საგადასახადო "სიურპრიზები" გრძელდება - კვირის პალიტრა

საგადასახადო "სიურპრიზები" გრძელდება

მოვაჭრეები მიკრობიზნესის სტატუსს ვერ მიიღებენ

ახალი საგადასახადო კოდექსის პუნქტებს შორის ჩამალული ხრიკები ბიზნესისთვის თანდათან ხდება ცნობილი. აღმოჩნდა, რომ მეწარმეებს, რომლებსაც მაღაზიები აქვთ და მცირე ბიზნესის კატეგორიაში შედიან, ანუ წლიური ბრუნვა 30-დან 100 ათასამდეა, ბრუნვის 3%-იანი გადასახადი არ ეხებათ. მათ წლიური ბრუნვის 5%-ით დაბეგრავენ. მიკრობიზნესის სტატუსს კი ვერ მიიღებენ ის მოვაჭრეები, რომლებიც საქონლის გადაყიდვას ახდენენ.

"სიურპრიზები" ახალ კოდექსში მეწარმეებმა გვიან აღმოაჩინეს. როგორც ირკვევა, "რევოლუციურმა კანონმა", რომელსაც საგადასახადო ტვირთი უნდა შეემსუბუქებინა, ის ზოგიერთი კატეგორიის ბიზნესისთვის პირიქით, უფრო დაამძიმა. მეწარმეებს, რომლებსაც მაღაზიები აქვთ და მცირე ბიზნესის სტატუსით სარგებლობენ, ბრუნვის 5%-ით დაბეგრავენ. არადა, მცირე მეწარმეებს დაჰპირდნენ, რომ შემოსავლების 60%-ის დეკლარირების შემთხვევაში, შეეძლოთ ბრუნვიდან 3% გადაეხადათ. ისინი ამბობენ, რომ, შეღავათის ნაცვლად მათ საგადასახადო ტვირთი ეზრდებათ.

როინ გურგენიძე (მცირე მეწარმე, სასურსათო მაღაზიის მფლობელი): "ჩვენს საგადასახადო კოდექსს წერენ ის ადამიანები, რომლებსაც მსხვილი ბიზნესი აქვთ და ჩვენს შემოსავლებსაც თავიანთი მოგების გათვალისწინებით საზღვრავენ.

ახლა გავიგეთ, რომ ბრუნვის 3%-იანი გადასახადი მათ ეხებათ, ვინც ორგანიზებულ სავაჭრო ადგილებში, ბაზრობებსა და იმ ტერიტორიაზეა, სადაც 5-10 სავაჭრო ობიექტია ერთად თავმოყრილი. ასეთი რამ მცირეა ქვეყანაში, მაღაზიები კი სულ ცალ-ცალკეა განთავსებული. ბრუნვის 5%-ის გადახდის შემთხვევაში ჩვენ არაფერი გვრჩება. ათასი ხარჯი გვაქვს: წყლის, დენის გადასახადი, თანამშრომელთა ხელფასი, ამას არავინ ითვალისწინებს, მარტო გადასახადს ითხოვენ. გამოდის, მხოლოდ მთავრობისთვის ვმუშაობთ.

მალე ალბათ შემოწმებები დაიწყება. ვინ შემოვა, რა გადასახადსა და ჯარიმას დაგვაკისრებენ, კაცმა არ იცის. თუ ფალსიფიცირებული და ვადაგასულია პროდუქცია, შეგვამოწმონ და დაგვაჯარიმონ, მაგრამ სუნთქვის საშუალება დაგვიტოვონ. კი ბატონო, ვიხდი გადასახადს, ამის წინააღმდეგი არავინაა. მაგრამ საშუალება უნდა მოგვცენ, რომ მშვიდად ვიმუშაოთ და შიში არ გვქონდეს. სახელმწიფოს მეტს არაფერს ვთხოვთ".

საგადასახადო "სიურპრიზი" მიკრობიზნესსაც ელის. შემოსავლების სამსახურს მიკრობიზნესად დარეგისტრირების ასობით მსურველმა მიაკითხა. შესაბამისი სერტიფიკატისთვის მისულთა ნაწილმა ჯერ არ იცის, რომ მათ შესაძლოა მიკრობიზნესისთვის დაპირებული შეღავათები ვერ მიიღონ.

ფინანსთა სამინისტრო კოდექსში შესატან ცვლილებას ამზადებს, რომლის თანახმად, მიკრობიზნესის სიაში, რომელთა წლიური ბრუნვა 30 ათას ლარზე ნაკლებია, ვერ მოხვდებიან მოვაჭრეები, რომლებიც პროდუქციას არ ქმნიან და გადაყიდვით არიან დაკავებული. მათ მცირე ბიზნესის სტატუსი ექნებათ. მცირე ბიზნესი კი იბეგრება. მიკრობიზნესის სტატუსს მხოლოდ ის პირები მიიღებენ, ვინც შესყიდული საქონლის გადამუშავებასა და მიწოდებას ახორციელებენ, მაგალითად, მკერავები, ფეხსაცმლის ხელოსნები, ხაჭაპურისა და ნამცხვრის მცხობელები, მესაათეები, რომლებიც გადასახადებს ისედაც არ იხდიდნენ. გამოდის, რომ მცირე ბიზნესს საგადასახადო ტვირთი გაეზრდება. მას უფრო მეტის გადახდა მოუწევს, ვიდრე ინდმეწარმის სტატუსით მუშაობის დროს უწევდა. ამით შემოსავლების სამსახური დასაბეგრ ბაზას ზრდის.

არჩილ ვარადაშვილი (მცირე მეწარმეთა ასოციაცია): "იმედგაცრუებული ვართ, მოლოდინი სხვა იყო, რეალობა კი უარესი აღმოჩნდა. როგორც ჩანს, შეღავათს ის ადამიანები მიიღებენ, რომლებიც ისედაც არ იყვნენ გადასახადის გადამხდელები, ვინც ჩურჩხელას ავლებს, წინდას ქსოვს, ნამცხვარს და ხაჭაპურს აცხობს. ისინი ისედაც თავისუფალი იყვნენ გადასახადისგან.

ამ გაჭირვების პირობებში კარგი იქნებოდა, მოვაჭრეებისთვის, რომლებიც მცირე მოგებასა და თავის გატანაზე მუშაობენ, მართლაც შეღავათიანი რეჟიმი შემოეღოთ და 30 ათასამდე ბრუნვის მქონე ნებისმიერი საქონლით მოვაჭრეები გათავისუფლებულიყვნენ გადასახადისგან. კარგი იქნებოდა, 200 ათასამდე ბრუნვის მქონე მეწარმეებისთვის ფიქსირებული გადასახადი ყოფილიყო. შეღავათები იმდენად მცირეა, რომ ფაქტობრივად, არაფერი შეცვლილა".

ბიზნესს მალე სალარო აპარატების გამოცვლასაც მოსთხოვენ. ახალ სალარო აპარატებს შემოსავლების სამსახური მარტიდან შემოიტანს. მეწარმეებს, რომელთა წლიური ბრუნვა 250 ათას ლარს აღემატება, სალარო აპარატის შეძენა მოუწევთ. უფრო მცირე ბრუნვის მქონე მეწარმეებს კი, როგორც შემოსავლების სამსახურში ამბობენ, აპარატს აჩუქებენ. ახალი აპარატები GPRS-ის სისტემის იქნება. მისი მეშვეობით მეწარმის მიერ შესრულებული ნებისმიერი ფინანსური ოპერაცია შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში ონლაინრეჟიმში უნდა აღირიცხოს. სერვერზე ავტომატურად შევა ინფორმაცია, რამდენს ვაჭრობს ბიზნესი და საგადასახადოს შემოსავლებს ვეღარ დაუმალავს.

შემოსავლების სამსახურის უფროს გიორგი ცხაკაიას მტკიცებით, ამ სისტემის მეშვეობით მას ზუსტად ეცოდინება, ვინ არის კეთილსინდისიერი გადამხდელი და ვინ მალავს გადასახადებს, სამსახურის აგენტები მხოლოდ ამ უკანასკნელებს შეამოწმებენ; თანამედროვე სალარო აპარატზე გადასვლის შემდეგ დაიკლებს ადმინისტრაციული ჯარიმების რიცხვი და საგადასახადო ინსპექტორებიც ობიექტზე შესამოწმებლად გაუფრთხილებლად აღარ შევლენ.

ტენდერში გამარჯვებულად ბულგარული კომპანია "დეიზი ტექნოლოჯი" დაასახელეს, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 13 მილიონი დოლარია გამოყოფილი. ამ თანხის სანაცვლოდ მან 100 ათასამდე აპარატი უნდა შემოიტანოს. სალარო აპარატებს ეტაპობრივად გაანაწილებენ. როგორც შემოსავლების სამსახურში განმარტეს, პირველ ეტაპზე ახალ სალაროებს შედარებით მსხვილი ბიზნესი მიიღებს, შემდეგ კი საჩუქრების დროც დადგება.

სალარო აპარატების გამოუყენებლობაზე ჯარიმები არ შეიცვლება და როგორც საგადასახადო სამსახურში განმარტავენ, პირველ შემთხვევისას მეწარმეს გააფრთხილებენ, მეორედ - 500 ლარით დააჯარიმებენ, ხოლო კვლავ განმეორების შემთხვევაში ფულადი ჯარიმა გაიზრდება. ერთი აპარატის ღირებულება $133 ანუ დაახლოებით 234 ლარი გამოდის. შემოსავლების სამსახური კი განსაზღვრულ ნაწილს 300 ლარად გაყიდის - სავარაუდოდ, გაჩუქებით გაღებული ხარჯი სხვა მეწარმეებისგან რომ აინაზღაუროს.

ნონა ქვლივიძე