აუქციონი ჩვენში ჯერჯერობით უცხო ხილია - კვირის პალიტრა

აუქციონი ჩვენში ჯერჯერობით უცხო ხილია

აუქციონზე შეძენილი ქონება მყიდველმა გაკოტრებული მოვალისგან თავად უნდა წამოიღოს?!

ქართული საკრედიტო ბუმის შედეგებს საზოგადოება ახლა იმკის. თბილისის სააღსრულებო ბიუროში ყოველდღიურად ათობით იძულებითი აუქციონი იმართება, სადაც კრედიტორის სასარგებლოდ მოვალის უძრავი თუ მოძრავი ქონება იყიდება.

მართალია, ინფორმაცია აუქციონების ჩატარების შესახებ საჯაროა და იუსტიციის სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის გარდა, გაზეთ "სიტყვა და საქმეშიც" ქვეყნდება, გარეშე პირები აუქციონებს მაინც იშვიათად ესწრებიან. ამაში თავადაც დავრწმუნდით, როდესაც უძრავი თუ მოძრავი ქონების რამდენიმე აუქციონს დავესწარით. არადა, აუქციონზე მოხვედრა რთული სულაც არ არის. სააღსრულებო ბიუროს საშვთა განყოფილებაში პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარადგინო და მიუთითო, კონკრეტულად რომელ აუქციონზე გსურს დასწრება.

დარბაზი, სადაც იძულებითი აუქციონები ეწყობა, მოკრძალებულია და დაახლოებით ათამდე ადამიანს იტევს. როდესაც აღმასრულებელი აუქციონს გახსნილად გამოაცხადებს, აუქციონზე გამოტანილი უძრავი თუ მოძრავი ქონების შესყიდვის მსურველებს აფრთხილებს, რომ ვალდებული არიან, სარეალიზაციო ქონების გამოცხადებული ფასის მეათედს საბანკო გარანტია წარმოადგინონ. უძრავი და მოძრავი ქონება კი აუქციონზე საბაზრო ღირებულების ნახევარ ფასად გამოაქვთ.

თუ ქონება პირველივე აუქციონიდან არ გაიყიდა, მისი ფასი ყოველი განმეორებითი აუქციონის შემთხვევაში მცირდება. აუქციონიდან მომავალ აუქციონამდე კი სააღსრულებო ბიუროში ე.წ. ვირტუალური მაღაზიის პრინციპი მუშაობს და თუ მოულოდნელად ქონების შესყიდვის მსურველი გამოჩნდა, აღმასრულებელს ნივთის გაყიდვის უფლება კრედიტორისა და მოვალის გაფრთხილების გარეშეც შეუძლია.

რამდენიმე აუქციონის მაგალითზე, რომელსაც გასულ კვირის განმავლობაში დავესწარით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ აუქციონზე გამოტანილ ქონებას მეტწილად თავად კრედიტორები ყიდულობენ. მაგალითად, იყო შემთხვევა, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, რეკორდულად დაბალ ფასად, ერთ-ერთმა ქართულმა ბანკმა შეიძინა. არის შემთხვევები, როდესაც გირაოს სახით ბანკში ჩადებულ მოძრავ ნივთებს, მაგალითად ავტომობილებს, ავეჯსა და სხვა მოძრავ ქონებას, ბანკების საკრედიტო ოფიცრები ყიდულობენ. მოკლედ, მოვალის გარდა, იძულებითი აუქციონით ხეირობს ყველა, ვისაც ინფორმაციაზე დროულად მიუწვდება ხელი.

მოძრავი ნივთების იძულებით აუქციონებზე იყიდება ყველაფერი _ ნახმარი ავეჯით დაწყებული, თევზებიანი აკვარიუმით დამთავრებული. ბანკში აღებული კრედიტის გარდა, მოძრავი ნივთების იძულებით გაყიდვის მიზეზი შესაძლოა გახდეს ადმინისტრაციული ჯარიმის გადაუხდელობაც. ცოტა ხნის წინ, სწორედ ამ მიზეზით გაიმართა იძულებითი აუქციონი, სადაც მოვალეს 17,50 ლარად გაუყიდეს ტელევიზორი, ხის მაგიდა 22,50 ლარად, დივანი 16,25 ლარად, ტახტი 11,50 ლარად და რადიომიმღები 7,50 ლარად. მოძრავი ქონების აუქციონებზე იყიდება გირაოში ჩადებული მოძრავი ნივთებიც, მაგალითად გაზქურა, შეფასებული სულ რაღაც 37 ლარად, მაცივარი "მინსკი" 37 ლარად და თქვენ წარმოიდგინეთ, ხის ორი სკამი სულ რაღაც 5 ლარად. ფასები, რა თქმა უნდა, მიმზიდველია, მაგრამ უხერხულობას ის ქმნის, რომ აუქციონზე გამოტანილი მოძრავი ნივთები მოვალესთან ინახება და შეძენის შემთხვევაში, მათი ძველი მფლობელისგან წამოღება თავად უნდა უზრუნველყოთ. თუ გსურთ, თავიდან აიცილოთ ეს არცთუ სასიამოვნო პროცედურა, შეგიძლიათ, საზღაურის სანაცვლოდ, ეს საქმე სააღსრულებო პოლიციას მიანდოთ.

ამირან გიგუაშვილი (ადვოკატი): "კანონში სააღსრულებო წარმოების შესახებ და იპოთეკით უზრუნველყოფილი უძრავი ნივთების აუქციონის წესით რეალიზაციის შესახებ, ძალიან ბევრი ცვლილება შევიდა. მეტიც, ცვლილებები სისტემატურად ხდება. კანონმდებელი მაქსიმალურად ცდილობს, ბიუროკრატიული ბარიერები, რომლებიც ჩვენს სამოქალაქო კანონდებლობაში მრავლად იყო, გაამარტივოს. თუმცა ზოგმა შესაძლოა ეს სიახლეები მოვალისათვის ზედმეტად მკაცრად და კრედიტორის ხელშეწყობად მიიჩნიოს. ვფიქრობ (და ეს ჩემი სუბიექტური აზრია), ეს ცვლილებები აუცილებელია. მოვალეს უამრავი ბერკეტი ჰქონდა, რათა ჩაეშალა ან თავიდან აეცილებინა იძულებითი აუქციონი. შეეძლო შეეჩერებინა აუქციონი, თუ სასამართლოს მიმართავდა. იყო ასეთი მუხლიც, რომ თუ აუქციონის შედეგად გაიყიდებოდა ქონება, მოვალეს უფლება ჰქონდა, ქირავნობის უფლებით იქ ცხოვრება განეგრძო. ადრე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, არ შეიძლებოდა, კრედიტორს საკუთრებაში გადასვლოდა უძრავი ნივთი. დღეს ეს ბარიერი მოხსნილია და თუ ქონება აუქციონის წესით ვერ იყიდება, კრედიტორს შეუძლია პირდაპირ მიიღოს იგი საკუთრებაში.

იყო ცნობილი მექანიზმი, როცა კრედიტორები მესამე პირების მეშვეობით მოვალის ქონებას ყიდულობდნენ. კანონმდებელმა ეს ფორმალობა გააუქმა და საშუალება მისცა კრედიტორებს, რომ აღნიშნული ქონება თავადვე შეიძინონ. ოღონდ, საკუთრებაში პირდაპირი გადასვლისთვის, ეს პირობა ხელშეკრულებაში უნდა იყოს გათვალისწინებული და მეორე, მოვალემ და კრედიტორმა საჯარო რეესტრს ერთობლივი განცხადებით უნდა მიმართონ.

უძრავი თუ მოძრავი ქონება აუქციონზე ძალიან დაბალ ფასად იყიდება. კერძო სააღსრულებო ბიუროების შემოსვლით აუქციონების ორგანიზება ძალიან გაადვილდა. ყველას, ვისაც აქვს ლიცენზია, ასევე კრედიტორსაც, შეუძლია მოითხოვოს აუქციონის გამართვა. პირველ იძულებით აუქციონზე ქონება იყიდება აუდიტორის დადგენილი ფასის 50%-ად, მეორე აუქციონზე ფასი კიდევ ნახევრდება და კრედიტორს უფლება აქვს, რომ ქონება უფრო იაფადაც შეიძინოს. კრედიტორი დაინტერესებულია, რომ ნივთი რაც შეიძლება მალე გაიყიდოს, თუნდაც ნახევარ ფასად. თუ მეორე აუქციონზეც ვერ გაიყიდა, შესაძლოა ნივთი საკუთრებაში გადაეცეს კრედიტორს, ოღონდ ამას მოვალის თანხმობა სჭირდება. მესამე აუქციონი ისე უნდა გაიმართოს, რომ ნივთი გაიყიდოს. რა თქმა უნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ნივთის შესაძლოა თვითღირებულებაზე ძალიან ნაკლებ ფასად გაიყიდოს.

ცვლილებები კანონში, ერთი მხრივ, კარგია, თუმცა უარყოფითი მხარეც აქვს. შესაძლოა მოვალის ინტერესები სათანადოდ დაცული არ მოგვეჩვენოს, მაგრამ ხელშეკრულების გაფორმებისას მოვალეც ვალდებულია, თავისი რისკები შეაფასოს. წინ დიდი სამუშაოა აუქციონების ორგანიზების, მათი საჯაროობის, სამართლიანი ფასების დადგენის თვალსაზრისით".

აშკარაა, რომ კანონში შესული ცვლილებები კრედიტორის ინტერესებს პასუხობს, კერძო პირი იქნება ეს, საფინანსო ინსტიტუტი თუ სახელმწიფო. იძულებითი აუქციონის სამართლიანად ჩატარება კი დიდწილად კრედიტორის სინდისიერებაზეა დამოკიდებული თუ კრედიტორი ყველა საშუალებით შეეცდება, აუქციონზე გამოტანილი ქონება მესამე აუქციონამდე არ გაიყიდება და შემდეგ თავად დაეუფლება სიმბოლურ ფასად. ამიტომ საზოგადოების ინფორმირება საჯარო აუქციონების შესახებ უფრო მასშტაბურად უნდა ხდებოდეს, რათა აუქციონზე კონკურენცია წამოიქმნას და ქონებაც რეალურ ფასად იყიდებოდეს.