თბილისში ტრამვაი ბრუნდება - კვირის პალიტრა

თბილისში ტრამვაი ბრუნდება

როდის დაემატება ახალი ელექტროტრანსპორტი დედაქალაქს

თბილისში ორიოდე წელიწადში თანამედროვე ტრამვაი ივლის. ყოველ შემთხვევაში, ამას გეგმავენ მერიაში და ალბათ არც თბილისელები არიან წინააღმდეგი. ჯერჯერობით წინასწარი სამუშაოებია შესასრულებელი, მარშრუტების შედგენა იმის მიხედვით, თუ სად რა მგზავრთნაკადია, აგრეთვე დედაქალაქის რომელ ადგილას არის შესაძლებელი ტრამვაის რელსების გაყვანა.

ტრადიციულად, ეს ინიციატივაც პირველად პრეზიდენტმა სააკაშვილმა გაახმაურა, რომ როგორც სხვა ქვეყნების დედაქალაქებში, თბილისშიც ევლო ტრამვაის. შემდეგ თბილისის მერმა პარიზში ფრანგულ კომპანია "სისტრასთან" ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ფრანგებმა ერთი წლის განმავლობაში თბილისის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, მგზართნაკადები, ტერიტორია უნდა გამოიკვლიონ. ამის შემდეგ ისინი თბილისის მთავრობას პროექტს წარუდგენენ: სად არის თბილისში ტრამვაის ხაზის გაყვანა საჭირო და შესაძლებელი.

თბილისის საკრებულოში ამბობენ, რომ მგზავრთა გადაყვანის გარდა, ტრამვაის ქალაქის იერსახისაც შეცვლის, რომ თანამედროვე ტრამვაიმ უცხოეთში არაერთი ქალაქი გამოაცოცხლა და ტურისტებისთვისაც უფრო მომზიდველი გახადა. როგორც კი თბილისში ტრამვაის ხაზის გაყვანაზე მსჯელობა დაიწყეს, მაშინვე უამრავ ადამიანს გაუჩნდა შეკითხვა – რატომ გააუქმეს თბილისში ისედაც არსებული ტრამვაი, თუკი ის კვლავ ხელახლა გასაყვანი გახდებოდა.

პირველი ელექტროტრამვაი თბილისში 1904 წელს ამოქმედდა. მომდევნო ათწლეულებში ამოქმედებული მრავალი მარშრუტი გასული საუკუნის ბოლოსთვის სულ უფრო მცირდებოდა და ბოლო მარშრუტიც 2006 წელს გაუქმდა. თბილისის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარე კონსტანტინე იონათამიშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ თბილისში ტრამვაის რელსები ნებისმიერ შემთხვევაში გამოსაცვლელი იყო.

"ლიანდაგები სრულიად ამორტიზებული იყო, ბოლო 30 წლის განმავლობაში რამე რეაბილიტაცია არც ლიანდაგებსა და არც ვაგონებს არ ჩატარებია. აქედან გამომდინარე, თუნდაც დღემდე რომ ემუშავა, მისი გამოცვლა მაინც გარდაუვალი იქნებოდა. თანამედროვე ტრამვაი სრულიად განსხვავდება იმისგან, რაც თბილისში იყო".

ფრანგული კომპანია "სისტრა", რომელსაც საფრანგეთის მთავრობა აფინანსებს, სრულად იკვლევს თბილისში მგზავრთნაკადებსა და დღეს არსებული ტრანსპორტის მოძრაობას. კომპანიის კვლევით დადგინდება, სად სჯობს ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტის დამატება თუ მოხსნა, აგრეთვე, სად იქნება ტრამვაის ხაზის გაყვანა ყველაზე ეფექტიანი.

კონსტანტინე იონათამიშვილი: "ტრამვაის აქვს ბევრი ეფექტი. არის სწრაფი, უსაფრთხო, ეკოლოგიურად სუფთა, ხელმისაწვდომი. განსაკუთრებულ ეფექტს სძენს ქალაქის იერსახეს. ზოგიერთი ფრანგული ქალაქი, სადაც ტრამვაი გაუქმებული იყო და შემდეგ კვლავ დააბრუნეს – სრულიად შეცვლილია. საინტერესო გახდა ტურისტებისთვისაც. შეიძლება გადაჭარბების გარეშე ითქვას, რომ ტრამვაიმ ეს ქალაქები მნიშვნელოვნად გამოაცოცხლა".

თბილისის საკრებულოში ამბობენ, რომ ჯერ არ არის გადაწყვეტილი, ტრამვაი რა ტიპის იქნება. თუმცა ის ზუსტად იციან, რომ ელექტროტრანსპორტი ავტობუსებზე ადვილი შესანახია. არის სხვა მიზეზიც– ელექტროენერგიის გამომუშავება საქართველოში ხდება, საწვავი კი, რომელიც ლამის ყოველდღე ძვირდება, საზღვარგარეთიდან შემოგვაქვს.

თავის დროზე, როცა თბილისში ტრამვაი აიღეს, ქალაქის ხელმძღვანელობა ტრამვაის ადგილას ტროლეიბუსების გაშვებას აპირებდა. შემდეგ ეს საკითხი მიივიწყეს. საკრებულოში ამბობენ, რომ მართალია, ტროლეიბუსიც ელექტროტრანსპორტია, მაგრამ ტრამვაის აქვს თავისი უპირატესობები: ტევადი ვაგონები, სწრაფი გადაადგილება. ტროლეიბუსისგან განსხვავებით, ტრამვაის "საცობში" არ მოხვდება. ამიტომ თბილისში ტროლეიბუსის აღდგენას არ აპირებენ.

პროექტის ღირებულება

ტრამვაის ხაზის გაყვანისთვის ბევრი ფულია საჭირო. საკრებულოში პროექტის განხორციელებისათვის საჭირო თანხას ვერ ასახელებენ. თუმცა ერთ-ერთი შეხვედრისას თბილისის მერმა თქვა, რომ სავარაუდო თანხა დაახლოებით 500 მილიონი ევროს ფარგლებში შეიძლება იყოს. წლევანდელი ბიუჯეტით, დედაქალაქი ტრანსპორტს თითქმის 100 მილიონი ლარით აფინანსებს. აქედან ავტობუსების შენახვა დაახლოებით 40 მილიონ ლარამდე ჯდება. ტრამვაის შენახვა კი, დაახლოებით ოთხჯერ იაფი ივარაუდება.

თბილისში ტრამვაის პოპულარიზაციის მიზნით საინიციატივო ჯგუფი "თბილისის ტრამვაი" შეიქმნა. ჯგუფის წევრების თქმით, ამ ელექტროტრანსპორტის უპირატესობები მსოფლიოს უამრავ ქალაქშია დადასტურებული და თანამედროვე ტრამვაი თბილისშიც აუცილებლად გაამართლებს.

კახა მჭედლიძე (საინიციატივო ჯგუფ "თბილისის ტრამვაის" წევრი): "ჩვენი ჯგუფი შეიქმნა სოციალურ ქსელებში, ინტერნეტის მეშვე

ობით. 3-4 წლის განმავლობაში გვქონდა დისკუსიები ტრამვაის შესახებ. ვსწავლობდით მის ისტორიას, რატომ დაიხურა, რა დარჩა ქსელიდან. ვეცნობოდით სხვა ქვეყნების გამოცდილებას. მას შემდეგ, რაც გამოითქვა აზრი ტრამვაის გაყვანის შესახებ, ჩვენც უფრო გავაქტიურდით. კომპანია "სისტრა" საკმაოდ გამოცდილი კომპანიაა და აუცილებლად საინტერესო პროექტსაც მოამზადებს, თუმცა ცალკე საკითხია, რამდენად ხელმისაწვდომი იქნება ამ პროექტის განხორციელება თბილისის ბიუჯეტისთვის".

საინიციატივო ჯგუფში ამბობენ, რომ ისინიც "სისტრას" მუშაობის დასრულებას ელოდებიან, რათა გაირკვეს, რა სახის ტრამვაისა და რა მარშრუტებზე გაყვანას დააპირებს ქალაქის ხელისუფლება.

კახა მჭედლიძე: "ინტერესი ტრამვაის პროექტის მიმართ დიდია. ცნობილი საფინანსო ინსტიტუტებიდან კეთილგანწყობა არის. ტრამვაის ხაზების რეკონსტრუქციას, მშენებლობას, განვითარებას ევროკავშირის ქვეყნებში აქტიურად აფინანსებს ევროპის რეკონსტრუქციისა და და განვითარების ბანკი. აზიის განვითარების ბანკიც მხარს უჭერს ასეთი ტიპის ტრანსპორტის განვითარებას. თვითონ ინვესტორებიც თამამ ნაბიჯებს დგამენ ხოლმე".

კონსტანტინე იონათამიშვილი ამბობს, რომ პროექტისთვის საჭირო თანხა და დაფინანსების წყაროები "სისტრას" მიერ კვლევის დასრულების შემდეგ გაირკვევა.

როდის გაივლის თბილისში ტრამვაი

"სისტრასთან" ხელშეკრულებას მოწერის შემდეგ თბილისის მერი აცხადებდა, რომ თანამედროვე ტრამვაი თბილისში სავარაუდოდ 2-3 წლის შემდეგ, დაახლოებით 2012-1013 წელს დაიწყებდა მოძრაობას. საინიციატივო ჯგუფ "თბილისის ტრამვაიში" კი განმარტავენ, რომ ასე სწრაფად ხაზების გაყვანა და ვაგონების გაშვება ძნელად მოხერხდება. კომპანია "სისტრას" ვებგვერდზე სავარაუდო თარიღად 2014 წელი აქვს მითითებული, თუმცა მშენებლობის დროულად დაწყება-დამთავრება არ არის დამოკიდებული მხოლოდ პროექტის შემუშავებასა და დონორების მოძიებაზე. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ქვეყანაში პოლიტიკურად სტაბილური მდგომარეობაა.

კიდევ ერთი საყურადღებო მომენტი, რაზეც "თბილისის ტრამვაის" ჯგუფის წევრები ამახვილებენ ყურადღებას – არ არის გარკვეული, რა სახის ტრამვაიზე შეაჩერებს ყურადღებას თბილისის ხელისუფლება. თავის დროზე, როცა ფრანგულ კომპანიასთან თანამშრომლობა დაიწყო, გაჩნდა მოსაზრება თბილისში ე.წ. ბორბლებიანი ტრამვაის გაყვანის შესახებ. ასეთი ტიპის ტრამვაის ვაგონებს ამზადებს და მისთვის სავალ გზებს აშენებს მსოფლიოში ერთადერთი კომპანია, ფრანგული "ტრანსლორი".

კახა მჭედლიძის თქმით, ეს არის ექსპერიმენტული ტრამვაი. მას, გარდა იმისა, რომ ბევრად ძვირია, სპეციალური, იდეალურად გლუვი გზა სჭირდება; არის საკმაოდ ხმაურიანი და ნაკლებად უსაფრთხო; დენსაც მეტს მოიხმარს და ჩვეულებრივი ტრამვაის სისწრაფითაც ჩამორჩება... თუმცა სანამ "სისტრა" პროექტს არ დადებს, მანამ ტრამვაის ტიპის შესახებ მხოლოდ ვარაუდების გამოთქმა შეიძლება.

ორიოდე დღის წინ, თბილისს ესტუმრა და ტრამვაის მშენებლობის პროექტის მიმართ ინტერესი გამოხატა ჩეხეთის რესპუბლიკის კომპანია "ინეკონის" დელეგაციამ. კომპანიას პროექტები განხორციელებული აქვს აშშ-ში, ჩეხეთში, რუსეთში. მისი წარმოების ტრამვაის ვაგონები შეიძინა ვაშინგტონის სატრანსპორტო კომპანიამ. ჩეხები თბილისის მთავრობას პროექტისთვის ფინანსების მოზიდვის წინადადებებსაც სთავაზობენ. მათი სურვილია ასევე, თბილისში ააშენონ სარემონტო ქარხანა, სადაც მათი ვაგონები საბოლოოდ დაკომპლექტდება.

თემურ იობაშვილი