ბანკებს სებ-მა სესხების გაძვირებისკენ უბიძგა - კვირის პალიტრა

ბანკებს სებ-მა სესხების გაძვირებისკენ უბიძგა

დაბალი პროცენტები წარსულს ჰბარდება

ბანკებში კრედიტების გაძვირება დაიწყო. სესხებზე პროცენტს ბანკები იანვრამდე თუ ამცირებდნენ, წლის დასაწყისში 1,5-2%-ით გააძვირეს. საინტერესოა, რომ ზრდა უცხოურ ვალუტაში გაცემულ სესხებს შეეხო, ლარში გაცემულ კრედიტებზე კი ზრდა უმნიშვნელო იყო. საბანკო სფეროს სპეციალისტები ამბობენ, რომ გაძვირებასთან ერთად, ბანკები უახლოეს მომავალში კრედიტების გაცემასაც შეზღუდავენ. ამ პროგნოზს ბანკებშიც ადასტურებენ.

კომერციული ბანკები კლიენტების მისაზიდად კრედიტებს შარშან მთელი წლის განმავლობაში აიაფებდნენ. წლის დასაწყისიდან მოყოლებული, განაკვეთმა თანდათან 5-6%-ით დაიწია და წლის ბოლოს საშუალო საბაზრო პროცენტი 13-15%-მდე ჩამოვიდა. სესხების გაიაფება ბანკების ლიბერალური პოლიტიკის შედეგი იყო.

პოსტკრიზისულ პერიოდში ბანკებში ხალხი ფულის სასესხებლად ნაკლებად მიდიოდა. კლიენტთა რიცხვმა იკლო და ბანკებსაც შემოსავლები შეუმცირდათ. ზარალზე მუშაობისთვის თავი რომ დაეღწიათ და მოგებაზეც გასულიყვნენ, ისინი იძულებულები გახდნენ, შეზღუდვები მოეხსნათ და პირობები გაემარტივებინათ. ამ სტრატეგიამ შედეგი გამოიღო.

დაკრედიტებამ იმატა, ერთი წლის განმავლობაში ბანკების საკრედიტო პორტფელი 1,162 მილიარდი ლარით გაიზარდა და თებერვლისთვის ისტორიულ მაქსიმუმს - 6,415 მილიარდ ლარს გადააჭარბა. მოიმატა იპოთეკური და სამომხმარებლო სესხების მოცულობამაც. შესაბამისად ბანკების მომგებიანობა გაიზარდა და იანვარში მათ 12,3 მილიონი ლარის მოგება აღერიცხათ.

ბოლოს სესხების გაცემამ იმდენად დიდი მასშტაბები მიიღო, რომ ინფლაციის ხელშემწყობ ფაქტორად იქცა და ეროვნულმა ბანკმაც კომერციულ ბანკებს დაკრედიტებაზე შეზღუდვები დაუწესა. ეროვნულმა ბანკმა კომერციულ ბანკებს მეტი ფულის დარეზერვება მოსთხოვა. ბანკები 15 თებერვლიდან ვალდებული არიან, უცხოური ბაზრებიდან მოზიდული სახსრების 15% (იანვრამდე სარეზერვო მოთხოვნა 5% იყო) ანგარიშებზე ხელუხლებლად გააჩერონ.

ეს კი მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ვთქვათ, ბანკი ფინანსურ რესურსს უცხოეთიდან 7%-ად მოიზიდავს. აქამდე ბანკს ამ თანხის 5% რეზერვად უნდა გადაედო, ხოლო 95%-ით შეეძლო ბიზნესი ეწარმოებინა - მთელი თანხის პროცენტიც ეხადა და მოგებაც ენახა. ახლა, როცა სარეზერვო მოთხოვნა 15% გახდა, ბანკებმა მოზიდული თანხის მხოლოდ 85%-ით უნდა მოახერხონ სესხის მომსახურებაცა და შემოსავლის მიღებაც.

ეროვნულმა ბანკმა გაზარდა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთიც, რასაც ის ინფლაციის შესაჩერებელ ერთ-ერთ ბერკეტად იყენებს. ამით ავტომატურად გაზარდა პროცენტი ფულად რესურსზე, რომელსაც ბანკები სებ-გან სესხულობენ. მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ბანკების საკრედიტო პოლიტიკაზე უკვე იანვარში აისახა პროცენტების გაზრდით. ამჟამად მაქსიმალური პროცენტი უცხოურ ვალუტაში ფიზიკური პირებისთვის 20%-ია, ლარში კი 30%-საც აღწევს. როგორც ცნობილია, პოლიტიკის გამკაცრების კიდევ ერთი ეტაპი თებერვალში განხორციელდა, რაც შედეგს მოგვიანებით გამოიღებს და დიდია ალბათობა, რომ კრედიტებზე განაკვეთმა კიდევ მოიმატოს.

იანვარში დაკრედიტებაში რამდენიმე საინტერესო ცვლილება მოხდა. ბანკებმა შეამცირეს ვაჭრობის სფეროს დაკრედიტებაც, რომელზეც სესხებს ყველაზე აქტიურად გასცემენ. მცირედით შემცირდა მშენებლობის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროს დაკრედიტება. ზრდა ძირითადად მრეწველობის დაკრედიტების ხარჯზე მოდიოდა. ბანკებმა მეტი გასცეს რესტორნებისა და სოფლის მეურნეობის სფეროს დასაკრედიტებლად, რაც აქამდე მუდმივად მცირდებოდა.

ლევან სურგულაძე (საინვესტიციო კომპანია "კავკაზუს ფაინენშალის" ხელმძღვანელი): "ეროვნული ბანკის მიერ სესხებზე საბაზისო პროცენტის გაზრდას ლოგიკურად კრედიტების გაძვირება უნდა მოჰყვეს, მაგრამ ეს უკვე ეკონომიკისთვის სასურველი არ იქნება. ამიტომ ამ მიმართულებით ფრთხილი პოლიტიკა უნდა გატარდეს. საბანკო კრედიტების შეზღუდვა ეკონომიკას კარგს არაფერს მოუტანს. ამიტომ სებ-მა ორ უარესს შორის შედარებით უკეთესი მიმართულება უნდა აირჩიოს".

კრედიტების პროცენტებს ანაბრების განაკვეთებიც ფეხდაფეხ მიჰყვა. იანვრამდე პროცენტი აქაც მცირდებოდა. საშუალო საბაზრო განაკვეთმა უცხოურ ვალუტაში 1,3%-ით დაიკლო და ამჟამად 9-10%-ია, ლარში კი 10-11%-ს შორის მერყეობს. იანვარში ბანკებმა მეანაბრეებს უფრო მაღალი წლიური სარგებელი შესთავაზეს. ზრდა ლარში გახსნილი ანაბრების წილად მოდიოდა. დოლარში განაკვეთი უცვლელი დარჩა.

სარგებლის გაზრდა ბანკებს ფულის მოსაზიდად დასჭირდათ, რადგან დეპოზიტებმა იანვრიდან შემცირება დაიწყო. მიმდინარე ანგარიშებიდან თანხები ბიზნესსექტორმა გაიტანა. მოსალოდნელია, რომ ბანკებმა ანაბრებზე სარგებელი კიდევ გაზარდონ, თუმცა ზრდა დიდი არ იქნება.

ნონა ქვლივიძე