"არჩევნები ყოველ ჯერზე ახდენდა თავის წილ უარყოფით გავლენას ლარის სტაბილურობაზე"
"არჩევნები ყოველ ჯერზე ახდენდა თავის წილ უარყოფით გავლენას ლარის სტაბილურობაზე"
საარჩევნო პროცესები ყოველთვის დიდ გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე, დღეს ამას კორონავირუსი და ძალზე გაუფასურებული ლარიც ემატება. ბოლო 1 წელიწადში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) 600 მილიონ დოლარზე მეტი გაყიდა სავალუტო აუქციონზე, მაგრამ ლარს ვერც ამან უშველა. ხელისუფლება გვარწმუნებს, რომ ეკონომიკის გაჯანსაღების დამაჯერებელი ნიშნები უკვე ჩანს, მაშინ როცა ეკონომიკის ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ ყველაზე რთული ეტაპი ზამთარსა და გაზაფხულზე გველოდება. პრემიერის დაპირების მიუხედავად, რომ სისტემური ლოკდა­უნი­ არ იქნება, არჩევნების შემდგომ მოსალოდნელი მასშტაბური
შეზღუდვების შესახებ ინფორმაცია სულ უფრო დაჟინებით ვრცელდება. ექსპერტები­ შიშობენ, რომ კიდევ ერთი ფართომასშტაბიანი ჩაკეტვა ქვეყნის ეკონომიკას ჩამოშლის.

"საქართველოს ეკონომიკა მეტ ჩაკეტვას ვეღარ გაუძლებს"


ირაკლი მაკალათია, ეკონომიკის დოქტორი: "ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა საბოლოოდ მოქმედ მთავრობას ეკისრება. როგორი შედეგითაც უნდა დასრულდეს არჩევნები, თუ მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა არ
შეიცვალა, პოლიტიკაში მხოლოდ სახეების ცვლილება ნაყოფს ვერ გამოიღებს, საჭიროა ძირეული სისტემური ცვლილებები, გამოკვეთილი ეკონომიკური პოლიტიკის წარმართვა. ეკონომიკურად, მეტ-ნაკლებად, ჯერ კიდევ საბჭოთა სოციალისტურ საქართველოში ვცხოვრობთ. ბუნებრივი და ეკონომიკური რესურსების მთავარი მფლობელი სახელმწიფოა, მაგრამ არ იყენებს, ანულებს მის ღირებულებას და რაც მთავარია, მოქალაქეებს ხელს უშლის, იყვნენ ამ ქონების მესაკუთრეები. საზოგადოება არჩევნების შედეგებისგან სიკეთეს მაშინ იგრძნობს, თუ სახელმწიფო პოლიტიკა გაარღვევს საბჭოურ დამოკიდებულებას და იმ გზას დაადგება, რაც უკვე გაიარეს დასავლეთის განვითარებულმა ქვეყნებმა. საზოგადოებისა და ქვეყნის თავისუფლება ეკონომიკურ თავისუფლებაზე გადის, ეკონომიკური თავისუფლების ფუნდამენტი კი კერძო საკუთრების დამკვიდრება და მისი დაცულობაა.

რაც შეეხება ლარს, მისი გაუფასურება გამოწვეულია ლარისა და დოლარის მასების თანაფარდობის დარღვევით, ანუ რაც მეტია ბრუნვაში ლარი და ნაკლებია დოლარი, მით უფრო მაღალია კურსი. თანაფარდობას არღვევს, ერთი მხრივ, ეროვნული ბანკი, რომელიც საჭიროზე მეტ ლარს უშვებს ბაზარზე, მეორე მხრივ კი მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გამო დაბალია ეკონომიკური აქტივობა, ეს კი ქვეყანაში დოლარის შემოდინებას განაპირობებს.

ალოგიკურია, როცა ამდენ დოლარს ყიდი და კურსი მაინც არ მყარდება. მიზეზი მარტივია - კურსს განსაზღვრავს ლარისა და დოლარის მასის თანაფარდობა. სებ-ი დოლარს ყიდის და ამით ზრდის მის მასას, თუმცა პარალელურად - რაც ნაკლებად საჯაროვდება - ეროვნული ბანკი მიმოქცევაში ლარის მასასაც ზრდის, რამაც მიმდინარე პერიოდში რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. ამდენად, თუ სებ-მა ლარის მასის ზრდა არ დაარეგულირა, რეზერვების გამოტანა და დოლარის გაყიდვა უშედეგო იქნება.

ლარის კურსის ბოლო წლების ტენდენცია ასეთია: ნოემბრის მეორე ნახევრიდან დეკემბრის პირველ ნახევრამდე გვაქვს წლის პიკური კურსი, ხოლო მომდევნო წლის დასაწყისში, იანვარ-თებერვალში, ლარი შედარებით მყარდება. ამის მიზეზი ის არის, რომ წლის დასაწყისში სებ-ი ლარის მასას ამცირებს და ხელს უწყობს კურსის გამყარებას, ხოლო მომდევნო კვარტალებში ლარის მასა პერიოდულად იზრდება, რაც ლარის კურსს აუფასურებს. ცხადია,
თუ არ გაუმჯობესდა ის მაკროეკონომიკური პარამეტრები, რომლებიც დამატებით უზრუნველყოფს ქვეყანაში დოლარის შემოდინებას, ლარის კურსის დინამიკა უარყოფითი იქნება.

როცა ხელისუფლება ამბობს, რომ ეკონომიკის გაჯანსაღების მნიშვნელოვანი ნიშნებია, გააჩნია, რას ავიღებთ საწყის წერტილად. თუ გაჩერებული ეკონომიკიდან ავითვლით, ცხადია, იქნება გაჯანსაღების ნიშნები. ასე შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2021 წელს დადებითი ეკონომიკური ზრდა გვექნება. სხვადასხვა პროგნოზით, 4-5%-იანი ზრდაა მოსალოდნელი, თუმცა პოლიტიკოსებმა ამ ზრდითა და რიცხვებით მანიპულირება არ უნდა დაიწყონ. მომდევნო წელს ეკონომიკური ზრდა ნიშნავს, რომ 2020 წელს გაჩერებული ეკონომიკა ამუშავდა და გასული წლების ტენდენციას დაუბრუნდა. ცხადია, გაჩერებული ეკონომიკის შემდეგ პროცენტულად მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევა ბევრად მარტივია, ვიდრე მოქმედის გაუმჯობესება და ზრდა.
საქართველოს ეკონომიკა, ცხადია, ვეღარ გაუძლებს მეტ ჩაკეტვას. ბიუჯეტში შემცირებული საშემოსავლო და დღგ-ის წილი მიუთითებს, რომ ბიზნესი გაჩერდა, ხალხმა სამუშაო დაკარგა. ფინანსთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, კრიზისის შედეგად სამსახური 100 000-მდე კაცმა დაკარგა, თორემ აღურიცხავ ეკონომიკაში, სადაც თვითდასაქმებულთა წილი მაღალია და არც აქამდე იყო მათი ცხოვრების დონე მაღალი, უფრო გაუარესდა. ასე რომ, კიდევ ერთი ფართომასშტაბიანი ჩაკეტვა ეკონომიკას სულ ჩამოშლის".

"მიჭირს მტკიცება, რომ ყველაფრის მიუხედავად, ლარი სტაბილური იქნება"

ვახტანგ ჭარაია, თსუ-ის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი: "არჩევნები, როგორც წესი, ყოველ ჯერზე ახდენდა თავის წილ უარყოფით გავლენას ლარის სტაბილურობაზე. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ლარის არასტაბილურობაში 2020 წელს წვლილი გლობალურმა პანდემიამაც შეიტანა და, რა თქმა უნდა, უფრო დიდი, ვიდრე არჩევნებმა. სირთულეების მასშტაბიდან გამომდინარე, რთულია როგორც ლარის, ასევე მთლიანი ეკონომიკის სტაბილურობაზე საუბარი.

მიუხედავად იმისა, რომ 2021 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდი 5%-იან ზრდას გვპირდება, დარწმუნებული ვარ, ეს ეკონომიკის გადაწყობის გზით იქნება შესაძლებელი, რაც საზოგადოების ერთი ნაწილისთვის ახალ შესაძლებლობებს, ხოლო მეორისთვის კი ახალ სირთულეებს ნიშნავს.

2020 წლის ეკონომიკური ზრდის/ვარდნის სტატისტიკას თუ დავეყრდნობით, ეკონომიკის მინისტრის პოზიცია სწორია. საქართველომ კოვიდპანდემიასთან ბრძოლის ყველაზე რთული ეტაპი 2020 წლის აპრილში გადაიტანა, როდესაც ვარდნამ -16,6% შეადგინა. შემდგომ იყო -13,3%, ივნისში -7,7%, ივლისში -5,5%, აგვისტოში -5,3% და სექტემბრის მონაცემებით კი ვარდნა უკვე -0,7%-ს შეადგენდა. თუ არა გაჯანსაღებას, ეს სტატისტიკა სხვას არაფერს გვეუბნება. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ზამთრის ტურისტული სეზონი შესაძლოა ჩაგვეშალოს და ამან ვარდნის მაჩვენებელი კვლავ გაზარდოს, თუმცა მეეჭვება აპრილი-მაისის ნიშნულამდე დაეცეს. ერთი სიტყვით, პანდემია თუ გლობალურად არ დაიძლია, მხოლოდ ჩვენი შიდა წარმატებით ვერ გავფრინდებით.
სამწუხაროდ, მიჭირს მტკიცება, რომ ყველაფრის მიუხედავად, ლარი სტაბილური იქნება.

გლობალური და ლოკალური პრობ­ლემების გადაჯაჭვულობა 2020 წელს საქართველოში ისე ნათლად გამოჩნდა, როგორც არასდროს. თუ ეს 2021 წელს პოზიტიურ კონტექსტში გადაიზარდა, ლარსაც უკეთესი პერსპექტივა ექნება. თუმცა ჩვენ ამ პროცესზე ზეგავლენის მიზერული ინსტრუმენტიც არ გაგვაჩნია, უდიდესწილად ჩვენს პარტნიორ ქვეყნებზე ვართ დამოკიდებული.

როგორც პრემიერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, ქვეყანაში სისტემური ლოკდაუნი არ იქნება, მაგრამ იქნება წერტილოვანი შეზღუდვები. ხშირად ისმის შეკითხვა: თუნდაც კონკრეტული მიმართულებით დაწესებულ შეზღუდვებს თუ გაუძლებს კიდევ ერთხელ რეცესიაში მყოფი ეკონომიკა? ძალიან რთული იქნება, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ განმეორებითი ლოკდაუნები, ზოგან ტოტალური, ზოგანაც ნაწილობრივი, უკვე ევროპის არაერთ ქვეყანაში გამოიყენება და მიმართავენ როგორც "კოვიდის" შეჩერებისა და შემდგომ საშუალო და გრძელვადიან პერიოდში ეკონომიკის გაჯანსაღების ინსტრუმენტს. დაახლოებით ისეთი სურათი გვაქვს­, ტრავ­მირებული სპორტსმენი მოედანზე შევუშვათ თუ არა. გააჩნია პანდემიის შემოტევის მასშტაბს, ისევე როგორც გააჩნია სპორტსმენისთვის კონკრეტული მატჩის მნიშვნელობასაც და ტრავმის სიმძიმესაც. კითხვის დასმა, ლოკდაუნი უნდა გამოვიყენოთ თუ არა, ნაადრევად მიმაჩნია. ფაქტია, ის უნდა იყოს კონტრნაბიჯი და არა პრევენციული. ამიტომ მის გამოყენებას წინ (და არა შემდგომ, როცა საკმარისი საანალიზო მონაცემები ხელთ არა გვაქვს) უნდა უძღოდეს კრიტიკული ანალიზი".

"ეროვნულმა ბანკმა ვერ შეიმუშავა გეგმა, როგორ აპირებს კრიზისული სიტუაციის მართვის გაგრძელებას"

ოთარ ანგურიძე, ეკონომიკის ექსპერტი: "ვფიქრობ, საქართველოში კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვის ზრდა დაკავშირებულია არჩევნებსა და არაკონტროლირებად საარჩევნო შეხვედრებთან. ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, პოლიტიკური პარტიები არჩევნების შემდგომ რა გზას აირჩევენ - ქუჩას თუ კონსტრუქციულობასა და პასუხისმგებლობას.

მაისის შემდეგ ეკონომიკა ეტაპობრივად გამოდის იმ შოკიდან, რაც პანდემიამ განაპირობა. ჩემი აზრით, მომავალი წლისთვის კარგი ეკონომიკური სურათი გვექნება, რაშიც ხელს შეგვიწყობს ტურისტების შემოდინებაც.
სექტემბერში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის 0,7%-იანი კლება შარშანდელ იმავე პერიოდთან შედარებით გვაფიქრებინებს, რომ ეკონომიკა ნელ-ნელა გამოდის კრიზისიდან და ბიზნესიც იმგვარად გადაეწყო, რომ ახერხებს ფუნქციონირებასაც და ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლების რეკომენდაციებსაც იცავს.

თუმცა საქართველო პატარა ქვეყანაა და შეუძლებელია სხვა ქვეყნებისგან დამოუკიდებლად ვთქვათ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ევროპაში პანდემიის მძლავრი მეორე ტალღაა, ასევე ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც და როგორ გაგრძელდება, ძნელი სათქმელია. რუსეთი 1-ლი იანვრიდან ხორბალზე კვოტირებას აწესებს და ჩვენ შეგვეხება თუ არა, ჯერ უცნობია. მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა დროული და ვითარების შესაბამისი იყო, მაგრამ თუ სხვა ქვეყნებში პანდემია დიდხანს გაგრძელდება, საჭირო გახდება გეგმაში ცვლილებები.

არც არის გასაკვირი, რომ ლარი გაუფასურდა. დღემდე სებ-მა ვერ შეიმუშავა სამოქმედო გეგმა და მხოლოდ პერიოდულ ინტერვენციებს თუ ახერხებს. პანდემიამდე ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა მუდმივად გვარწმუნებდა, რომ ხელოვნური ჩარევა კურსის ფორმირებაში შეცდომა იქნებოდა, რომ ის უნდა ფორმირდებოდეს მხოლოდ საბაზრო კონიუნქტურიდან გამომდინარე, ანუ მოთხოვნა-მიწოდების შესაბამისად. იბადება არაერთი კითხვა: რა შეიცვალა, რომ სებ-მა სისტემატური ჩარევა დაიწყო? ან როდემდე აპირებს? სანამ რეზერვები და სავალუტო ფონდის გამოყოფილი თანხა ეყოფა? ასეთი მიდგომა ხომ შეცდომაა და მხოლოდ მოკლევადიანი ხანძრის ჩაქრობის ეფექტი აქვს. პანდემია როდის დასრულდება, არ ვიცით. უკვე 9 თვეა, ქვეყანას ამ ვითარებაში უწევს ცხოვრება და ეროვნულმა ბანკმა კი დღემდე ვერ შეიმუშავა გეგმა, როგორ აპირებს კრიზისული სიტუაციის მართვის გაგრძელებას.

ყოველთვის ნათელი იყო, რომ ლარის კურსის ფორმირების არსებული მოდელი საქართველოს რეალობისთვის შეუსაბამოა და საჭიროა მოდელის შეცვლა, რაც არსებულმა ვითარებამ ნათლად დაგვანახა, როცა სებ-ი ხარჯავს ასობით მილიონს და მაინც ვერ ახერხებს კურსის დასტაბილურებას.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროპის მიმართულებით ეტაპობრივად აღდგება ავიაფრენა, რაც გვაფიქრებინებს, რომ მთავრობა აღარ აპირებს­ მკაცრი შეზღუდვების დაწესებას. ალბათ, იმიტომ, რომ ჩვენი ეკონომიკა შეეგუა ამ ვითარებას, ისწავლა კრიზისულ სიტუაციაში ფუნქციონირება და შესაბამისად, რისკებიც შემცირებულია. ეტაპობრივად უმჯობესდება მაკროეკონომიკური პარამეტრები, მათ შორის ექსპორტიც, რაც ნამდვილად გასახარია. ჩემი აზრით, ლოკდაუნი და საგანგებო მდგომარეობა აღარ არის საჭირო. შეიძლება მხოლოდ მრავალრიცხოვანი შეკრებების შეზღუდვის შენარჩუნება და კონტროლის გაძლიერება, რათა არ მივიღოთ წერტილოვანი ეპიდემიური აფეთქებები".

"ერთადერთი, რამაც ვითარების დამძიმება შეიძლება გამოიწვიოს, შიდაპოლიტიკური რყევებია"


გიორგი ცუცქირიძე, ეკონომიკის ექსპერტი: "დღეს, მიუხედავად არცთუ დაბალი საზოგადოებრივი პოლარიზაციისა და დაძაბული წინასაარჩევნო­ ვითარებისა, ლარი არ ირყევა. ეს ნიშნავს, რომ უარყოფითი მოლოდინიც ნაკლებია. ეკონომიკის გაჯანსაღების ტენდენცია სექტემბერში უფრო თვალსაჩინო გახდა. თუ აგვისტოში კლებამ -5,3% შეადგინა, სექტემბერში წინასწარი შეფასებით 1%-იან ზღვარსაც ჩამოსცდა და -0,7% შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ სექტემბერში ეკონომიკა, ფაქტობრივად, ზრდის ტრენდზე გავიდა. მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ექსპორტი, იანვარ-აგვისტოს 5,6%-თან შედარებით, შემცირებულია საშუალო წლიური კლების მაჩვენებელიც და 5%-ს შეადგენს.

როგორც ვხედავთ, საქართველოს ეკონომიკა იმაზე სწრაფად გამოდის რეცესიიდან, ვიდრე წლის პირველი ნახევრის პროგნოზი იყო!
რისკები, ბუნებრივია, არსებობს, ოღონდ სხვა მხრიდან. ჩვენ მეზობელ ორ ქვეყანას ფართომასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტი აქვს ყარაბაღის ტერიტორიაზე. პოლიტიკური რისკები ძალზე სახიფათოა, რაც სავალუტო კურსზე ნეგატიურად აისახება. აზერბაიჯანი და სომხეთი ჩვენი წამყვანი პარტნიორი ქვეყნები არიან როგორც ექსპორტში, ისევე იმპორტში. როცა რეგიონის ქვეყნებთან კოოპერაციაში ვართ და მათ ეკონომიკაში პრობლემები ჩნდება, ბუნებრივია, ეს ჩვენზეც იმოქმედებს. თუ კონფლიქტი ფართომასშტაბიან შეტაკებებში გადაიზარდა და მისი ინტერნაციონალიზაციაც მოხდა, ეს იქნება ყველაზე მაღალრისკიანი სცენარი. იმედია, ასე არ მოხდება, რადგან საერთაშორისო საზოგადოებრიობა, "მინსკის ჯგუფი" აქტიურად განიხილავენ კონფლიქტის შედარებით მშვიდობიან ფაზაში გადაყვანის საკითხს.

რეცესიული ეკონომიკიდან სწრაფი გამოსვლა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან ერთად, არსებული სამუშაო ადგილების შენარჩუნებისთვისაც მნიშვნელოვანია, რაც მოთხოვნის სტიმულირებასთან ერთად, პოსტკრიზისული პერიოდის მთავარი ამოცანაც არის. მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტ­უნარიანობის გაუმჯობესების, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურისა და ინდუსტრიის მხარდაჭერის სამთავრობო ღონისძიებები სწორედ ამ კონტექსტშია მნიშვნელოვანი, ისევე როგორც სოციალური მხარდაჭერის სხვადასხვა პაკეტი, რომლებიც კრიზისით დაზარალებული მოქალაქეების დახმარებას ისახავს მიზნად.

არა მგონია, ზამთარი და გაზაფხული ძალზე მძიმე გვქონდეს. ერთადერთი, რამაც ვითარების დამძიმება შეიძლება გამოიწვიოს, შიდაპოლიტიკური რყევებია და იმედია ამას თავიდან ავირიდებთ.

ოპონენტების კრიტიკის მიუხედავად, მთავრობის ანტიკრიზისულმა და პოსტკრიზისულმა ღონისძიებებმა, კრიზისის შესამსუბუქებელმა და ეკონომიკის მხარდაჭერის პროგრამებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ეკონომიკის გაჯანსაღებას, მიუხედავად გლობალური პანდემიის გამო საერთაშორისო ტურიზმის სექტორში შექმნილი პრობლემებისა.

ამასთან, ეკონომიკის გაჯანსაღების ტენდენცია მთლიანად თავსებადია საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლოდროინდელ პროგნოზთან - მომავალი წლიდან საქართველოს ეკონომიკა ევროპასა და ჩვენს რეგიონში ყველაზე სწრაფი ტემპით გაიზრდება, ხოლო 2021-2025 წლებში ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 5,5% იქნება და შესაბამისად, შედარებით სწრაფად გამოვა რეცესიიდანაც.

ფაქტობრივად, ჩვენ ვართ რეცესიის შედარებით მსუბუქ ე.წ. V ფორმაში, რაც სწრაფ ვარდნასთან ერთად, ასევე სწრაფ გაჯანსაღებაზე, ანუ კრიზისამდე პერიოდის წერტილში დაბრუნებაზეა ორიენტირებული და როგორც წესი, დაახლოებით 12 თვეს მოიცავს. ამ ეტაპზე ინტერვენციების სტრატეგიაც გამართლებულია და არც 600 მილიონის დახარჯვაა კრიტიკული ნიშნული. სებ-ს საერთაშორისო რეზერვები ისედაც ისტორიულ მაქსიმუმზე აქვს. ლარის კურსის გაუფასურება, მაინც საგარეო ფაქტორზე იყო დამოკიდებული. ლარზე მეტად გაუფასურდა რეგიონის სხვა ქვეყნების ვალუტები, უპირველესად, თურქული ლირა და რუსული რუბლი და არა მარტო შიდაპოლიტიკური ფაქტორების გამო. არ დაგვავიწყდეს, რომ ორივე ქვეყანა ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორები არიან.

ეპიდსიტუაციის გაუარესების მიუხედავად, არა მგონია, მთავრობა ლოკდაუნზე წავიდეს. სიტუაცია არც ისე კატასტროფულია, გამოჯანსაღებულთა რიცხვი სტაბილურად აჭარბებს დაინფიცირებულთა რაოდენობას. თუმცა პანდემიის მეორე ტალღის ზეგავლენა თუ მაღალი იქნება, ამას შეიძლება მოჰყვეს არა ეკონომიკის ნაწილის ხელახლა გაჩერება, არამედ კონკრეტული შეზღუდვები და ისიც უკიდურეს შემთხვევაში.

ამიტომაც ნაკლებად ვფიქრობ, რომ ეკონომიკის გაჯანსაღება გაცილებით არასასურველი განვითარების სცენარისკენ გადაიხაროს.
ჩვენთვის ასეთი სცენარი შეიძლება იყოს ეკონომიკის გრძელვადიან რეცესიაში გადასვლა, მათ შორის როგორც ორმაგ, ასევე L ფორმის რეცესიაში, რაც ყველაზე არასასურველი განვითარების სცენარია. თუმცა გავიმეორებ, არა მგონია, პროცესები ამ მიმართულებით განვითარდეს. არც სსფ-ისა და არც მსოფლიო ბანკის დაკორექტირებული პროგნოზით ამგვარად განვითარების სცენარი ნაკლებად მოსალოდნელია".

"ლარის კურსზე პესიმისტური მოლოდინი მაქვს"

რამაზ გერლიანი, "ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის" პრეზიდენტი: "ქვეყანაში არსებული ტენდენცია უარყოფითი მოლოდინის საბაბს ნამდვილად იძლევა, თუმცა თუ არჩევნების შედეგებით ერთპარტიული მმართველობა შეიცვლება (რისი დიდი ალბათობაცაა), ეს გაზრდის ეკონომიკურ მოტივაციას, რომელიც რეცესიებისა და შოკების დროს ქვეითდება. შესაბამისად, შესაძლებელია შენარჩუნდეს კურსი მოცემულ ნიშნულზე საშუალო პერიოდის განმავლობაში (1 დოლარი - 3,2,-3,3 ლარი).

ერთპარტიული პოლიტიკური შედეგის დადგომისას სახეზე იქნება ლარის კურსის გრძელვადიანი გაუფასურება, რაც ეკონომიკურ პროცესს მნიშვნელოვნად შეაფერხებს, განსაკუთრებით საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების მიმართულებით. ფულად მაჩვენებელში შემცირდება იმპორტი სტაბილური ვალუტის მქონე ბაზრებიდან (ევრობაზრები) და გაიზრდება დამოკიდებულება არასტაბილურ რუსულ და თურქულ ბაზრებზე.

სამწუხაროდ, მთავრობის პოზიტიურ მოლოდინს ეკონომიკის სწრაფი გაჯანსაღების შესახებ არანაირი სტატისტიკურ-ეკონომიკური მაჩვენებელი არ ამყარებს.
დღეს არსებული ვითარების მიხედვით, ეკონომიკური მდგომარეობა უარესდება, გვაქვს მკვეთრად უარყოფითი ეკონომიკური ზრდა, რასაც ხაზს უსვამს ეკონომიკური აქტივობის მკვეთრი კლება. ამგვარი მდგომარეობის გაგრძელების შემთხვევაში მიმდინარე წლის ბოლოს იქმნება ინფლაციის ზრდის საფრთხე, რაც დამატებით გაართულებს მდგო­მარეობას.

იმ მონეტარული პოლიტიკის უცვლელობით, რასაც ეროვნული ბანკი მიჰყვება, ლარის კურსი გაუფასურების ტენდენციით წავა. სავალუტო აუქციონებზე დოლარის რეზერვების გაყიდვა ქმნის ტალღებს, რადგან იმ ჩანაფიქრის გამოცნობას ცდილობენ და ახერხებენ კიდეც მონაწილე სუბიექტები, რომლის ხორცშესხმა თითქოსდა ეროვნულ ბანკს სურს. თანამედროვე ეკონომიკურ პოლიტიკაში ასეთ ვითარებას "რაციონალური მოლოდინის თეორიას" ვუწოდებთ, რაც ნიშნავს, რომ კერძო სუბიექტები გამოიცნობენ კურსის გამყარების პოლიტიკას (რეზერვის გაყიდვას) და ისინი ასიმეტრიულ, საპირისპირო ქმედებას იწყებენ. შესაბამისად, ეს პოლიტიკა ჩანაფიქრის საპირისპირო შედეგს იძლევა. ისმის კითხვა, რატომ იყენებს ყველაზე მეტად ამ პოლიტიკას ეროვნული ბანკი, მაშინ, როცა ის არაეფექტიანია? აქ ასევე არსებობის უფლება აქვს მოსაზრებას ელიტური გარიგებების შესახებ ბანკებსა და მარეგულირებელს, ანუ ეროვნული ბანკის წარმომადგენლებს შორის.

ნიშანდობლივია, რომ ყოველი მსხვილი სავალუტო ინტერვენციისა და ბანკების მიერ დოლარის შესყიდვის შემდგომ, უცებ, 2-3 დღეში, ბანკებს უჩნდებათ ლარზე მოთხოვნა და ეროვნული ბანკიც არ აყოვნებს - ე.წ. ლიკვიდურობის შესანარჩუნებლად ის რამდენიმე ასეულმილიონიან დაფინანსებას აძლევს ბანკებს. რატომ არ უჩნდება სებ-ს კითხვა, იქნებ ლარზე მოთხოვნა პროვოცირებულია სწორედ დოლარის დიდი ოდენობით აუქციონის გზით ბაზარზე მიწოდებით? საუკეთესო შემთხვევაში, საქმე გვაქვს "ასიმეტრიული ინფორმაციის" სინდრომთან, როცა მარეგულირებელი სრულყოფილად არ ან ვერ ფლობს ინფორმაციას სარეგულირებელი ობიექტის შესახებ. ყოველივედან გამომდინარე, ლარის კურსზე პესიმისტური მოლოდინი მაქვს, რაც ნიშნავს, რომ ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის უცვლელობის გამო კურსის გაუარესება გაგრძელდება.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა პანდემია და მისი მართვაა. პრემიერის განცხადება, რომ არ იქნება მასშტაბური ლოკდაუნი, მაგრამ იქნება წერტილოვანი შეზღუდვები, ქმნის მოლოდინს, რომ წერტილოვანი შეზღუდვების ობიექტი შესაძლოა ნებისმიერი სფერო აღმოჩნდეს. შესაბამისად, კერძო სუბიექტები მოლოდინის რეჟიმს ან შეჩერებულ აქტივობას შეინარჩუნებენ, რაც ეკონომიკაზე პირდაპირ აისახება და დღეს არსებული რეცესიის სიღრმეს მინიმუმ შეინარჩუნებს ან უფრო გააღრმავებს".
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
23-11-2020
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები