როგორ უნდა გადაურჩეს ეკონომიკა სრულ "ნოკდაუნს"?! - კვირის პალიტრა

როგორ უნდა გადაურჩეს ეკონომიკა სრულ "ნოკდაუნს"?!

"რა იქნება ორი თვის შემდეგ, როცა წესით რეგულაციები უნდა მოიხსნას, ამის პროგნოზი შეუძლებელია, რადგან თავად ვირუსი არ ექვემდებარება არანაირ პროგნოზს"

ერთ წელიწადში უკვე მეორედ საქართველოს მკაცრი რეგულაციებით უწევს ცხოვრება. გაჩერებულია ბიზნესების დიდი ნაწილი, არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და დღე-ღამის განმავლობაში (10 სთ) შეზღუდულია გადაადგილება. რა დარტყმა მოგვაყენა პირველმა ლოკდაუნმა, კარგად გვახსოვს - 1 თვეში საქართველოს ეკონომიკა 16,6%-ით შემცირდა, ხოლო, ოფიციალური მონაცემებით, 100 ათასი კაცი უმუშევარი დარჩა. რეგულაციებში მოქცეულ ბიზნესს ამჯერად ორჯერ მეტი დასაქმებულის დათხოვნა მოუწევს, ფინანსურმა ზარალმა კი შესაძლოა ათეულობით და ასეულობით მილიონს მიაღწიოს. ხელისუფლება მოსახლეობასაც და ბიზნესსაც ანტიკრიზისული პროგრამებით დაეხმარება, მაგრამ რამდენად საკმარისი იქნება, როცა წინ ურთულესი ეპიდემიოლოგიური, ეკონომიკური და პოლიტიკური თვეები გველის.

"ეს ჯერ კიდევ არ არის "ლოკდაუნი"...

გიორგი ცუცქირიძე, ეკონომიკის ექსპერტი: "ეს პირველი ვირუსული პანდემიაა, რომლის მძევალი არა მარტო საქართველო, არამედ საზოგადოდ მსოფლიო ეკონომიკაა. გაზაფხულზე, როცა სხვადასხვა ქვეყანაში პირველად შემოიღეს "ლოკდაუნი", ფაქტობრივად, ვერც ერთი ვერ ასცდა მიწოდების თუ მოთხოვნის ჯაჭვის წყვეტას და წლის ბოლოს ეკონომიკური ვარდნით ამთავრებს. საქართველო არ არის ერთადერთი, სადაც წლის ბოლოს 5%-იანი ეკონომიკური ვარდნაა მოსალოდნელი, ძალიან ბევრ წამყვან ევროპულ ქვეყანაში 8-10%-იან რეცესიებს პროგნოზირებენ. გლობალური მასშტაბით, მთავრობების მიერ "კოვიდ-19"-ზე რეაგირების გამო ფისკალური და მონეტარული ღონისძიებების ღირებულებამ მსოფლიოს მშპ-ის 10%-საც კი მიაღწია.

ამჟამად მკაცრი შეზღუდვები დაგვიწესეს, მაგრამ ეს ჯერ არ არის სრული "ლოკდაუნი". საკითხი ასე დგას: რა წინა პირობები არსებობს, რომ თავიდან ავიცილოთ სრული ჩაკეტვა, და თუ მაინც მოგვიწევს, როგორი იქნება შედეგი?

მოვლენათა განვითარების ყველაზე არასასურველი სცენარია, თუ პანდემიის აღმავლობის შეკავება ვერ მოხერხდება. ასეთ შემთხვევაში ახალი "ლოკდაუნი" გარდაუვალი იქნება.

ცოტა გაზვიადებულია თვალსაზრისი, რომ მორიგ სრულ ჩაკეტვას საქართველოს ეკონომიკა ვერ გაუძლებს. ჩვენ ამ "ლოკდაუნსაც" გადავიტანთ, მაგრამ ძალიან მძიმე შედეგით.

ვნახეთ, რომ პირველი ტალღის დროს ეკონომიკის ჩაკეტვამ არა მარტო ქვეყნების ეკონომიკები დაასუსტა, არამედ გაზარდა უმუშევრობა და მკვეთრად შეამცირა შემოსავლები. ამასთან, მკვეთრად გაიზარდა საბიუჯეტო ხარჯები და საგარეო თუ საშინაო ვალების მოცულობაც. ეს მოხდა ჩვენზე გაცილებით მაღალშემოსავლიან და შედარებით თვითკმარი ეკონომიკის ქვეყნებში.

ეკონომიკის სრული ჩაკეტვა ყველაზე უკიდურესი ფორმაა, რომელიც შეიძლება გამოიყენოს მთავრობამ პანდემიის სამართავად. ეს ქვეყანაზე მძიმედ აისახება, ეკონომიკის ვარდნა მაღალი იქნება. სულ ცოტა, კიდევ ერთი წლით გადაიდება ეკონომიკის გაჯანსაღება და დიდი ალბათობით, შევალთ ორმაგი რეცესიის მოდელში, რომელიც გაცილებით მძიმე ფორმაა, ვიდრე თუნდაც რეცესიიდან სწრაფი ამოსვლის ე.წ. V-ს მოდელი, სადაც ახლა ვიმყოფებით. ყველა პროგნოზით, წლეულს ეკონომიკა 4-5%-ით შემცირდება, მაგრამ უკვე მომავალი წლის პროგნოზი დადებითია. გაზაფხულიდან, ანუ მარტ-აპრილში ეკონომიკის ორნიშნა ვარდნის შემდგომ, ეკონომიკის გაჯანსაღება სწრაფი ტემპით მიმდინარეობდა, ხოლო სექტემბერში ფაქტობრივად ამოვიდა ვარდნის ორმოდან.

გაისისთვის პროგნოზი დადებითია და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) პროგნოზითაც, საქართველოს რეგიონში ყველაზე მაღალი, 5%-მდე ეკონომიკური ზრდა ექნება.

ახლა მთავარი ამოცანაა, ეს ორთვიანი შეზღუდვების პერიოდი და არა "ლოკდაუნი", რასაც ზოგჯერ არასწორ ინტერპრეტაციას აძლევენ, ნაკლები დანაკარგით დასრულდეს და არ დაგვჭირდეს მისი გახანგრძლივება. პროგრამა, რომელიც მთავრობამ გაახმიანა, როგორც ბიზნესისთვის ახალი შეღავათების დაწესებით, ასევე სოციალური მხარდაჭერის პროგრამები, გაცილებით უკეთ დაბალანსებულია, ვიდრე გაზაფხულზე იყო და მოხმარების სტიმულირებას შეუწყობს ხელს.

რა მოხდებოდა, ეს შეზღუდვები რომ არ დაეწესებინა მთავრობას? ინფიცირებულთა რაოდენობა უკიდურესად გაიზრდებოდა და ესეც დაარტყამდა ეკონომიკას. ვირუსის უკონტროლოდ გავრცელების გამო მაინც გარდაუვალი იქნებოდა ეკონომიკის პარალიზება, როცა მასობრივად დაავადდებოდნენ ადამიანები, ვინც დოვლათს ქმნის და მოიხმარს კიდეც. ამიტომ მისასალმებელია, რომ ხელისუფლებამ არ მიიღო მეყსეული გადაწყვეტილება და დაიწყო კონსულტაციები ჯანდაცვის სექტორსა და ბიზნესთან.ამასთან, კარგია, რომ კომპანიების არცთუ მცირე ნაწილმა მოახერხა ადაპტირება და დისტანციური სერვისების მიწოდებაზე გადავიდა. ეს არ ეხება მხოლოდ კვების პროდუქტებს. დღეს სულ უფრო ფართოვდება ტანსაცმლის ონლაინქსელები, ინტერნეტით შეიძლება საყოფაცხოვრებო და ელექტროტექნიკის გამოწერაც. ეს იძლევა იმედს, რომ სავაჭრო ქსელების დიდი ნაწილი შედარებით უმტკივნეულოდ გადაიტანს ახალ შეზღუდვებს. უფრო გაუჭირდებათ მცირე მეწარმეებს, რომლებიც დისტანციურ მარკეტინგს ნაკლებად იყენებენ, თუმცა დისტანციური არხებით საქონლისა და მომსახურების მიწოდება დღეს თავისუფლად არის შესაძლებელი.

ახალი "ლოკდაუნის" დროს ბიზნესი დროებით კი არ გაჩერდება, არამედ შეიძლება გაკოტრების სერია გამოიწვიოს. ამიტომაც არის "ლოკდაუნი" არასასურველი ფორმა, მთავრობამ და საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ ქვეყანა არ გახდეს იძულებული, ახალი დაკეტვის ფაზაში შევიდეს.

ამ ორთვიანი შეზღუდვების გახანგრძლივებამ რომ არ მოგვიწიოს, გვჭირდება სამმხრივი: პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური პასუხისმგებლობის ერთობლიობა. მხოლოდ ამ სამი ფაქტორის ერთობით შეიძლება ავიცილოთ ახალი "ლოკდაუნი".

სოციალური ფაქტორია თავად ადამიანების დამოკიდებულება ამ ვირუსთან. სოლიდარობის განცდა მეტად მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, საქართველოში ცოტა არასერიოზულად მიუდგნენ ამ ვირუსს. შემდეგი თემაა პოლიტიკური ფაქტორი. არა მარტო ხელისუფლებამ, არამედ მთლიანად პოლიტიკურმა კლასმა თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაცია პრინციპულად მიუღებელია. ყველაზე კარგი ტრიბუნა სწორედ პარლამენტია, სადაც შეგიძლია ნებისმიერი საკითხის დაყენება და გადაწყვეტა. რაც ყველაზე მთავარია, გვჭირდება ახალი ბიუჯეტი, მთავრობა, ახალი პროგრამების დაფინანსება. იმედია, პოლიტიკური კლასი ამ საკითხს მაღალი პასუხისმგებლობით მიუდგება".

"პანდემიის მართვის ერთიანი მოდელი მსოფლიოში არ არსებობს"

ლადო პაპავა, პროფესორი: "რა იქნება ორი თვის შემდეგ, როცა წესით რეგულაციები უნდა მოიხსნას, ამის პროგნოზი შეუძლებელია, რადგან თავად ვირუსი არ ექვემდებარება არანაირ პროგნოზს. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია მედიცინის წარმატებასა და იმაზე, თუ როგორ დაამარცხებს სამედიცინო სფერო პანდემიას. ეპიდემიოლოგების შეფასებით, შეზღუდვების ხარჯზე დაახლოებით 3 კვირაში უნდა დასტაბილურდეს დაავადების გავრცელების დღეს არსებული ძალიან მაღალი მაჩვენებლები, რასაც უნდა მოჰყვეს ინფიცირებულთა რაოდენობის კლებაც. 3 კვირა საკმაოდ დიდი დროა და, ალბათ, აჯობებდა მთავრობას მკაცრი ზომები ჯერ კიდევ მაშინ მიეღო, როცა აჭარაში ვირუსის აფეთქება აღირიცხა. ამას შეიძლება გამართლებაც ჰქონდეს - წინასაარჩევნოდ შემზღუდავი ღონისძიებების გატარება დიდ პრობლემებს შექმნიდა. მთავრობა არჩევნის წინაშე დადგა - ან პოლიტიკური პროცესი უნდა "გაეყინა", რასაც ნეგატიური შეფასებები მოჰყვებოდა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, ან უნდა გაემართა არჩევნები და ეს შეზღუდვების გამო შეუძლებელი იქნებოდა. რადგან შეზღუდვების დროულად შემოღება ვერ მოხერხდა, ამან ვირუსის მასშტაბურად გავრცელება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდვების შემოღება დაგვიანდა, ამ რეგულაციების დაწესებას მივესალმები. ახლა ხშირად ბჭობენ, უფრო მკაცრი უნდა ყოფილიყო შეზღუდვები თუ არა. ამის რეცეპტი არ არსებობს. ყოველი ქვეყანა საჭიროებების მიხედვით მართავს პროცესს. არ არსებობს პანდემიის მართვის ერთიანი მოდელი და ვერც საქართველოს მთავრობას გავამტყუნებ იმ ზომების მიღებისთვის, რომელთა ამოქმედებაც ახლა გადაწყდა.

შეუძლებელია პროგნოზის გაკეთება, რა გავლენას იქონიებს შეზღუდვები ეკონომიკაზე და სსფ-ც მუდმივად ცვლის პროგნოზებს. ყველა ამბობდა, რომ იქნებოდა ინფექციის გავრცელების მეორე ტალღა, მაგრამ ასეთ ძლიერს არავინ ელოდა. პირველიდან მეორე ტალღამდე რეგულაციები თითქმის ყველა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომაც შეარბილა, მაგრამ ჩვენთან ვითარება საპარლამენტო არჩევნებმა დაამძიმა. სწორედ ამიტომ აღნიშნავენ საერთაშორისო დამკვირვებლები თუ ჩვენი მეგობრები საქართველოს წარმატებას, რომ ჩვენმა ქვეყანამ პანდემიის დროს მოსახლეობას პოლიტიკური არჩევნის გაკეთების შესაძლებლობა მისცა.

ეკონომიკური დანაკარგი, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ამ შეზღუდვებით მიიღებს, გარდაუვალია. პანდემიის დროს ჯანდაცვის სექტორის გამართულად მუშაობა ხშირად დამოკიდებულია ქვეყნის საბიუჯეტო შემოსავლებსა და შესაბამისად, სექტორის დაფინანსებაზე. შემცირებული საგადასახადო შემოსავლები საბიუჯეტო დაფინანსების პრობლემას ქმნის. თუ პანდემიის პირობებში ეკონომიკას არ შევაფერხებთ და თავისუფლად მუშაობის შესაძლებლობას მივცემთ, რა თქმა უნდა, ეს ბიუჯეტში მეტ შემოსავალს შემოიტანს, მაგრამ გაიზრდება დაავადებულთა რიცხვი და კოლოსალურად მოიმატებს მათი მკურნალობისთვის საჭირო საბიუჯეტო ხარჯები. თანაც მხოლოდ ფულად რესურსში ხომ არ არის საქმე. ჩვენ ვსაუბრობთ რეალურად არსებულ კლინიკებზე, საწოლფონდზე, კვალიფიციურ სამედიცინო პერსონალზე და ეს რესურსები განუსაზღვრელი არ არის. ამიტომ კატეგორიულად თქმა, ხელისუფლებას შეეძლო თუ არა რაიმე უკეთ გაეკეთებინა, შეუძლებელია. ამიტომ კვლავ ვამბობ - მივესალმები რეგულაციებს და არც იმას გამოვრიცხავ, რომ 20 დეკემბერს ხელისუფლებამ გადახედოს რეგულაციებს იმის მიხედვით, თუ დაავადების გავრცელების რა სურათი გვექნება.

რა თქმა უნდა, მოსალოდნელია, რომ გაიზრდება უმუშევართა რაოდენობა, კიდევ მეტ ბიზნესს შეექმნება ფინანსური პრობლემები... მართალია, ხელისუფლებამ შეიმუშავა მოსახლეობასა და ბიზნესზე გათვლილი დახმარების პაკეტი, მაგრამ ესეც გამომდინარეობს იმ შესაძლებლობებიდან, რაც საქართველოს აქვს. გამომდინარე აქედან, მოსალოდნელია მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემები. სწორია, როცა მთავრობა უსმენს ბიზნესმენებს. ეს იგივეა, როცა ექიმი გულისყურით უსმენს პაციენტს. მაგრამ ამავე დროს მათ უნდა გამართონ კონსილიუმი და ყური დაუგდონ ეკონომიკის არასამთავრობო "ექიმებსაც", ანუ ეკონომისტებს აკადემიური წრეებიდან".

"მცირე და საშუალო ბიზნესს განსაკუთრებით გაუჭირდება, ბევრიც გაკოტრდება"

გიორგი კეპულაძე, "საზოგადოება და ბანკების" დამფუძნებელი: "რეგულაციების დაანონსებისას პრემიერმა თქვა, რომ ამ კონკრეტული შეზღუდვების შედეგი ეკონომიკაზე მინუს 0,7-0,8% იქნება და დაახლოებით 6%-იანი ვარდნით დავასრულებთ მიმდინარე წელს. მხოლოდ წლეულს დეკემბერში მშპ-ს დაახლოებით ნახევარი მილიარდი ლარი დააკლდება, რაც ავტომატურად ნიშნავს უმუშევრად დარჩენილ ხალხს, შემცირებულ შემოსავლებსა და ბევრ ნეგატიურ მოვლენას ეკონომიკაში. შესაბამისად, მშპ-ის 2019 წლის მაჩვენებლებს, უკეთეს შემთხვევაში, 2022 წელს დავუბრუნდებით. მძიმე იანვარ-თებერვლის მოლოდინის გამო, მომავალი წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უფრო შემცირდა და ყველაზე ოპტიმისტური გათვლებით, შესაძლოა 4%-ის ფარგლებში იყოს. გაზაფხულიდან მოყოლებული ტურიზმის სექტორის თითქმის სრულად პარალიზების გამო საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის ტურისტულ სექტორთან დაკავშირებული ბიზნესებიც, თვითგადარჩენის რეჟიმში არსებობენ. ეს პრობლემები დომინოს პრინციპით გადაეცემა სხვა ბიზნესებსაც. მაგალითად, სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია იმდენი ვერ გაიყიდება, რამდენიც მაშინ, როცა წელიწადში 3-4 მილიონი ტურისტი შემოდიოდა. ვფიქრობ, პირველი "ლოკდაუნის "პერიოდში დრო უნდა მოგვეგო და უფრო მომზადებული შევხვედროდით ვირუსის გავრცელების მეორე ტალღას.

ძალიან კრიტიკულია ქვეყანაში მდგომარეობა, რასაც ხელისუფლებაც აცნობიერებს, მაგრამ ახლა უკვე არჩევნის გაკეთება არათუ ცუდსა და უარეს შორის, არამედ უარესსა და კიდევ უფრო უარესს შორის უწევთ. ამ რეგულაციების უფრო ცხადი შედეგები, ალბათ, მომავალი წლის პირველ კვარტალში უკეთ გამოჩნდება, თუმცა შეგვიძლია ისევ სსფ-ის პროგნოზები მოვიშველიოთ, რომელიც ამბობს, რომ ტურიზმში 2019 წლის მაჩვენებლებზე მხოლოდ 2023 წელს გავალთ. მცირე და საშუალო ბიზნესს განსაკუთრებით გაუჭირდება, ბევრი ვერც გაუძლებს ამ რეგულაციებს და გაკოტრდება...

ყველაფერთან ერთად, ეკონომიკაზე მეტად უარყოფით გავლენას ახდენს პოლიტიკური კრიზისი. გაურკვეველი ვითარებაა როგორც ადგილობრივი, ისე გარე ინვესტორებისთვის.

როცა ბიზნესმენმა არ იცის, რა იქნება 2-3 თვეში, როცა აქვს მოლოდინი, რომ შესაძლოა ახალი არჩევნები დაინიშნოს, არ იცის, შეძლებს თუ არა იმ ახალი არჩევნების შედეგად მმართველი პარტია უმრავლესობის შენარჩუნებასა და ქვეყნის მართვას, ეს ყველაფერი სტრესულ მდგომარეობაში ამყოფებს.

ასეთ ვითარებაში პოლიტიკური პასუხისმგებლობა ყველა პოლიტიკურ მხარეს მოეთხოვება, თუმცა დიდწილად ხელისუფლებას. ჩვენ ხომ ვაღიარებთ, რომ ფაქტობრივად საომარ მდგომარეობაში ვართ, როცა ყველა დაპირისპირებული მხარე მორატორიუმის რეჟიმში გადადის. ჩვენთან კი ამ "საომარ მდგომარეობას" დაემატა პოლიტიკური კრიზისი, რომელიც მოგვარების ნაცვლად უფრო გაღრმავდა, და ეკონომიკას ეს დამატებით დარტყმას აყენებს. სანამ ეს კრიზისი არ განიმუხტება, პროგრესზე საუბარი ყველას გაგვიჭირდება. ნებისმიერი გზით, რაც შეიძლება სწრაფად, პოლიტიკური კრიზისი უნდა დასრულდეს და ყველამ ერთად იზრუნოს ქვეყნის გამოყვანისთვის პანდემიური და ეკონომიკური კრიზისიდან".

"მხოლოდ ერთობლივად გავალთ სამშვიდობოს"

სოსო არჩვაძე, ეკონომიკის ექსპერტი: "კორონავირუსი და მისგან გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი ორი მხრიდან უტევს არა მარტო მოსახლეობის კეთილდღეობას, არამედ საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ მდგრადობასაც. მოსახლეობის თანაბარ რაოდენობაზე გაანგარიშებით, უკვე მეორე კვირაა საგრძნობლად გადავუსწარით ჩვენს ყველა სახმელეთო მეზობელს ინფიცირებულთა თუ ლეტალურ შემთხვევათა რაოდენობით, შემთხვევათა მატებით მსოფლიოში პირველ ადგილზე აღმოვჩნდით. ასეთ პირობებში მოსახლეობის დაცვა (სამედიცინო, ეკონომიკური, სოციალური...) საქართველოს ხელისუფლებისთვის პოლიტიკურთან ერთად, ისტორიული პასუხისმგებლობის კონტურებს იძენს. ხელისუფლების ამოცანაა, რაც შეიძლება მინიმალური დანაკარგით გაიყვანოს ქართველი საზოგადოება და სახელმწიფოებრიობის ხომალდი სამშვიდობოს "კოვიდ-19"-ის სცილასა და ეკონომიკური კოლაფსის ქარიბდასგან მომავალ საფრთხეებს შორის.

ამგვარი ოპტიმუმის მიღწევა გადაუწყვეტელ სოციალურ-ეკონომიკურ ამოცანას ნამდვილად არ წარმოადგენს. მაგრამ, რომ იტყვიან, "ცალი ხელით ტაში არ დაიკვრება" და ზემოხსენებულ საფრთხეებს შორის მშვიდობიანად გასვლაში ოდისევსის როლი მთელმა საზოგადოებამ, "ერმა და ბერმა" ერთობლივად უნდა შეასრულოს. პოლიტიკური უთანხმოებანი, განსხვავებული მსოფლმხედველობა ფერმკრთალდება იმ გლობალური საფრთხის ფონზე, რის წინაშე დგას დღეს კაცობრიობა. თავის დროზე აშშ-ის პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა, რომელმაც საბჭოთა კავშირს "ბოროტების იმპერია" უწოდა, განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, ჩვენ (ამერიკელებს) სისტემური განსხვავება და დაპირისპირება გვაქვს რუსებთან, მათთან მაინც გამოვნახავდით საერთო ენას, თუკი დედამიწას რაიმე გლობალური საფრთხე, მაგალითად, უცხოპლანეტელების შემოჭრის საფრთხე დაემუქრებოდაო.

თავი რომ დავანებოთ სქოლასტიკურ კამათს, ხელოვნური თუ ბუნებრივი წარმომავლობისაა "კოვიდ-19", შეიძლება ვთქვათ, რომ მისგან მომავალი საფრთხე უკვე იმ მასშტაბური გამოწვევისაა, რაზეც ამერიკის მეორმოცე პრეზიდენტი, როგორც ჰიპოთეზურზე, 37 წლის წინ საუბრობდა.

ეროვნული კონსენსუსის მიღწევის, საზოგადოების ყველა წევრის მიერ საფრთხის გაცნობიერებისა და ადეკვატურად მოქცევის შემთხვევაში არ არის შეუძლებელი, რომ უკვე 1,5-2 თვის განმავლობაში მკვეთრად შევამციროთ ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა და ამით სამედიცინო სექტორს სულის მოთქმის შესაძლებლობა მივცეთ.

რაც შეეხება ეკონომიკას, არ ვთვლი, რომ ის წინასაინფარქტო ან კომატოზურ მდგომარეობაშია. ბოლო დრომდე საქართველოს ეკონომიკაში აშკარად შეინიშნებოდა კრიზისის თანდათანობით დაძლევის ტრენდი. 2020 წლის აპრილიდან ოქტომბრამდე მშპ-ის ვარდნა შარშანდელ იმავე პერიოდთან შედარებით 16,6%-დან 0,7%-მდე შემცირდა, ხოლო დღგ-ის გადამხდელი ბიზნესსტრუქტურების ბრუნვა, პირიქით, 67,2%-დან 104,3%-მდე გაიზარდა. იანვარ-ოქტომბერში ადგილობრივი წარმოების პროდუქციის ექსპორტი შარშანდელ იმავე პერიოდთან შედარებით 4,7%-ით გაიზარდა, მათ შორის მხოლოდ ოქტომბერში 21,2%-ით მაშინ, როცა წლის განვლილ პერიოდში ქვეყნის მშპ 4,5%-ით შემცირდა. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანას აქვს საკმაო რესურსი და მდგრადობა ეკონომიკის მინიმალური დანაკარგით განვითარებისთვის. ასეთ პირობებში ორთვიანმა "წერტილოვანმა შეზღუდვებმა" საქართველოს ეკონომიკა შეიძლება გადაისროლოს იმ მდგომარეობაში, რომელიც მას დაახლოებით ივნისში ჰქონდა.

იანვარში ეკონომიკური აქტიურობა, დეკემბერთან შედარებით, "ტრადიციულად" დაახლოებით 1/4-ით უფრო დაბალია. აგრეთვე, თუ სამუშაო ადგილების რაოდენობის სავარაუდო შემცირებიდან ამოვალთ, ორთვიან წერტილოვან აკრძალვებს უნდა მოჰყვეს ადრინდელ საპროგნოზო შეფასებასთან შედარებით დაახლოებით 1,4 მლრდ ლარით ნაკლები დამატებული ღირებულების (მშპ-ის) წარმოება. ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზით, თუ შევძლებთ "კოვიდ-19"-ის გავრცელების პიკის ნაცვლად პლატოზე გასვლასა და მის შენარჩუნებას საახალწლო უქმე/დასვენების დღეებში, ზარალის (მშპ-ის შემცირების) სიდიდე არ უნდა გასცდეს 1,0 მილიარდ ლარს.

თუ "კოვიდ-19"-ის გავრცელების "მუხტი", განსაკუთრებით "შავ პარასკევს" მოსახლეობის საგრძნობი ნაწილის აბსოლუტურად არარაციონალური ქცევის გამო წინ დაგვხვდება, საქართველოს ეკონომიკის შემცირების მასშტაბი შეიძლება არანაკლებ 1,2-ჯერ გაიზარდოს, ანუ მთელი ქვეყნის ზარალი მნიშვნელოვნად გადააჭარბებს იმ "ეკონომიას", რაც საქართველოს მოსახლეობამ მიიღო "შავი პარასკევის" ფასდაკლების აქციის, სინამდვილეში კი "კოვიდ-19"-სეული "დანაელთა ძღვნის" შედეგად.

სამწუხაროდ, ამჟამინდელი გლობალური გამოწვევა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, ქართველებს ტესტირებას კიდევ ერთ ასპექტშიც გვიწყობს - რა დონეზეა რეალურად ქცევის რაციონალურობა, თვითშენახვისა და გადარჩენის ინდივიდუალური თუ კოლექტიური ინსტინქტი".

"გაზაფხულზე შეზღუდვები შეცდომა იყო, ახლა ეს უკვე არჩევანია"

პაატა ბაირახტარი, "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" ვიცე-პრეზიდენტი: "თუ გაზაფხულზე შეზღუდვები შეცდომა იყო, ახლა ეს უკვე არჩევანია, რადგან ერთსა და იმავე შეცდომას ორჯერ არ იმეორებენ. ეს არჩევანი მთავრობამ გააკეთა მაღალშემოსავლიანი ფენების სასარგებლოდ, ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი კი შიმშილისთვის გაიწირა. ვინც დღეს ლოკდაუნს ამართლებს, ან ვერ აცნობიერებს მის ტრაგიკულ შედეგებს ეკონომიკასა და სოციალურ მდგომარეობაზე, ან ამის გაცნობიერება არ სურს.

მოდი, მიმოვიხილოთ შეზღუდვები და პოტენციური შედეგებიც შევაფასოთ. პირველ რიგში გამკაცრდა კომენდანტის საათი, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს საერთო მოთხოვნას, რომელიც ისედაც მინიმუმამდე იყო დასული. ამას ემატება ტრანსპორტის, სავაჭრო სფეროსა და სამასპინძლო დაწესებულებების გაჩერება. ახლა შევხედოთ ჩვენი ეკონომიკის სტრუქტურას - მშპ-ის ფორმირებაში წამყვან ადგილებს იკავებენ ეს სექტორები და საერთო სიკეთის 20%-ზე მეტის გენერირებას ახდენენ. ტურიზმი მშპ-ის 12%-ზე მეტის გენერირებას ახდენდა. ცხადია, ეს არ არის ჯანსაღი ეკონომიკისთვის დამახასიათებელი, თუმცა მოქმედი ეკონომიკური გუნდის არჩევანია და სწორედ ამაზე მუშაობდნენ წლების განმავლობაში, ეს გვესმოდა დღენიადაგ, რომ ტურიზმი უნდა ყოფილიყო ჩვენი ეკონომიკის ლოკომოტივი. სწორედ ამ პოლიტიკამ ჩააგდო საქართველოს ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაში.

საზღვრები დაკეტილია, ტურიზმიდან შემოსავლები 97%-ით არის შემცირებული და ერთადერთი წყარო როგორც ტურიზმის ინდუსტრიისთვის, ისე მისი მომიჯნავე დარგებისთვის, შიდა ტურიზმია. მთავრობამ შეზღუდვები ამ მიმართულებითაც დააწესა ზამთრის კურორტებზე. ეს ყველაფერი უკვე ჩვენი ეკონომიკის 40%-ს აღწევს და 40%-ით გაჩერებულ ეკონომიკას წერტილოვნად შეზღუდული უწოდოთ, ცოტა უხერხულია.

დამატებითი შეზღუდვების ამოქმედება ნიშნავს დაკარგულ 300 000 სამუშაო ადგილს. არ დაგვავიწყდეს, რომ წინა "ლოკდაუნის" დროს უკვე დაიკარგა 100 000 სამუშაო ადგილი. ეს ნიშნავს კიდევ უფრო გაღარიბებულ მოსახლეობას და წინა გამოცდილებიდან გამომდინარე, ეს ნიშნავს ორნიშნა ეკონომიკურ ვარდნას.

ახლა რაც შეეხება იმ ფისკალურ სტიმულებსა და სოციალურ პაკეტებს, რომლებიც შეზღუდვების საპირწონედ აამოქმედა მთავრობამ. პირველი არის ქონების გადასახადის გაუქმება. სამასპინძლო დაწესებულებები, რომელთაც ყველაზე მეტად შეეხო შეზღუდვები, იჯარას იხდიან კერძო მესაკუთრეებთან და მათ სხვა ქონება არ გააჩნიათ, შესაბამისად, ეს შეღავათი მათთვის მნიშვნელოვანი შვება არ არის. მეორე შეღავათი უკავშირდება საშემოსავლო გადასახადს, რომლის მიხედვითაც, 750-დან 1500 ლარამდე ხელფასის მქონე დასაქმებულები სრულად ან ნაწილობრივ თავისუფლდებიან საშემოსავლო გადასახადისგან. თუმცა, თუ კომპანია თანამშრომლებს დაითხოვს, ისედაც არ უწევს ამის გადახდა. ასე რომ, არც ეს არის მათთვის დიდი შვება. კიდევ ერთი შეღავათი, რომელიც დაუწესდა სამასპინძლო დაწესებულებებს როგორც ყველაზე მეტად დაზარალებულ სექტორს, არის სესხის პროცენტის სუბსიდირება. თუმცა, თუ ობიექტები ვერ მუშაობენ, მათთვის ძირი თანხის გადახდაც ძალზე პრობლემატურია, მაგრამ საგულისხმოა, რომ სხვა დარგებს ესეც არ შეხებია.

სოციალურ პაკეტები ორი ტიპის გვაქვს - ერთჯერადი 300-ლარიანი და 6-თვიანი 1.200-ლარიანი. მაგალითად, სავაჭრო სფეროში დასაქმებული ადამიანები, რომლებიც რეგულაციების გამო გაჩერდებიან, მთავრობისგან მიიღებენ ერთჯერად 300-ლარიან დახმარებას. რადგან შეზღუდვები 2 თვის განმავლობაში იმოქმედებს, დახმარება თვეში რეალურად 150 ლარი გამოდის. 1.200-ლარიანი დახმარება 6 თვეზე ნაწილდება და მიიღებენ ისინი, ვინც ოფიციალურად იყო დასაქმებული და სამსახური პანდემიის დროს დაკარგა. მკითხველმა განსაჯოს, რამდენად შესაძლებელია ზრდასრულმა ადამიანმა თვეში 200 ან 150 ლარად გაიტანოს თავი. ეს თანხა ოფიციალურ საარსებო მინიმუმზეც ნაკლებია. სხვა საკითხია ამ საარსებო მინიმუმის დათვლის მეთოდოლოგია და რეალურობა.

შეიძლება ითქვას, მთავრობამ ამ გადაწყვეტილებით მოსახლეობის დიდი ნაწილი შიმშილისთვის გაწირა. ჯერ ერთი, ეს სოციალური პაკეტები ვერ პასუხობს გამოწვევებს, და მეორე - მათი ამოწურვის შემდეგ მოქალაქეები შეძლებენ კი ახალი სამსახურის შოვნას, ვინაიდან ბიზნესების უდიდესი ნაწილი რეანიმირებას ვეღარ შეძლებს".