"იაფ სესხს" 300-ზე მეტი მეწარმე ამაოდ ელის - კვირის პალიტრა

"იაფ სესხს" 300-ზე მეტი მეწარმე ამაოდ ელის

გასაცემი თანხის უმეტესი ნაწილი სახელმწიფო საწარმოებზე პროგრამის ამოქმედებამდე გააჩუქეს.

მეწარმეები, რომლებმაც ბანკებს იაფი სესხისთვის მიმართეს, დაპირებულ ფულს ვერ მიიღებენ. მთავრობამ პირობა შეცვალა -"ბაზისბანკი", "ვითიბი" და "სახალხო ბანკი" გამოთიშა "იაფი სესხის" პროგრამიდან და გადაწყვიტა, ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხა თვითონ გაეცა.

სანამ მეწარმეებს ბანკებში შეღავათიანი კრედიტის იმედით განაცხადები შეჰქონდათ, მთავრობამ ამ პროგრამისთვის გათვალისწინებულ 20 მილიონ ლარს 13,2 მილიონი ლარი ჩამოაჭრა და ორ სახელმწიფო კომპანიას გაუნაწილა. ფული "რთველი 2008"-სა და "აკურას" ერგო. პირველს 7,5 მილიონი ლარი, ხოლო მეორეს 5,7 მილიონი ლარი მისცეს. ორივე ეს საწარმო 100%-ით სახელმწიფო საკუთრებაშია და ბიუჯეტიდან გამოყოფილი მილიონებიც მათ საწესდებო კაპიტალში ჩაიდო. რატომ აჩუქეს სახელმწიფო კომპანიებს "იაფი სესხის" ბიუჯეტიდან ფული, ამ საკითხზე კომენტარს ეკონომიკის სამინისტროში თავი აარიდეს. "იაფი სესხის" პროგრამის დეტალების შესახებ საუბარი არც ფინანსთა მინისტრმა მოისურვა.

შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მთავრობამ თავისი კომპანიებისთვის ფულის ჩუქება "რთველი-2009"-ის წარმატებულად ჩასატარებლად გადაწყვიტა. როგორც "რთველი 2008"-ში ამბობენ, კომპანიამ ბიუჯეტიდან მიცემული თანხის ნაწილით ყურძნის დაბინავება, ყურძნის წვენის, ღვინო-მასალებისა და კონიაკის სპირტის ჩამოსხმა უნდა უზრუნველყოს. თანხის ნაწილით კი ტექნიკური დანადგარები უნდა შეიძინოს, მათ შორის, ატმის გადამმუშავებელი და წვენის ჩამოსასხმელი ხაზი უნდა დაამონტაჟოს, რადგან მომავალ სეზონზე კახეთში მოსახლეობისგან ატმის შესყიდვა და მისი ნატურალურ წვენად ჩამოსხმა აქვს გადაწყვეტილი. "რთველი 2008" წვენის კონცენტრატების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ადრე გოჩა ძასოხოვს ეკუთვნოდა და ის მას საქართველოდან წასვლის შემდეგ ჩამოართვეს. კომპანია ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე გადავიდა. შემდეგ მის ბაზაზე ახალი კომპანია "რთველი 2008" დაფუძნდა, რომელიც მთლიანად სახელმწიფოს საკუთრებაშია. თელავში მდებარე ღვინის კომპანია "აკურაც" სახელმწიფოს ეკუთვნის. ბიუჯეტის ფული მასაც ყურძნის დაბინავებისა და რთვლის წარმატებით ჩატარებისთვის მისცეს. კიდევ ერთი კომპანია იმათ შორის, რომლებსაც წლეულს ბედმა გაუღიმა და ფული სესხად მიიღო, შპს "გურჯაანი 1929" აღმოჩნდა. მაგრამ მას, სახელმწიფო საწარმოებისგან განსხვავებით, "იაფი სესხის" ბიუჯეტიდან ფული ასესხეს, 400 ათასი ლარის კრედიტი წლიური 7%-ით. რა ნიშნით შეარჩიეს ღვინის კერძო კომპანია და რატომ დაუშვეს მისთვის გამონაკლისი, ჩვენთვის უცნობი დარჩა.

ამ დროისთვის "იაფი სესხის" პროგრამისთვის ბიუჯეტში 4,205 მილიონი ლარია მორჩენილი. გადაწყვეტილია, რომ ამ თანხის ადრესატებსაც ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები შეარჩევენ და ბანკების გარეშე გასცემენ. პროგრამაში შესწორებები გასულ კვირას შეიტანეს, საკითხი მთავრობის სხდომაზეც განიხილეს და ხელმოსაწერად პრემიერსაც შეუტანეს. გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალურად ბანკებისთვის არ უცნობებიათ. ისინი ხელშეკრულებაზე ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროების ხელმოწერას ამ დრომდე ელოდებიან. იაფ კრედიტს ჯერ კიდევ ელოდება 300-ზე მეტი მეწარმე -სამი თვის განმავლობაში დაახლოებით ამდენი განაცხადი შევიდა იაფი კრედიტების გასაცემად შერჩეულ სამ ბანკში.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს გამიზნული აქვს, შემორჩენილი 4 მილიონზე ცოტა მეტი თანხა რამდენიმე მეწარმეს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სასაკლაო მეურნეობების (სადაც ხორცის პირველადი დამუშავება უნდა მოხდეს), აგრეთვე ხილისა და ბოსტნეულის შესანახი მეურნეობის მოსაწყობად ასესხოს. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტები უკვე შერჩეული აქვს, თუმცა მათი დასახელებისგან თავს იკავებენ. შეღავათიან სესხს თანადაფინანსების პირობით მისცემენ. გაცემული კრედიტი პროექტის განხორციელებისთვის საჭირო თანხის 70%-ს არ უნდა აღემატებოდეს. მეწარმეს კრედიტის უზრუნველყოფაც მოეთხოვება, რომელიც, სულ მცირე, კრედიტის ან ტრანშის ოდენობის ტოლი უნდა იყოს. კრედიტი მეწარმემ იპოთეკით უნდა უზრუნველყოს, მაღალრეიტინგული ბანკების გარანტიით. მას სადაზღვევო პოლისიც უნდა ჰქონდეს. ერთი ბენეფიციარისთვის გასაცემი კრედიტის ოდენობა 20 ათას ლარზე მეტი უნდა იყოს, კრედიტით სარგებლობის მაქსიმალური ვადა 7 წელია, საშეღავათო პერიოდი 2 წლამდეა. საშეღავათო პერიოდი ვრცელდება როგორც ძირითად თანხაზე, ისე დარიცხულ პროცენტზე.

თანხის გაცემაზე პასუხისმგებელი ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად მუნიციპალური განვითარების ფონდიც იქნება, რომელსაც იგივე ფუნქცია 2008 წელსაც ჰქონდა. გაცემული კრედიტის მონიტორინგი და ვალდებულებების შესრულებაზე მეწარმეების კონტროლი მუნიციპალური განვითარების ფონდს დაევალა. პირობების დამრღვევ ბენეფიციარებს სანქციებსაც ფონდი დააკისრებს.

"იაფი სესხის" პროგრამიდან ბანკების გამოთიშვის მიზეზად ეკონომიკის სამინისტროში კრედიტის გაძვირება დაასახელეს. როგორც თქვეს, ბანკებს სესხი წლიურ 12%-ად უნდა გაეცათ. მაშინ, როცა მთავრობა მას 7-8%-ად გასცემს მერე რა, რომ 4 მილიონი ლარი მხოლოდ 2-3 მეწარმეს შეხვდება და ეს თანხა მეურნეობის მოსაწყობად არც ეყოფათ.

მთავრობის გადაწყვეტილებით ბანკები უკმაყოფილო დარჩნენ. "იაფი სესხის" პროგრამაში მონაწილეობით მათ სურდათ, ბანკში კარგი კლიენტები მიეზიდათ და სარგებელიც ენახათ. ახლა ზოგიერთი მათგანი გადაწყვეტილებას ნანობს, რადგან პროგრამისთვის მოსამზადებლად საკმაოდ დიდი დრო და რესურსი დახარჯეს და ეს შრომა წყალში ჩაეყარათ. უკმაყოფილებას ისინი მხოლოდ პირად საუბრებში გამოხატავენ და მთავრობის განაწყენების შიშით, ოფიციალური კომენტარისგან თავს იკავებენ.

ნონა ქვლივიძე