ვაშლის ბაღები "მოძველდა" - კვირის პალიტრა

ვაშლის ბაღები "მოძველდა"

კარგი მოსავლის პირობებშიც კი, ნაყოფის დიდი ნაწილი დაბალხარისხიანია და გაწეულ ხარჯებს ძნელად თუ ფარავს

დღეს საქართველოს ბაზარზე ძირითადად უკრაინული და ირანული ვაშლი იყიდება, თანაც ქართულზე იაფიც ღირს. შარშანდელი მოუსავლიანობის გამო რეკორდულად მცირე მოსავალი მივიღეთ. თუ მეხილეობას ხელი არ შეეწყო, კარგი დღე არც წლეულს დაგვადგება - საგაზაფხულო სამუშაოები უკვე იწყება, გლეხები კი უსახსრობას უჩივიან. თუ ასე გაგრძელდა, სოფლის მეურნეობის ბევრი სხვა პროდუქტის მსგავსად, შესაძლოა მომავლში ადგილობრივი ვაშლი მთლიანად იმპორტირებულმა ჩაანაცვლოს.

გელა ჯავახიშვილი (გორის რაიონის მკვიდრი): "რაც წამალი მქონდა, ყველაფერი ვაშლს მოვახმარე, მაგრამ ხარისხს მაინც ვემდური. იმპორტირებული ვაშლი ძლიერ კონკურენციას უწევს. ვისაც ჰქონდა მცირე მოსავალი მაინც, უკვე გაყიდა. ქართველ გლეხს ვაშლი იმიტომ ვერ მოჰყავს, რომ შხამქიმიკატები ძალიან ძვირია, გლეხებს კი ხშირად საჭმლის ფული არ აქვთ. 1 ჰექტარი ბაღის სათანადო მოვლისთვის სამი ათასი ლარი მაინც არის საჭირო. ამ შემთხვევაში, თუ უამინდობამ არ გაზარალა, სულ ცოტა, 4 ტონა ვაშლი მაინც უნდა მოიყვანო. მისი უმეტესი ნაწილი ე.წ. საწარმოო ვაშლია და ამიტომ ხარჯებიც არ იფარება.

წინა წელს ჭარბი მოსავალი რომ გვქონდა, ფასი იმდენად დაბალი იყო, რომ შრომა ფაქტობრივად წყალში ჩაგვეყარა. გადაყრა გვერჩივნა, ისეთ ფასად იბარებდნენ ქარხნები.

ოცნებად გვექცა ის დრო, როცა ჩვენი ვაშლი საექსპორტოდ გადიოდა. რუსეთის ბაზრის ალტერნატივა ვერ ვიპოვეთ, უკრაინაში ვცადეთ, მაგრამ იქაურებსაც აქვთ და იქ მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ შეტანას, თუ მოუსავლიანი წელიწადი ექნებათ.

სახელმწიფო არაფრით გვეხმარება, ერთხელ ომის შემდეგ დაგვირიგეს შხამქიმიკატები, ისიც გვიან დაარიგეს, როცა ხილის წამლობა უკვე დასრულებული იყო. აპრილში ყველაფერი მომარაგებული უნდა გქონდეს, რომ დაიწყო და გახვიდე ბოლოში. სამი-ოთხი წამლობა სჭირდება ვაშლის ბაღს. ამის გამო ბევრმა ბაღები გაჩეხა და ძირითადად მარცვლეული კულტურები მოჰყავთ. ოთხ ჰექტარზე ხორბალი მქონდა, არაფერი დამიკლია, მაგრამ მოსავალი მაინც ვერ ავიღე. ხალხს ბანკებიდან კრედიტები აქვთ აღებული და იმასაც ვერ ფარავენ. ტყვიავის საკონსერვო ქარხანა ძალიან დაბალ ფასში იბარებს, 4-5 თეთრად კილოგრამ ვაშლს.

წლეულს ხომ თითქმის არ ყოფილა მოსავალი, მაგრამ მაინც ამ ფასად ჩაიბარეს. ყუთში 2 ლარს იხდიდნენ. ეს ფასი მიმღებ პუნქტებშია და ამას ტრანსპორტირების ხარჯიც ხომ უნდა დაუმატო. შენგან რომ წაიღონ, უფრო ნაკლებს გადაგიხდიან. ადრე ყველა ხარისხის ვაშლს ვყიდდით. ხარისხიანი ჩვენ ვერ მოგვყავს, ეს უხარისხო კი ნაგვის ფასია. 30 თეთრი რომ მაინც გადაიხადონ ქარხნებმა, ყველაფერი კარგად იქნება. ესენი საგანგებოდ აგდებენ ფასს. ცოტაა გადამმუშავებელი ქარხანა და ფასზეც თანხმდებიან, თვითონ კი კონცენტრატს საკმაოდ ძვირად ჰყიდიან.

ვაშლის შენახვის პრობლემა იმდენად არ დგას. სარდაფები გვაქვს და მოსავლიანობის პირობებში მათი ტევადობა საკმარისია. ვისაც საშუალება აქვს, ძველი ჯიშები გაკაფა და უცხოური ჯიშები ჩაყარა, მაგრამ ეს ერთეულებია. ნერგი ძალიან ძვირი ღირს, ცალი 15 ლარი და უმეტესობას ამის ფუფუნება არ აქვს. სახელმწიფო პროგრამით, ნერგებით მაინც დაეხმარონ გლეხობას.

გორის საბითუმო ბაზრობაზე უმაღლესი ხარისხის ვაშლი 3-4 ლარი ღირს, ხოლო ანტონოვკა 6-7 ლარია კილოგრამი. არც ასეთი ფასი გვახსოვს და არც ასეთი მწირი მოსავალი".

თამაზ კუნჭულია (ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი): "მეხილეობაში რამდენიმე პრობლემამ იჩინა თავი, პირველ რიგში, მორწყვის პრობლემამ. ბაღების ნაწილი ვერ ირწყვება, რადგან წყლის სათავე ნაგებობები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდა. უწყლოდ ძალიან ბევრი სოფელი დარჩა. მეორე პრობლემაა შხამქიმიკატები, მათი ვარგისიანობა პრაქტიკულად არ მოწმდება. ახლა ჩვენ წარმოშობის სერტიფიკატის სანდოობის იმედად ვართ, ადრე კი წესად იყო, შემოწმებამდე შხამქიმიკატები არ გამოყენებინათ. ამასთან, ისინი სულ უფრო ძვირდება.

მალე წამოიჭრება ევროპის ბაზარზე ექსპორტის საკითხი. ევროპის ბაზარს კი ის ტკბილი ხილი, რომელიც ჩვენ გვაქვს, არ უყვარს. ამისთვის კი მეხილეობა უნდა გარდაიქმნას, უნდა გადავიდეთ ნაკლებად ტკბილ ჯიშებზე, მოვაწყოთ სანერგეები, მოსავალს მხოლოდ მეორე-მესამე წელს მივიღებთ. დამტკიცებულია, რომ 20-25 წელიწადში ერთხელ ევროპის ბაზარზე მოთხოვნილება იცვლება. მწვანე ვაშლზეა, მოთხოვნილება და არა ისეთზე, როგორიც ჩვენ მოგვყავს.

თანდათანობით არის საჭირო სხვა გემოვნური თვისებების ხილზე გადასვლა. რაც მთავარია, ამისთვის სანერგე მეურნეობა უნდა გვქონდეს, რათა ჩვენს ხილს საექსპორტო პოტენციალი ექნეს.

ხილის მოყვანისთვის უნიკალური ზონაა მესხეთის ნაწილი და განსაკუთრებით, შიდა ქართლი. დახმარება შესაძლოა გაეწიოთ არა პროდუქციის შესყიდვის სუბსიდირებით, არამედ შხამქიმიკატების სახით და ნაწილობრივ თანხითაც".

კოტე კობახიძე (სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის უფროსი): "ამჯერად ვმუშაობთ პროგრამაზე, რომლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია მოძველებული ბაღების ახალი, თანამედროვე ტიპის ბაღებით ჩანაცვლება. ეს რომ მოხდეს, პირველ რიგში, უნდა გვექნეს ნაგალა (დაბალტანიანი ხეხილი) და ნახევრად ნაგალა ბაღების გაშენების საშუალება. ამისთვის კი სანერგეებია საჭირო.

ამჟამად ნაგალა და ნახევრად ნაგალა სანერგეების რაოდენობა ძალიან შეზღუდულია და 11 ათას ჰა-მდე ძველი ბაღების ჩანაცვლების საშუალებას არ გვაძლევს. ამიტომ ამ ეტაპზე ახალი სანერგეების გამართვაზე ვმუშაობთ. დღეს ასეთი ნერგები იმპორტით შემოდის. სანერგეების გამართვა კი მყნობის პროცესის აქ წარმართვის შესაძლებლობას მოგვცემს. შესაძლოა საძირე და სადედე მასალა ისევ უცხოეთიდან შემოვიტანოთ, რადგან იაფია. სადედე და საძირე მასალის შემოტანა, ორივე ერთად 0,8-1 ევრო ჯდება, მზა ნერგის შემოტანა კი 6-7 ევრო.

ბაღების განახლება ეტაპობრივად მოხდება. 10 ათასზე მეტი ჰა ბაღის განახლება ადვილი არ არის. გეგმას ჩამოვაყალიბებთ და იმის მიხედვით ვიმოქმედებთ. ყოველწლიურად 200-დან 500 ჰა-მდე რომ განახლდეს, უკვე კარგი მაჩვენებელი იქნება".

ციფრების ენით

- "საქსტატის" ინფორმაციით, საქართველოში 1 კგ ვაშლის საშუალო წლიური ფასი წლების მიხედვით ასე იზრდებოდა: 2006 წელს იყო 1,05 ლარი, 2007 წ. - 1,82 ლარი, 2008 წ. - 1,16 ლარი, 2009 წ. - 1,71 ლარი.

- 2009 წელს მოწეული პროდუქციის მოცულობით რეგიონებს შორის ლიდერობდნენ შიდა ქართლი (52,6 ათასი ტონა) და სამცხე-ჯავახეთი (14,3 ათასი ტონა). დანარჩენ საქართველოში მოსავალმა 13,8 ათასი ტონა შეადგინა (სულ ქვეყანაში - 80,7 ტონა).