რა დაასრულებს საინვესტიციო შიმშილს
28-09-2009
საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფალი და პრეფერენციული რეჟიმებით ინვესტორის დაინტერესება შეიძლება


უცხოური ინვესტიციების ნაკადი მკვეთრად შემცირდა. წლეულს II კვარტალში საქართველოში მხოლოდ 92,179 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია შემოვიდა. ეს 6,5-ჯერ ნაკლებია შარშანდელ იმავე დროსთან შედარებით. მეორე კვარტალში შემოსული ინვესტიციის 79,8% არაბეთის გაერთიანებულ საემიროებზე მოდის. ერთი ეგ არის, ბოლო თვეებში მთავრობის წევრებმა მოუხშირეს ოპტიმისტურ განცხადებებს, რომ ეკონომიკაში გამოცოცხლება შეინიშნება. თუმცა სანამ ინვესტიციების ძველი მოცულობა აღდგება, მანამდე ალბათ ბევრი წყალიც ჩაივლის.

ალექსანდრე ღვთისიაშვილი (ეკონომიკის ექსპერტი):
-საქართველო ჯერ კიდევ მაღალი რისკის ქვეყნად რჩება. ინვესტორებს გარანტია არ აქვთ, რომ საომარი მოქმედებები არ განახლდება, ამიტომაც იკავებენ თავს დაბანდებებისგან. ის უცხოელი ინვესტორები, რომლებსაც შესაძლოა უარი არ ეთქვათ საქართველოში ინვესტიციების განთავსებაზე, რუსეთის არასტაბილური და არაპროგნოზირებადი ქცევის გამო, ამ ეტაპზე თავის შეკავებას ამჯობინებენ. ამას ემატება ფინანსური,
ეკონომიკური კრიზისი, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება მსოფლიოში. ინვესტორებს არ აქვთ გამოთავისუფლებული აქტივები, რათა სხვა ქვეყნებში განათავსონ და მთელ რესურსებს უკვე არსებულ წარმოებაში მიმართავენ, არსებული მაჩვენებლების შესანარჩუნებლად. დარწმუნებული ვარ, გადაივლის ეს მძიმე პერიოდი და ინვესტორები ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ ჩვენს ქვეყანაში მუშაობას.

-საერთაშორისო რეიტინგების თანახმად, საქართველო სულ უფრო მიმზიდველი ხდება ბიზნესის თვალსაზრისით. ეს ცოტა შეუსაბამოდ ხომ არ გეჩვენებათ, უცხოელი ინვესტორების პასიურობის ფონზე?
-საერთაშორისო რეიტინგები შესაძლოა მივიჩნიოთ, როგორც წარმატება, მიღწევა. ბევრ სანდო საერთაშორისო ორგანიზაციაში აღინიშნება, რომ საქართველო თავისუფალი ეკონომიკის ქვეყანაა, სადაც შესაძლებელია ბევრ სექტორში დაბანდდეს ინვესტიცია და ინვესტორმა წარმატებულად იმუშაოს. უცხოური ინვესტიციები, საქართველოს გარდა, ბევრ სხვა ქვეყანაშიც შემცირდა, მათ შორის, ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც. საქართველო ხომ გამონაკლისი არ არის. დარწმუნებული ვარ, მომავალში გაცილებით მეტი ინვესტიცია შემოვა. რა თქმა უნდა, ხარვეზები გამოსასწორებელია, მათ შორის, საკანონმდებლო. როცა ეკონომიკური სისტემა უკეთ ამოქმედდება, დროებით შეჩერებული ინვესტიციებიც განახლდება.

-თუ კეთდება წინასწარი პროგნოზი, ეკონომიკის რომელ სექტორებში შემოვა კრიზისის შემდეგ უცხოური ინვესტიციები?

-ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ ბევრი ეკონომიკური სექტორია, რომელიც შესაძლოა უცხოელი ინვესტორების ინტერესის სფეროში მოხვდეს. მაგალითად, ენერგეტიკა, ბუნებრივი რესურსები, ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობა. ჩვენს ქვეყანას აქვს დიდი პოტენციალი, აწარმოოს მაღალი ხარისხისა და ეკოლოგიურად სუფთა სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია და უცხოეთში გაიტანოს.
საქართველოს ბევრ ქვეყანასთან აქვს ვაჭრობის პრეფერენციული რეჟიმი. ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ინვესტიციების მოსაზიდად. ინვესტორებს შორის შესაძლოა კვლავ ვიხილოთ არაბული ქვეყნები, არ არის გამორიცხული, რომ ინვესტიციები საქართველოში ევროპულმა ქვეყნებმაც განათავსონ. მოგეხსენებათ, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. თუ ეს მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, ჩვენს ქვეყანაში ბევრი ევროპელი ინვესტორის შემოყვანას შევძლებთ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით