ქართული მინერალური წყალი "ბორჯომი" "Air Baltics"-ის ბორტზეც გაიყიდება - კვირის პალიტრა

ქართული მინერალური წყალი "ბორჯომი" "Air Baltics"-ის ბორტზეც გაიყიდება

2011 წლის 1-ელი მარტიდან ქართული მინერალური წყალი "ბორჯომი" ავიაკომპანია "Air Baltics"-ის ბორტზე გაიყიდება. ხელშეკრულებას თანამშრომლობის შესახებ კომპანია "IDS Borjomi Europe"-ის დირექტორმა ირაკლი ბოკუჩავამ 2011 წლის 25 თებერვალს მოაწერა ხელი.

"მოხარული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა შედგა. ეს სერიოზული პროექტია როგორც ჩვენთვის, ასევე კომპანია "Air Baltics"-ისთვის, რადგან ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა ორი ლიდერი კომპანია ძალებს მომხმარებლის საკეთილდღეოდ აერთიანებს" - აცხადებს "IDS Borjomi Europe"-ის დირექტორი ირაკლი ბოკუჩავა.

კომპანია "Air Baltics"-ი ლიდერი ავიაკომპანიაა ბალტიისპირეთის რეგიონში, რომელიც ფლობს 34 თვითმფრინავს, ახორციელებს ფრენებს 92 მიმართულებით. 2010 წელს კი 3 მილიონ მგზავრს მოემსახურა.

კომპანია "IDS Borjomi Europe" ქართული, ნატურალური მინერალური წყლების მწარმოებლის, "IDS ბორჯომი საქართველოს" წარმომადგენლობაა ბალტიისპირეთსა და ევროპის ქვეყნებში. წარმომადგენლობითი ოფისი 2008 წელს გაიხსნა. მისი ფუნქციაა ქართული მინერალური წყლის "ბორჯომის" განვითარება და გაყიდვების ხელშეწყობა როგორც ბალტიისპირეთში, ასევე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით.

R