რა შეაჩერებს ლარის ვადნას?! - 9 მიზეზი, რომელიც ეროვნული ვალუტის რყევებს იწვევს - კვირის პალიტრა

რა შეაჩერებს ლარის ვადნას?! - 9 მიზეზი, რომელიც ეროვნული ვალუტის რყევებს იწვევს

"ლარის გაუფასურების კვალდაკვალ გვესმის ხელისუფლებისა თუ ეროვნული ბანკის არაგულწრფელი განცხადებები"

ლარი ასეთი გაუფასურებული, როგორიც დღეს არის, აგვისტოს ომის დროსაც არ ყოფილა. ბოლო 1 თვეში ლარი დოლარის მიმართ 26 თეთრით დაეცა და დღითი დღე უახლოვდება იმ ანტირეკორდულ ნიშნულს, რომელიც ქვეყანაში ვირუსის გავრცელების პირველ ეტაპზე ქვეყნის ჩაკეტვასა და მკაცრი რეგულაციების გამოცხადებას მოჰყვა - 27 მარტს ლარის კურსი 3,4842 იყო. ისტორიულ გაუფასურებამდე ლარს ბევრიც არ აკლია, ოფიციალური კურსით, 1 დოლარი უკვე 3,3332 ლარი ღირს, კომერციულ ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში კი ლარის ფასი კიდევ უფრო დაბალია. უახლოეს დღეებში ლარის გაუფასურებას ფასების მასობრივი ზრდა მოჰყვება, ერთ-ერთი პირველი კი საწვავი იქნება, რომლის ფასი ბოლო დროს გაუფასურებული კურსის გამო 3-5 თეთრით გაიზრდება. ისედაც მძიმე სოციალური ფონისა და ეკონომიკური კრიზისის გამო ფასების ზრდა ხელისუფლებისთვის, ფაქტობრივად, განაჩენია, არადა, არჩევნებამდე ერთი თვე დარჩა, ხოლო პოზიტიური მოლოდინი კი, რამაც შესაძლოა ლარის გაუფასურება შეაჩეროს, არ ჩანს.

გიგა ბედინეიშვილი, ფინანსისტი: - ლარის გაუფასურების კვალდაკვალ გვესმის ხელისუფლებისა თუ ეროვნული ბანკის არაგულწრფელი განცხადებები და ვხედავთ მათ მუდმივ ცდას, ლარის ეს მდგომარეობა მათ გარდა, ყველაფერს დაჰბრალდეს. 8 წლის განმავლობაში მუდმივად ცდილობენ დაგვარწმუნონ, თითქოს ლარის გაუფასურება გარე ფაქტორების ბრალია და ამასობაში ლარი, რომ იტყვიან, ხელში შემოგვადნა. ლარი მხოლოდ ბოლო თვეებში ხომ არ გაუფასურებულა? წლებია უკვე განუხრელად ეცემა - ამ 8 წელიწადში ეროვნული ვალუტა თითქმის 100%-ით გაუფასურდა. შესაბამისად, ლარის გაუფასურების მიზეზები ხელისუფლების არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკაში უნდა ვეძებოთ და არა ერთჯერად ფაქტორებში. დღეს ლარის გაუფასურების მიზეზებს არასწორი რიტორიკაც ემატება. მაგალითად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამბობს, დოლარს სავალუტო ბაზარზე იმიტომ კი არ ვყიდი, რომ ლარი გავამყაროო. ამის ხომ არავის სჯერა! სწორედ იმიტომ გამოაქვს ეროვნულ ბანკს სავალუტო რეზერვები, რომ ლარი კიდევ უფრო არ დასუსტდეს. ასეთი განცხადებების შემდეგ ეროვნული ბანკის მიმართ ნდობა უფრო მცირდება. გარდა ამისა, ეროვნული ბანკი შემჩნეულია, რომ არჩევნების წინ განსაკუთრებით ეხსნება ხოლმე რეზერვების ხარჯვის მადა, რასაც უკვე პოლიტიკური სუნი ასდის და იმაზე მეტყველებს, რომ საქმე გვაქვს ეროვნული ბანკისა და ხელისუფლების შეთანხმებულ ქმედებებთან, რათა როგორმე ხელოვნურად გამყარდეს ეროვნული ვალუტა. ეს კი ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას აყენებს ეჭვქვეშ.

- ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც თავის ფეისბუკპოსტში და ხელისუფლებაც თავის განცხადებებში ლარის გაუფასურების მიზეზად უარყოფით მოლოდინებს ასახელებენ. შეუძლია თუ არა ხელისუფლებას თავისი განცხადებებით კონკრეტული გეგმისა თუ დაგეგმილი ანტიკრიზისული ნაბიჯების საჯაროდ გაცხადებით ამ უარყოფითი მოლოდინების განეიტრალება? - თეორიულად, შეუძლია, მაგრამ არ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ ხელისუფლება მოკლევადიანი ჩარევებითა და რეცეპტებით შეძლებს უარყოფითი მოლოდინების განეიტრალებას. ყველაზე დიდი უარყოფითი მოლოდინი, რაც ახლა მძიმე ტვირთად აწევს ეკონომიკას, არის ხელახალი შეზღუდვების დაწესების შიში. რაც უფრო იზრდება ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი, მით უფრო მძაფრდება მოსახლეობაში ეკონომიკის ჩაკეტვის შიში. მოსახლეობა ფიქრობს, რომ მაშინ, როცა ქვეყანაში ყოველდღიურად 30-40 ინფიცირებული გვყავდა, ხელისუფლებამ მკაცრ შეზღუდვებს მიმართა, ხოლო როცა 200-300 ყოველდღიური შემთხვევა გვაქვს, მეტია ალბათობა, ამ შეზღუდვებს კვლავ მიმართონ. ეკონომიკის ჩაკეტვა ნიშნავს ეკონომიკური აქტივობის შენელებას, მეტ სიდუხჭირეს, მეტ უმუშევრობას, გაკოტრებულ ბიზნესებს და სხვ. ყოველივე ეს, ცხადია, ქმნის უარყოფით მოლოდინებს და სიმართლე გითხრათ, არ ველოდები, რომ ეს მთავრობა შეძლებს ისეთ სწრაფ გარღვევას ეკონომიკაში, რაც ამ მოლოდინებს გააქარწყლებს. რა მაძლევს ამის თქმის საფუძველს? ისევ ამ ხელისუფლების 8-წლიანი მმართველობა, როცა ყველა ეტაპზე, სირთულეები იყო თუ არა, ეკონომიკური ზრდა მაინც დაბალი იყო.

მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებას არც სურვილი აქვს და არც უნარი, ეკონომიკური პოლიტიკა შეცვალოს. ივანიშვილს პოლიტიკურ ლანდშაფტზე, ბიზნესზე კონტროლის შენარჩუნებაც სურს და თან უნდა, ეკონომიკაც ყვაოდეს. მაგრამ ეს ერთმანეთთან შეუთავსებელია. კონტროლი პოლიტიკურ სპექტრზე, სასამართლოზე, პროკურატურაზე, ბიზნესზე და ა.შ. - ეს ფაქტორების ისეთი თაიგულია, რაც ვერაფრით ვერ წაახალისებს ინვესტიციების მოზიდვას. ამიტომ ივანიშვილმა ან კონტროლი უნდა დაკარგოს ყველა ჩამოთვლილ ინსტიტუციაზე და ეკონომიკა ააყვავოს, ან შეინარჩუნოს ეს მდგომარეობა და ეკონომიკას პრობლემები მუდმივად ექნება. სხვა არჩევანი არ არსებობს!

"მოლოდინი, რომ არჩევნების შემდეგ ლარი გაუფასურდება, ლარს აუფასურებს დღეს"

სოსო ბერიკაშვილი, კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანი: - ლარის გაუფასურების ორი მიზეზი შეგვიძლია გამოვკვეთოთ: ნაკლებად ფუნდამენტურ მიზეზს მიეკუთვნება მოლოდინები, მოსახლეობის განწყობა, რომ მომავალში ვითარება უფრო დამძიმდება. შესაბამისად, ხალხი იმარაგებს დოლარსა და ევროს, როგორც უფრო სანდო ვალუტას. მოლოდინი, რომ არჩევნების შემდეგ ლარი გაუფასურდება, ლარს აუფასურებს დღეს, ხოლო ფუნდამენტური მიზეზი ის არის, რომ შემცირებულია დოლარის შემოსვლა როგორც ტურიზმიდან, ასევე პირდაპირი უცხოური ინვესტიციები. ამას ემატება მოსახლეობისთვის გაცემული სოციალური დახმარებები, რაც ქვეყანაში ზრდის ლარის მასას და შესაბამისად, აუფასურებს კიდეც. ყველა ეს ფაქტორი დღეს ერთად მოქმედებს ლარის კურსზე დოლარისა და ევროს მიმართ.

- ასეთ ვითარებაში არსებობს მუხრუჭი, რითაც შესაძლებელია ლარის შეჩერება?

- ერთადერთი, რაც ლარის ვარდნას შეაჩერებს, ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრების უკეთესობისკენ შეცვლაა.

თუ ეკონომიკა არ გაჯანსაღდება და არ დაუბრუნდება, სულ მცირე, იმ მდგომარეობას, რაც კორონაკრიზისამდე გვქონდა, ლარს ხელოვნურად ვერავინ დაიჭერს, ვერც მთავრობა და ვერც ეროვნული ბანკი.

არც არის ეს მათი მანდატი. ლარის ღირებულება თავისუფალ ბაზარზე ყალიბდება. ერთადერთი, რასაც ახლა აკეთებს ეროვნული ბანკი, ცდილობს შეანელოს ან დროებით შეაჩეროს ეროვნული ვალუტის გაუფასურება, რათა მასშტაბური, მკვეთრი რყევები არ მივიღოთ. თუმცა მაინც ძალიან დიდი რყევები გვაქვს. შესაბამისად, ადრე თუ გვიან, ლარი მაინც მივა იმ ნიშნულამდე, სადამდეც უნდა მივიდეს.

- სადამდე? სად არის "ბოლო გაჩერება"? - ამის პროგნოზირება წარმოუდგენელია. შეუძლებელია, ახლა ხელის ერთი მოსმით გაუმჯობესდეს ქვეყანაში მაკროეკონომიკური პარამეტრები, მაგრამ მოლოდინი მაინც უნდა არსებობდეს, რომ თუნდაც გაზაფხულიდან ვითარება გამოსწორდება. ამისთვის კი საჭიროა ხელისუფლებისა და სებ-ის კოორდინირებული მოქმედება და მოსახლეობისთვის სტრატეგიის წარდგენა, რას აპირებს ეკონომიკური გუნდი, რათა ხალხს უკეთესი მომავლის იმედი ჩაესახოს. თორემ ვითარება რომ ცუდია და პანდემიაა მსოფლიოში, ეგ ისედაც ვიცით. მოსახლეობას სჭირდება სანდოობის მაღალი ხარისხით მიწოდებული ინფორმაცია, რომ ქვეყანაში რაღაც გამოსწორდება. მხოლოდ იმის ძახილი, 2021 წლიდან 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვექნებაო, არ კმარა. მეორე საკითხია, რამდენად სჯერა მოსახლეობას ამ ინსტიტუტების. ამიტომ ვერ გავაკეთებ გრძელვადიან პროგნოზს ლარის შესახებ. ნორმალურ პირობებში ამ ინსტიტუტების სიტყვას მოსახლეობაში მაღალი სანდოობა უნდა ჰქონდეს, ჩვენთან კი, სამწუხაროდ, ასე არ არის.

- რა გავლენას მოახდენს ლარის გაუფასურება მოსახლეობის მდგომარეობაზე და ვის დააზარალებს ყველაზე მეტად? - ჩვენს ბევრ მოქალაქეს შემოსავალი ლარში აქვს, სესხი კი დოლარში და უკვე ძალიან გაუძვირდათ სესხების მომსახურება. მძიმედ დაარტყამს ლარის ვარდნა მათ, ვისაც სხვა ვალდებულებები, მაგალითად, ქირა, იჯარა აქვთ დოლარში. მაგრამ კიდევ უფრო მეტი დაზარალდება ფასების ზრდით. მოგეხსენებათ, იმპორტდამოკიდებული ქვეყანა ვართ და პროდუქციას ვალუტით ვყიდულობთ. როცა ლარი ამ ვალუტასთან შედარებით უფასურდება, ლარში გამოსახული ფასებიც იზრდება, ინფლაციას კი შემოსავლების ზრდა ამ ტემპით ვერ მიჰყვება, რაც ისედაც არასახარბიელო სოციალურ ფონს აუარესებს. ეს რაც სიღარიბის შესახებ ოფიციალური სტატისტიკით ვიცით, არაოფიციალურად კი ვითარება უფრო მძიმეა. ფასების ზრდა უპირველესად სოციალურად ყველაზე მოწყვლად ფენას დაარტყამს.

"გაზაფხულზე დაწესებული შეზღუდვების ფასს ახლა ვიხდით"

ლაშა გოცირიძე, ეკონომისტი: - ლარზე ერთდროულად რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს. გარე ფაქტორებს შორის არის კორონავირუსის გამო შემცირებული ეკონომიკური აქტივობა მსოფლიოში და ზიანი, რომელიც ქვეყანამ ამის გამო მიიღო. შიდა ფაქტორებს შორის არის მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა. ერთი მეორეს ემატება და საბოლოოდ ლარზე აისახება. რაც უფრო მეტ შეზღუდვას დააწესებენ, მით მეტად დაზიანდება როგორც ეკონომიკა=, ასევე ეროვნული ვალუტაც. მართალია, რეგულაციები ჯანმრთელობის უსაფრთხოებიდან გამომდინარეობს და იძულებითია, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი ფასი - გაზაფხულზე დაწესებული შეზღუდვების ფასს რეალურად ახლა ვიხდით. ეკონომიკურ ვარდნას აქვს თანამდევი ეფექტები, მათ შორის არის ლარის დღევანდელი კურსი. გასაგებია, რომ სებ-ის პირდაპირი ფუნქცია არ არის ლარის კურსის დაჭერა, თუ გნებავთ, გამყარება, მაგრამ მისი ერთ-ერთი ამოცანა კი ნამდვილად არის ფასთა სტაბილურობა და ინფლაციის მოთოკვა. კურსის გაუფასურება შემდგომში ირიბად, რა თქმა უნდა, გავლენას იქონიებს ინფლაციაზე და მისი მოთოკვისთვის სებ-ს მოუწევს სხვა, უფრო მკაცრი ღონისძიებების გატარება, თუნდაც რეფინანსირების განაკვეთის ზრდა, რასაც უკვე სხვა უკუეფექტი ექნება ეკონომიკაზე.

- გასაგებია, რომ ეროვნული ბანკის პირდაპირი ფუნქცია ლარის კურსის დაჭერა არ არის და მოქმედებს თავისუფალი მცურავი სავალუტო რეჟიმი, მაგრამ ჩვენც ხომ არ ვიმყოფებით ახლა ჩვეულებრივ პირობებში? ფაქტობრივად, გამოუცხადებელი საგანგებო ვითარება გვაქვს და იქნებ საჭიროა წესებისგან დროებით გადახვევა და უფრო ხისტი ჩარევა ბაზარზე, რათა ჯერ ჰიპერდევალვაცია და შემდეგ კი ჰიპერინფლაცია ავირიდოთ? მაგალითად, ყოველ ჯერზე 40 მილიონი კი არ გაყიდოს ეროვნულმა ბანკმა, არამედ სრულად დააკმაყოფილოს ბაზარზე ვალუტის მოთხოვნა. - კარგად გავიაზროთ, რა ხდება, როცა ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარს უცხოურ ვალუტას აწვდის. ერთი მხრივ, ბაზრიდან ლარის ჭარბი მასის ამოღება ხდება, მეორე მხრივ, იგივე ეროვნული ბანკი დიდძალ ფულს ეროვნული ვალუტაში რეფინანსირების სესხების სახით აწვდის კომერციულ ბანკებს. ლაპარაკია დაახლოებით 2 მილიარდ ლარზე. გამოდის, ეროვნული ბანკი ბაზრიდან იღებს ლარის ჭარბ მასას, მაგრამ ამ ფულს კვლავ ბაზარს აწვდის. როგორც ანდაზაშია, თხა გავყიდე, თხა ვიყიდეო. იქნებ აგვიხსნას ეროვნულმა ბანკმა, რატომ არ ამცირებს რეფინანსირების სესხებით გაცემულ თანხას? ეს გამოიწვევდა ნაკლებ მოთხოვნას დოლარზე და შესაბამისად, კურსზეც ნაკლები ზეწოლა იქნებოდა. ალბათ, უფრო კომპლექსური ანალიზი სჭირდება, თუ რა შედეგები მოჰყვება რეფინანსირების სესხების მოცულობის შემცირებას. ამიტომ კარგი იქნებოდა, ეროვნული ბანკი მჭიდრო კოორდინაციაში იყოს მთავრობასთან.

- ხშირად ამბობენ, რომ ლარის კურსის პროგნოზირება უმადური საქმეა, მაგრამ დღევანდელი მძიმე ვითარებიდან გამომდინარე, როცა ვხედავთ, რომ კორონავირუსის შემთხვევები მატულობს, ვიცით პროგნოზი, რამდენ ხანს გაგრძელდება კრიზისი, ამ და სხვა ფაქტორის გათვალისწინებით იქნებ უპრიანი იყოს, რომ ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის გრძელვადიანი პროგნოზი მაინც გააკეთოს, რასაც ბაზარზე დამამშვიდებელი ეფექტი ექნებოდა? - ბოლო ორ კვირაში ეროვნულმა ბანკმა ორჯერ 40-40 მილიონი დოლარი გაყიდა და ეს სწორედ გაუფასურების მოლოდინის ჩაცხრობას ემსახურებოდა. ბოლო ინტერვენციამდე ერთი დღით ადრე გამოაცხადა ბანკმა, ხვალ გავყიდით დოლარსო და ამის მიზანიც ბაზარზე ვნებათაღელვის ჩაცხრობა იყო. თუმცა, როგორც ნახეთ, ლარის კურსს ვერც ამან უშველა.

მეეჭვება, ლარის გაუფასურება მხოლოდ განცხადებებმა შეაჩეროს. საჭიროა პროაქტიური მოქმედება და ზოგი ქმედების შეზღუდვაც კი - ვგულისხმობ ისევ და ისევ ბანკებისთვის გასესხებული თანხების შემცირებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალზე არასახარბიელო სურათს მივიღებთ. ლარის გაუფასურება ქვეყანაში იმპორტის შეზღუდვას გამოიწვევს. ბიზნესებს, რომლებსაც ვალუტაზე მიბმული ხარჯების წილი დიდი აქვთ, წარმოება გაუძვირდებათ, რასაც მოჰყვება მიწოდების შემცირება და ამას მნიშვნელოვანი ინფლაციური ეფექტი ექნება. როცა ღია ტიპის ეკონომიკაში არასტაბილური გარემოა, ეს ყველა მიმართულებაზე იქონიებს ნეგატიურ გავლენას. არსებითია, ვალუტა იყოს სტაბილური, გაუფასურება თუ გამყარება მიმდინარეობდეს ზომიერად და არა როგორც დღეს, როცა კატასტროფული ტემპით უფასურდება.

აკაკი ცომაია, ფინანსისტი: "მეტი თვალსაჩინოებისთვის ლარის გაუფასურების მიზეზებს რამდენიმე მაგალითით ავხსნი.

"კეისი" #1: ნინოს ბიზნესია ტურიზმი, შემოსავალი აქვს დოლარში. გივის ბიზნესია იმპორტი და შემოაქვს პროდუქტი, რომელსაც ყიდულობენ ნინო, ნიკა და ნარჩენს თავად მოიხმარს. ნიკა მუშაობს სახელმწიფო სამსახურში და შემოსავალი ლარში აქვს. ნინოს ბიზნესი გაუჩერდა და ვეღარ ქმნის მოთხოვნას იმპორტზე. ნიკას კვლავ უხდიან ხელფასს ლარში და ქმნის მოთხოვნას იმპორტზე, მაგრამ გივის ვეღარ შემოაქვს ნიკასთვის იმპორტი, რადგან ვერ ახურდავებს ლარს დოლარში... თუ სებ-ი დაიწყებს რეზერვების ხარჯვას, შეინარჩუნებს ნიკასა და გივის კეთილდღეობას მანამდე, სანამ რეზერვები არ ამოეწურება. ბოლო სერიაში კი საზოგადოების სამივე წევრს საგარეო ვალი შერჩება. ასე რომ, ამ კეისში რეზერვების ხარჯვა უაზრობაა. ეკონომიკის ვარდნა 12%-ია მეორე კვარტალში, ასეთია რეალობა, რასაც უნდა შევეგუოთ.

"კეისი" #2: ვიღებთ დახმარებას (კრედიტსაც) უცხოურ ვალუტაში, რათა ეკონომიკის ვარდნის ტვირთი არ იყოს ძალიან მძიმე. ჩვენს დახმარებას იღებს მთავრობა, მან კი ეროვნულ ბანკს უნდა მისცეს დოლარი და სანაცვლოდ მიიღოს ლარი. მოსახლეობა დახმარებას ვიღებთ ლარში. ახლა უკვე ვქმნით მოთხოვნას იმპორტზე, მაგრამ გივი ვერ შეძლებს დოლარის ყიდვას, სანამ სებ-ი არ გაყიდის ამ დახმარებით შექმნილ რეზერვებს. ამიტომ სებ-მა შესაბამისი ოდენობის რეზერვები იმის შესაბამისად უნდა გაყიდოს, თუ ლარში დახარჯული დახმარების რა ნაწილი აწვება სავალუტო ბაზარს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბევრი მოქალაქის კეთილდღეობა შესაძლოა კიდევ უფრო მეტად გაუარესდეს (ლარი უფრო მეტად გაუფასურდეს) იმის ხარჯზე, რომ სებ-ს მეტი რეზერვი ექნება. ეს ხდება დღეს.

"კეისი" #3: ეროვნული ბანკი კრძალავს სესხის დოლარში გაცემას. გივის ხელმისაწვდომობა დოლარზე მცირდება. საზოგადოება ვეღარ შეძლებს იმავე რაოდენობის იმპორტის შესყიდვას. ამიტომ ლარი უნდა გაუფასურდეს და იმპორტი შემცირდეს, სავაჭრო ბალანსი კი გაუმჯობესდეს. ეს პროცესი 2017 წლიდან მიმდინარეობს.

"კეისი" #4: აშშ-მა გააძვირა დოლარი. მსოფლიოს ინვესტორებმა საკუთარი აქტივები დოლარში გადაიყვანეს. დოლარის მიმართ ყველა სხვა დანარჩენი ვალუტა გაუფასურდა. ამ ტიპის მოვლენასთან გვქონდა საქმე 2014-2015 წლებში.

"კეისი" #5: სავაჭრო პარტნიორების ეკონომიკებმა შემცირება დაიწყო. მაგალითად, თურქეთში ერდოღანის პოლიტიკა არაპროგნოზირებადი გახდა, რუსეთსა და აზერბაიჯანში ნავთობზე ფასი დრამატულად შემცირდა. ევროკავშირის, აშშ-ის ან იაპონიის ბაზარს ვერ ვწვდებით. დავკარგეთ შემოსავალი ექსპორტიდან, ფულადი გზავნილებიდან, ნაწილობრივ ტურიზმიდან, ასე რომ, ლარი უნდა გაუფასურდეს. ამ მოვლენებთან გვქონდა საქმე 2014-2016 წლებში. აქ რეზერვების ხარჯვა ისეთივე უშედეგოა, როგორიც პირველ კეისში.

"კეისი" #6: თურქული ლირა უფასურდება. თურქული საქონლის იმპორტიორებს აქვთ მოლოდინი, რომ ლარიც გაუფასურდება. ყიდულობენ დოლარს სასწრაფოდ. დოლარის თურქულ ლირაში გადახურდავება მოუტანთ დამატებით სარგებელს, ვიდრე გაუფასურებული ლარის გაყიდვა. ამიტომ ლარი უფასურდება. რეზერვების დახარჯვა-არდახარჯვის საკითხი ოპერაციათა მასშტაბზეა დამოკიდებული. ლარი გაუფასურდება, მაგრამ მერე წონასწორობის ნიშნულს უნდა დაუბრუნდეს. ამ მოვლენასთან სულ გვაქვს საქმე, დროის ნებისმიერ მომენტში.

"კეისი" #7: სებ-ი არბილებს მონეტარულ პოლიტიკას. კრედიტების ოდენობის ზრდა ლარში გაზრდის მოთხოვნას იმპორტზე და გააუფასურებს ლარს. თუმცა ეს ნაკლებად ეხება დღევანდელ მდგომარეობას. ყურადღება მიაქციეთ - პოლიტიკის შერბილება არ უდრის კრედიტების ზრდას. დღეს ბანკები კრედიტის გაცემის მაღალ რისკებს ხედავენ და ყველაფერი რეზერვებში მიაქვთ. დეპოზიტები უმცირდებათ, ლიკვიდობისთვის იბრძვიან. ყველამ რომ მიაკითხოთ ბანკებს და ანგარიშიდან გამოიტანოთ ფული, ყველა ბანკი გაკოტრდება. როცა ექსპანსიურ მონეტარულ პოლიტიკას ინფლაცია მოჰყვება და მანამდე ლარი უფასურდება, ალბათობა მაღალია, რომ სებ-ის ბრალია.

"კეისი" #8: ნუ გამოგრჩებათ მთავრობის აღვირახსნილი ხელგაშლილობა, დაუოკებელი წყურვილი, ფული პანდემიის დროსაც ფლანგოს. თუ ის არ შემოიჭერს ქამარს, ჩვენ კიდევ უფრო მეტად მოგვიწევს მისი შემოჭერა. მარტივად რომ ვთქვათ, თუ ის -12%-ის შესაბამისად არ შემოიჭერს, მაშინ ხალხს, პირობითად, -20%-ის შემოჭერა მოგვიწევს. ლარი ამ მიზეზითაც გაუფასურდება. ამ პროცესების მოწმე ვართ სულ, განსაკუთრებით 2014 წლიდან.

"კეისი" #9: პირველი კეისიდან გამომდინარე, ბაზარზე პანიკაა. ყველა ცდილობს ლარის მოშორებასა და აქტივების დოლარში განთავსებას. სებ-მა უნდა დახარჯოს რეზერვები, რათა ცეცხლი ჩააქროს...

ყბადაღებულ რეფინანსირების სესხების თემას რაც შეეხება, არც ერთ კეისში არ მიხსენებია. ერთ მშვენიერ დღეს ერთმა ადამიანმა (ვინაობას არ დავასახელებ) აღმოაჩინა, რომ რეფინანსირების სესხები და ლარის გაუფასურება ერთმანეთთან დიდ კორელაციაშია. იყვირა ევრიკაო, მაგრამ აღარ განმარტა - რეფინანსირების სესხები აუფასურებს ლარს თუ ლარის გაუფასურება ზრდის რეფინანსირების სესხებს. წარმოიდგინეთ, ბანკებიდან გამოგაქვთ ფული დოლარის საყიდლად. აქ საკვანძოა ის, რომ ბანკებიდან გამოგაქვთ ფული. ბანკს სჭირდება ლიკვიდობა, სავალდებულო რეზერვები უნდა შეივსოს. ამიტომ რეფინანსირების სესხები იზრდება. დოლარს რომ ყიდულობთ, ლარი უფასურდება და მივიღეთ ევრიკაც! საპირისპირო რომ დაამტკიცოთ, მე-7 კეისი უნდა განიხილოთ. სებ-ის ყოფილი პრეზიდენტი მოზომილ პოსტებს უნდა აცხობდეს ამ საკითხზე...

მინდა კიდევ ერთ ყოფილი პრეზიდენტის განცხადებას გამოვეხმაურო. 2012 და 2019 წლების ნომინალური მშპ დოლარში გადაიყვანა და ამაზე დაყრდნობით გამოგვიცხადა, რომ ეკონომიკა ბოლო 8 წელიწადში არ გაზრდილა. ზოგიერთმა მასმედიამაც ეს ფაქტი ჭეშმარიტებად მიიღო. მეც მინდა ამ მთავრობის შეცვლა, მაგრამ ნუ ვიცრუებთ, სირცხვილია. ნელი ტემპით, მაგრამ ეკონომიკა ყოველ წელს იზრდებოდა, თუ ბოლო 2020 წელს არ ჩავთვლით.

დასასრულ, გააქტიურდა ფიქსირებული სავალუტო რეჟიმისა და ინოვაციური მულტისავალუტო რეჟიმის იდეა. აი, ლარი რომ არ გვქონდეს, ხომ აღარ გაუფასურდება ვალუტა და უკეთ ვიცხოვრებთო. რეჟიმებს არ ვადარებ, მხოლოდ მინდა ცრუეიფორიული მოლოდინები არ შეგექმნათ. გადავიკითხოთ პირველი კეისი, ნინოს ვეღარ შემოაქვს დოლარი და ნიკაც ვეღარ აიღებს ხელფასს (ახლა ლარში მაინც იღებს). ვარდნაც მეტი გვექნება. არ შემოდის დოლარი, აღარ აქვს ბანკს ლიკვიდობა. ორი გზა რჩება: ახალი ვალი აიღოს, რათა ძველი გაისტუმროს (ფინანსურ პირამიდას ჰგავს) ან სესხის პროცენტი უნდა გაგიზარდოთ. ეკონომიკური მდგომარეობა კი ლარის გაუფასურებით დაგიმძიმდებათ თუ კრედიტის გაძვირებით, რა მნიშვნელობა აქვს. პლუს, ბანკს ლიკვიდობა არა აქვს, საფინანსო სისტემა ნაღმზე ზის. -12% თუ 6-ბალიანი მიწისძვრაა, საფინანსო სისტემის ჩამოშლა 10-ბალიანი იქნება... ფიქსირებულ სავალუტო რეჟიმებს კი აქვს დადებითი მხარეები, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ აქვს ბევრი უარყოფითიც".

ემა ტუხიაშვილი