მიწის უკანონო საკუთრების ლეგალიზება თბილისიდან დაიწყება - კვირის პალიტრა

მიწის უკანონო საკუთრების ლეგალიზება თბილისიდან დაიწყება

მალე ქვეყნის ძალიან ბევრი მცხოვრები შესაძლოა, დიდი პრობლემის წინაშე აღმოჩნდეს. მათ შესაძლოა ხელახლა მოუხდეთ იმ მიწის ნაკვეთის დაკანონება, რომელსაც წლების განმავლობაში ფლობდნენ.

ხელისუფლება კანონში "ქონების ლეგალიზაციის შესახებ" ცვლილებას ამზადებს, რომლის თანახმად, თუ ხელისუფლების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მიწა მფლობელმა დოკუმენტების გაყალბებით დაისაკუთრა, საკუთრების ლეგალიზება ხელახლა უნდა მოახდინოს.

რაც ყველაზე მთავარია, ამისთვის მათ საკმაოდ დიდი თანხის გადახდა მოუწევთ. 1 კვ.მ.-ის ფასი დედაქალაქში 15 ლარი იქნება. კანონში ცვლილება პარლამენტმა ორი მოსმენით უკვე განიხილა. მესამე მოსმენა მიმდინარე კვირაშია დაგეგმილი და კანონი ძალაში 1-ელი აპრილიდან უნდა შევიდეს.

ხელისუფლებამ ხალხს ახალი თავსატეხი გაუჩინა. უამრავმა მოქალაქემ ერთ დღეს შეიძლება აღმოაჩინოს, რომ მის საკარმიდამო ნაკვეთს სხვა მეპატრონე ჰყავს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მიწის გამოსასყიდს არ გადაიხდის. ფართს შესაძლოა სხვამ დაადგას თვალი და თუ ეს უკანასკნელი ფულს გადაიხდის, მიწის ნაკვეთიც მას დარჩება. ასეთი საფრთხე უამრავ ადამიანს ემუქრება.

ქვეყანაში ათასობით ოჯახს მიწაზე, რომელსაც წლების განმავლობაში ფლობს, საკუთრების დამადასტურებელი საბუთი აქვს, მაგრამ ის შესაძლოა შევარდნაძის ხელისუფლების დროს კანონდარღვევით იყოს გაცემული: საკუთრების დამადასტურებელ საბუთებზე ან ხელმოწერაა გაყალბებული, ან რომელიმე დოკუმენტი აკლია - ამ საბუთებს ახლანდელი ხელისუფლების წარმომადგენლები ძალადაკარგულად ჩაუთვლიან და მიწის გამოსყიდვას მოსთხოვენ.

კანონი ჯერჯერობით მხოლოდ თბილისს ეხება და საპილოტეა. ხელისუფლება შეხედავს, რა რეაქცია მოჰყვება მოსახლეობის მხრიდან ახალ ცვლილებას და ამის შემდეგ იფიქრებს, მთელ ქვეყანაზე განავრცოს თუ არა. 1 კვ.მ.-ის ფასად 10 ლარი დაადგინეს, მაგრამ ხელისუფლებამ ეს საბაზროზე იაფად მიიჩნია და კიდევ 5 ლარი დაამატა.

თბილისს ცოტა ხნის წინ რამდენიმე მიმდებარე სოფელი შემოუერთდა, სადაც, ცხადია, უამრავი ასეთი მიწის ნაკვეთია.

მრავალ ოჯახს აქ სააგარაკე ან სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები აქვს, რომლის ფართი რამდენიმე ასეული კვადრატული მეტრია. მის დასაკანონებლად საკმაოდ დიდი თანხის გადახდა იქნება საჭირო. პატარა ეზოს ლეგალიზებისთვის, რომლის ფართობი შესაძლოა სულ რაღაც 100 კვ.მ. იყოს, ბიუჯეტისთვის 1500 ლარი იქნება გადასახდელი. თბილისის მიმდებარე სოფლებში არის ოჯახები, რომლებსაც 1000 კვ.მ. და უფრო დიდი ფართის ეზოები აქვთ, 15 ლარზე გადამრავლებით მათ გადასახდელი 15 ათას ლარსაც მიაღწივს.

ოჯახები ამ თანხის გადახდას თუ ვერ შეძლებენ, მათ ამ მიწის სახელმწიფოსთვის ან სხვა უფრო შეძლებული პირისთვის დათმობა მოუწევთ. ამ ადგილებში მცხოვრები ოჯახები ამბობენ, რომ ეს კანონი მათი მიწების ხელში ჩასაგდებად მოიფიქრეს. პრესტიჟულ ადგილზე მათ სააგარაკე ნაკვეთებს ან მთავრობა დაეპატრონება ან ის ხალხი, ვისაც დიდი ფული აქვს.

ვაჟა კ. (წავკისის მცხოვრები): "ეს კანონი ხელისუფლებასთან დაახლოებული პირებისთვის მიიღეს, ვისაც პრესტიჟულ ტერიტორიებზე დიდი ნაკვეთები აქვთ ხელში ჩაგდებული და მზად არიან, მის დასაკანონებლად დიდი ფული გადაიხადონ. მოვა ვიღაც მდიდარი, კვადრატულ მეტრში 20 ლარს გადაიხდის, მისთვის ეს არაფერია და თავის დროზე უფულოდ შემოღობილი მიწის პატრონი გახდება.

ამბობენ, რომ შევარდნაძის ხელისუფლების დროს აღებულ საბუთებს არ მიიღებენ და დასაკანონებელი მიწის არეალიც გაიზრდება. უამრავი ადამიანი უკანონო მიწის მფლობელად ჩაითვლება. ვაკეში რომ იყოს 15 ლარი, გასაგებია, მაგრამ სოფლებისთვის ეს ძალიან მაღალი ფასია. სოფელ დიღომში, წავკისში, ოქროყანაში მიწა შესაძლოა ამდენი მართლაც ღირდეს, მაგრამ კანონში ეს ფასი სასოფლო-სამეურნეო მიწას დაადეს და ამ კატეგორიის მიწა ამდენი არსად ღირს. იმაზეც არის საუბარი, რომ თუ ვერ იკანონებს, ამ შემთხვევაში გამოსავალი აუქციონი იქნება. აუქციონზე კი შეიძლება გამოჩნდეს ვიღაც, ვინც იტყვის, რომ ყიდულობს ამ მიწას, იხდის ფულს და იქიდან გამომაგდებს".

ზვიად გ. (თბილისის გარეუბნის მცხოვრები): "1200 კვ.მ. მიწა თბილისის შემოგარენში 15 წლის წინ ვიყიდე. მაშინ რაც მოითხოვებოდა, ყველა საბუთი მქონდა. ყველა საჭირო დოკუმენტი მაქვს, რაც მიწის მესაკუთრეს მოეთხოვება, მათ შორის მეზობლების მიერ დამოწმებული დოკუმენტები, რომ წლებია იმ ადგილას ვცხოვრობ. ფოტო და ვიდეომასალაც. გამოდის, რომ ჩემი მიწა ხელახლა უნდა ვიყიდო და ამისთვის 18 ათასი ლარი გადავიხადო. თუ არ გადავიხდი, მოვა ვიღაც, ვისაც ჩემი ეზო მოეწონება და გამომაგდებს ჩემი მიწიდან. ასეთ დღეში არიან ჩემი მეზობლებიც, უამრავი ადამიანი თბილისში და მის შემოგარენშიც.

განსაკუთრებით ბევრი ოჯახია სოფელ დიღომში, რომლებიც რძისა და მაწვნის გაყიდვით ირჩენენ თავს, ასეთ ოჯახებს 2 ჰექტარი ნაკვეთი მაინც აქვთ, რომ ძროხა მოაძოვონ. ამ ხალხმა რა უნდა ქნას? თუ საქონლის საძოვარი არა, ბოსტანი მაინც ხომ უნდა, პომიდორი მაინც რომ მოიყვანოს? თანაც კანონში უწერიათ, რომ ლეგალიზაცია სასოფლო-სამეურნეო მიწებს ეხება. თუ სასოფლო-სამეურნეო მიწაზეა საუბარი, ასეთი ფასი, მით უმეტეს, არარეალურია. ასე ძვირი მიწა შამპანშიც არ ღირს".

გურამ ჩახვაძე (დეპუტატი): "საუბარია მიწაზე, რომელზეც დოკუმენტები არ არის წესრიგში და ამის გამო ვერ ისაკუთრებენ. მაგალითად, მიწა ნაყიდია პირისგან, ვისაც დოკუმენტები არასწორად ჰქონდა შედგენილი. ახლა ამბობენ - რაც არის, არის და ხელახლა შეისყიდეთო. ვისაც ასეთი ქონების ლეგალიზება უნდა, რამე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება. 15 ლარი საბაზრო ფასზე ნაკლებია, მაგრამ მას ბევრი ვერ გადაიხდის. ასეთი მაღალი ტარიფის შემოღების წინააღმდეგ გამოვედი და პარლამენტს მისი შემცირება შევთავაზე, მაგრამ არ გაითვალისწინეს. ტარიფს თუ ტოვებენ, მაშინ იმ ოჯახებისთვის, ვისაც გადახდის საშუალება არ აქვს, შეღავათიანი და მოქნილი სქემა მაინც უნდა გააკეთონ, რათა თანხა ნელ-ნელა გადაიხადონ.

ამბობენ, რომ კანონში ცვლილებები სხვა მიზნით, იმ ხალხის ლეგალიზებისთვის ხდება, ვინც წინა წლებში დიდი ფართობები ჩაიგდო ხელში. თბილისში ლეგალიზების დაწყების შემდეგ გამოჩნდება, ვინ დაარეგისტრირა და ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით ცხადი გახდება, ვის აწყობდა ეს ცვლილება და ვის არა. უცნობია, ამ ცვლილებით მთავრობა რა ფინანსურ შედეგს ელოდება. სტატისტიკა კანონპროექტს თან არ ახლავს, არადა, ასეთი მონაცემები, ცხადია, უნდა იყოს".

ლაშა თორდია (პარლამენტის წევრი, კანონპროექტის ინიციატორი): "თუ პირს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები კანონდარღვევით აქვს შედგენილი, შეუძლია მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, გადაიხადოს საფასური და დაიკანონოს. მასზე სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაიწყება. დღეს მოქმედი კანონით კი ასეთი პირის სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა დაწყებულიყო. თუ დოკუმენტაცია კეთილსინდისიერად არის შედგენილი, მფლობელი მიწით ჩვეულებრივ ისარგებლებს. მას არავინ შეეხება. თუ სურს, საერთოდ არ მივა ლეგალიზებისთვის, შეუძლია ყველაფერი ისე დატოვოს, როგორც არის. მიწის ჩამორთმევაზე საერთოდ არ არის საუბარი, რადგან ასეთი უფლება ამ მიწაზე, უბრალოდ არ არსებობს. ცვლილება არ ეხება იმ ნაკვეთებს, სადაც პირს სახლი ან სხვა შენობა-ნაგებობა აქვს.

- მაგრამ თუ მიწას ვერ ან არ დაიკანონებს, ხომ შეიძლება სახელმწიფო დაეპატრონოს ან სხვამ იყიდოს და მას ტერიტორია დაატოვებინონ?

- ეს მიწა ამჟამად ისედაც სახელმწიფოს საკუთრებად ითვლება. თუ პირი არ დაიკანონებს, ცხადია, რომ შეიძლება სხვამ იყიდოს. თუ ოფიციალური მფლობელი არ არსებობს, შეიძლება ეს მიწა აუქციონზეც გაიყიდოს.

- 15 ლარი ხომ საკმაოდ ძვირია. ბევრი ოჯახი ამხელა თანხას, უბრალოდ, ვერ გადაიხდის...

- თუ გადავხედავთ თბილისის შემოგარენში არსებულ საბაზრო და ნორმატიულ ფასებს, 15 ლარი მაღალი საფასური არ არის. პირიქით, ძალიან დაბალიცაა. ტაბახმელაში, წავკისში კვადრატული მეტრის ფასი 60 დოლარზე მეტია, წყნეთში კი 120 დოლარს ზემოთაც ადის. რაც შეეხება ნორმატიულ ფასებს, ის 15 ლარზე მეტია.

ლეგალიზაციის შანსი იმ მიწის ნაკვეთებს აქვს, რომელზეც დოკუმენტები 2007 წლის 1-ელ იანვრამდეა გაცემული. პირის მიერ საჯარო რეესტრში მიტანილი საბუთები წესრიგშია თუ გაყალბებული, ამას სპეციალური სამთავრობო კომისია დაადგენს.

ნონა ქვლივიძე