უმდიდრესი ადამიანები - 2011 - კვირის პალიტრა

უმდიდრესი ადამიანები - 2011

მექსიკელმა მილიარდერმა გამდიდრების რეკორდი მოხსნა

"ფორბსმა" მილიარდერთა 2011 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა. წლევანდელი მონაცემები რეკორდულია - მსოფლიოს 1210 მილიარდერი ჰყავს. მათი ქონება საერთო ჯამში $4,5 ტრილიონ დოლარს აღწევს. აღმოჩნდა, რომ სხვა ქალაქებთან შედარებით ყველაზე მეტი მილიარდერი ახლა მოსკოვში ცხოვრობს. მათ შორის ორი წარმოშობით ქართველია. მილიარდერების ქალაქის წოდება მოსკოვმა ნიუ-იორკს ჩამოართვა. გამოცემის კვლევების თანახმად, რუსეთის უმსხვილეს მეწარმეებს გამდიდრებაში ხელი ვერც ტერაქტებმა, ვერც ავარიებმა და ვერც რეპუტაციის გაფუჭების რისკმა შეუშალა. ევროპელ მილიარდერთა ერთი მესამედი, ანუ 300-დან 101 - რუსეთის მკვიდრია.

მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანად, შარშანდელის მსგავსად, გამოცემამ კვლავ 71 წლის მექსიკელი კარლოს სლიმ ელუ დაასახელა.

სლიმის ქონება $74 მილიარდს შეადგენს. მსოფლიოს მდიდარ ადამიანებს შორის ის ყველაზე შემოსავლიანიცაა. ერთ წელიწადში მან თავისი კაპიტალი $20 მილიარდით გაზარდა და მას შემდეგ, რაც თანამედროვე მსოფლიოში ქონების აღრიცხვა დაიწყო, ყველა რეკორდიც მოხსნა.

მეორე და მესამე ადგილი "ფორბსის" რეიტინგში უკვე თითქმის ტრადიციულად ერგოთ "მაიკროსოფის" დამფუძნებელს, 55 წლის ბილ გეიტსსა ($56 მილიარდი) და ინვესტიციების გურუს, 80 წლის უორენ ბაფეტს ($50 მილიარდი).

მეოთხე ადგილზე $41-მილიარდიანი ქონებით ფრანგი ბიზნესმენი, 62 წლის ბერნარ არნოა, რომელიც ფრანგული კომპანია LVMH-ის საკონტროლო პაკეტს ფლობს.

$39,5 მილიარდით მეხუთე ადგილზეა ამერიკელი მეწარმე, კორპორაცია Oracle-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, 66 წლის ლოურენ ელისონი. მეექვსე გახლავთ ინდოეთის მოქალაქე, 60 წლის ლაქშმი მიტალი, რომლის ქონებაც $31,1 მილიარდად არის შეფასებული. "ფორბსის" 2010 წლის რეიტინგში მას მეხუთე ადგილი ეკავა. ლაქშმი მიტალი ფოლადის წარმოების მსოფლიო ლიდერს ArcelorMittal-ს ხელმძღვანელობს.

შარშან მეხუთე ადგილი მიტალთან ერთად მის თანამემამულეს, ნავთობისა და გაზის კონგლომერატ Reliance Industrie-ის ხელმღვანელს, 53 წლის მუქეშ ამბანისაც ერგო. "ფორბსის" ტოპ ოცეულიდან ამბანი ერთადერთია, ვისი ქონებაც $2 მილიარდით, 29-დან $27 მილიარდამდე შემცირდა. შესაბამისად, რეიტინგში მანაც უფრო დაბლა - მეცხრე პოზიციაზე გადაინაცვლა.

"ფორბსის" პირველ ათეულში ასევე მოხვდნენ: ჰოლდინგ Inditex-ის მფლობელი, 74 წლის ესპანელი ამანსიო ორტეგა, რომელიც $31 მილიარდით მეშვიდე პოზიციაზეა; მერვეზეა ბრაზილელი ნავთობმაგნატი, 54 წლის ეიკ ბატისტა, რომლის ქონებაც $30 მილიარდია; მეცხრეზე, როგორც უკვე აღინიშნა, მუქეშ ამბანია $27 მილიარდით, ხოლო მეათეზე - 56 წლის ამერიკელი კრისტი უოლტონი, ჩჰრისტყ ჭალტონ & ფამილყ-ის ხელმძღვანელი, რომლის ქონებაც $26,5 მილიარდს შეადგენს. ის იმავდროულად მსოფლიოს უმდიდრესი ქალბატონიცაა.

55 წლის ბიძინა (ბორის) ივანიშვილი $5,5 მილიარდით "ფორბსის" რეიტინგში 185-ე ადგილზეა. ივანიშვილის მონაცემებში, ადგილსამყოფელად მითითებულია საქართველო, სოფელი ჭორვილა, მოქალაქეობა კი რუსეთისა. ბორის ივანიშვილი რუს მილიარდერებს შორის ოცდამეოთხეა. ასევე წარმოშობით ქართველი რუსეთის მოქალაქე, მოსკოველი ალექსანდრ ჯაფარიძე "ფორბსის" რეიტინგში 564-ე, რუსეთის მილიარდერებს შორის კი 45-ე ადგილზეა $2,1 მილიარდით.