სასკოლო სიახლეს კომპანიები ეწირებიან - კვირის პალიტრა

სასკოლო სიახლეს კომპანიები ეწირებიან

რამდენიმე თვის წინ საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლებში პროექტი"უსაფრთხო და ჯანმრთელი სკოლა" წამოიწყო. ბავშვებში მავნე ჩვევების აღმოსაფხვრელად, მათ არ უნდა ჰქონოდათ ჯიბეში ნაღდი ფული და სკოლის ტერიტორიაზე, ძირითადად სასადილოებსა და ბუფეტებში, ანგარიში მხოლოდ პლასტიკური ბარათებით უნდა გაესწორებინათ.

მოსწავლეთათვის პლასტიკურ ბარათებს რამდენიმე ბანკი გასცემდა. გეგმის თანახმად, ეს პროცესი წლეულს 1-ელ მარტამდე უნდა დასრულებულიყო. სწორედ ამ დროიდან, განათლების სამინისტროს დებულებით, სასკოლო ბუფეტებსა და სასადილოებში ნაღდი ფულით ანგარიშსწორება აიკრძალა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მოსწავლეთა დიდ ნაწილს, სხვადასხვა მიზეზით, პლასტიკური ბარათი არ აუღია, ხოლო ვისაც აქვს, მისი გამოყენებისას პრობლემა ექმნება.

სკოლების საბარათე სისტემაზე გადასვლამ პრობლემები შეუქმნა მეწარმეებს, რომლებსაც სკოლის ბუფეტები იჯარით ჰქონდათ აღებული და კვების პროდუქტებით ვაჭრობდნენ. რამდენიმე იძულებული გახდა, კვების ობიექტი დაეხურა, ამ საფრთხის წინაშე სხვებიც დგანან.

ცოტა ხნის წინ"ეკოპალიტრას" ერთ-ერთი ასეთი მეწარმე დაუკავშირდა, ტელეფონით საუბარს მოერიდა და რედაქციაში გვესტუმრა."გთხოვთ, ჩემი ანონიმურობა დაცული იყოს, რადგან რასაც გეტყვით, იმის გამო შესაძლოა პრობლემები შემექნას. სხვათა შორის, აქ მოსვლა გაზეთ"ეკოპალიტრის" ბოლო ნომერში გამოქვეყნებულმა სტატიამ"არა ბიზნესმენ ჰკლა..." გადამაწყვეტინა, სადაც სახელმწიფოს მხრიდან კერძო სექტორზე ზეწოლაზე იყო საუბარი. დღეს ასეთ წნეხს მსხვილ ბიზნესთან ერთად, მცირე და საშუალო ბიზნესიც განიცდის.

შარშან ნოემბერში დავინტერესდი, ჰქონდა თუ არა ყველა სკოლას მოწყობილი სასადილო, მოვიპოვე სკოლების ცნობარი და ყველა სკოლის ხელმძღვანელს პირადად დავუკავშირდი. სადაც ბუფეტი არ მოქმედებდა და დირექციას სურვილი ჰქონდა, სკოლის ტერიტორიაზე კვების ობიექტს ემუშავა, მარტივი პროცედურის მიხედვით გავაფორმე საიჯარო ხელშეკრულება, ინვენტარი შევიტანე და მუშაობა დავიწყე. კვების ობიექტები თბილისის 17 სკოლაში გავხსენი და 50 ადამიანი დავასაქმე. გავაფორმე ხელშეკრულებები გამაგრილებელი სასმელებისა და ტკბილეულის დისტრიბუტორებთან, მოკლედ, საქმე ავაწყვე.

წლეულს 1-ელ მარტამდე გვქონდა უფლება, პლასტიკურ ბარათებთან ერთად, ნაღდი ანგარიშსწორებითაც გვევაჭრა, მას შემდეგ კი მოსწავლეებისგან ფულის მიღებას კატეგორიულად გვიკრძალავენ. ამ აკრძალვას მომზადებული შევხვდი, ბანკებისგან ტერმინალები ვიქირავე, ყოველი სკოლის ბუფეტში საშუალოდ ორი ტერმინალი დავამონტაჟე. თითო ტერმინალზე თვეში 30 ლარი მაქვს გადასახდელი, ბრუნვიდანაც 0,01% ბანკს რჩება.

განათლების სამინისტროს აკრძალვას, მართალია, მომზადებული შევხვდი, მაგრამ რად გინდა - აღმოჩნდა, რომ მოსწავლეების მხოლოდ მცირე ნაწილს აქვს ბარათი. ერთ-ერთ სკოლაში, სადაც 700 მოსწავლეა, ბარათი მხოლოდ ხუთს აღმოაჩნდა. არც ერთს არ ახსოვდა ბარათის პინკოდი და მათი მომსახურება შეუძლებელი გახდა.

სკოლის სრული გაბარათიანების შემთხვევაში სასადილომ რომ გამართულად იმუშაოს და ყველა მოსწავლეს დროულად მოემსახუროს, სულ ცოტა, 7-8 ტერმინალია საჭირო. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყოველ ტერმინალთან საჭიროა თითო გამყიდველი და შესაბამისი ხელფასი. პლასტიკურ ბარათებზე სკოლის ბუფეტში ვაჭრობა კი იმდენად ხანგრძლივი და მოუხერხებელი პროცესია, რომ დასვენების განმავლობაში 20 ბავშვზე მეტს ვერ ვემსახურებით.

წარმოიდგინეთ, მოსწავლემ უნდა მოგვაწოდოს ბარათი, რომელიც უნდა გავატაროთ ტერმინალზე, მივუთითოთ პინკოდი, შემდეგ გვითხრას, რას შეიძენს, ტერმინალზე ავკრიფოთ მის მიერ მითითებული პროდუქციის ღირებულება, მივუთითოთ დადასტურება და ამის შემდეგ დაველოდოთ ჩეკის ამორტყმას. ბავშვებს ხშირად ავიწყდებათ ბარათის პინკოდი, ეშლებათ და სამჯერ მცდარი კოდის აკრეფის შემდეგ ბარათი იბლოკება.

მოკლედ, იმ სკოლებში, სადაც მოსწავლეთა გაბარათიანება ჩავარდა, 1-ელი მარტიდან დღემდე ნული ლარი მაქვს ნავაჭრი. უნდა გავისტუმრო სახელმწიფო ფინანსური ვალდებულებები და ფართის იჯარა, რომელიც დაახლოებით 300 ლარს შეადგენს თითო სკოლაში. იქ, სადაც მოსწავლეთა მოზრდილი ნაწილი სარგებლობს პლასტიკური ბარათებით, ნავაჭრი დღეში 60-80 ლარის ფარგლებშია.

ამ თანხაში მცხობელისა და გამყიდველის ხელფასიც უნდა გავცე, დისტრიბუტორებთანაც უნდა გავაკეთო ახალი შეკვეთა და პროდუქტების მარაგიც შევავსო... ვაჭრობის შემცირების შემდეგ, გამაგრილებელი სასმელებისა და ტკბილეულის დისტრიბუტორებს ახალ შეკვეთებს ვეღარ ვაძლევ და ამის გამო ხელშეკრულების გაუქმებით მემუქრებიან. სხვათა შორის, მას შემდეგ, რაც რამდენიმე სკოლაში პლასტიკური ბარათების პროგრამა ამოქმედდა, ამან ისეთი უარყოფითი გავლენა იქონია სკოლებზე, რომ 17 ობიექტიდან შვიდი დავხურე და 28 ადამიანი დავითხოვე. ვფიქრობ, თუ ასე გაგრძელდა, დანარჩენი ობიექტებიც იმავე ბედს გაიზიარებენ.

ის ბავშვები, ვისაც პლასტიკური ბარათები არ აქვთ, ცდილობენ, როგორმე სკოლის შენობიდან გააღწიონ და საჭმელი გარეთ შეიძინონ. ამ პრობლემასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურს მივმართე, სადაც მიპასუხეს, რომ თუ ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას სალარო აპარატს ვიყენებ, კანონს არ ვარღვევ(!) განათლების სამინისტროში კი მპასუხობენ, რომ ნაღდი ფულის მიღება მეკრძალება. რა გამოდის - განათლების სამინისტროს დებულება საგადასახადო კოდექსს ეწინააღმდეგება?

ყველა სავაჭრო ობიექტში მომხმარებელს არჩევანი აქვს - ფული ნაღდი ანგარიშსწორებით გადაიხადოს თუ უნაღდოთი. სკოლის ბუფეტები გამონაკლისი აღმოჩნდა. გარდა ამისა, სოციალური ფონიდან გამომდინარე, მშობელთა უმეტესობას არ აქვს შესაძლებლობა, რომ შვილს ერთბაშად 20 ლარი დაურიცხოს ბარათზე, მაგრამ შეუძლია მისთვის ყოველ დღე თითო ლარი გამოყოს.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, სახელმწიფო მოხელეების უგუნური თუ მიზანმიმართული ქმედებების გამო, საქართველოში ბიზნესის კიდევ ერთი მცირე სეგმენტი აღმოჩნდა დახურვის საფრთხის ქვეშ. ჩემს მდგომარეობაში არიან ჩემი კოლეგები და მათი სახელითაც გესაუბრებით. გარდა ამისა, გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ სკოლებიდან მცირე მეწარმეების განდევნა მიზანმიმართულად მოხდა და ამ სექტორის მონოპოლიზებას ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესი აპირებს", - გვითხრა ერთ-ერთმა მეწარმემ.

"ეკოპალიტრა" და"TV პალიტრის" გადამღები ჯგუფი თბილისის #161-ე სკოლას ესტუმრა, რათა თავად შეგვეფასებინა ის ვითარება, რის შესახებაც ჩვენი რესპონდენტი საუბრობდა. როგორც გავარკვიეთ, დღეს სკოლაში"ლიბერთი ბანკის" პლასტიკური ბარათები მოქმედებს, თუმცა მანამდე მოსწავლეები"ტაოპრივატბანკის" ბარათებით სარგებლობდნენ. ისიც შევიტყეთ, რომ ამ უკანასკნელის ბარათები ხშირად იბლოკებოდა, რაც მოუხერხებელი იყო და ამიტომ მათი შეცვლა კონკურენტი ბანკის ბარათებით გადაწყდა.

"ლიბერთი ბანკის" კორპორატიულ ფერებშია გადაწყვეტილი სკოლის კვების ობიექტი"გოგლი-მოგლიც", ამავე ფერებშია მისი მომსახურე პერსონალის უნიფორმაც. და კიდევ ერთი საინტერესო დეტალი,"გოგლი-მოგლიში" დამონტაჟებული ტერმინალები ისეა მოწყობილი, რომ ბარათის გატარებისას პინკოდის მითითება საჭირო არ არის. მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვნად მცირდება ბარათით გადახდის დრო, სკოლის ბუფეტში დასვენების დროს მაინც უჩვეულო სიხალვათეა.

"ლიბერთი ბანკში" აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მათი ბარათებით 70 სკოლის 45 ათასზე მეტი მოსწავლე სარგებლობს. მათი მტკიცებით, ბარათებით ანგარიშსწორებას სასკოლო სასადილოების მუშაობაში რამე შეფერხება არ გამოუწვევია და შესაბამისად, არც ნაღდი ანგარიშსწორების აკრძალვა შექმნის პრობლემებს. როგორც ბანკში განმარტავენ, მოსწავლეებს პინკოდის შეყვანა არ უწევთ და შესაბამისად, ბარათიც არ იბლოკება, ხოლო სასადილოებს იმდენ ტერმინალს აწვდიან, რამდენიც სასადილოების შეუფერხებელი მუშაობისათვის არის საჭირო. თუმცა ალბათ ცხადია, რომ არა უსასყიდლოდ.

"ბარათი პირდაპირაა მიბმული სკოლის სასადილოს პორტალზე. შესაბამისად, ბავშვი თანხას სხვა მიზნით ვერ გამოიყენებს. საკრედიტო ბარათების შემოღების მიზანია, სკოლაში ძალადობის გამომწვევი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი აღმოიფხვრას", - აცხადებენ განათლების სამინისტროში. ამავე უწყების თქმით, გაუთვალისწინებელი პრობლემების წარმოქმნის შესახებ მათთვის ცნობილი არაფერია და თუ საჭირო გახდება, ტექნიკურ საკითხებს, სკოლის დირექციასთან ერთად, ბანკი გადაჭრის.

განათლების სამინისტროში ასევე ირწმუნებიან, რომ სასკოლო სასადილოებში ნაღდი ფულით ანგარიშსწორება დღესაც მიმდინარეობს, ხოლო პლასტიკური ბარათების დარიგების პროცესი 2011 წლის ბოლომდე გაგრძელდება."ეკოპალიტრამ" კიდევ რამდენიმე სკოლაში გადაამოწმა ინფორმაცია განათლების სამინისტროს ახალი აკრძალვის შესახებ და ყველგან დაგვიდასტურეს, რომ სასკოლო სასადილოებში ნაღდი ფული არ ბრუნავს და ვითარებას მანდატურის სამსახურთან ერთად სკოლის დირექციაც მკაცრად აკონტროლებს.