" უკვე 80 სახლია გამთბარი. თუმცა, ფასები თითქმის გაორმაგდა" - რაჭა-ლეჩხუმში 80 მიტოვებული სახლი გაიყიდა - კვირის პალიტრა

" უკვე 80 სახლია გამთბარი. თუმცა, ფასები თითქმის გაორმაგდა" - რაჭა-ლეჩხუმში 80 მიტოვებული სახლი გაიყიდა

2018 წლის ივნისიდან დღემდე, რაჭა-ლეჩხუმში უკვე 80 მიტოვებული სახლი გაიყიდა. ამის შესახებ "ბიზნესპრესნიუსს" იდეის "დაკარგული სამოთხე" ავტორმა ლექსო ჩარკვიანმა განუცხადა. როგორც ის ამბობს, სახლებზე მოთხოვნა დიდია, თუმცა ფასები თითქმის, გაორმაგდა. ამის მიზეზი კი, სავარაუდოდ, წამოწყებული კამპანიის ცნობადობის ამაღლება გახდა. ლექსო ჩარკვიანის თქმით, მას შემდეგ, რაც სახლის მეპატრონეები იგებენ, რომ ობიექტით "დაკარგული სამოთხის" ავტორია დაინტერესებული, ფასს ხელოვნურად ზრდიან. ცნობისთვის, "დაკარგული სამოთხე" - ეს ის სოციალური კამპანია, რომლის ავტორი ლექსო ჩარკვიანი სოფლებში მიტოვებულ სახლებს ეძებს და მათ "გაცოცხლებას" ამავე სახელწოდების Facebook-ის გვერდის საშუალებით ცდილობს. კერძოდ, სახლებთან დაკავშირებით საკონტაქტო ინფორმაციას საჯარო რეესტრის საშუალებით აგროვებს, მათ მოსანახულებლად კი საკუთარი ხარჯებით ჩადის. იმ შემთხვევაში, თუ მესაკუთრეს სახლის გაყიდვის სურვილი აღმოაჩნდება, ფოტოებს სოციალურ ქსელში ტვირთავს, დანარჩენს მეპატრონე და მყიდველი თავად აგვარებენ.

რაც შეეხება თავად იდეას, როგორც ავტორი აცხადებს, მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ერთ-ერთ სოფელში სტუმრობისას თვალწინ მიტოვებული სახლი ჩამოეშალა.

მისი თქმით, მიტოვეული სახლებით ძირითადად ქართველი ემიგრანტები და ახალგაზრდები ინტერესდებიან.

"ამ დროისთვის უკვე 80 სახლია გამთბარი. თუმცა, ფასები თითქმის გაორმაგდა. კერძოდ, კამპანიის დაწყების დროს როგორ მდგომარეობაშიც ვპოულობდი სახლებს, ახლა იგივე პირობებით ორმაგი ფასი აქვს. ბევრი მეუბნება, რომ კამპანიის ცნობადობამ გამოიწვია ეს. არის შემთხვევებიც, როდესაც სახლს მოვძებნი, ვიცი, რომ ღირს 4 000, მივალ, მიცნობენ და მთხოვენ, 5-6 ათასი დავაფასოთო. შენ ბევრი ადამიანი გიცნობსო. ამის გამო უარს ვეუბნები, ძალიან ბევრი დავტოვე ნაწყენი, მაგრამ ეს არ არის კარგი საქციელი. მე ჩემი პასუხისმგებლობა მაქვს იმ ხალხის წინაშე, ვინც ამ სახლებს ყიდულობს და მე გამოვდივარ ცუდი",-აცხადებს ლექსო ჩარკვიანი. იხილეთ სრულად