"ვისოლი" ავტომობილების გაზზე გადაყვანის მომსახურებას იწყებსა - კვირის პალიტრა

"ვისოლი" ავტომობილების გაზზე გადაყვანის მომსახურებას იწყებსა

ნავთობკომპანია "ვისოლ ჯგუფმა" მომხმარებელს ახალი სერვისი შესთავაზა. "ვისოლის" შვილობილი კომპანია "ავტოექსპრესი" მძღოლებს დაეხმარება, საკუთარი ავტომობილები გაზის საწვავზე გადაიყვანონ. "ვისოლისა" და "ავტოექსპრესის" ახალი სერვისის შემოტანა მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებმა განაპირობა.

საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის ზრდის ტენდენცია მძღოლებს ისეთი საწვავის გამოყენებისკენ უბიძგებს, რომელიც ერთდროულად ხარისხიანიც იქნება და იაფიც დაჯდება. ამიტომაც "ვისოლმა", როგორც საზოგადოებაზე მზრუნველმა კომპანიამ, გადაწყვიტა ბენზინისა და დიზელის საწვავის ავტოგასამართი სადგურების პარალელურად გაზგასამართი სადგურების ქსელიც განავითაროს.

როლანდ ხაჟომია 12 წელია ტაქსის მძღოლია. ბენზინის გაძვირებამ მისი შრომა წინანდელთან შედარებით ნაკლებად პროდუქტიული გახადა. "საწვავი გაძვირდა, ჩვენ კი მგზავრობის ღირებულებას ვერ ვაძვირებთ. მგზავრს ფული არ აქვს და ვერ იხდის. ამიტომაც ხშირად დღის ბოლოს სახლში ვერაფერი მიმაქვს. გაზის საწვავზე გადაყვანა საშუალებას მაძლევს, რომ ფასი დავწიო და მომსახურების რიტმი გავზარდო, ასე ჩემი ბიუჯეტიც სასიკეთო ცვლილებას იგრძნობს. გაზის საწვავის სისტემის დამონტაჟება დიდი ხანია მინდა, მაგრამ ვერ გამეგო სად შეიძლებოდა ამ მომსახურებით ისე სარგებლობა, რომ ხარისხი და უსაფრთხოება გარანტირებული მქონოდა."

"ბუნებრივი გაზი ყველაზე ეკონომიური და ეკოლოგიური საწვავია. იმისათვის, რომ ავტომობილების გაზზე გადაყვანა უსაფრთხოების სისტემების სრული დაცვით მომხდარიყო, აღნიშნულ პროექტს გამოცდილ იტალიელ პარტნიორებთან ერთად ვახორციელებთ. ჩვენი თითოეული თანამშრომელი სპეციალურ ტრენინგს გაივლის, გაზის მიწოდების იტალიური დანადგარები კი უსაფრთხოების დამატებითი გარანტიაა," - განაცხადა "ავტოექსპრესის" დირექტორმა გურამ დაფქვიაშვილმა.

მძღოლებმა, რომელთაც სურთ, რომ საკუთარი ავტომობილი გაზის საწვავ სისტემაზე გადაიყვანონ, მუხიანში, გობრონიძის ქუჩა #4-ში მდებარე "ვისოლის" ავტოგასამართი სადგურის ტერიტორიაზე მდებარე "ავტოექსპრესის" მომსახურების ცენტრს უნდა მიმართონ. აქ, ავტომობილის ბუნებრივ გაზზე გადაყვანა იტალიური დანადგარებით ხდება. კომპანია იტალიური ბრენდის OMVL SPA-ს გაზის მიწოდების სისტემების ექსკლუზიური დისტრიბუტორია საქართველოში.

იმისათვის, რომ ქართველმა სპეციალისტებმა წარმატებით დაამონტაჟონ ახალი დანადგარები, კომპანია "ავტოექსპრესმა" იტალიელი ექსპრეტი სალვატორე რიკობენე მოიწვია. ის ახლა ინტენსიურ ტრენინგებსა და კონსულტაციებს მართავს "ავტოექსპრესის" ტექნიკოსებთან. კომპანია "ავტოექსპრესი" ინდივიდუალურად თითოეული ტიპის ავტომობილისთვის რეკომენდებულ გაზის მიწოდების სრულ სისტემას და დეტალურ ინსტრუქტაჟს სთავაზობს მომხმარებელს, რაც გაზის უსაფრთხო მოხმარების გარანტიაა. დამატებით, "ავტოექსპრესი" მომხმარებელს ავტომობილის გაზზე გადაყვანის სერვისის მისაღებად განვადებასაც სთავაზობს.

ზოგადად ამ სისტემის დამონტაჟება მინიმუმ 1200 ლარი ჯდება და საბოლოო ღირებულება თითოეული ავტომობილის ტიპის მიხედვით განისაზღვრება. კომპანიამ ახალი სერვისის განვითარებაში 1 მილიონი ლარი ჩადო.

იტალიელი ექსპერტის განცხადებით, აღნიშნული სისტემა ძალიან პოპულარულია ზოგადად ევროპაში, იტალიაში კი ავტომობილების 15% სწორედ ამ სისტემით სარგებლობს.

"ავტო ექსპრესი" 2011 წლიდან დამკვიდრდა საქართველოს ბაზარზე და ერთადერთ ავტომომსახურების ცენტრების ქსელს წარმოადგენს მთელი ქვეყნის მასშტაბით. კომპანიის ავტომომსახურების ცენტრები გაზზე გადაყვანის სერვისის გარდა მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის ტოტალის ფრანგულ საავტომობილო ზეთებს და სხვა საპოხ მასალებს, საბურავებს და ვულკანიზაციისა და ბალანსირების სრულ მომსახურებასაც სთავაზობს.

"ვისოლი" შეკუმშულ ბუნებრივ გაზს მსოფლიოში წამყვან კომპანია "ასპრო"-სთან თანამშრომლობით მომხმარებელს უსაფრთხოდ და 100% სიზუსტით აწვდის.

R