ლათინური ამერიკის ლეგენდა - კვირის პალიტრა

ლათინური ამერიკის ლეგენდა

კარლოს სლიმ ელუ - მეოჯახე"სლიმლანდიელი"

მექსიკელი ტელეკომუნიკაციების მაგნატი კარლოს სლიმ ელუ, ვისი ქონებაც 2010 წელს ჟურნალმა"ფორბსმა" $53,5 მილიარდად შეაფასა, პირველი აღმოჩნდა პლანეტის ყველაზე მდიდარ ადამიანთა სიაში და მან რეიტინგის სტაჟიან ლიდერს, ბილ გეიტსსაც გადაუსწრო. მექსიკაში ყველაზე ცნობილი პიროვნება, ლეგენდარული და თითქმის ფანტასტიკური ფიგურა, თავის ბიოგრაფიას საჯაროდ არ ხდის და არც ხმაურიან თვითრეკლამას ესწრაფვის.

კარლოსი მეხუთე შვილი იყო ლიბანელი დევნილისა და ასევე ლიბანელი, წარმატებული ვაჭრის ქალიშვილის ოჯახში. 1902 წელს კარლოსის მამა ჯულიან სლიმი მექსიკაში ჩავიდა, რათა ოსმალეთის რეგულარულ არმიაში გაწვევისთვის აერიდებინა თავი. ემიგრანტმა უძრავი ქონების ბიზნესი წამოიწყო. მომავალი მილიარდერი ლიბანელი ემიგრანტის ოჯახში 1940 წელს დაიბადა. მამისგან სლიმს ვითარების წინასწარ განჭვრეტის უნარი გადაეცა, ფინანსური კარიერის დასაწყისშიც მის დანატოვარ სახსრებს ეყრდნობოდა.

კრიზისიდან"ამოსული"

მეწარმეობა კარლოსმა საცალო გაყიდვის სფეროში წამოიწყო და აქცენტი იმაზე გააკეთა, რომ მასობრივი მოხმარების პროდუქცია ხელმოკლე მექსიკელებისთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო. მისი სავაჭრო ფირმა წარმატებით მეტოქეობდა გიგანტ"უოლ-მარტთან". შემდეგ ელუს ბიზნესს მადნისა და ნახშირის მოპოვება დაემატა. დღეს კომპანია"ფრისკო" ერთ-ერთი ლიდერია ნაციონალურ სამთომოპოვებით ინდუსტრიასა და ქიმიურ წარმოებაში.

1960 წელს კარლოსმა მეხიკოს უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტი დაამთავრა, დედაქალაქელი საბირჟო ბროკერი გახდა და ბირჟაზე ინდუსტრიული კომპანიების შეძენას მიჰყო ხელი. დროთა განმავლობაში საკუთარი ფინანსური ჰოლდინგი Group Carso შექმნა. 1982 წელს მექსიკაში ეკონომიკური კრიზისი დაიწყო. საგარეო ვალის გადაუხდელობის გამო ქვეყანაში დეფოლტი გამოცხადდა. ინვესტორები გარბოდნენ, კარლოს სლიმს კი შანსი მიეცა, კომპანიები დაბალ ფასად ეყიდა... დროთა განმავლობაში მექსიკის ეკონომიკა კრიზისიდან გამოვიდა, კარლოს სლიმი კი ერთ-ერთ ყველაზე წარმატებული ბიზნესმენი გახდა.

განათლებით ინჟინერს ბევრ მნიშვნელოვან თანამდებობაზე უმუშავია, იყო ნიუ-იორკის საფონდო ბირჟასთან არსებული ლათინურამერიკული კომიტეტის პირველი პრეზიდენტიც. ამჟამად კომპანია Altria Group-ის, ყოფილი"ფილიპ მორისის" (Philip Morris) დირექტორთა საბჭოს წევრია, აგრეთვე"ალკატელის" ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი. დიდ დროს უთმობს ლათინური ამერიკის განვითარების ფონდში მუშაობას, დაკავებულია მეხიკოს ისტორიული ცენტრის აღდგენით. 70 წლის კარლოს სლიმ ელუმ უამრავი საპატიო ჯილდო და წოდება მიიღო მექსიკაში, ამერიკასა და რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში.

კარგი ნაცნობობა საუკეთესო ბიზნესია

უდიდესი ბიზნესიმპერიის მფლობელი შედარებით ნაკლებად არის ცნობილი ბებერ კონტინენტზე, ხოლო ოკეანის გაღმა ის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა. ლათინურ ამერიკაში ელუ ნახევრად ფანტასტიკურ პერსონაჟად იქცა. კარლოსს უმდიდრესი მექსიკელის"არასტანდარტული" იმიჯი აქვს: ის გულგრილია დიდებისა და საყოველთაო თაყვანისცემისადმი.

მას ლათინურამერიკელ მეფე მიდასსაც ეძახიან. ელინური მითოლოგიის ეს გმირი ოქროდ აქცევდა ყველაფერს, რასაც შეეხებოდა.

იმპერიის აღმშენებლობისას ელუ მუდმივად ზრდიდა პოლიტიკურ სანაცნობო წრეს, რაც მას ძალიანაც გამოადგა. 1984 წელს ელუ ერთ-ერთი ინიციატორი იყო მექსიკის მთავრობასთან ასოციაციის შექმნისა, სადაც ქვეყნის წამყვანი მწარმოებლები გაერთიანდნენ. დღეს მექსიკაში ვერ იპოვით ცნობილ პოლიტიკოსს თუ ინტელექტუალს, კარლოს სლიმ ელუსთან ახლო ნაცნობობით არ ამაყობდეს.

ტელეკომუნიკაციებით ელუ 1990 წელს დაინტერესდა. თუმცა ამ სფეროში მის შესვლას სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია. კომპანია Telefonos de Mexico (Telmex) ელუმ $2 მილიარდად იყიდა, მაშინ, როცა მისი რეალური ფასი $12 მილიარდს აჭარბებდა. უფრო ზუსტად, აქციების 20%-ის შესყიდვით კომპანიაზე კონტროლი მოიპოვა. ასეთი მასშტაბის გარიგების დეტალების საიდუმლოდ შენახვა შეუძლებელია.

ამიტომ მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ კომპანიის გამყიდველის მხრიდან ელუს პარტნიორი თვით მექსიკის პრეზიდენტი კარლოს სალინას დე გორტარი გახლდათ. ამან ნამდვილი ქარიშხალი გამოიწვია. გარიგების მონაწილეების რეპუტაცია მნიშვნელოვნად შეილახა, მაგრამ კარლოს სლიმმა ამტყდარი აურზაური თითქმის უემოციოდ მიიღო. მას შემდეგ, რაც თელმეხ-ის სათავეში მოექცა, ელუმ კონცერნი მექსიკური კავშირგაბმულობის ფლაგმანად და განვითარების ლოკომოტივად აქცია. კომპანიამ მიიღო მონოპოლიური უფლება, შვიდი წლის განმავლობაში ემართა სახელმწიფო ტელეკომუნიკაციები.

კარლოსი სპონსორობდა უკვე ყოფილ პრეზიდენტ გორტარის პოლიტიკურ პარტიასაც. საზოგადოდ, პოლიტიკაში დაბანდებებმა ელუს მექსიკის ტელეკომუნიკაციებზე დიდი ხნით კონტროლი მოუტანა.

კორპორაცია Carso global-მა 1998 წელს თავისი კონტროლის ქვეშ აიყვანა კომპანია Prodigy - მექსიკური ინტერნეტის პიონერი. კარლოს სლიმ ელუმ დააარსა კომპანია America Movil-ი. დღეს ეს კომპანია ცენტრალური ამერიკის უკაბელო კავშირის ნომერ პირველი ოპერატორია. ხოლო ერთობლივი კომპანიის, American Telecom-ის მეშვეობით, ელუს კორპორაციის გავლენა შეერთებულ შტატებზეც გავრცელდა.

ბოლო დროს ელუს ბიზნესი შვილების ხელში გადადის. გულის ოპერაციის შემდეგ ის ბიზნესს თანდათან შორდება. ვაჟებს მთავარი თანამდებობები უკავიათ საგვარეულო იმპერიაში, ხოლო დამფუძნებელი მათ საქმიანობას აკონტროლებს და ახალ იდეებს სთავაზობს. ამბობს, რომ არ შიშობს შვილებისთვის საქმის სრულად მინდობას, უბრალოდ მიაჩნია, რომ ჯერ კიდევ საკმარისი ძალა და უნარი აქვს საიმისოდ, რომ ბიზნესს სარგებელი მოუტანოს.

სლიმი არც ქველმოქმედებას ივიწყებს. მაგალითად, ის ერთ-ერთი მთავარი სპონსორია პროგრამისა, რომელსაც ჰქვია"ლეპტოპი ყველა ბავშვს"; $100 მილიონი დოლარი გადარიცხა ბილ კლინტონის საქველმოქმედო ფონდში, რომელიც ლათინურ ამერიკაში სიღარიბეს ებრძვის; $500 მილიონი გაიღო მექსიკაში განათლებისა და სოციალური სფეროებისთვის და სხვ.

ერთ დროს სლიმი მათემატიკის მასწავლებელი იყო. სურდა, შვილებისთვის ყველაფერი ესწავლებინა, რაც მამისგან ისწავლა. დროდადრო კარლოსი სამ ვაჟიშვილს ეკონომიკაში უკითხავდა ლექციებს, სადაც პრაქტიკული მაგალითების გათვალისწინებით განიხილავდნენ, რამდენად წარმატებული იყვნენ მექსიკის სადაზღვევო კომპანიები ამერიკულებთან შედარებით, ან რამდენად ჩამორჩებოდნენ მექსიკელი მრეწველები ევროპელ კონკურენტებს.

დედამიწის უმდიდრესი ადამიანი განთქმულია მომჭირნეობით. საქმიანი შეხვედრებისას დემონსტრაციულად იკეთებს ძველ იაფფასიან საათს, რომელშიც კალკულატორია ჩამონტაჟებული. რამდენიმე წლის წინ Group Carso-ს სამეწარმეო კონგლომერატისთვის მან კორპორატიული კოდექსიც კი დაწერა, რომლის ერთ-ერთი წესი ამბობს:"სიჭარბეს მაშინაც კი ერიდე, როცა შენს ცხოვრებაში ყველაზე კარგი დროა, რადგან ეს სტაბილურობას მოგიტანს ყველაზე რთულ მომენტში".

საშუალო სტატისტიკური მექსიკელი მუდმივად სარგებლობს სლიმის რომელიმე ბიზნესით. TelMex-ი ქვეყნის საკაბელო ტელეკომუნიკაციების 92%-ს აკონტროლებს, America Movil-ი - მექსიკის მობილური კავშირის ბაზრის 70%-ს. სლიმების საოჯახო ბიზნესი ისე მყარად დამკვიდრდა ქვეყნის ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომ ზოგჯერ მექსიკას ბიზნესანალიტიკოსები სლიმლანდიასაც უწოდებენ.

მილიარდერების ოჯახს რამდენიმე მტკიცე ტრადიცია აქვს, მათ შორის, ერთად დასვენება მექსიკის დასავლეთ სანაპიროზე. ზაფხულობით კი ოჯახის ყველა წევრი, პატარა შვილიშვილების ჩათვლით, რამდენიმე კვირას კალიფორნიის ყურის სანაპიროზე ატარებს.

უნდა ითქვას, რომ სლიმ ელუს უნარებსა და კარიერაში ზებუნებრივი არაფერია. ბიზნესის მწვერვალებზე მისი ასვლის საფეხურების შესახებ ინფორმაციაც ხელმისაწვდომია. თუმცა არც ის არის საიდუმლო, რაც ოფიციალური ქრონიკის მიღმა დარჩა. ეს გახლავთ"კულისებსმიღმა სტრატეგია", რასაც დღეს კომერცია გვერდს ძნელად თუ აუვლის სადმე, ხოლო ლათინურ ამერიკაში მის გარეშე ბიზნესის წარმართვა პრინციპულად შეუძლებელია.

ერთი ბრიტანელი ეკონომისტისა და ექსპერტის შეფასებით, ყველა ლეგალური ლათინურამერიკული სიმდიდრე სამ ძირეულ ელემენტს ეფუძნება: წიაღისეულის ექსპლუატაციას, მცირეს მქონეთა მოთხოვნილებების ექსპლუატაციას და პოლიტიკური კავშირების ექსპლუატაციას. კარლოს სლიმის თავგადასავალი ამ მტკიცებას სავსებით ადასტურებს.