"ბორჯომმა" უკრაინული მედია გააოცა - კვირის პალიტრა

"ბორჯომმა" უკრაინული მედია გააოცა

"კიევის ქუჩებში სულ უფრო მეტ გამვლელს ვხედავ "ბორჯომის" ბოთლით ხელში."

გასულ კვირას საქართველოს უკრაინული საქმიანი მედიის წარმომადგენლები სტუმრობდნენ. 19 პერიოდული გამოცემისა და ტელევიზიის წარმომადგენელი 25-კაციან ჯგუფს შეადგენდა. უკრაინელი ჟურნალისტების მთავარი ინტერესის ობიექტი მინერალური წყალი "ბორჯომი", თავად კურორტი და წარმოება იყო. შესაბამისად, მათ მასპინძლობას კომპანია " IDS ბორჯომი საქართველო" უწევდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ტურის ფარგლებში, უკრაინული მედიის წარმომადგენლებმა თბილისის ყველა ღირსშესანიშნავი ადგილი და მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლი მოინახულეს, გამგზავრებამდე კი მცხეთასა და ჯვრის მონასტერს ესტუმრნენ.

პრესტურის ერთი დღე მთლიანად დაეთმო ქალაქ ბორჯომში "ბორჯომის" ჩამოსასხმელი ქარხნებისა და ბუნებრივი მინერალური წყაროების მონახულებას. უკრაინელი სტუმრები გაოცებული იყვნენ როგორც წარმოების მოცულობით, მისი თანამედროვე სტანდარტებით, ასევე ბორჯომის ხეობის სილამაზითა და საბადოზე გასინჯული თბილი "ბორჯომის" გემოვნური თვისებებით. კომპანიის ტოპ-მენეჯმენტმა უკრაინელი სტუმრებისთვის საინფორმაციო კონფერენციაც მოაწყო, სადაც "ბორჯომის" განვითარების ყველა ეტაპზე ისაუბრეს და ჟურნალისტების ყველა კითხვას უპასუხეს.

ოლგა სამსონენკო (ყოველკვირეული საქმიანი ჟურნალი "კონტრაქტი", ჟურნალისტი): "პირველად ვარ საქართველოში და როგორც კი მომეცა შესაძლებლობა ჩამოვსულიყავი თქვენს ქვეყანაში, მაშინვე ვისარგებლე ამით. მქონდა ბედნიერება ღამის თბილისში გამესეირნა და ასეთი საოცარი ენერგეტიკა, როგორიც აქ სუფევს, არასდროს მინახავს და მიგრძნია. ვუსურვებ თქვენს ქვეყანას კიდევ უფრო განვითარდეს, ხოლო ჩვენთვის კი ვისურვებდი ისეთივე პატრიოტული სულისკვეთების ხელისუფლებას, როგორიც თქვენ გყავთ. მით უფრო ახლა, როდესაც თქვენგან განსხვავებით, ჩვენს ქვეყანაში ამჟამად პირუკუ პროცესები მიმდინარეობს.

KvirisPalitra.Geსაქართველო ძალიან საინტერესო და მიმზიდველი ქვეყანაა ინვესტიციებისთვის. როგორც ვნახეთ, აქ არ არის კორუფცია, საკმაოდ კარგი კლიმატური პირობებია და ბიუროკრატია მინიმუმამდეა დაყვანილი. ხოლო რაც შეეხება "ბორჯომს", ის თქვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათია. შესანიშნავი მინერალური წყალია, სწორედ ის, რაც ბალნეოლოგიური კურორტის განვითარებას სჭირდება. ჭაბურღილიდან ამოსული თბილი "ბორჯომი" დავაგემოვნეთ და მიუხედავად იმისა, რომ "თბილი" იყო, მაინც შესანიშნავი გემო ჰქონდა.

"ბორჯომს" ბავშვობიდან ვსვამდი, მამაჩემი ვაჭრობის სფეროში მუშაობდა და მაშინაც კი მოჰქონდა ეს წყალი სახლში, როდესაც დეფიციტური იყო. მახსოვს "ბორჯომის" ძველი ბოთლები, რომლის თავსახურავები ოდნავ ჟანგდებოდა. ძალიან კარგი ბრენდია და მომავალში კიდევ უფრო მეტ წარმატებას ვუსურვებ. შესანიშნავი ქვეყანაა, ძალიან მომეწონა და კიდევ ჩამოვალ თქვენთან."

ელენა კოფტუნი (უკრაინული პიარსააგენტოს წარმომადგენელი): "როგორც რიგითმა მომხმარებელმა, შემიძლია გითხრათ, რომ პირველ ეტაპზე იყო გარკვეული სირთულეები მანამ, სანამ უკრაინელი მომხმარებელი "ბორჯომს" მიიღებდა. ხალხი ვერ იჯერებდა, რომ ეს ნატურალური, ნამდვილი მინერალური წყალი "ბორჯომი" იყო და არა ფალსიფიკაცია. ახლა ეს პრობლემები აღარ არსებობს. წყალი უყვართ და აქტიურად მოიხმარენ.

"ბორჯომი" ახალი შეფუთვითა და დიზაინით მხოლოდ ახლა შედის უკრაინის ბაზარზე და უკვე შეინიშნება, რომ უკრაინელ მომხმარებელს ის მოსწონს. საიდუმლო სულაც არ არის, რომ უკრაინელ და ქართველ ხალხს შორის განსაკუთრებული დამოკიდებულება არსებობს, ამიტომ უკრაინელი ხალხი ყოველთვის დიდი სითბოთი ეპყრობა ქართველებს და ყველაფერ იმას, რაც თქვენს ქვეყანას უკავშირდება. "ბორჯომი" განუყრელად დაკავშირებულია საქართველოსთან და განასახიერებს სისუფთავეს და ჯანმრთელობას. ვიმედოვნებთ, რომ ასე იქნება მომავალშიც.

იცით, არსებობს უკრაინისთვის დამახასიათებელი ერთგვარი სპეციფიკა - "ბორჯომი", რომელიც შუშის ბოთლშია ჩამოსხმული უფრო ნატურალური ჰგონით, ხოლო პლასტიკატის ბოთლში ჩამოსხმულს რატომღაც ეჭვის თვალით უყურებენ. ასეა, ხალხი ყოველთვის სიფრთხილით ეკიდება ყველაფერ ახალს. იყო შემთხვევები, როდესაც ერთდროულად შუშის და პლასტიკატის ბოთლში ჩამოსხმულ "ბორჯომს" ყიდულობდნენ და გემოსაც კი ადარებდნენ. ახლა კი, ყოველ დღე, როდესაც სამსახურში მივდივარ, კიევის ქუჩებში სულ უფრო მეტ გამვლელს ვხედავ "ბორჯომის" ბოთლით ხელში. ვფიქრობ, ეს ბევრ  რამეზე მეტყველებს."

ვიქტორია ლუცკო (კიევის "24-ე არხი"): "ბორჯომი" ძალიან გემრიელი მინერალური წყალია. სამი დღეა თბილისში ვარ და მინერალური წყლის მთელი წლის მარაგი დავლიე. პირველად ვარ თქვენს ქვეყანაში და აღფრთოვანებული ვარ თქვენი სტუმართმოყვარეობით. დიდი ხანია მინდოდა თქვენს ქვეყანაში ჩამოსვლა და მადლობელი ვარ კომპანია "ბორჯომის", რომ ამის შესაძლებლობა მომცა. გამოგიტყდებით და უკრაინაში "ბორჯომს" იშვიათად ვსვამდი, აქ ნანახმა კი გამაოცა - წყალს პირდაპირ მიწის სიღრმეებიდან მოიპოვებენ.

ამის შემდეგ, ამ ნატურალურ მინერალურ წყალს უფრო ხშირად მოვიხმარ. ექსკურსიის ფარგლებში ჩვენ მოვინახულეთ "ბორჯომის" ჩამოსასხმელი ორი ქარხანა, მეგზურობას კი კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე ლევან ბაღდავაძე გვიწევდა. ეს არის უნიკალური შემადგენლობისა და თვისებების წყალი, რომელიც ნამდვილი განძია ქვეყნისთვის. წყაროდან ამოსული "ბორჯომის" რამდენიმე ბოთლი კიევში მიმაქვს, ქმარს უნდა გავასინჯო. უკრაინაში რომ ჩავალ, ჩემს თანამემამულეებს აუცილებლად ვეტყვი, რომ ჯადოსნურ და იდუმალ საქართველოში ვიმოგზაურე."

მარია სოლოვიოვა (კომპანია "IDS Borjomi International"-ის უკრაინის განყოფილების პიარმენეჯერი): "უკრაინული მედიის ვიზიტი საქართველოში ჩვენ მიერ ორგანიზებული იყო "ბორჯომის" ახალი ბოთლის ბაზარზე გამოშვებასთან დაკავშირებით. "ბორჯომის" ახალი დიზაინის ბოთლი უკვე გამოჩნდა უკრაინის ბაზარზე. ჩვენ გახლავართ "ბორჯომის" ბრენდის ექსკლუზიური დისტრიბუტორი უკრაინის ბაზარზე. საქართველო ყველა უკრაინელს აინტერესებს, მით უფრო მასმედიის წარმომადგენლებს, რადგან სწორედ მათ უნდა მიაწოდონ ინფორმაცია მომხმარებელს. ბორჯომი საინტერესოა ტურისტული თვალსაზრისითაც, როგორც სამთო-სათხილამურო კურორტი და დიდი პოპულარობით სარგებლობს უკრაინელებში. ასე რომ, "ბორჯომი" გვაინტერესებს, როგორც სავაჭრო ნიშანი და როგორც კურორტი."

ზაზა კიკვაძე, კომპანია "IDS ბორჯომი საქართველოს" გენერალური დირექტორი): "უკრაინელი ჟურნალისტების ვიზიტი საქართველოში უკავშირდება უკრაინაში "ბორჯომის" ბრენდის წარმატებას. დღეს "ბორჯომი" უკრაინის ბაზარზე აბსოლუტური ლიდერია პრემიუმ სეგმენტში და ფაქტობრივად ამ სეგმენტის 80%-ს აკონტროლებს. ეს არის გარკვეულწილად მიზეზი იმისა, რომ უკრაინელმა ჟურნალისტებმა გამოხატეს სურვილი ჩამოსულიყვნენ საქართველოში, ენახათ და გაეკეთებინათ რეპორტაჟები "ბორჯომის" ჩამოსასხმელ ქარხნებზე, შეხვედროდნენ მენეჯმენტს და შემდეგ მოეთხროთ თავისი აუდიტორიისთვის "ბორჯომის" განვითარების ისტორიის შესახებ.

უკრაინელ ჟურნალისტებს აინტერესებდათ ასევე, როგორ არის დაკავშირებული "ბორჯომის" ბრენდის წარმატება საქართველოში ტურიზმის განვითარებასთან. თავად ნახეს როგორ ვითარდება საქართველოში ინფრასტრუქტურა, რათა მოვიზიდოთ სულ უფრო მეტი ტურისტი, როგორც უკრაინიდან, ისე მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან. ამის შემდეგ მათ გაუჩნდათ სურვილი არა მარტო რეპორტაჟები გაეკეთებინათ "ბორჯომსა" და ქვეყნის ტურისტულ სეგმენტზე, არამედ გამოიყენონ პირველივე შესაძლებლობა, ჩამოვიდნენ საქართველოში და აქ გაატარონ შვებულება. დარწმუნდნენ, რომ აქ უსაფრთხოების აბსოლუტური გარანტიები არსებობს, რაც ასევე ძალიან ბევრს ნიშნავს ჩამოსული სტუმრისთვის.

თავადაც ნახეს ჟურნალისტებმა, რომ საქართველოში წარმოდგენილია თითქმის ყველა ცნობილი სასტუმრო ბრენდი, რაც კი არსებობს მსოფლიოში. აგრეთვე ნახეს და დარწმუნდნენ, რომ თბილისიდან ბორჯომამდე 170 კილომეტრი მანძილი ახალი საავტომობილო მაგისტრალით საკმაოდ სწრაფად და კომფორტულად გამოიარეს. ნახეს დღითი დღე როგორ მშვენიერდება თბილისი. და, რა თქმა უნდა, აღფრთოვანება ვერ დამალეს ჩვენი ქარხნებით.

დღეს "ბორჯომი" მსოფლიოს 30 ქვეყანაში იყიდება. ჩვენი კომპანიის ერთგვარი პოლიტიკის ნაწილია, რომ ჩამოვიყვანოთ ჟურნალისტები სხვადასხვა ქვეყნებიდან, რათა თავად ნახონ ჩვენი წარმოება და გარკეულწილად ხელი შეუწყონ ჩვენი ბრენდის განვითარებას.

2010 წელი კომპანიის ისტორიაში ყველაზე წარმატებული წელი იყო. მოგეხსენებათ, რომ 2006 წელს ჩვენი პროდუქციისთვის რუსეთის ბაზარი დაიკეტა, არადა, საკმაოდ დიდი პერსპექტივები არსებობდა რუსეთის ბაზარზე გაყიდვების გაორმაგების თვალსაზრისით. დღეს კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2010 წელი ბევრად უფრო წარმატებული იყო, ვიდრე რუსეთის ბაზარზე ყოფნისას. ჩვენი გათვლებით, 2011 წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება.

ამის თქმის მიზეზს რამდენიმე გარემოება გვაძლევს. გასულ წელს, ჩვენი მომხმარებლის დაკვეთიდან გამომდინარე, შევცვალეთ "ბორჯომის" ბოთლის დიზაინი და უკვე დეკემბრიდან იყიდება საქართველოში. ამან კი "ბორჯომის" გაყიდვების საკმაოდ მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია.

მომხმარებელს, როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე მოლოდინი ჰქონდა, რომ "ბორჯომი" უფრო თანამედროვე დიზაინით ენახათ და ჩვენც მათი დაკვეთა შევასრულეთ. ჩვენ პატივს ვცემთ მომხმარებლის მოთხოვნებს და ამან პირველი შედეგი უკვე მოგვცა, ახლა იმედით ველით, როგორ მიიღებს ახალი დიზაინის ბოთლს საექსპორტო ბაზარი, რასაც თან სდევს მარკეტინგული აქტივობა საექსპორტო ბაზრებზე."

R