ცუნამი მსოფლიო ეკონომიკაში - კვირის პალიტრა

ცუნამი მსოფლიო ეკონომიკაში

იაპონიის მთავრობა ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის უცხოეთის ვალს არ დაიდებს

მიწისძვრამდე იაპონია, შეერთებული შტატებისა და ჩინეთის შემდეგ, მსოფლიოში უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყანა იყო. სტიქიამ ვითარება შეცვალა. იაპონიის ეკონომიკამ $125-დან $200 მილიარდამდე ზარალი ნახა და ეკონომიკური ზრდის პროგნოზმაც 1,5-დან 1,1%-მდე დაიწია. სპეციალისტები საუბრობენ უფრო გრძელვადიან უარყოფით გავლენაზეც, რასაც იაპონიის პრობლემა გლობალურ ეკონომიკას შეუქმნის.

უცხოელი ეკონომისტები ამბობენ, რომ ჯერ კიდევ ადრეა საუბარი, რა შედეგებს მოუტანს იაპონიაში მიმდინარე სტიქიური თუ რადიაციული კატაკლიზმები მსოფლიო ეკონომიკას. მაგრამ იმის თქმა უკვე შეიძლება, რომ იაპონიის ეკონომიკაში რეცესია გარდაუვალია.

საბირჟო ინდექსები დაეცა, იაპონიამ დიდი რაოდენობით ბუნებრივი რესურსები დაკარგა, გაჩერდა მსხვილი ქარხნები. იაპონური იენის კურსი მერყევია. ის დოლარის მიმართ ჯერ მყარდებოდა, პარასკევს კი მცირედით დაეცა - მას შემდეგ, რაც დიდი შვიდეულის ქვეყნებმა განაცხადეს, რომ კურსის დასტაბილურებისთვის ვალუტის ბაზრებზე ერთობლივად ჩაერეოდნენ. იაპონიას ფული სჭირდება და თუ ის იენის მოსაზიდად დოლარს გაყიდის, ამან შესაძლოა დოლარის მიმართ იენის გამყარება გამოიწვიოს. რადგან იაპონია აშშ-ის სავალო ფასიანი ქაღალდების სიდიდით მეორე მფლობელია, ეს პროცესი მსოფლიო ბირჟებზეც მოახდენდა გავლენას, ამიტომ საქმეში სასწრაფოდ ჩაერივნენ დიდი შვიდეულის ქვეყნები.

11 მარტის შემდეგ ნავთობის მსოფლიო ფასებმა შემცირება დაიწყო, ამის მიზეზი ინვესტორების შიში იყო, რომ დამანგრეველი სტიქია "შავ ოქროზე" მოთხოვნას შეამცირებდა. იაპონია ჩინეთის შემდეგ ნავთობის სიდიდით მეორე მომხმარებელია და ინვესტორებიც მოელოდნენ, რომ იაპონიის მოთხოვნის შემცირების გამო გაყიდვა დაიკლებდა. იაპონია 5 მილიონ ბარელ ნავთობს მოიხმარს. მაგრამ ბოლო დღეებია, ბაზარმა იაპონიის მოვლენების გავლენა "მოინელა" და ნავთობი კვლავ ძვირდება. ლიბიის არასტაბილური ვითარება თუ ბაჰრეინის მოვლენები ფასს ზრდისკენ უბიძგებს.

მომავალ თვეებში იაპონია უფრო ნაკლებად იქნება დამოკიდებული ატომურ ენერგიაზე, ხოლო უფრო მეტად - გაზსა და ნავთობზე. ეს ნიშნავს, რომ მომავალ კვირებში მაღალი ფასები შენარჩუნდება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თავის ბირთვულ გეგმებს სხვა ქვეყნებიც გადახედავენ. ახლო აღმოსავლეთში არეულობაც ნავთობის ფიუჩერსებს კიდევ უფრო აძვირებს.

იაპონური რეაქტორების დაზიანებამ მსოფლიო ენერგეტიკული პანიკა უკვე გამოიწვია. ატომური რეაქტორების გაჩერების მოთხოვნით ბევრ ქვეყანაში საპროტესტო აქციები მოეწყო. თუ აშშ და სხვა ქვეყნები ატომური ენერგიის გამოყენებას შეამცირებენ, მოიმატებს მოთხოვნა ნავთობსა და ქვანახშირზე, რადგან ატომურ ენერგიას ქარისა და მზის ენერგია დიდხანს ვერ ჩაანაცვლებს. იმ დროს, როცა ურანის ინდექსები სწრაფად დაეცა 30%-ით, ქვანახშირის აქციები მაღალ ნიშნულზე რჩება. ოქრო, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ძვირდებოდა, 11 მარტის შემდეგ მკვეთრად გაიაფდა იმ ვარაუდის გამო, რომ იაპონიის ცენტრალურ ბანკს შესაძლოა თავისი ოქროს მარაგების გაყიდვა დაეწყო, რადგან ქვეყნის აღდგენისთვის ფული სჭირდება. კვირის ბოლოს ოქროს ფასმა ისევ აიწია, როგორც წესი, დოლარის კურსის დაცემის საპირისპიროდ.

ერთი კვირის განმავლობაში ქვემოთ მიდიოდა მარცვლეულის ფასებიც. ესეც იაპონიის მოვლენების გამო: ამერიკული ხორბლით დატვირთული გემები იაპონიის ცუნამისგან დაზიანებულ პორტებში შესვლასა და დაცლას ვერ ახერხებდნენ. ამას დაემატა ტრეიდერების მოლოდინი, რომ იაპონიაში ხორბლის მოხმარება შემცირდებოდა, მცირე ხნით მაინც. ნავთობისა და ოქროს მსგავსად, კვირის ბოლოს ფასი ხორბალსაც მოემატა.

არაერთმა იაპონურმა კომპანიამ დიდი ზარალი ნახა, მაგრამ ბევრი ამერიკული კომპანია ამით იხეირებს. მაგალითად, ავტოკონცერნები, ავტონაწილებისა და ელექტრონიკის მწარმოებლები. სამაგიეროდ, გლობალური კომპანიები, ვისაც ბიზნესი იაპონიაშიც ჰქონდა, ("კოკა-კოლა", "მაკდონალდსი") ბირჟებზე აქციების ფასს კარგავენ.

სტიქიის გამო ავტომობილების ბაზარზე დაახლოებით 50 ათასი იაპონური მანქანა ვეღარ მოხვდება. "ტოიოტას" აქციების ფასი 8%-ით, "ნისანის" 10%-ით, "ჰონდასი" - 6,5%-ით დაეცა. "ტოიოტა" იაპონიის ქარხნებში ავტონაწილების წარმოებას ხუთშაბათს განაახლებს, მაგრამ ავტოკონცერნში ჯერ ვერ ასახელებენ, როდის განაახლებენ ავტოწარმოებას. მუშაობა დაიწყო "მიცუბიშიმ". წარმოებას "ნისანიც" შეუდგა, თუმცა ჯერ ვერ ამბობს, დამკვეთებისთვის პროდუქციის მიწოდება როდის მოხერხდება.

კომპანიის 12-მა ქარხანამ მუშაობა 11 მარტს შეაჩერა. როდის დასრულდება ეს ყველაფერი, ზუსტად არავინ იცის. სპეციალისტებს ფასების პროგნოზირებაც უჭირთ.

სტიქიიდან ერთი კვირა გავიდა და აზიაზე მისი გავლენა ჯერ მხოლოდ იწყება. იაპონიის მხრიდან ენერგიასა და ნედლ მასალებზე მოთხოვნის ზრდაა მოსალოდნელი, იმათ კი, ვინც გადამმუშავებელ მრეწველობაში იაპონურ მასალებს იყენებს, წარმოების შემცირება მოუწევთ.

სამხრეთ კორეა, როგორც ავტო და ფოლადის წარმოებაში იაპონიის კონკურენტი, დაზარალებულ ქვეყანაში წარმოების შემცირებით მოგებული დარჩება. დარტყმას მიიღებს ჩინეთის ეკონომიკაც. მაღალტექნოლოგიური ელექტრომოწყობილობებს ჩინეთი იაპონიისგან ყიდულობს. მაგალითად, "ნიკონის" ვიდეოკამერების ფასი რამდენიმე ასეული დოლარით უკვე გაძვირდა. ჩინეთში გაიზარდა საკვებისა და ბოსტნეულის ფასებიც. მსგავსი სიტუაციაა ტაივანშიც. კომპანიები, რომლებიც ავტომობილებს, ავტონაწილებსა და ნახევარგამტარ მოწყობილობებს აწარმოებენ, საჭირო მასალებით უმეტესად იაპონიიდან მარაგდებიან, მათ მინიმუმ ერთი-ორთვიანი შეყოვნება ექნებათ. თუ იაპონური ქარხნები ნორმალურ მდგომარეობას ვერ დაუბრუნდებიან, შეიქმნება დეფიციტი და ფასებიც გაიზრდება.

ტაივანთან ერთად, იაპონელი ტურისტების კლების გამო დაზარალდება სხვა ქვეყნების ტურისტული ბიზნესიც. სამაგიეროდ, გაყიდვის ზრდას ელოდება ავსტრალია, ქვანახშირისა და გათხევადებული გაზის ძირითადი ექსპორტიორი. იაპონიისთვის ენერგორესურსების მეორე მიმწოდებელი ალბათ, ინდონეზია იქნება და ისიც მოთხოვნის ზრდას ელოდება. იაპონია ინდოეთის ინფრასტრუქტურაში გრძელვადიან ინვესტიციებს აბანდებს და ეკონომიკურმა შეფერხებამ შესაძლოა ინდოეთში გეგმებიც დააბრკოლოს.

იაპონიის სტიქიამ შესაძლოა საქართველომდეც მოაღწიოს. პირველ რიგში, ის ალბათ ავტომობილების იმპორტზე აისახება. კომპანია "ჯი მექსი" იაპონური კომპანიაა, რომელიც საქართველოში მეორად ავტომობილებს გზავნის. კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ იაპონიაში მიმდინარე მოვლენები ექსპორტში ხელს არ შეუშლის, რადგან მხოლოდ ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე პორტებია დაკეტილი. იქ არის ბენზინისა და დიზელის საწვავის დეფიციტი, რაც მანქანების პორტამდე მიყვანის ხარჯებს ზრდის, თუმცა ეს მანქანის ფასებს არ გაზრდის. ექსპორტიორის თქმით, დამტვრეული და დაზიანებული მანქანები საზღვარგარეთ არ გაიყიდება და ცუნამით დაზიანებულ მანქანებს არც საქართველოში გამოგზავნიან.

"მორგან სტენლის" წარმომადგენლები ხედავენ საშიშროებას, რომ მიწისძვრა მსოფლიო ეკონომიკას ხელახალი რეცესიით ემუქრება. თუ ვალუტის კურსის რყევები გაგრძელდა, ეს გლობალურ ეკონომიკას გაცილებით უარეს შედეგებს მოუტანს, თუმცა ეკონომისტები იმავდროულად იმასაც ამბობენ, რომ იაპონიაზე მსოფლიო ეკონომიკის 10% მოდის და ინვესტორებისა და მყიდველებისთვის პანიკის საფუძველი არ არსებობს. "ჯი-პი მორგანის" ეკონომისტები ამბობენ, რომ იაპონელები დიდ ადამიანურ და ფინანსურ რესურსებს ფლობენ და სწრაფად აღდგენას მოახერხებენ. საგულისხმო ფაქტია, რომ იაპონიის მთავრობა ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის ვალს არ დაიდებს. ქვეყნის მთავრობა ევროსა და დოლარს არა უცხოური ბაზრებიდან, არამედ საკუთარი ხალხისგან ისესხებს.

ნონა ქვლივიძე