ლარი და პოლიტიკა - კვირის პალიტრა

ლარი და პოლიტიკა

"დღეს ისეთი ჩავარდნა გვაქვს, რომ ამოსვლა ძალიან რთული იქნება"

სამედიცინო ტერმინოლოგიით თუ ვიტყვით, ლარის მდგომარეობა არჩევნების შემდეგ სწრაფად დამძიმდა. 5 დღეში ლარი დოლარის მიმართ დაახლოებით 16 თეთრით გაუფასურდა, შემდეგ კი 1 დღეში დაახლოებით 4 თეთრით გამყარდა. ეროვნული ვალუტის კურსის ამგვარმა ვირაჟმა ბაზარი შოკში ჩააგდო. ბიზნესმა ამ ვითარებას საგანგაშო უწოდა და საქართველოს ეროვნულ ბანკს (სებ) უფრო აქტიური ჩარევისკენ მოუწოდა. ხელისუფლებამ კი თქვა, რომ ლარზე მოქმედებს არჩევნების შემდგომი გარემო, რადიკალიზმსა და პოლიტიკურ დაძაბულობასთან დაკავშირებული მოლოდინები და განწყობები, რასაც ოპოზიცია ქვეყანაში ქმნის. რა ურთიერთკავშირია ლარსა და პოლიტიკას შორის და რა უნდა დაუპირისპირონ ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ ნეგატიურ მოლოდინებს, რათა არასტაბილურმა ლარმა უფრო არ დაასუსტოს ქვეყნის ეკონომიკა და არ გააუარესოს მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა? - ამ და სხვა შეკითხვებით ექსპერტებს მივმართეთ.

"დღეს ეპიდემიაზე მეტად სავალუტო რყევებს პოლიტიკური დაძაბულობა განაპირობებს"

ლადო პაპავა, პროფესორი: "რა თქმა უნდა, როცა ქვეყანაში არასტაბილური პოლიტიკური გარემოა, ეს პირდაპირ აისახება ქვეყნის ვალუტის არასტაბილურობაზე. ყველგან ასე ხდება და გამონაკლისი არც საქართველოა. ლაპარაკია არა მარტო ოპოზიციის ქმედებაზე, არამედ საზოგადოდ პოლიტიკურ არასტაბილურობაზე - ჯერ იყო არჩევნები, რომელიც საკითხავი იყო, როგორ დამთავრდებოდა, დღეს კი ვხედავთ, რომ სახელმწიფო გადატრიალების სცენარები მუშავდება. ასეთ ვითარებაში ნებისმიერი ვალუტა იქნებოდა არასტაბილური, რადგან ამ დროს მოქალაქეები და კომპანიები ცდილობენ მაქსიმალურად დაიზღვიონ თავი, უფრო მყარი ვალუტა მოიმარაგონ იმ შემთხვევისთვის, თუ უფრო გართულდება ვითარება.

კარგია, თუ ამ დროს მთავრობას კომუნიკაცია აქვს ეროვნულ ბანკთან და მათი ქმედება ერთმანეთთან შეთანხმებული და შედეგზე ორიენტირებულია. როცა ლარზე ვლაპარაკობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ მართალია, ეროვნული ბანკი ვერ დაარეგულირებს პოლიტიკურ არასტაბილურობას, მაგრამ შეუძლია პროგნოზირებადი გახადოს ლარის გაცვლითი კურსი, ეროვნული ვალუტის მოსალოდნელი მერყეობა. ეროვნულ ბანკს შეუძლია შეამციროს რეფინანსირების სესხების მოცულობა, რადგან ამით ქვეყანაში ფულის მასა იზრდება და გვინდა თუ არა, ეს ინფლაციაზე აისახება. როცა ქვეყანა იმპორტდამოკიდებულია, როცა სამომხმარებლო და სასურსათო კალათაში საქონლის 80% იმპორტულია, ეროვნული ვალუტის გაუფასურება უარყოფითად აისახება ფასებზეც და სოციალურ მდგომარეობაზეც. მნიშვნელოვანია, რომ სებ-მა მკაფიოდ გამოხატოს თავისი პოზიცია, თავისი პასუხისმგებლობა ლართან დაკავშირებით, რადგან ლარი ეროვნული ბანკის პირმშოა და მნიშვნელობა არა აქვს, ვინ არის დღეს მისი ხელმძღვანელი. აუცილებელია, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობას ჰქონდეს მეტი კომუნიკაცია საზოგადოებასთან და ამისთვის მედიის ყველა საშუალებას უნდა იყენებდეს. ყოველ მეორე დღეს უნდა ისხდნენ რომელიმე ეთერში და ამშვიდებდნენ სავალუტო ბაზარს. გასაგებია, რომ ეროვნულ ბანკს ვალუტა გასაყიდად გამოაქვს სავალუტო რეზერვებიდან, მაგრამ თუ იმავდროულად ქვეყანაში ფულის მასას ზრდი, რამდენი რეზერვიც უნდა დახარჯო, ვალუტის არასტაბილურობის პრობლემას ვერ გადაჭრი. სწორედ ფულის მასის ზრდა იწვევს იმ ვითარებას, რასთანაც ახლა გვაქვს საქმე. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ინფლაციის ოფიციალური მაჩვენებელი არაადეკვატურია, რადგან ჩვენი ქვეყნისთვის შეუსაბამო მეთოდოლოგიით იანგარიშება. მასში ძალიან შემცირებულია კვების პროდუქტების ხვედრითი წილი და რეალური სურათი რომ მოგვცეს, სულ ცოტა, 15-20 პროცენტული პუნქტით უნდა გაიზარდოს. ჩვენი ტიპის ქვეყნისთვის სამომხმარებლო კალათაში, რომლითაც ინფლაცია იანგარიშება, როგორც წესი, კვების პროდუქტების წილი დაახლოებით 50%-ს შეადგენს, ჩვენთან კი ეს მაჩვენებელი 30%-ზე ნაკლებია. ამიტომ ინფლაციის ის ინდიკატორი, რომელიც დღეს გვაქვს, არ იძლევა ვითარების სწორად შეფასების საშუალებას.

როცა ამბობენ, რომ ეროვნულმა ბანკმა ინფლაციის მაჩვენებელი მიზნობრივისკენ დაძრა და ის ზომიერ ინფლაციაზე გველაპარაკება, სინამდვილეში ფანტასტიკური ნახტომები გვაქვს სხვადასხვა კვების პროდუქტის ფასებში. იმის გამო, რომ მოსახლეობის მსყიდველობითი უნარიც შემცირდა, ხალხმა შესაძლოა ვერ იყიდოს ტელევიზორი, კიდევ ერთი შარვალი თუ კაბა, ფუფუნების საგანი, მაგრამ საჭმელზე უარს ვერ იტყვის. შეხედეთ, რა ემართება კვების პროდუქტების ფასებს!

ინფლაციის მაჩვენებელი რომ რეალურ სურათს ასახავდეს, მაშინ ეროვნულ ბანკს მოუწევდა სულ სხვაგვარად შეეხედა ვითარებისთვის და ქმედითი ნაბიჯები გადაედგა ინფლაციის მოსათოკად. მაგრამ, თუ ინფლაციის დათვლის მეთოდოლოგიაში შეცდომაა, ინდიკატორი არასწორად არის დათვლილი, გამოდის, თავს ვიტყუებთ, თითქოს ქვეყანაში არც ისე ცუდად არის საქმე, სინამდვილეში კი მოსახლეობის განსაზღვრულ ნაწილის თავის გატანა სულ უფრო უჭირს.

ვერ ვიტყოდი, რომ ეს მაინცდამაინც ბოროტი ზრახვებით ხდება, საამისოდ პროფესიონალიზმი უნდა ჰყოფნიდეთ ეროვნულ ბანკსაც და სტატისტიკის სამსახურსაც. წინა ხელისუფლების დროს ეს მეთოდოლოგია რომ შეიცვალა და ხელოვნურად შემცირდა სამომხმარებლო კალათაში კვებითი პროდუქტების ხვედრითი წილი, დღემდე ასეა. მე ვიტყოდი, ეს უფრო პოლიტიკური ნების უქონლობის პრობლემაა, ვიდრე პროფესიონალიზმისა.

რაც შეეხება კომენდანტის საათის შემოღებას კორონავირუსის გავრცელების შეზღუდვის მიზნით, ამ გადაწყვეტილებას მივესალმები. მართლაც აუცილებელია ქმედითი ზომების მიღება ეპიდემიის მასშტაბის შესამცირებლად, ხოლო, თუ კორონავირუსის გავრცელების დონე შემცირდა, ეს, თავის მხრივ, პოზიტიურად იმოქმედებს სავალუტო ბაზარზეც. იმავდროულად, უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს ეპიდემიაზე მეტად სავალუტო რყევებს პოლიტიკური დაძაბულობა განაპირობებს".

"დესტაბილიზაციის შიშით ბევრი ინვესტორი ლარის გაყიდვას ცდილობს"

გიორგი ქობულია, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი: "ლარის პრობლემა, რა თქმა უნდა, ნაწილობრივ დაკავშირებულია პოლიტიკურ პროცესებთან, რადგან ბიზნესი და ინვესტორები ასეთ დროს უნდობლობას გამოხატავენ მომავლის მიმართ. დესტაბილიზაციის შიშით ბევრი ინვესტორი ლარის გაყიდვას ცდილობს. მაგრამ მთავარი პრობლემა, რაზეც არაერთხელ მილაპარაკია, ის არის, რომ ეკონომიკაში გვაქვს ფუნდამენტური პრობლემები, რომელიც დღეს, ძირითადად, დაკავშირებულია კორონავირუსთან. ჩვენ დავკარგეთ სავალუტო შემოსავლების უზარმაზარი წყარო ტურიზმის სახით. ქვეყანაში მხოლოდ ტურიზმს 3,5 მილიარდ დოლარამდე შემოსავალი შემოჰქონდა და თუ გავითვალისწინებთ, რომ მთელი ჩვენი ეკონომიკა და მთლიანი შიდა პროდუქტი 17 მილიარდი დოლარია, ადვილი მისახვედრია, რა მნიშვნელობა ჰქონდა ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებს.

კიდევ ერთი ფაქტორი, რაც განვითარებაში გვიშლის ხელს, არის კვალიფიკაციის არასაკმარისი დონე როგორც სახელმწიფო უწყებებში, ისე მუშახელის თვალსაზრისით. სახელმწიფო მოხელეების კვალიფიკაცია დიდ როლს ასრულებს ისეთ განვითარებად ქვეყანაში, როგორიც საქართველოა.

სახელმწიფო უწყებებში გადაწყვეტილებების მიღება ხდება ძალიან ნელა, არაკვალიფიციურად და არასწორად. ასეთ პირობებში კი ძალიან ძნელი იქნება ინვესტორის მოზიდვა. კვალიფიკაციის გარდა, სახელმწიფო უწყებებში მოტივაციაც დაბალია, რადგან ჩვენთან ინიციატივა დასჯადია. და კიდევ, მაქსიმალურად უნდა შევამციროთ ე.წ. ჯიგრული გარიგებები და სქემები, რომლებიც დღეს ყველა სახელმწიფო უწყებაშია და რაც ასე დამახასიათებელია ჩვენი ცხოვრების სტილისთვის.

ამ ფუნდამენტური პრობლემების გადაწყვეტის გარეშე ძალიან რთული იქნება საქართველომ განვითარების უფრო სწრაფი ტემპი აკრიფოს. განსაკუთრებით დღეს ისეთი ჩავარდნა გვაქვს, რომ ამოსვლა ძალიან რთული იქნება. ამ 8 წლის განმავლობაში ეს ფუნდამენტური საკითხები რომ მოგვარებულიყო, მათ შორის გატარებულიყო სასამართლოს რეფორმაც, 4%-იანი ეკონომიკური ზრდის ნაცვლად შესაძლოა გვქონოდა 6, 7 და 8%-იანი ეკონომიკური ზრდა. შესაბამისად, ახლა ჩვენი ეკონომიკა და ვალუტა გაცილებით მდგრადი იქნებოდა კრიზისების მიმართ".