ლარის გამყარება კარგიც არის და ცუდიც - კვირის პალიტრა

ლარის გამყარება კარგიც არის და ცუდიც

ინფლაციის შემცირება-შემცირებაში შესაძლოა ექსპორტი ხელში ჩაგვაკვდეს

21 თებერვლიდან მოყოლებული, ლარის კურსი დოლარის მიმართ იზრდება: ერთი დოლარი უკვე 1,72 ლარს ჩამოსცდა და 4 მარტს 1,7195-ზე შეჩერდა. რამდენიმე დღეა, ლარის კურსმა ევროს მიმართაც მოიმატა. მუდმივად მზარდი ფასების შეჩერება ახლა მხოლოდ მყარ ლარს შეუძლია და ინფლაციის მოსალოდნელ ზრდას თუ გავითვალისწინებთ, დიდია ალბათობა, რომ ლარის გამყარება კიდევ გაგრძელდეს.

ლარი ბოლო ხანს სტაბილურობას ინარჩუნებდა და დოლარის მიმართ უმნიშვნელოდ ეცემოდა, ამის მიუხედავად, ხალხი მაინც ელოდა, რომ ლარი უცხოური ვალუტის მიმართ ადრე თუ გვიან გაუფასურდებოდა. ყველასთვის მოულოდნელად, ეროვნულმა ვალუტამ გამყარება დაიწყო. ლარის კურსის აწევის ერთი მიზეზი ლარზე მოთხოვნის ზრდა და ინვესტიციების შემოსვლა შეიძლება იყოს. სახელდება კიდევ ერთი ვერსია, რომ ლარი ხელოვნურად მყარდება.

ამ ვერსიას აქვს არსებობის საფუძველი. 2008 წლის ნოემბერში მთავრობამ, მყარი ლარის მომხრე ლადო გურგენიძის პრემიერობიდან წასვლის შემდეგ, ლარი დოლარის მიმართ 1,40-დან ერთბაშად ჯერ 1,65 ლარამდე, შემდეგ კი 1,80 ლარამდე გაუშვა. მას შემდეგ კურსის რყევები დიდი არ ყოფილა.

ახლა ლარის მკვეთრი გამყარების აუცილებლობა ინფლაციამ და ფასების მოსალოდნელმა ზრდამ გააჩინა. ოფიციალური ინფლაცია უკვე 12,3%-ს აღწევს და ვარაუდობენ, რომ თებერვლისა და მარტის ციფრები კიდევ უფრო მაღალი იქნება, რადგან სამომხმარებლო ფასები ზრდას განაგრძობს. ფასების ახალ-ახალ რეკორდებს ხსნის ოქრო და ვერცხლი. ძვირდება ნავთობი და მარცვლეული, რაც ინფლაციაზე ყველაზე დიდ გავლენას ახდენს.

მსოფლიო ბირჟებზე ბარელი ნავთობი უკვე $115-ს ასცდა და ანალიტიკოსების პროგნოზით, ლიბიაში პოლიტიკური არეულობა თუ გაგრძელდა, მალე $120-ს, აპრილში $130-საც მიაღწევს. ლიბიამ, რომელიც აფრიკაში ნავთობის უდიდესი რეზერვების მფლობელია, სიტუაციის დაძაბვისა და უცხოელი მუშახელის გასვლის შემდეგ მოპოვება გაანახევრა. საწვავის სიძვირე უარყოფით გავლენას ახდენს ეკონომიკის ზრდაზეც. გასულ კვირას საწვავი ადგილობრივმა ნავთობკომპანიებმაც გააძვირეს და როგორც ამბობენ, მალე ლიტრ ბენზინს კიდევ 5 თეთრს მოუმატებენ.

ხორბლის ფასი მსოფლიო ბირჟებზე ყოველდღიურად მაღლა მიდის. მალე აშშ-ის სოფლის მეურნეობის უწყება წლევანდელი მოსავლის ანგარიშს გამოაქვეყნებს, რაც მსოფლიო სასაქონლო ბირჟებზე დიდ გავლენას მოახდენს. საქართველოში წისქვილკომბინატებს დიდი მარაგები აქვთ, ამიტომ ამბობენ, რომ ჯერჯერობით ფასს არ გაზრდიან, ხოლო სამომავლოდ ყველაფერს დოლარის მიმართ ლარის კურსი განსაზღვრავს.

ბოლო ერთ კვირაში თითქმის 10%-ით გაძვირდა სიმინდიც. მარცვლეულის ფასისა და სატრანსპორტო ხარჯების ზრდა სხვა პროდუქტებზე უკვე აისახა. საქონლის ხორცი კიდევ ერთი ლარით გაძვირდა. ბოლო ორ კვირაში 15%-ით, იანვრიდან კი 40%-ზე მეტად არის გაზრდილი რძის ფხვნილის მსოფლიო ფასიც.

იმპორტირებული რძის ნაწარმიც, რამდენიმე დღეა, მკვეთრად გაძვირდა. შესაძლოა ამ ტენდენციას ადგილობრივი რძის კომპანიებიც მიჰყვნენ. ერთ კვირაში 15-20%-ითაა გაძვირებული იმპორტირებული კონსერვებიც. შაქრის გაძვირების გამო ფასი გაზარდეს ტკბილეულზეც. იმავე მიზეზით გასული ოთხშაბათიდან 20 თეთრით გაძვირდა"პეპსი-კოლაც". ექსპერტების თქმით, თუ სამომხმარებლო საქონელზე ფასების ზრდა გაგრძელდება, ეს ეკონომიკურ ზრდას შეანელებს და ინფლაციას დამატებით ბიძგს მისცემს.

საწვავის სპეკულაციურმა ფასებმა შესაძლოა რელსებიდან ისევ გადაიყვანოს გლობალური ეკონომიკა, რომელიც ნელ-ნელა კრიზისიდან გამოდიოდა. არადა წლეულს მსოფლიო ეკონომიკას რეცესიისთვის თავი უნდა დაეღწია. ანალიტიკოსები ელოდნენ, რომ წლეულს ეკონომიკა გაიზრდებოდა და არც ინფლაციის ზრდა"დაუგეგმავთ". მაგრამ აღმოსავლეთის მოვლენებმა ყველაფერი შეცვალა. ფასების ზრდა სოციალური აფეთქების საფუძველს ქმნის, ზრდის ქვეყანაში სიღარიბის დონესა და სოციალურ ფენებს შორის დისბალანსს.

სწორედ სიმდიდრის არათანაბარმა გადანაწილებამ გამოიწვია რევოლუციური ტალღები ეგვიპტეში, ლიბიასა და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში."უოლ სტრიტ ჯორნელმა" გასულ კვირას ანგარიშგასაწევი კვლევითი ორგანიზაციების მონაცემებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა იმ ქვეყნების სია, სადაც სოციალურ ფენებს შორის სიმდიდრე ყველაზე არათანაბრადაა განაწილებული. ამ ჩამონათვალში 100 ქვეყანას შორის საქართველო მე-18 ადგილზე აღმოჩნდა. პირველ ადგილზე კენიაა, შემდეგ კამერუნი, პაკისტანი, ნიგერია. აზერბაიჯანი სიაში მეათეა, რუსეთი კი მე-40. ბოლო მე-100 ადგილზე შვეიცარიაა, რომელსაც სოციალური უკმაყოფილება ყველაზე ნაკლებად ემუქრება.

ახლა ფასების შემაკავებელი ბერკეტი ლარის კურსის გამყარებაა. ამიტომაც გამოითქმის ვარაუდი, რომ ლარს ხელოვნურად ამყარებენ. ინფლაციის შესაჩერებლად მიმოქცევაში ლარის მასა უნდა შემცირდეს, რაც რეკორდულად იყო გაზრდილი. თუ 2009 წლის თებერვალში მიმოქცევაში 1,17 მილიარდი ლარი იყო, შარშან დეკემბრისთვის 1,618 მილიარდ ლარს გადააჭარბა. გაიზარდა სამთავრობო ხარჯები, ბიუჯეტის ხარჯები მნიშვნელოვნად აღემატება შემოსავლებს (როცა ფული არ ყოფნის მთავრობას - სესხულობს, ლარში აკონვერტირებს და ხარჯავს) და ეს დისბალანსი 2010 წელსაც შენარჩუნდა.

წინა წელს რეკორდულად დიდი მოცულობის კრედიტი გასცეს ბანკებმაც, რამაც მიმოქცევაში ფული გაზარდა. მთავრობა მიმოქცევიდან ფულის ამოღების გზას დაადგა. ამისთვის ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დაიწყო, რამაც საბანკო დაკრედიტება უნდა შეზღუდოს.

საშა ტერნესი ("პროკრედიტბანკის" დირექტორი):"ბოლოდროინდელ მოვლენებს თუ დავაკვირდებით, ჩანს, რომ წლის დასაწყისიდან ლარის კურსი გამყარდა. ჩემი აზრით, ეს ეროვნულ ვალუტაზე მოთხოვნით არის გამოწვეული. ამის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ქვეყანაში ახალი ინვესტიციების შემოსვლა. მართალია, მოცულობა დიდი არ არის, მაგრამ გამოცოცხლება ამ მიმართულებით შეიმჩნევა. არ მგონია, ლარის გამყარება ხელოვნურად ხდებოდეს, რადგან ის თავისუფალ მცურავ რეჟიმშია და კურსს ბაზარი არეგულირებს".

ეროვნული ბანკი ლარის კურსთან დაკავშირებით პროგნოზს არ აკეთებს. ექსპერტები კი მის გამყარებას ელოდებიან.

დავით ასლანიშვილი ("საქართველოს საინვესტიციო ჯგუფი +"-ის ხელმძღვანელი):"ინფლაციის არსებული მაჩვენებელი სებ-ის წლიურ პროგნოზზე უკვე ორჯერ მაღალია. წლის ბოლოს ხელფასების, პრემიების დარიგებამ ჭარბი ფულის მასა კიდევ გაზარდა. ამას დაემატა ბანკების ლიბერალური პოლიტიკა, რაც კრედიტების დიდი ოდენობით გაცემაში, მათ შორის იპოთეკური სესხების 11%-ად გაცემაში გამოიხატა. ჭარბმა ფულმა მიმოქცევაში ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 8%-მდე გაზრდისკენ უბიძგა.

ამან ლარის მასა შეამცირა, რითაც ლარის კურსის გამყარება გამოიწვია. მყარი ლარი ნავთობის გაძვირების შემაკავებელი ფაქტორიც უნდა გახდეს. ლარი, ჩემი ვარაუდით, კიდევ გამყარდება. მით უფრო, რომ ნავთობპროდუქტების ფასთან დაკავშირებით დამაიმედებელი პროგნოზი არ კეთდება. თანაც, მარტის ბოლოს დგება დღგ-ის, მოგების გადასახადების გადახდის დრო, როცა ბიუჯეტში მსხვილი თანხები შედის. ამიტომ მიმოქცევაში არსებული ლარი კიდევ შემცირდება".

ეროვნული ვალუტის გამყარება ყველას არ უხარია. განსაკუთრებით ექსპორტიორებს, რომლებსაც ამის გამო უცხოეთში გაყიდვისგან შემოსავალი უმცირდებათ. ისედაც მცირე ექსპორტს გაძვირებული ლარი დამატებით საფრთხეებს უქმნის. უარესდება იმ ადამიანთა მდგომარეობაც, რომლებსაც ვალუტას უცხოეთში სამუშაოდ წასული ნათესავები და ოჯახის წევრები უგზავნიან.

ნონა ქვლივიძე