სამრეწველო ვაშლის ჩაბარების ფასი 3-4 თეთრია - კვირის პალიტრა

სამრეწველო ვაშლის ჩაბარების ფასი 3-4 თეთრია

გორის რაიონში წლეულს ვაშლის დიდი მოსავალია. თუმცა უხვმა მოსავალმა გლეხებს მეტი საზრუნავი გაუჩინა, ვიდრე მოუსავლიანობამ. წინასწარი მონაცემებით, გორელები დაახლოებით 160 ათასი ტონა ვაშლის მოკრეფას ვარაუდობენ, ადგილობრივი ბაზარი ამის მხოლოდ 20-25%-ის ათვისებას თუ შეძლებს, დანარჩენი კი საექსპორტოდ უნდა გავიდეს ან კონცენტრატებისთვის გადამუშავდეს.

გლეხების საზრუნავს ისიც დაემატა, რომ წლევანდელი მოსავლის დიდი ნაწილი უხარისხოა და მხოლოდ სამრეწველო დანიშნულებისთვის თუ გამოდგება. სამრეწველო ვაშლს კი ამჟამად, ფაქტობრივად, მხოლოდ გორის საკონსერვო კომბინატი "გორკონი" იბარებს, რომლის სიმძლავრე სულ რაღაც 10-12 ათასი ტონაა. ვინაიდან "გორკონს" ხილის ჩაბარების თვალსაზრისით ბაზარზე კონკურენტი არ ჰყავს და მოსავლის სიუხვეც ხელს აძლევს, გლეხებისგან სამრეწველო ვაშლს უპრეცედენტოდ დაბალ ფასად - კილოგრამს სულ რაღაც 4 თეთრად იბარებს. ხილის გადამმუშავებელი სხვა საწარმოები კი ვაშლის ჩაბარებას ჯერ არ ჩქარობენ, რადგან ორი წლის წინ, პრეზიდენტის ხათრით, იმდენი ხილი ჩაიბარეს, რომ კონცენტრატების გასაღების პრობლემა დღემდე უდგათ.

მაღალი ხარისხის ვაშლის საექსპორტოდ გატანაც ასევე პრობლემაა. გასაგები მიზეზების გამო, გლეხები ამაზე ღიად არ საუბრობენ, მაგრამ აღნიშნავენ, რომ საექსპორტო გზების გაკვალვაში დახმარება ადგილობრივმა ხელისუფლებამ აღუთქვათ. პირად საუბრებში კი ისინი, ვისაც ქვეყნიდან ვაშლი საექსპორტოდ გააქვს, ჰყვებიან, რომ ხშირად უცხო ქვეყნების საბაჟო სამსახურები ბიუროკრატიულ ბარიერებს უქმნიან, კვირაობით უჩერებენ ხილით დატვირთულ კონტეინერებს საბაჟო ტერმინალში, რითაც მათ მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალი ადგებათ. ამიტომ გორელი მეხილეები ფიქრობენ, რომ სახელმწიფოს მხრიდან ექსპორტის ხელშეწყობა, სულ ცოტა, მეგობარ ქვეყნებთან მოლაპარაკებებითა და დაბრკოლებების მოხსნით (ან შემცირებით მაინც) უნდა გამოიხატოს.

ზაქარია  მაზმიშვილი (გორელი ფერმერი): "გორში ვაშლის კრეფა ნაწილობრივ დაწყებულია. ჯერ ადრეული ჯიშები იკრიფება და თვის ბოლოს, 1-ელი ოქტომბრიდან დაიწყება მასობრივი კრეფა. ვაშლის ბაღები გორის რაიონში დაახლოებით 11 ათას ჰექტარზეა გაშლილი და კარგი მოსავლის შემთხვევაში, ჰექტარზე 20 ტონა მოდის. წლეულს უხვი მოსავალი გვექნება, დაახლოებით, 15 ტონა ჰექტარზე, მაგრამ ხარისხი დაბალია. დახმარების პროგრამაც, რომელიც გლეხებისთვის შხამქიმიკატების დარიგებას ითვალისწინებდა, ცოტა გვიან დაიწყო, უამინდობამაც გააფუჭა მოსავალი, ამიტომ კარგი და ხარსიხიანი ვაშლი წლეულს ცოტა გვექნება. დაახლოებით ნახევარი ნახევარზე იქნება კარგი და სამრეწველო ვაშლი.

ვაშლი ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე იყიდება, ამ ეტაპზე არ ჩანს საშუალება, რომ მოსავალი საექსპორტოდ გავიტანოთ. მესამე ხარისხის ვაშლს გორის ხილის გადამმუშავებელი ქარხანა იბარებს და გლეხებს კილოგრამში 4 თეთრს უხდის. ეს ერთობ დაბალი ფასია და ხალხს არც კი უღირს ჩაბარება, რადგან ზარალს უფრო ნახულობენ, ვიდრე მოგებას. სანამ ჩასაბარებლად მიიტან, ვაშლი ხომ უნდა დაკრიფო, შემდეგ ტრანსპორტირების ხარჯები გასწიო, და ძვირი ჯდება.

ბევრი არც ყიდის მოსავალს და ელოდება, რომ იქნებ რამე სასიკეთო მოხდეს. პირველი ხარისხის ვაშლი კი ჯერ მცირე რაოდენობითაა დაკრეფილი და ადგილობრივ ბაზარზე კილოგრამი 50 თეთრი ღირს. ეს ფასი მანამ შენარჩუნდება, სანამ მოსავალი მთლიანად დაიკრიფებოდეს და დაბინავდებოდეს. უხვი მოსავლის შემთხვევაში, თუ ვაშლი საექსპორტოდ არ გავიდა, ადგილობრივ ბაზარზე მისი ფასი რეკორდულად დაბალი იქნება. შარშან მოსავალი ფაქტობრივად არ იყო და ვაშლი საკმაოდ ძვირი ღირდა. ახლა კი შარშანდელზე სამჯერ დაბალი ფასია.

წინა წლებში, გორის ვაშლი სარეალიზაციოდ ძირითადად რუსეთში გადიოდა. წლეულს შესაძლოა უკრაინაში გავიტანოთ, მაგრამ თუ გადამმუშავებელმა ქარხნებმა სიმძლავრეები არ გაზარდეს, სამრეწველო ვაშლის რეალიზაცია გაჭირდება.

ვაშლის შესანახი საწყობები გლეხებს სახლში აქვთ მოწყობილი და ზამთრამდე შენახვის პრობლემა არ არის, მაგრამ თუ იმ დროისთვისაც გამოსავალი არ მოიძებნა, მთელი შრომა წყალში ჩაეყრებათ, რადგან ჩვენი ბაზარი ამდენ მოსავალს ვერ აითვისებს".

კოტე კევლიშვილი (სოფლის მეურნეობის სამინისტროს დარგობრივი განვითარების სამმართველოს ხელმძღვანელი): "წლეულს ვაშლის მოსავალი საკმაოდ უხვია. წინასწარი მონაცემებით, დაახლოებით 160-170 ათასი ტონა მოიკრიფება, მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ ამ მოსავალში დიდი მოცულობა უხარისხო და არასტანდარტულია. მიზეზი რამდენიმეა. ჯერ ერთი, ძირითადად ეს ვაშლის ძველი ჯიშებია, რა თქმა უნდა, გავლენა იქონია ბუნებრივმა პირობებმაც - გორის რაიონს სეტყვამ რამდენჯერმე გადაუარა, რამაც ვაშლის სასაქონლო სახე გააფუჭა.

ტრადიციულადაც, ჩვენთან ჯერ კიდევ არ არის მასობრივად დანერგილი ახალი ჯიშის ვაშლის გაშენება. ასეთი ბაღი რამდენიმეა ქარელისა და გორის რაიონებში. ამდენად, ჩვენი ვაშლი ნაკლებად უწევს კონკურენციას იმ ახალ პროდუქტს, რომელიც საერთაშორისო ბაზარზეა. პატარა ბაღებია, ზოგს სამ, ზოგსაც ხუთ ჰექტარზე აქვს გაშენებული. კერძო ფერმერები არიან, რომლებიც ახალი ნერგები გაზარდეს, უფრო მეტად პლანტაციური ჯიშებია, შედარებით ადვილია მოსავლელად და ნაყოფიც უფრო კარგი და საღია. საერთოდ, ფერმერები და გლეხები, ვისაც შესაძლებლობა აქვს, ახალ ჯიშებზე გადადადიან. ახალი ჯიშების მოსავლიანობა ჰექტარზე დაახლოებით 60 ტონას აღწევს...

ბუნებრივი პირობების გამო წლეულს ნაყოფი წვრილია, ბევრიც დასეტყვილია, სასაქონლო სახე დაკარგული აქვს. პრობლემაც სწორედ ასეთი დაბალი ხარისხის ვაშლის გასაღებაა, რადგან ძალიან დაბალ ფასად იბარებენ. ჩვენ ვესაუბრეთ გორის კონცენტრატების ქარხანას და როგორც გვითხრეს, კილოგრამ სამრეწველო ვაშლს 4 თეთრად იბარებენ. ხელშეკრულებები აქვთ გაფორმებული უცხოელ ინვესტორებთან, რომლებიც მათგან კონცენტრატებს ყიდულობენ. ახლა წარმოიდგინეთ, გლეხმა იქამდე ხომ უნდა მიიტანოს მოსავალი. ადგილზე, სოფლებშიც დადიან კერძო პირები, რომლებიც გლეხებისგან ადგილზე ვაშლს 2 თეთრად ყიდულობენ. დაბალი ფასია.

კარგი ხარისხის ვაშლზე ფასი ჯიშების მიხედვით მერყეობს. "ანტონოვკა" და "გოლდენი" კილოგრამი 50-60 თეთრი ღირს, "ბროცკი" ცოტა უფრო იაფია, კილოგრამზე 30 თეთრი. "კეხურა" დიდი მოთხოვნით სარგებლობს, გამძლე ვაშლია. მისი შენახვა და რეალიზაცია გაზაფხულზეც კი შეიძლება. ადგილობრივი ბაზარი მთლიან მოსავალს, რა თქმა უნდა, ვერ აითვისებს. აქ სულ დაახლოებით 20-25 ათასი ტონა ვაშლი იყიდება ყოველწლიურად. მაგალითად, 2007 წელს, როდესაც ასეთივე დიდი მოსავალი გვქონდა, დაახლოებით 100 ათასი ტონა უხარისხო ვაშლი ჩაიბარა კახეთის კონცენტრატების ქარხანამ, ნაწილი ექსპორტზე გავიდა უკრაინაში, აზერბაიჯანში, აზერბაიჯანის გავლით კი აზიის ქვეყნებშიც გავიდა რეექსპორტზე. წლეულს გორის ქარხანაც მუშაობს, "ჰიპის" ქარხანაც ჩაიბარებს ვაშლს, მაგრამ ოქტომბრიდან. გარდა ამისა, ტყვიავშია საკონსერვო ქარხანა, სამი საამქრო აქვს, მაგრამ ის სამრეწველო ვაშლს 3 თეთრად იბარებს. დაბალი ფასია, რადგან ერთი კილოგრამი კონცენტრატის წარმოებისთვის დაახლოებით 10 კილოგრამი ვაშლია საჭირო. თუ ბიზნესი რენტაბელური არ იქნება, მწარმოებელს არ უღირს მისი წარმოება. 2007 წელს, საკონსერვო ქარხნები კილოგრამ სამრეწველო ვაშლს 6 თეთრად იბარებდნენ. ეკონომიკურმა კრიზისმა ბევრი რამ გააიაფა და ფასებზე ამანაც იმოქმედა.

კარგი ხარისხის ხილი ძირითადად უკრაინასა და ყაზახეთში გადის. ადრე კი ჩვენი მოსავლის 80% რუსეთში გადიოდა. ჩვენი ინფორმაციით, იქ კილოგრამი ქართული ვაშლი დაახლოებით ერთ დოლარად იყიდება. ისეთი პროგრამა, როგორიც არის რთველთან დაკავშირებით, სახელმწიფოს ვაშლზე არ აქვს. ვაშლი არ არის მალფუჭებადი პროდუქტი, ყურძნისგან განსხვავებით. მევენახე მოსავალს საზღვარგარეთ ვერ გაიტანს, გაუფუჭდება, მებაღეს კი აქვს დრო, რათა შუამავალი მოძებნოს გასაღებისთვის. გარდა ამისა, გორის რაიონში არიან წვრილი მეწარმეებიც, რომლებიც ყიდულობენ ვაშლს და ჯემს ამზადებენ".