მთავრობის დაპირებით, ნოკაუტირებულ ბიზნესს ბოლომდე აღარ მოგუდავენ - კვირის პალიტრა

მთავრობის დაპირებით, ნოკაუტირებულ ბიზნესს ბოლომდე აღარ მოგუდავენ

შემოსავლების სამსახურის ახალი უფროსი ჯაბა ებანოიძე ამბობს, რომ საგადასახადო ინსპექტორებს "ჩარჩოებში მოაქცევს" და ბიზნესის მიმართ თავის წინამორბედზე უფრო "რბილი" იქნება. "რეფორმის მტკივნეული ნაწილი ჩატარებულია, ახლა შეიძლება ლიბერალურ მიდგომაზე გადავიდეთ", - ამბობს ებანოიძე. იუსტიციის მინისტრის მოადგილე ჯაბა ებანოიძე გოგა ცხაკაიას ნაცვლად წინა კვირში დანიშნეს.

ერთი შეხედვით, თითქოს არაფერი იცვლება, მაგრამ საქმეში ჩახედული ადამიანები ეჭვობენ, რომ გადაადგილება საკმაოდ ნიშანდობლივია და ის, შესაძლოა, საგადასახადო ინსპექციაზე იუსტიციის მინისტრ ზურაბ ადეიშვილის გავლენის მოსალოდნელ გაზრდაზე მიანიშნებდეს.

რეფორმები შემოსავლების სამსახურში მართლაც ცხაკაიას "მკაცრი ხელით" გაატარეს. მისი უფროსობის დროს გამკაცრდა საბაჟო კონტროლი, აიკრძალა საზღვარზე ხელბარგის გადმოტანა და ამ ბიზნესსეგმენტიდან მცირე მოვაჭრეები გამოიდევნა. გამკაცრდა ბიზნესის ადმინისტრირება და შემოსავლების სამსახურის კონტროლის არეალში მოექცა ბევრი მცირე ბიზნესი, რომელიც ადრე არ იბეგრებოდა. მის დროს ტარდებოდა ბიზნესმენების დაშინების პოლიტიკა, გახმაურებული დალუქვები და სხვ.

"მკაცრი ხელის" პოლიტიკამ და მასობრივმა დაჯარიმებებმა ბიუჯეტში მილიონობით ნაღდ ფულთან ერთად მოიტანა ისიც, რომ ცალკე კრიზისს, ცალკე საგადასახადო ტერორს ბევრმა ვერ გაუძლო და გაკოტრდა. თუ ეს პროცესი გაგრძელდა, ბიზნესს ფეხზე წამოდგომა წნეხის შემსუბუქების შემთხვევაშიც გაუჭირდება.

საკადრო ცვლილებას წინ უძღოდა შეხვედრა ბათუმის "შერატონში", სადაც ბიზნესასოციაციამ ბიზნესმენები იუსტიციის მინისტრსა და მთავარ პროკურორთან შეკრიბა. ეს მსგავსი ფორმატის პირველი და ერთადერთი შეხვედრა იყო. 100 კომპანიასთან ძალოვანების თანდასწრებით შეხვედრით მთავრობას, ალბათ უნდოდა ბიზნესისთვის ეჩვენებინა, რომ ახლა მათთან თანამშრომლობა სურს. სხდომა დახურული იყო და როგორც თქვეს, ამ შეხვედრაზე ბიზნესმა ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებს საკუთარი გასაჭირის შესახებ მოახსენა.

შეხვედრის შემდეგ ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჭირაქაძემ განაცხადა, რომ შიში, რომელიც ბიზნესს ხელისუფლების მიმართ ჰქონდა, ბოლომდე გამქრალი არ არის და ამას შესაძლოა თვეებიც დასჭირდეს. ფინანსთა მინისტრმა კი თქვა, რომ ხელისუფლებას სურს, ინვესტიციები რაც შეიძლება მეტმა ბიზნესმენმა დააბანდოს. შეშინებულ ბიზნესს კი ფულის ჩადების სურვილი ნაკლებად აქვს. ამიტომ ახლად ნათქვამ სიტყვას მეტი წონა რომ ჰქონოდა, ხელისუფლებამ საგადასახადოს "მკაცრი" უფროსის უფრო "რბილი" პერსონით შეცვლა გადაწყვიტა. თუმცა ახალი ხელმძღვანელის იუსტიციის სამინისტროდან გადმოყვანის ფაქტი გამკაცრების შეტყობინებას უფრო შეიცავს, ვიდრე შერბილებისას.

"მკაცრი ხელმძღვანელების დრო დასრულდა და შემოსავლების სამსახური მუშაობის ახალ სტილზე გადადის, მაქსიმალურად სამართლიანი რომ იყოს და ზედმეტი არსად მოუვიდეთ", - განაცხადა პრეზიდენტმა გოგა ცხაკაიას თბილისის ვიცე-მერად გადაყვანის შემდეგ. მაგრამ ბიზნესს კვლავაც აქვს უსამართლობის განცდა.

ბიზნესი განვითარებაზე ნაკლებად ფიქრობს და ფულს აქტიურად არ აბანდებს. ქვეყანაში პრაქტიკულად აღარ შემოდის უცხოური ინვესტიციებიც. არადა, ბიუჯეტს ფული სჭირდება. პენსიები ყოველთთვიურად დასარიგებელია, პატრულსაც სჭირდება ხელფასი და სამხედროებსაც... არის სხვა უამრავი ხარჯიც, ზოგი აუცილებელი და ზოგიც ისეთი, რომელთა გარეშე ქვეყანას ბევრი არაფერი დააკლდებოდა.

იკვეთება მოვლენების განვითარების ორი სცენარი - უკეთესი და უარესი. რას აპირებენ მთავრობაში, ამის თქმა ჯერჯერობით შეუძლებელია. ეს ალბათ მხოლოდ პირთა შეზღუდულმა ჯგუფმა იცის. თუმცა საკმაოდ მალე გამოჩნდება, არსებობს ბიზნესის გადარჩენის ნება, თუ გაგრძელდება ბიზნესზე წნეხის დამძიმება.

უკეთესი სცენარის შემთხვევაში მთავრობას მოუწევს შეგუება, რომ ბიუჯეტი ბიზნესისგან ნაკლები ინტენსივობით შეივსება. სამაგიეროდ, შიშის დაძლევის, დეპრესიიდან გამოსვლის შემდეგ (სავარაუდოდ ერთიდან სამ წლამდე პერიოდში) ბიზნესი განვითარდება, გაფართოვდება და მისგან შემოსავალი გაცილებით მეტი ექნება იმავე ბიუჯეტსაც. ცხადია, ამ დრომდე ხარჯების დასაფინანსებლად ხელისუფლებას სხვა გზების გაორმაგებულად მოძიება მოუწევს, გრანტები იქნება ეს, სესხები თუ სხვა ინსტრუმენტები.

ცხადია, საუბარი არ არის შემოსავლების აკრეფის შეწყვეტაზე, საუბარია ბიზნესის განვითარების პერსპექტივების არმოსპობაზე.

ხოლო უარესი სცენარი მართლაც უარესი იქნება. თუ ცვლილებები სწორედ მაკონტროლებლებისთვის მეტი ბერკეტის ხელთ ჩაგდებას ისახავს მიზნად, ზეწოლის გასაგრძელებლად (ან მეტიც - გასაზრდელად), დარჩენილი ბიზნესი თანდათან "დაიწრიტება" და ზოგიერთი პროგნოზით, დაახლოებით ნახევარ წელიწადში, თვითაღდგენის ბუნებრივ უნარს დიდწილად დაკარგავს. რა მოხდება შემდეგ, პროგნოზის გაკეთება დღეს ალბათ შეუძლებელია...

2010 მაისში გამოქვეყნებული შეფასებებით, არაკომერციულმა ორგანიზაცია "ტრანსპეარენსი ინტერნეიშენლმა" საქართველოს მთავრობას "საგადასახადო ტერორიზმში" დასდო ბრალი, იმის გამო, რომ ფინანსური პოლიციის მეშვეობით აშინებს ბიზნესმენებს და ჯარიმებისა და შემოსავლების მიღების მიზნით, ატუსაღებს კიდეც მათ.

საქართველოში მომუშავე უცხოელი ბიზნესმენებიც ამბობენ, რომ იმისთვის, რაც დასავლეთში უმნიშვნელო საგადასახადო საკითხად შეიძლება მიეჩნიათ, საქართველოს მთავრობა საპატიმრო სასჯელს ზედმეტად ჩქარა მიმართავს. უცხოური პრესა წერს, რომ დაპატიმრებულთა შორის უცხოური კომპანიების წარმომადგენლებიც არიან, ხოლო ადგილობრივი ბიზნესმენები გაცილებით ცუდ დღეში აღმოჩნდნენ. აღსანიშნავია, რომ გლდანის ციხეში ამდენი ბიზნესმენი და მათი თანამშრომელი არასდროს ყოფილა.

ამ პირობებში საგადასახადოს უფროსის ცვლილება ბევრს არაფერს ნიშნავს, როცა არსებობს საგამოძიებო სამსახური, იგივე "ფინანსური პოლიცია", რომელსაც იგივე ხელმძღვანელი ჰყავს, ისიც ყოფილი აღმასრულებელი, ისევე როგორც ჯაბა ებანოიძე, რომელიც ხელისუფლებაში ვანო მერაბიშვილმა მოიყვანა, და როცა არსებობს პროკურატურა, როგორც ბიუჯეტის შევსების ერთ-ერთი ძირითადი რგოლი.

ზოგიერთი ექსპერტი ფიქრობს, რომ იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილის გადმოყვანით ხელისუფლება ბიზნესის გასაკონტროლებლად უფრო კოორდინირებული იქნება და ახლა უფრო დახვეწილ, იურიდიულად გამართულ ხერხებს გამოიყენებს. მით უმეტეს, პარლამენტი უკვე იხილავს კანონპროექტს, რომლის თანახმად, თუ სამოქალაქო ან ადმინისტრაციული დავისას ერთ-ერთი მხარე სახელმწიფო ან თვითმმართველი ორგანოა, ხოლო დავის საგნის ღირებულება ნახევარ მილიონ ლარს აღემატება, შესაძლებელია საქმეში იუსტიციის სამინისტრო ჩაერთოს. აქამდე მოქმედი ნორმით კი ზღვარი ერთი მილიონი ლარი იყო.

დავით ასლანიშვილი (საინვესტიციო კომპანია "ჯი-აი-ჯი პლუსის" დამფუძნებელი): "ეს გადაადგილება აჩვენებს, რომ შემოსავლების სამსახურში იურიდიული პრობლემები ჰქონდათ. ახლა გადასახადების არა მუშტი-კრივით, არამედ უფრო დახვეწილი და იურიდიულად გამართული მეთოდებით ამოღებაა საჭირო. ძველ მეთოდებს პრობლემები შეექმნა, ბიუჯეტს ასრულებენ, მაგრამ საბიუჯეტო სტიმულირება ამოიწურა, ახლა ინვესტირებაა საჭირო. პენსიები იზრდება და საგადასახადო შემოსავლები თუ არ იქნა, ამ ხარჯებს მთავრობა ვერ გაიღებს".

შოთა მურღულია (ექსპერტი): "საგადასახადო პოლიტიკა ბოლო დროს გამკაცრდა, ვიტყოდი - ზედმეტადაც. შემოსავლების სამსახურმა გამკაცრება ძალზე სწრაფად მოინდომა. საბაჟოზე ზედმეტი სიმკაცრე დაიწყო, მიზანი გასაგებია - არა იმდენად ადამიანების გაწვალება, რამდენადაც ჩრდილოვანი ბიზნესის გათეთრება. ბევრ ქვეყანაში ამბობენ, რომ ამ მეთოდმა მათთანაც ხალხში პრეტენზიები გააჩინა.

იყო სხვა საკითხებიც. დეკლარაციის შევსება ფასიანი გახადეს, რაც ბიზნესს ხელს არ უწყობს. ხარვეზები გამოჩნდა ახალ კოდექსში. ბიზნესმა პირდაპირ თქვა, რომ აბსურდულ ჩანაწერებს აწყდებოდა. ცხაკაიამ თავისი საქმე შეასრულა, ელექტრონულ დეკლარირებაზე გადასვლაც დადებითი ფაქტი იყო. ამას ვერ დაუკარგავ. ახლა სიმკაცრე აღარაა საჭირო, ბიზნესთან პარტნიორულ ურთიერთობაზე უნდა გადავიდნენ, ამას კი ის ვეღარ გააკეთებდა, ვინც სიმკაცრეს იჩენდა".

ლევან კალანდაძე (ექსპერტი): "შემოსავლების სამსახურის უფროსის ცვლილება მოულოდნელი იყო. ცხაკაია ერთადერთი გახლდათ, რომელმაც საგადასახადოში სიტუაცია დაალაგა. საგადასახადოზე კარგს არასდროს ვამბობდი, მაგრამ მის დროს ეს სამსახური გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოდ ჩამოყალიბდა. კარგი დასაწყისი ჰქონდა და გვეგონა, რომ დააწინაურებდნენ.

ამ ფონზე მისი შეცვლის მიზეზს ვერ მივხვდი. ცხაკაიას ახალი თანამდებობა მის დაწინაურებას ნამდვილად არ ნიშნავს. ყველაფერი, რაც ამ უწყებაში ხდება, ჩვენამდე, ცხადია, არ აღწევს. პრობლემები ალბათ იყო, რადგან უკმაყოფილო ტონი პრეზიდენტის სიტყვებშიც იგრძნობოდა".

გიორგი პერტაია (ბიზნესომბუდსმენი): "საგადასახადოსა და ბიზნესის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადადის, ის ხისტიდან პარტნიორულ ურთიერთობად უნდა ჩამოყალიბდეს. ვისაც ველაპარაკე, ყველა ბიზნესმენი ჯაბა ებანოიძის მიმართ დადებითად არის განწყობილი. ის კარგი ორგანიზატორი, ჭკვიანი ადამიანია და ეჭვი არ მეპარება, რომ ბიზნესთან ლაპარაკი არ გაუჭირდება".

მალე გამოჩნდება, რომელ სცენარს აირჩევს ხელისუფლება. იმედია, ურთიერთობა ბიზნესსა და მაკონტროლებლებს შორის უკეთესი სცენარით განვითარდება.

ნონა ქვლივიძე