიფათი და რისკები ყოველთვის არსებობს. ფაქტობრივად, ქვეყანამ გამოგვიცხადა ომი, დაიპყრო ტერიტორიები და ეს პროცესი ყოველდღიურად გრძელდება. თუმცა ეკონომიკური ურთიერთობა უფრო დაცულია და 2008 წლის ომის მიუხედავად, ჩვენ რუსული ხორბლის მიღების პრობლემა არასდროს შეგვქმნია. მხოლოდ გაზაფხულზე კორონავირუსის გამო დავდექით რისკის წინაშე, მაგრამ მთავრობამ შესაბამის ზომებს მიმართა და მოსახლეობისთვის არც ერთი პროდუქტის მიწოდება არ შეფერხებულა, მათ შორის, არც ხორბლის. ფასის არაადეკვატური ზრდა რუსულ ბაზარზე მთავრობამ დააკომპენსირა, რომ მოსახლეობას პური არ გასძვირებოდა.

რა თქმა უნდა, მეტი დივერსიფიცირება გვჭირდება, რადგან პური სოციალური მნიშვნელობის პროდუქტია, რომლის გაძვირებაც არ არის მარტივი საქმე. ამ შემთხვევაში ერთ-ერთი გზაა იმპორტის სუბსიდირება, რაც სახელმწიფოსთვის არ არის სწორი სტრატეგია. უფრო მართებულია ადგილობრივი წარმოების გაზრდა, მაგრამ როცა უკიდურესი აუცილებლობაა, როგორც ხედავთ, ამას ვაკეთებთ. ხოლო როცა მეწარმეს აქვს თავისუფალი არჩევანი, თავისუფალი ბაზრის ფასებიდან გამომდინარე, ის დივერსიფიცირებას ვერ მოახდენს. ჩვენ ყოველდღიურად ვიღებთ ფასებს ნიუ-იორკის და პარიზის ბირჟებიდან, ვხედავთ, რა ხდება რუსეთში. ხორბალს ორი მდგენელი აქვს - ის საბირჟო პროდუქტია და შესაბამისად, მნიშვნელოვანია მისი ფასი და ტრანსპორტირების ღირებულება. თუ მექსიკის ყურეში შევიძენთ ხორბალს, ბუნებრივია, მისი ფრახტით წამოღება ბევრად ძვირი იქნება, ვიდრე რუსეთიდან შემოტანა. ამიტომ ჩვენი ამოცანაა, ბიზნესურთიერთობა სწორად იყოს დალაგებული და საფრთხეები ზუსტად შეფასდეს. არაერთი შეხვედრა გვაქვს ბიზნესის წარმომადგენლებთან, რათა ტვირთები ძირითადად გემითა და რკინიგზით შემოდიოდეს, რადგან არსებობს წინასწარი ხელშეკრულებები, ფიუჩერსული ფასები.

- შეიძლება თუ არა შეიზღუდოს საავტომობილო გზით ხორბლის გადაზიდვა? - საუბარი არ არის შეზღუდვაზე, არამედ იმაზე, რომ ხორბლის შემოტანა ყველა პარამეტრით უნდა გაუმჯობესდეს. როცა ვამბობთ, რომ პურის ფასი არ მოიმატებს, პური იმის გამო კი არ ძვირდება, რომ ხორბალი უეცრად 10 დოლარით გაძვირდა. პურის ფასში ხორბლის ფასის წილი 30-35%-ია და 10 დოლარით ხორბლის გაძვირებამ თეორიულად პურის ფასი მხოლოდ 0,5 თეთრით უნდა გააძვიროს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში სასურსათო უზრუნველყოფის თვალსაზრისით მდგრადობა იყოს. დღეს გვაქვს 100-120 ათასი ტონა ხორბლის მარაგი, ადგილობრივი ხორბლის გარეშე, რაც დაახლოებით 3 თვის მარაგია. ეს ქმნის შესაძლებლობას, არ ვიყოთ დამოკიდებული ფასების მერყეობაზე. მინდა კიდევ ერთხელ დავარწმუნო საქართველოს მოსახლეობა, რომ პურის გაძვირება არ არის მოსალოდნელი, არ იქნება და თუ მსგავსი საფრთხე მაინც დადგა, მაშინ საქართველოს მთავრობა კვლავ ჩაერევა ფასის რეგულირებაში.

სახელმწიფო მარაგების შექმნა არც ერთ ქვეყანაში არ არის აქტუალური. მართვის ეს სისტემა ყველაზე დიდი ჭაობი და კორუფციის წყაროა. ხორბალი შეიძლება იყიდო ძვირად და იაფად გაყიდვამ მოგიწიოს. სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს თავისუფალი საბაზრო პირობები და ჩვენს ქვეყანას ეს აქვს, ბიზნესი მარაგებს თვითონ ქმნის. საქართველოს წლიური მოთხოვნილება 600 ათასი ტონა ხორბალია. ეს მარაგი რომ შექმნა, ძალიან ბევრი ფული უნდა დახარჯო და ფაქტობრივად, გაყინო. ეს გაცილებით უფრო ხარჯიანია სახელმწიფოსთვის, ვიდრე ხორბლის ფასის სუბსიდირება. რუსეთმა წლეულს 84 მილიონი ტონა ხორბალი მოიწია, ნახევარი საექსპორტო პოტენციალია და უნდა გაყიდოს. ამასთან, დაახლოებით 1 თვეში საქართველოში აშშ-დან 27 ათასი ტონა ხორბალი შემოვა, ასე რომ, 100%-იანი დამოკიდებულება რუსულ ხორბალზე არც წლეულს გვექნება. გვაქვს მოლაპარაკება ამერიკის მთავრობასთან სხვა პროგრამებზეც, რომლებშიც ხორბლის კომპონენტიც არის ჩართული.

კიდევ ერთხელ ვამბობ - პურის გაძვირება არ გვემუქრება. არც სასურსათო უზრუნველყოფის თვალსაზრისით ქვეყანას პრობლემა არა აქვს.