1 წელიწადში სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 11 მილიარდით გაიზარდა! - კვირის პალიტრა

1 წელიწადში სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 11 მილიარდით გაიზარდა!

პარლამენტი აზარტული თამაშების ბიზნესთან დამარცხდა?!

ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისს ებრძვის, ბიზნესი შემოსავალს კარგავს, ხოლო მოსახლეობა - სამუშაო ადგილებს, აზარტული თამაშების ბრუნვა კი წლიდან წლამდე კოლოსალურად იზრდება. პანდემიის დროსაც კი, როცა მთელი ეკონომიკა პარალიზებული იყო და ლოკდაუნი გამოცხადდა, ონლაინკაზინოებს არათუ შეზღუდვები არ შეხებიათ, უფრო მეტად გააქტიურდნენ და შინ გამოკეტილ მოქალაქეებს "თავშესაქცევს", ხოლო უმუშევრად დარჩენილებს კი "მარტივ ფულს" სთავაზობდნენ. სინამდვილეში ვინ მდიდრდება და ვინ არა, ჩვენ აზარტული თამაშების ყოველწლიური ფინანსური მაჩვენებლებით ვიგებთ, მოქალაქეებმა კი საკუთარ ჯიბეში უნდა ჩაიხედონ.

მეცხრე მოწვევის პარლამენტმა ისე დაამთავრა მუშაობა, კანონპროექტმა "აზარტული თამაშების შესახებ" დღის სინათლე ვერ იხილა. არც აზარტული თამაშების რეკლამის რეგულირების ან ამ ბიზნესის დაბეგვრის ზრდისთვის ქმედითი არაფერი გაკეთებულა. აზარტული თამაშების "პანდემია" კი სულ უფრო მასშტაბური ხდება, იზრდება თამაშდამოკიდებულთა რიცხვი და მძიმდება სოციალური ფონი, რადგან ფული, რომელიც მოქალაქეებს საკუთარი საჭიროებისთვის უნდა დაეხარჯათ, აზარტული თამაშების ბოსების ჯიბეებში ილექება.

25 მილიარდიანი ბრუნვა

ცოტა დაუჯერებელი ჩანს, მაგრამ ფაქტია, რომ მხოლოდ ერთ წელიწადში საქართველოში სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 87%-ით გაიზარდა. მაგალითად,

თუ 2018 წელს სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 14 მლრდ ლარს აღწევდა, გასულ წელს უკვე 25 მლრდ-ს გადააჭარბა. სათამაშო ბიზნესის ბრუნვა მთლიანად ქვეყნის ბიზნესსექტორის ბრუნვის თითქმის 24%-ს შეადგენს და ბევრად აღემატება მშენებლობის თუ გადამმუშავებელი მრეწველობის ბრუნვას, ენერგორესურსების ბაზარს და ა.შ.

ჯერჯერობით არა გვაქვს ბრუნვის მოცულობის წლევანდელი მაჩვენებლები, მაგრამ სხვადასხვა მონაცემზე დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პანდემიურ ვითარებაშიც კი სათამაშო ბიზნესს, კონკრეტულად კი ონლაინკაზინოებს, კოლოსალური ბრუნვა და მაღალი მოგება ექნებათ. მაგალითად, თუ მიმდინარე წლის 8 თვეში პანდემიის გამო მთლიანად სათამაშო ბიზნესის შენატანები ბიუჯეტში 81%-ით შემცირდა და შარშანდელი 66 მლნ-ის ნაცვლად მხოლოდ 12 მლნ შეადგინა, ეს ნაკლებად ითქმის ონლაინკაზინოებზე. შარშანდელივით, მათ წლეულსაც ბიუჯეტში მხოლოდ 6 მლნ ლარი შეიტანეს.

გიორგი კაპანაძე, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის (აფბა) ვიცე-პრეზიდენტი: "აზარტული თამაშები ქვეყანაში ერთ-ერთ წამყვან ბიზნესსექტორად იქცა. არადა, ეს ბიზნესი არ ქმნის ეკონომიკურ დოვლათს, ბიუჯეტში მინიმალურ გადასახადებს იხდის და ამ დროს მოსახლეობისგან ბოლომდე იღებს იმ საარსებო მინიმუმს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შექმნილ კრიზისულ ვითარებაში. თუ, მაგალითად, კაზინოები სამუშაო ადგილებს მაინც ქმნიან, ონლაინკაზინოებს ეს დატვირთვაც არა აქვთ. ამიტომ, როცა ლაპარაკია ამ ბიზნესისთვის რეგულაციების გამკაცრების აუცილებლობაზე და ლობისტებს არგუმენტად მოჰყავთ, თითქოს საბიუჯეტო შემოსავლები შემცირდება და სამუშაო ადგილები დაიკარგება, ეს აბსურდია. პირიქით, ონლაინაზარტული თამაშების დაბეგვრის გაზრდითა და რეგულაციების გამკაცრებით ბიუჯეტი გაცილებით მეტ შემოსავალს მიიღებს და აღარც ამდენი მოთამაშე გვეყოლება. რეგულაციების გამკაცრების წყალობით ფული, რომელიც დღეს მოთამაშეების ჯიბიდან აზარტული თამაშების ბრუნვას ზრდის, ეკონომიკის სხვა დარგებში გადაინაცვლებს და განსაზღვრული ციკლის შემდეგ მათვე გაზრდილი შემოსავლის სახით დაუბრუნდებათ. დღეს კი ამ ფულს ოფშორის შავ ხვრელებში ვისვრით. მარტივი პრინციპია - როცა სხვადასხვა რისკის შემცველი ბიზნესი ლეგალიზებული გაქვს, დაინტერესებული უნდა იყო, რომ სანაცვლოდ სახელმწიფომაც სოლიდური შემოსავალი მიიღოს, რათა ამ ფულით თავისი მოქალაქეებისთვის სხვა, მეტი სიკეთის შექმნა შეძლოს. ჩვენთან კი სათამაშო ბიზნესი ეკონომიკის პარაზიტად იქცა - არც ქვეყანას არგია, არც ეკონომიკას და მოქალაქეებსაც აზარალებს.

ხელისუფლების პოზიცია კრიტიკას ვერ უძლებს. მაგალითად, როცა ე.წ. ესტონური მოდელი შემოიღეს, რაც ბიზნესს ნაწილობრივ ათავისუფლებს მოგების გადასახადისგან, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში ამან დეფიციტი გააჩინა. რა ქნა ამ დროს ხელისუფლებამ? გადაწყვიტა დეფიციტი აქციზის გადასახადის ზრდით შეევსო, მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან პროდუქტზე გააორმაგეს აქციზის გადასახადი, როგორიც საწვავია. არადა, შესაძლებელი იყო ბიუჯეტში წარმოქმნილი დეფიციტი აზარტული თამაშებიდან დაბალანსებულიყო, მათთვის გაგვეზარდა დაბეგვრის ტვირთი. მთლიანად აზარტული თამაშების ბიზნესის გადასახადების 10%-ც კი არ მოდის ონლაინკაზინოებზე და ეს მაშინ, როცა აზარტული ონლაინთამაშები წამყვანია მთლიანად აზარტული თამაშების ბრუნვაში. მეტსაც გეტყვით, კაზინოების გარდა, თითქმის ყველა ბიზნესი გახსნილია და ამის მიუხედავად, ხელისუფლების კრიტიკას, საყვედურს ვერ გაიგონებთ. იცით, რატომ? კაზინოები უფრო უცხოელ მოთამაშეებზე მუშაობენ, ისინი კი ვეღარ ჩამოდიან, ხოლო აქაური მოთამაშეები უმეტესად ონლაინთამაშებში არიან ჩართული. შესაბამისად, სათამაშო ბიზნესის მესვეურები, რომლებიც ფლობენ როგორც ჩვეულებრივ, ასევე ონლაინკაზინოებს, როგორც იღებდნენ შემოსავალს ადგილობრივი მოთამაშეებისგან, ისევ ისე იღებენ. მეტიც, გაზრდილი უმუშევრობისა და შემცირებული შემოსავლების გამო უფრო იზრდება მოთამაშეთა რიცხვი ე.წ. ელიოზის სინდრომით - იქნებ რამე მოვიგოო, თუმცა რით მთავრდება ეს, კარგად ვიცით.

ვიმეორებ, აზარტული ონლაინთამაშების ბიზნესის დაბეგვრის წესი მოძველებულია. თითქმის ყველა ქვეყანაში ეს ბიზნესი ბრუნვიდან იბეგრება, ჩვენთან კი კვარტალურად ვახდევინებთ 400.000 ლარს და თუ ჯეკპოტი გათამაშდება, დამატებით ვბეგრავთ. შესაბამისად, ერთადერთი მაჩვენებელი, რაც ქვეყანაში იზრდება, აზარტული თამაშების ბრუნვაა და მერე გვიკვირს, რატომ ვერ ვამარცხებთ სიღარიბეს. ასეთია ჩვენი სამწუხარო რეალობა, რომელზეც ხელისუფლება თვალს ხუჭავს. ეს ფული უნდა გამოვიყენოთ ეკონომიკის გასაძლიერებლად, რითაც უნდა იარსებოს მოსახლეობამ, ისინი კი ამ ფულს კაზინოში აგებენ.

სათამაშო ბიზნესის საბოლოო მფლობელები ოფშორში რეგისტრირებული კომპანიები არიან და ვის ჯიბეში მიდის საქართველოში ასიათასობით მოთამაშის ჯიბიდან ამოღებული ფული, ვინ იცის".

10 ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფირმიდან 6 სათამაშო ბიზნესია!

სტატისტიკის სამსახურიდან გამოთხოვილი ოფიციალური მონაცემებით, 2019 წელს ქვეყანაში ყველაზე მაღალი შემოსავლის მქონე 10 კომპანიიდან 6 აზარტული თამაშების ბიზნესია, 2 - სახელმწიფო საწარმო, 1 - ბუნებრივი აირის მიმწოდებელი კომპანია და კიდევ 1 - თუჯის, ფოლადისა და ფეროშენადნობების წარმოება. სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით და 10 ყველაზე მაღალშემოსავლიანი კომპანიის ჩამონათვალი ასეთია:

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია (საბითუმო ვაჭრობა ბუნებრივი აირით); "საქართველოს რკინიგზა" (რკინიგზის სატვირთო ტრანსპორტი); "ავიატორი" (აზარტული თამაშების საქმიანობები); "ბეთლაივი" (აზარტული თამაშების საქმიანობები); "ლიდერბეთ სლოტი" (აზარტული თამაშების საქმიანობები); "მარსი" (აზარტული თამაშების საქმიანობები); "სოკარ ჯორჯია გაზი" (საბითუმო ვაჭრობა ბუნებრივი აირით); "ფულ ჰაუსი" (აზარტული თამაშების საქმიანობები); "ჩემპიონები" (აზარტული თამაშების საქმიანობები); "ჯორჯიან მანგანეზი" (თუჯის, ფოლადის და ფეროშენადნობების წარმოება).

თამარ ჯაფარიძე, "დედები აზარტული თამაშების" წინააღმდეგ: "თუ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულ ვითარებას კარგად გავიაზრებთ, მივხვდებით, რომ ნამდვილად არა გვაქვს საქმე გაუაზრებელ ქმედებასთან, მეტიც, სახელმწიფო ამ ბიზნესს ხელს უწყობს. მაქვს გონივრული ეჭვი, რომ მისი მეშვეობით "შავი" ფული თეთრდება, რადგან ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, შეუძლებელია მხოლოდ მოთამაშეების ჩარიცხული თანხებისა თუ დადებული ფსონების ჯამი 25 მილიარდ ლარს აჭარბებდეს. მაშინ გამოდის, ყველა ძალიან კარგად ვცხოვრობთ.

აზარტული თამაშებისა და განსაკუთრებით ონლაინთამაშების სრული უკონტროლობის გამო ქვეყანაში უკვე წლებია, აზარტული თამაშების "პანდემიაა" და მან უამრავი ადამიანი იმსხვერპლა. გასულ კვირას "დედები აზარტული თამაშების" წინააღმდეგ კასპში ვიყავით. 32 წლის ახალგაზრდამ, ორი შვილის მამამ, რომელსაც ერთხანს თავი ჰქონდა დანებებული აზარტული თამაშებისთვის, ვერ გაუძლო აგრესიული სარეკლამო ინტერნეტკამპანიის ცდუნებას, ითამაშა, წააგო და რომ მიხვდა, რაც გააკეთა, თავი მოიკლა. ამავე რაიონში სუიციდის კიდევ ორი ფაქტი მოხდა, საბედნიეროდ, ერთი ახალგაზრდა გადარჩა, მაგრამ საწოლს არის მიჯაჭვული. როცა შენი ქვეყნისთვის არაბუნებრივად მაღალი ბრუნვა ცხვირწინ გაქვს, ამდენი სუიციდის ფაქტია და სამოქალაქო საზოგადოება მუდმივად მოგიწოდებს იმოქმედო, შენ კი ხელსაც არ ანძრევ, ეს უკვე დანაშაულია საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება უამრავი ოჯახის კოშმარია. ამ სასიკვდილო სენმა სკოლის მოსწავლეებიც დაასნებოვნა. პანდემიის გამო შინ გამოკეტილი ბავშვები მასობრივად არიან ჩართული ონლაინთამაშებში. ეს წრე სულ უფრო ვიწროვდება, იზრდება თამაშდამოკიდებულთა რაოდენობა, ფაქტობრივად, ყოველი მესამე-მეოთხე ადამიანი თამაშობს".

P.S. დასარეგულირებელია აგრესიული სარეკლამო ინტერნეტკამპანიაც, რაც ახალგაზრდებისთვის თამაშში ჩართვის მთავარი მოტივატორია. ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ - "არ ითამაშო, იცხოვრე!" - ამ სახელწოდებით "პალიტრამედია" სოციალურ კამპანიას უკვე 2016 წლიდან ატარებს. ჩვენ უარი ვთქვით სარეკლამო შემოსავლებზე სათამაშო ბიზნესიდან და იმავე პასუხისმგებლობის გაზიარებისკენ სხვა მედიასაშუალებებსაც მოვუწოდებთ. მიგვაჩნია, რომ სათამაშო ბიზნესის რეკლამის შეზღუდვით შეგვიძლია დიდი წვლილი შევიტანოთ ქვეყანაში თამაშდამოკიდებულების შემცირებაში. ჩვენთვის თითოეული ადამიანის სიცოცხლე ფასდაუდებელია.