"გუდვილმა" საქართველოში დაბრუნებული მიგრანტები დაასაქმა - კვირის პალიტრა

"გუდვილმა" საქართველოში დაბრუნებული მიგრანტები დაასაქმა

კომპანია "გუდვილმა" წლის დასაწყისში სატრენინგო სასწავლო ცენტრი გახსნა. ცენტრი უკვე წარმატებით ამუშავდა და პირველი კურსდამთავრებულებიც გამოუშვა. რამდენიმე დღის წინ მათ შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ, ხოლო წარმატებული სტუდენტები უკვე დასაქმდნენ "გუდვილისა" და "ჯიმარტის" ქსელში.

სასწავლო ცენტრის პირველი ჯგუფი მიგრანტებითა და დევნილებით იყო დაკომპლექტებული, რადგან კომპანია "გუდვილი" საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასთან ერთად ჩაერთო პროექტში - "ქართველი მიგრანტების ინტეგრაცია საქართველოს შრომის ბაზარზე". აღნიშნული პროექტის ფარგლებში მიგრანტებმა "გუდვილის" დახმარებით გაიარეს თეორიული და პრაქტიკული კურსი პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით.

დასკვნით ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ირაკლი მატკავა და სამოქალაქო რეესტრის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი გაბრიელაშვილი.

ნუგზარ მაღულარია (კომპანია "გუდვილის" გენერალური დირექტორი): "გუდვილის" სატრენინგო მოსამზადებელი ცენტრი მიმდინარე წლის იანვარში გავხსენით. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ცენტრის ყველა წარმატებული კურსდამთავრებული დასაქმდება "გუდვილში". დასაქმების თემა ძალიან მნიშვნელოვანია დღეს ჩვენს ქვეყანაში, ამიტომ გვინდა ყველას მივცეთ კარგი მაგალითი. ცენტრის პირველმა ჯგუფმა უკვე დაასრულა სწავლება და ბევრი მათგანი დასაქმდა "გუდვილში". პირველი სასწავლო ჯგუფი მიგრანტებით და დევნილებით დავაკომპლექტეთ. პროექტში - "ქართველი მიგრანტების ინტეგრაცია საქართველოს შრომის ბაზარზე" საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასთან ერთად ჩავერთეთ.

KvirisPalitra.Geამ პროექტის მთავარი მიზანია მაღალკვალიფიციური მიგრანტების ინტეგრაცია საქართველოს შრომის ბაზარზე და მათი უნარებისა და შესაძლებლობების შესაბამისი გამოყენება შემდგომი განვითარებისათვის. ეს თავისთავად შეიტანს წვლილს ქართული ეკონომიკის "ნოუ-ჰაუს" განვითარებაში, შრომის ბაზარზე ინტეგრაციის ინსტრუმენტების და მეთოდოლოგიის შემუშავებაში მიგრანტებისათვის.

პროგრამის ფარგლებში, პირველ ეტაპზე მათთან გასაუბრება ჩავატარეთ. საერთო ჯამში 42 დაბრუნებულ მიგრანტსა და იძულებით გადაადგილებულ პირს შევხვდით. ამის შემდეგ 29 მათგანმა გაიარა ტრენინგი ხუთ პოზიციაზე და პრაქტიკული სწავლება "გუდვილში". მოხარული ვარ, რომ სწავლებამ წარმატებით ჩაიარა. ხუთი მათგანი უკვე დასაქმდა "გუდვილში", მათ შორის არიან მიგრანტები საბერძნეთიდან, გერმანიიდან, რუსეთიდან და ამერიკიდან. ჩვენ ვაგრძელებთ ტრენინგცენტრში მეორე ნაკადის შერჩევას. ამ ადამიანებისთვის დასაქმება სწავლის დიდი სტიმულია, ამიტომ დარწმუნებული ვართ, რომ ცენტრის ყველა კურსდამთავრებულს კვალიფიკაციის მაღალი დონე ექნება."

ელგუჯა მელაძე (საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი): "პროექტი დაბრუნებულ მიგრანტებსა და იძულებით გადაადგილებულ პირებზეა ფოკუსირებული და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების გზით მათი შემდგომი დასაქმების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. გამომდინარე აქედან, მეტად მნიშვნელოვანია დამსაქმებელთა აქტიურობა და მონაწილეობა ინტეგრაციის პროცესებში,  რაც ხელს შეუწყობს ანალოგიური პროექტების წარმატებით განხორციელებას.

კომპანია "გუდვილი" საკმაოდ აქტიურად ჩაერთო პროექტში და უკვე დაასაქმა რამდენიმე შერჩეული ბენეფიციარი. ჩვენ ვაგრძელებთ პროექტს და ვიმედოვნებთ სხვა ბიზნესმენებიც გამოიჩენენ დაინტერესებას და რაც ყველაზე მთავარია, მეტი დაბრუნებული მიგრანტის დასაქმებას მოვახდენთ საქართველოში. ეს საკითხი მით უფრო მნიშვნელოვანია დღევანდელი რეალობის ფონზე, რეადმისიისა და რეინტეგრაციის პროცესების მართვაში.“

პროექტს - "ქართველი მიგრანტების ინტეგრაცია საქართველოს შრომის ბაზარზე", ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ბიზნესგაერთიანება "საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია", პარტნიორ ორგანიზაციასთან, ეკონომიკური საგანმანათლებლო სატრენინგო დაწესებულების "მეკლენბურგ-ფორპრომერნის" მონაწილეობით 2009-2011 წლებში ახორციელებს.

აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს დაბრუნებული მიგრანტების ინტეგრაციას საქართველოს შრომის ბაზარზე, მათი უნარებისა და შესაძლებლობების შესაბამის გამოყენებას. პროექტის მიზანია ასევე, დაბრუნებული მიგრანტებისათვის შრომის ბაზარზე ინტეგრაციის ინსტრუმენტებისა და მეთოდოლოგიის შემუშავება.

პროექტის მნიშვნელობა კიდევ უფრო იზრდება მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის 1 მარტიდან ძალაში შევიდა საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის ხელშეკრულება რეადმისიის შესახებ, რომლის ერთ-ერთი მიმართულებაა მიგრანტების დაბრუნება და ინტეგრაცია საქართველოში.

კურსდამთავრებულებმა, რომლებმაც "გუდვილში" პრაქტიკული სწავლება გაიარეს, სტიპენდიის სახით შესაბამისი ანაზღაურება მიიღეს. ასევე შეიქმნა სარეზერვო სია და მოკლე ხანში "გუდვილში" ყველა ის მიგრანტი დასაქმდება, ვინც ტრენინგი გაიარა აღნიშნულ

კომპანიაში.

R