"ბერტა" - დამზადებულია საქართველოში - კვირის პალიტრა

"ბერტა" - დამზადებულია საქართველოში

საქართველოს მომხმარებელზე მორგებული მაღალი ხარისხის პროდუქცია, ხელმისაწვდომ ფასად

ცოტა ხნის წინ, საქართველოში კიდევ ერთი ადგილობრივი წარმოება გაიხსნა. საყოფაცხოვრებო მოხმარებისა და ჰიგიენური პროდუქტების მწარმოებელი,  ქართულ-შვეიცარიული კომპანია "ბერტას" ქარხანა წეროვანში აშენდა და პირველ რიგში გამვლელთა ყურადღებას თავისი მასშტაბებით იპყრობს. ქარხნის მშენებლობისთვის 35 მილიონი დოლარის მოცულობის ინვესტიცია დაიხარჯა და პირველ ეტაპზე 200-მდე ადამიანი დასაქმდა.

აღსანიშნავია, რომ კიდევ ერთი ქართული წარმოება საზეიმოდ გახსნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა. მთავრობის წევრების გარდა "ბერტას" საწარმოო სტარტს კომპანიის უცხოელი პარტნიორები და საქართველოს ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ "ბერტას" ამიერკავკასიაში ანალოგი არ აქვს. ეს არის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმო, რომელიც სრულად პასუხობს დღეს არსებულ უმაღლეს სტანდარტებს.

შამპუნი, კოსმეტიკური საპონი, ჭურჭლის სარეცხი საშუალება, სარეცხი ფხვნილი, საწმენდი საშუალებები - კომპანია "ბერტას" მიერ საქართველოში წარმოებული ყველა ეს პროდუქტი მოკლე ხანში საქართველოს ბაზარზე გამოჩნდება. პრემიუმკლასის, ანუ მაღალი ხარისხის პროდუქცია ადგილწარმოების აღმნიშვნელი წარწერით - "დამზადებულია საქართველოში", მომხმარებელს ხელმისაწვდომი ფასითაც დააინტერესებს.

ანა დათიაშვილი (კომპანია "ბერტას" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი): "ჩვენი კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქცია ეტაპობრივად გამოჩნდება ადგილობრივ ბაზარზე. მიმდინარე თვის ბოლოს, მომხმარებელს შევთავაზებთ ორ ბრენდს - "ბრიოს" და "მარტას". "ბრიო" სარეცხი ფხვნილის ბრენდი გახლავთ, ხოლო "მარტა" ჭურჭლის, მინის საწმენდი და აბაზანის უნივესალური საშუალებაა. რაც მთავარია, ეს იქნება მაღალი ხარისხის პროდუქცია ხელმისაწვდომ ფასად.

მასშტაბებიდან გამომდინარე, ქარხანას წარმადობის დიდი პოტენციალი აქვს. ამჟამად ქარხანაში 200 ადამიანია დასაქმებული და უმეტესობა კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები და ადგილობრივი მოსახლეობაა. სრული დატვირთვით ამუშავების შემთხვევაში შესაძლებელია ქარხანაში თანამშრომლების რაოდენობა გაორმაგდეს, რაც თავისთავად მეტ სამუშაო ადგილს ნიშნავს."

საყოფაცხოვრებო და ჰიგიენური პროდუქციის წარმოებისთვის, კომპანია "ბერტას" ნედლეული ძირითადად ევროპიდან, ნაწილი კი აზიის ქვეყნებიდან შემოაქვს. მაგალითად, აზიიდან შემოდის ქოქოსის, ყავის და სხვა სურნელოვანი მცენარეული ზეთები. ევროპიდან კი "ბერტას" ნედლეულით კოსმეტიკური ნედლეულის უმსხვილესი მწარმოებელი, გერმანული კომპანია "კოგნისი" ამარაგებს. რაც მთავარია, ყველა ნედლეული, რომელსაც კომპანია "ბერტა" თავისი პროდუქციის წარმოებისთვის იყენებს, ბუნებრივ კომპონენტებზეა დამზადებული.

არომატების მწარმოებელი კომპანია, "ჟივოდანი", რომელიც მსოფლიო ლიდერია ბიზნესის ამ სეგმენტში, "ბერტას" პროდუქციისთვის ექსკლუზიურ არომატებს ქმნის. "2010 წელს დავიწყეთ ბაზრის კვლევა, რათა გაგვერკვია რა მოთხოვნები ჰქონდა ადგილობრივ ბაზარს, როგორი სახის პროდუქცია სჭირდებოდა მომხმარებელს.

ვაწარმოებდით გამოკითხვებს მიზნობრივად შერჩეულ ჯგუფებში და ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი დეტალი გამოიკვეთა, რომელიც მხოლოდ ქართველ მომხმარებელს ახასიათებს. პირველ რიგში გავარკვიეთ ის, რომ ყველა დიასახლისისთვის მნიშვნელოვანია თუ როგორი არომატი აქვს საყოფაცხოვრებო პროდუქტს, რომელსაც ის თუნდაც სახლის მოსავლელად იყენებს.

კვლევას უფრო ღრმად რომ მივყევით, აღმოჩნდა, რომ საქართველოს მომხმარებლის გემოვნება სხვა ქვეყნის მომხმარებლისგან რადიკალურად განსხვავებულია. მაგალითად, თუ სადღაც მოსწონთ ქოქოსის სურნელი, ადგილობრივი მომხმარებელი უპირატესობას ანიჭებს ლიმონის, ვაშლის, ყურძნის არომატებს. სწორედ ამ კვლევის შედეგების გათვალისწინებით დავუკვეთეთ "ჟივოდანს" ჩვენი პროდუქციისთვის შეექმნათ ქართველ მომხმარებელზე მორგებული, ექსკლუზიური არომატები. დღეს "ჟივოდანი" ჩვენი პარტნიორი კომპანიაა, რომელიც ამზადებს არომატებს სხვადასხვა პროდუქციისთვის " - გვიხსნის ანა დათიაშვილი.

"ბერტას" მიერ წარმოებული "ბრიოსა" და "მარტას" შემდეგ, ადგილობრივ  ბაზარზე გამოჩნდება საქართველოში წარმოებული საპონი, შამპუნი და თმის მოვლის საშუალებები. როგორც კომპანიის წარმოამდგენლებისგან შევიტყეთ, ეს პროდუქტებიც კავკასიური კანისა და თმის თავისებურებების გათვალისწინებით იქმნებოდა. სპეციალისტებმა ასევე შეისწავლეს ადგილობრივი წყლის შემადგენლობა, რათა საყოფაცხოვრებო თუ კოსმეტიკური პროდუქციის გამოყენებისას, მისი წყალთან შეხების დროს სასარგებლო თვისებები მაქსიმალურად ყოფილიყო შენარჩუნებული.

"ბერტა" სამომავლოდ წარმოებული პროდუქციის ასორტიმენტის ზრდას და ექსპორტზე გატანასაც გეგმავს. საინტერესოა, რომ საწარმოს სრული დატვირთვის შემთხვევაში წარმოებული პროდუქციის 30% სრულად დააკმაყოფილებს ადგილობრივ მოთხოვნას, დანარჩენის რეალიზება კი უცხოეთის ბაზრებზე იქნება შესაძლებელი.

ანა დათიაშვილი: "ამ ეტაპზე "ბერტას" პროდუქციით უკვე დაინტერესდა აზერბაიჯანი და სომხეთი, მიმდინარეობს მოლაპარაკება ესპანეთთან. მოგეხსენებათ, რომ ეს ქართულ-შვეიცარიული კომპანიაა და ევროპული ბაზრებიც იჩენენ ინტერესს ჩვენ მიერ წარმოებული პროდუქციის მიმართ. სადისტრიბუციო ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით ისე გვაქვს განვითარებული, რომ მალე "ბერტას" პროდუქცია ყველა რეგიონში, ქალაქსა და სოფელში გაიყიდება. ეს იქნება იმპორირებულზე უფრო იაფი და რაც მთავარია, ახალი პროდუქცია. ჩვენი სურვილია, რომ "ბერტას" მიერ წარმოებული საყოფაცხოვრებო თუ ჰიგიენური პროდუქცია, საქართველოს ყველა ოჯახში ვნახოთ."

R