ბრენდს ამოფარებული ფალსიფიკაცია - კვირის პალიტრა

ბრენდს ამოფარებული ფალსიფიკაცია

დღეს ალბათ ყოველი ჩვენგანი სარგებლობს მობილური ტელეფონით ან შესაძლოა ტელეფონებითაც კი, დღის განმავლობაში გარკვეულ დროს საუბრობს, გზავნის SMS-ებს ან სხვადასხვა დანიშნულებით იყენებს მას. მაგრამ ალბათ ძალიან ცოტა თუ დაფიქრებულა იმაზე, რამდენად უვნებელია ჯანმრთელობისთვის ნივთი, რომელიც ყოველდღიურ საჭიროებად იქცა და რომელსაც ყოველთვის თან ვატარებთ.

მობილურ ტელეფონთან დამეგობრების პირველი ეტაპი მისი შეძენით იწყება. თუ გიფიქრიათ, რას ვანიჭებთ უპირატესობას მისი შეძენისას? პირველ რიგში ალბათ ფასს, ტელეფონის ფუნქციებს, ვიზუალურ მხარეს, ბრენდს და გვავიწყდება ალბათ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი - მისი ხარისხი, რაც ჩვენი ჯანმრთელობისა და ტელეფონის შესაძენად თანხის ტყუილად არგადახდის გარანტი უნდა იყოს. ეს სიტყვები გადაჭარბებით ნათქვამი რომ არ მოგეჩვენოთ, მოდით, ყველაფერს რიგითობის მიხედვით მივყვეთ.

ადგილობრივ ბაზარს დაკვირვებულ თვალს თუ გადავავლებთ, აღმოჩნდება, რომ გაურკვეველი წარმოშობის ფალსიფიცირებულ მობილურ ტელეფონებს ბაზრის გარკვეული  წილი უჭირავს. თვალში ისიც მოგვხვდება, რომ ფალსიფიკატორები ხშირად ისეთი ბრენდებს აყალბებენ, რომლებზეც დიდი მოთხოვნაა. მომხმარებელს ძირითადად სიიაფით აცდუნებენ და ცნობილ ბრენდს მიმსგავსებული ყალბი ტელეფონის მფლობელი  ნაკლებად ფიქრობს, რა ზიანს მიაყენებს ამ ტელეფონით საუბარი მის ჯანმრთელობას.

ასეთი ტელეფონები ძირითადად აზიის ქვეყნებში, ნახევრად ლეგალურ ფაბრიკებში მზადდება. ვიზუალურად ჰგავს ორიგინალს და მის სახელსაც ეფარება. სწორედ აქ ჩნდება კითხვა, თუ კონკრეტულ ქარხანას მობილური ტელეფონის წარმოება შეუძლია, რატომ არ არქმევს თავის სახელს და სხვისას რატომ ეფარება? ცნობილი ბრენდის სახელის გამოყენება - პასუხისმგებლობაზე თავის არიდების მარტივი საშუალებაა.

ეს გარემოება კიდევ უფრო მეტ ეჭვს ბადებს და სიფრთხილისკენ გვიბიძგებს. დამეთანხმებით, რომ ტელეფონი საუბრის დროს უშუალო შეხებაშია თავთან,  ხშირად მას ჯიბით ვატარებთ ან ხელში გვიჭირავს. ერთხელ მაინც გვიფიქრია, რამდენად უსაფრთხოა ეს ტელეფონები ჯანმრთელობისთვის და აკმაყოფილებს თუ არა გამოსხივების დასაშვებ ნორმას? ჩვენ შევეცდებით ინფორმირების საშუალებით უსაფრთხო არჩევანის გაკეთებაში დავეხმაროთ მომხმარებელს.

გამოსხივების დასაშვები ნორმა ევროკავშირში 0-2 ვატი/კილოგრამზეა, აშშ-ში კი 0-1,6 ვატი/კილოგრამზე.  კეთილსინდისიერი მწარმოებელი მობილური ტელეფონის გამოსხივების შესაბამისობის დამადასტურებელ სერტიფიკატს ყოველთვის მიუთითებს ინსტრუქციაში, კერძოდ  SAR CERTIFICATE , რასაც ვერ აღმოაჩენთ ყალბი ტელეფონის შემთხვევაში. უფრო მეტიც, ძალიან რომ გინდოდეთ იპოვოთ ნამდვილი მწარმოებლის სახელი - შეუძლებელია! შესაბამისად, უცნობი რჩება, ასეთი ტელეფონით სარგებლობისას რა რისკის ქვეშ დგება ჯანმრთელობა.

KvirisPalitra.Geსაქმე ის გახლავთ, რომ იატაკქვეშა ფაბრიკებს, სადაც ასეთი ტელეფონები მზადდება, არ უღირთ სოლიდური თანხის გაღება დამატებითი გამოსხივებისგან დამცავი მასალებისა და ტელეფონის ლაბორატორიული შემოწმებისთვის.

ეს ყოველივე  ზრდის პროდუქციის თვითღირებულებას და რადგანაც დაბალი ფასი ფალსიფიკატორის მთავარი კონკურენტული უპირატესობაა,  მომხმარებლის ჯანმრთელობაზე ზრუნვა არაფრად უღირს.

ამის შემდეგ ბუნებრივად ჩნდება კითხვა, როგორ განასხვაოს მომხმარებელმა ყალბი მობილური ტელეფონი ორიგინალისგან? ყველაზე თვალშისაცემია სხვაობა ფასში: ყალბი ტელეფონი 3-4-ჯერ უფრო იაფი ღირს.

ვახტანგ სხილაძე (სავაჭრო სახლ "გოლეთიანის" IT მენეჯერი): "იაფი ფასის უკან დგას ულიცენზიო, იატაკქვეშ შექმნილი პროდუქცია. ხოლო პროდუქტი, რომელიც ბაზარზე წარმოადგენს სახელოვან ბრენდს, აუცილებლად პასუხობს საერთაშორისო ნორმებს, ტესტირებულია, სერტიფიცირებულია და ოფიციალურად არის დაშვებული ამა თუ იმ ქვეყანაში. არ მესმის, რატომ უნდა დააკლონირო სხვა, თუ შენითაც შეგიძლია ამის გაკეთება. თუ წარმოადგენ რამეს, გაქვს ტექნოლოგია - დაარეგისტრირე შენი ბრენდი და ოფიციალურად შესთავაზე მომხმარებელს პროდუქტი.

ნებისმიერი ნორმალური კომპანია, რომელიც თავის სახელსა და პროდუქციას პატივისცემით ეპყრობა, აუცილებლად განათავსებს ინტერნეტში ინფორმაციას ვინ არის პროდუქციის ოფიციალური გამყიდველი და სად არის შესაძლებელი მისი შეძენა".

პირველ რიგში, ტელეფონი ისეთ სავაჭრო ობიექტში შეიძინეთ, რომელიც ბაზარზე განსაზღვრული პოპულარობით სარგებლობს; ან ბრენდის ოფიციალური პარტნიორის მაღაზიებში, რომელსაც გამოარჩევს ჰოლოგრამა, როგორც დაცვის დამატებითი მექანიზმი. მაგალითად, მომხმარებელთა უფლებების დასაცავად, "ნოკიას" სერვისცენტრში მოქმედებს ცხელი ხაზი: 94 33 00. მყიდველს შეუძლია დარეკოს აღნიშნულ ტელეფონის ნომერზე და ორიოდე წუთის განმავლობაში ტელეფონის IMEI-კოდის მითითებით მიიღებს პასუხს, ყალბია მისი ტელეფონი თუ ორიგინალი, ოფიციალურად იმპორტირებული თუ "რუხი", უგარანტიო.

კარგი იქნება, თუ მომხმარებელი არჩევანს ხარისხის სასარგებლოდ გააკეთებს და არა ფასის, რადგან დაკვირვებებმა აჩვენა, რომ ფალსიფიცირებული ტელეფონის გამოყენებისას მომხმარებლებს ხშირად აწუხებთ თავის ტკივილი, ხოლო უფრო ხანგრძლივ პერიოდში კი შესაძლოა სიმსივნური დაავადების სიმპტომებიც გამოიკვეთოს.

KvirisPalitra.Geბოლო დროს ყალბი ტელეფონების რეალიზაცია ყველაზე ხშირად ინტერნეტმაღაზიების საშუალებით ხდება, რადგან ვაჭრობის ვირტუალური ფორმა ხელსაყრელია ყალბი პროდუქციის რეალიზაციისთვის. ხშირია შემთხვევები, როდესაც მოტყუებული მომხმარებელი მიდის სერვისცენტრში და ბაზრობაზე ნაყიდი ყალბი ტელეფონი მიაქვს შესაკეთებლად. უკმაყოფილო რჩება იმითაც, რომ ავტორიზებული სერვისცენტრი ვერ მოემსახურება ფალსიფიცირებულ ტელეფონს.

დავით ქართველიშვილი (სავაჭრო სახლ "გოლეთიანის" მარკეტინგის მენეჯერი): "ხშირად ყალბი მობილური ტელეფონები ყიდვიდან საშუალოდ ერთ კვირაში - ათ დღეში ფუჭდება. ბაზარზე ფალსიფიკაციის თავისუფლად გაყიდვით, პირველ რიგში, მომხმარებელთა უფლებები ირღვევა. ბევრმა მართლაც არ იცის, რომ მის მიერ შერჩეული ტელეფონი ყალბია. აწერია რომელიმე ცნობილი ბრენდის სახელი და ფიქრობს, რომ უბრალოდ იაფად ყიდულობს. დილეტანტისთვის ძალიან რთულია ტელეფონის მწარმოებლის გარკვევა, გარედან შეფუთულია ბრენდთან ვიზუალური მიმსგავსებით, რეალურად კი არანაირი საერთო არ აქვს ორიგინალ ტელეფონთან.

როგორც კი ასეთ ტელეფონს ჩართავ, გამოცდილი თვალისა და ყურისთვის გასაგები ხდება, რასთან აქვს საქმე. ამერიკამ და ევროპამ ეს პერიოდი დიდი ხნის წინ გამოიარეს და იქ ეს პრობლემა აღარ დგას, რადგან მკაცრად იცავენ როგორც მწარმოებლის, ასევე მომხმარებლის უფლებებს. სამაგიეროდ, ეს პრობლემა მწვავედ დგას საქართველოში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და ყაზახეთში.

კარგია, რომ საქართველოს კანონმდებლობა შესაძლებლობას აძლევს მწარმოებელს დაიცვას ინტელექტუალური საკუთრება. იურისტთა ჯგუფი აქტიურად არის ჩართული ფალსიფიკაციასთან ბრძოლაში. შედეგად, თუ დაახლოებით ერთი წლის წინ ფალსიფიცირებული პროდუქციის წილად საბაზრო წილის 70% მოდიოდა, დღეს ეს მაჩვენებელი 55%-ს შეადგენს. რა თქმა უნდა, ეს იმის მაუწყებელია, რომ ყალბი პროდუქციის რეალიზაცია კლებისკენ მიდის, მაგრამ სასურველია, რომ საბოლოოდ აღმოიფხვრას."

ასეთ შემთხვევასაც შევესწარით: მომხმარებელი შენიშნავდა, რომ ყალბი ტელეფონი მიწისქვეშ, მაგალითად, მეტროშიც კი სიგნალის ძლიერი მიღებით გამოირჩეოდა და მისი ამ შესაძლებლობით კმაყოფილი იყო. მაგრამ ეს სულაც არ მეტყველებს აპარატის უპირატესობაზე. პირიქით, თუ ტელეფონი სიგნალის მიღებაგადაცემის დაშვებულ ზღვარს აღემატება, უფრო მეტად არის საშიში მისი გამოსხივება ადამიანის ჯანმრთელობისთვის, კერძოდ, მოქმედებს თავის ტვინის უჯრედებზე. სანამ ცნობილი კომპანიის მიერ წარმოებული მობილური ტელეფონი გასაყიდად გამოვა, ის 50-მდე სხვადასხვა ინსტანციაში გადის შემოწმებას:

იქნება ეს ეკოლოგიურობის სერტიფიკატი, ხარისხის სერტიფიკატი, გამოსხივების სერტიფიკატი და მხოლოდ ამის შემდეგ გადის ოფიციალურად გაყიდვაში. მაგალითად, "ნოკიას"  ტელეფონების ელექტრომაგნიტური გამოსხივების საშუალო დონე 1 ვატი/კგ-ს არ აღემატება, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია და ზედა დასაშვებ (2ვატი/კგ) ზღვართან მიახლოებულიც არ არის.

მწარმოებლისთვის პირველ რიგში პრიორიტეტული უნდა იყოს, რამდენად ხარისხიანია მისი პროდუქცია, რამდენად ნაკლებ ზიანს აყენებს ის ადამიანის ჯანმრთელობას, რამდენად ნაკლებ ზიანს აყენებს ის გარემოს ეკოლოგიური თვალსაზრისით. და კიდევ ერთი, ძალიან ხშირად ისმის კითხვა - უშლის თუ არა ხელს მობილური ტელეფონის გამოყენება ბავშვის გონებრივ განვითარებას. იქიდან გამომდინარე რომ, ორიგინალი ტელეფონების გამოსხივება ყველა სტანდარტით დაშვებულ ნორმაშია, მისი ზომიერი გამოყენება როგორც მოზარდების, ასევე ბავშვების ჯანმრთელობისთვის უვნებელია.

შვედი მეცნიერების გამოკვლევით, მობილური ტელეფონით დიდი ხნის განმავლობაში საუბარი, სულ მცირე, ძილის დარღვევას და მეხსიერების დაქვეითებას იწვევს, მაგრამ შესაძლოა უფრო მძიმე დაავადების, კიბოს რისკის მაპროვოცირებელიც გახდეს. საინტერესოა, რომ ასეთ კვლევებს თავად მობილური ტელეფონების მსხვილი მწარმოებლები აფინანსებენ, რათა შემდგომში კიდევ უფრო დახვეწონ და განავითარონ მიკროტალღური გამოსხივებისგან დამცავი ტექნოლოგიები.

მარტივმა კვლევებმაც კი ცხადყო, რომ ყალბ ტელეფონს, რომელსაც ორიგინალისგან განსხვავებით დამცავი ეკრანი არ აქვს, სულ მცირე, ორჯერ მეტი მიკროტალღური გამოსხივება აქვს, ამიტომ გაურთხილდით საკუთარ ჯანმრთელობას და დაიცავით გარშემო მყოფები ყალბი მობილური ტელეფონის მავნე ზემოქმედებისგან.

R