"კაი ბიზნესმენის ადგილი ციხეშია?!” - კვირის პალიტრა

"კაი ბიზნესმენის ადგილი ციხეშია?!”

დაჯარიმების, დალუქვებისა და დახურვის შემდეგ, ქვეყანაში ბიზნესის დატერორების ახალი მეთოდი მკვიდრდება. ბიზნესობიექტების კარებზე შემოსავლების სამსახურის ლუქები ერთობ თვალში საცემი იყო და ეს ფაქტები, არცთუ იშვიათად, საჯარო განხილვის საგანიც გამხდარა.

ამასთან, დალუქვა აძნელებდა ობიექტებიდან ჯარიმის ართმევასაც, ვინაიდან დაზარალებული მეპატრონეები მუშაობის გაგრძელებას ვეღარ ახერხებდნენ და ბევრს პირადი ქონების გაყიდვაც უწევდა. სამუშაოს კარგავდნენ დაქირავებული თანამშრომლებიც... ამიტომაც მთავრობამ ბიზნესისგან ფულის ამოღების სხვა, შედარებით უხმაურო ხერხს მიმართა, რომელსაც დაახლოებით ასე შეიძლება ეწოდოს: "შენც დაგიჭერენ, მეც დამიჭერენ, ტრიფონიასაც დაიჭერენ, იმ უბედურს..."

კერძო სექტორის ფინანსურ დოკუმენტაციაში, სურვილის შემთხვევაში, დარღვევების აღმოჩენა შემოსავლების სამსახურისთვის ძნელი არ არის, მით უმეტეს, საგადასახადო კოდექსის ბევრი მუხლი ორმაგი წაკითხვის საშუალებას იძლევა. შესაბამისად - არც ბიზნესისთვის იმის დაბრალებაა ძნელი, რომ გადასახადები დამალა და ამით ბიუჯეტი დააზარალა. ძნელი არც ზარალისა და საჯარიმო სანქციების განსაზღვრაა - რაც მეტია, მით უკეთესია.

ხოლო თუ სახელმწიფოსთვის მიყენებულმა ზარალმა 25 ათას ლარს გააჭარბა, საქმე ადმინისტრაციული სამართლის ფარგლებს სცილდება და სისხლის სამართლის დანაშაულად მიიჩნევა. ასეთ დროს ბიზნესმენს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, დიდი ალბათობით, ციხეში უკრავენ თავს. საკანში გამომწყვდეული ყველაფერს გაიღებს, რომ გისოსებს თავი დააღწიოს, თანაც, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, პრობლემებზე ცოტას ილაპარაკებს.

ცოტა ხნის წინ "ეკოპალიტრას" ერთ-ერთი ასეთი ბიზნესმენი დაუკავშირდა, რომელმაც თავისი ამბავი გვიამბო, მაგრამ გვთხოვა, მისი ვინაობა არ გაგვემხილა, რადგან შიშობს, ამის გამო სახელმწიფო უწყებებთან პრობლემები არ შეექმნას. მისი განმარტებითაც, დაშინებული ბიზნესი დუმილს ამჯობინებს, რადგან ისინი, ვისაც პრესასთან გულახდილობის სურვილი გაუჩნდება, ისჯიებიან. დაშინებული ბიზნესი, ფაქტობრივად, დეპრესიაშია ჩავარდნილი.

"რამდენიმე ხნის წინ შემოსავლების სამსახური ფინანსური დოკუმენტაციის შესამოწმებლად შემოვიდა, აღმოაჩინეს დარღვევები და ბიუჯეტის სასარგებლოდ ასეულობით ათასი ლარის გადახდა დამაკისრეს. რა თქმა უნდა, ვერაფერს გავხდი, ვერც საკუთარი სიმართლე დავამტკიცე და არც საჯარიმო თანხა შემიმცირეს. სასწრაფოდ გავყიდე ჩემი ბიზნესი და ჯარიმის ნაწილი გადავიხადე. ამ ფულით მთელი თანხის მხოლოდ ნაწილი გადავიხადე, დარჩენილ თანხაზე გადახდის გრაფიკი შემიდგინეს და 50 ათასზე მეტი დღესაც გადასახდელი მაქვს. თუ დათქმულ ვადაში არ გადავიხდი ამ თანხას, საურავები დაერიცხება და კიდევ გაიზრდება.

წარმოიდგინეთ, ბიზნესი აღარ მაქვს და მასზე დაკისრებულ ჯარიმას დღემდე ვიხდი, მაგრამ ციხეში ჩაჯდომას ეს მირჩევნია. აგარაკი მაქვს და იმას ვყიდი ჯარიმის თანხისთვის. სირცხვილია, ჩემი ხნის კაცს ციხეში, მკვლელებსა და სისხლის სამართლის სხვა დამნაშავეებთან ერთად რა უნდა. ახლა ბიზნესში უძრაობის ხანაა. კერძო სექტორი ისე დააშინეს, ჩრდილში ყოფნა ურჩევნია", - შემოგვჩივლა აღმასრულებელი სტრუქტურებისგან დაზარალებულმა ბიზნესმენმა.

ბიზნესწრეებში საიდუმლოს არ წარმოადგენს, როგორ წნეხავს სახელმწიფო კერძო სექტორს.

ეს ამბები, პირველ რიგში, იმის იმედით არ ხმაურდება, რომ შესაძლოა მაკონტროლებლებთან გარიგება დაიდოს და საჯარიმო თანხები შემცირდეს. თან იმედი აქვთ, რომ ბიზნესს განაგრძობენ. "მთავრობის კაცებიც" ბიზნესმენთა დუმილით სარგებლობენ. საბოლოოდ ისე გამოდის, რომ ფაქტები ხდება, მაგრამ ინფორმაცია მასმედიამდე იშვიათად აღწევს.

ბიზნესტერორის ნაწილია სანქციების დაანგარიშება ბრუნვიდან. არადა, კომპანიების რენტაბელობა შესაძლოა ძალიან განსხვავდებოდეს. ასეც რომ არ იყოს, ბრუნვიდან ნაანგარიშევი ჯარიმები, ცხადია, ყოველთვის დიდი იქნება.

დაჭერების "მიმდევრობა" დაახლოებით ასეთია: ჯერ აკავებენ კომპანიის ბუღალტერს, შემდეგ - დირექტორს და ბოლოს ჯერი შესაძლოა მეპატრონეზეც მიდგეს. ერთ-ერთი ცნობილი ბიზნესმენი, რომლის დირექტორიც დააკავეს, თავის რიგს აღარ დაელოდა და ქვეყანა დატოვა. არიან ისეთები, რომლებსაც კანონთან პრობლემები არ შექმნიათ და არც დაუჯარიმებიათ, მაგრამ ბიზნესს აღარ ავითარებენ, ან უარეს შემთხვევაში აჩერებენ კიდეც. ისინი ბიზნესის კეთებას მეტისმეტად სარისკოდ მიიჩნევენ.

ბიზნესისთვის ფულის ასართმევად ხელსაყრელი სამიზნეა მონოპოლიური კომპანიები. ვისაც ბაზარზე უპირატესი მდგომარეობა აქვს, ყველა ღონეს იხმარს, რომ ოფიციალურ უწყებებთან ურთიერთობა მოაგვაროს. სამაგიეროდ, ბიუჯეტს რამდენადაც გაამდიდრებინებენ, იმდენად თამამად შეეძლებათ ფასების გაზრდით მოქალაქეთა ჯიბის შემსუბუქება.

სახელისუფლებო კულუარებში იმასაც ამბობენ, რომ ბიუჯეტის შესავსებად ძალოვანი უწყებებიც დარაზმულია და შესაბამისი გეგმებიც კი აქვთ. ჯარიმა-საურავები ბიუჯეტის შევსების მნიშვნელოვანი წყარო გახდა. ზოგიერთი ცნობით, პროკურატურამ გეგმის თანახმად ბიუჯეტს მილიარდი ლარი უნდა შეჰმატოს. იმავე მოცულობის ამოცანა აქვს დასახული შსს-საც, რომლისთვისაც ეს წინანდელი "ნდობის" დაახლოებით გასამმაგებაა. საბოლოოდ გამოდის, რომ 7-მილიარდიანი ბიუჯეტის ლომის წილი ჯარიმებია.

დიმიტრი გაბუნია (ადვოკატი): "ქვეყანაში მოქმედებს საგადასახადო კოდექსი, ასევე სისხლის სამართლის კოდექსი, სადაც ყველაფერი დეტალურად არის გაწერილი. ეჭვიც არ მეპარება, რომ ფორმალური თვალსაზრისით ყველაფერი სწორად კეთდება. ის, რომ ბრუნვიდან უნდა დაგარიცხონ ჯარიმა-საურავები და აგიყვანონ რაღაც ზღვრამდე, რათა საბოლოო ჯამში წაიღონ დაგეგმილი თანხა - ფორმალურად საგადასახადო კოდექსის ნორმებშია მოქცეული.

თუმცა სხვა საკითხია, რამდენად კანონიერია ამა თუ იმ გადასახადის დაკისრება კონკრეტული ოპერაციის დროს. ეს უკვე დავის საგანია, ამისთვის არსებობს დავების საბჭო ფინანსთა სამინისტროში, შემდეგ კი სასამართლო. სამწუხაროდ, პრაქტიკა იქით წავიდა, რომ სასამართლოს აღარ ელოდებიან. ანუ იძულებულს ხდიან ან გადაიხადოს, ან სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლით აღძრავენ სისხლის სამართლის საქმეს. აქ უკვე გადამხდელი იძულებულია, სასამართლოს არ მიმართოს, რადგან გასაჩივრებას აზრი არ აქვს.

სისხლის სამართლის კოდექსში დადგენილია თანხის ზღვრული ოდენობა - 25 ათასი ლარი, რომლის დროსაც პირის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დგება. ბიზნესისთვის დარიცხული ჯარიმა-საურავები კი ამ თანხას ხშირად აჭარბებს და იმის შიშით, რომ ციხეში თავი არ ამოაყოფინონ, ბიზნესმენი იძულებული ხდება, დარიცხული თანხის გადახდას დათანხმდეს.

პრაქტიკულად, ასეთ დროს ადვოკატის როლიც ნულის ტოლია, ადამიანი თავის უფლებებს ვერ იცავს და მიაჩნია თუ არა კანონიერად, მაინც იძულებულია, გადასახადი გადაიხადოს.

მეწარმემ გადასახდი უნდა გადაიხადოს, მაგრამ არა უკანონოდ დარიცხული. თუ ასე გაგრძელდა, თუ ბიზნესს არ მიეცა შესაძლებლობა, დაიცვას საკუთარი უფლებები სასამართლოში, ბიზნესაქტიურობა საერთოდ მოკვდება. ეს ქვეყნის ეკონომიკას კატასტროფამდე მიიყვანს. ვფიქრობ, რომ ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტი აქტიურად უნდა ამოქმედდეს და მეწარმეები ყველა ამ სისტემური დარღვევისგან დაიცვას. წინ უნდა წამოვიდეს სასამართლოს როლი, რათა ადამიანს მიეცეს შესაძლებლობა, დაიცვას საკუთარი უფლებები".

დღეს ბიზნესის დიდ ნაწილს არასტაბილურობის განცდა აქვს. არადა ბიზნესს, რომელიც მომავლის შიშით გრძელვადიან და ამბიციურ გეგმებს არ ადგენს, ფაქტობრივად, მომავალი არ აქვს.