2020 წლის ეკონომიკა
2020 წლის ეკონომიკა
"პრობლემა არის ფუნდამენტური, კერძოდ, სებ-ის ამჟამინდელ ხელმძღვანელებს მიაჩნიათ, რომ ფულის მასას არა აქვს კავშირი არც ინფლაციასთან და არც ეროვნული ვალუტის კურსის გაუფასურებასთან... ეს მოსაზრება გახლავთ მცდარი!"

წლის შემაჯამებელ პუბლიკაციაზე როცა ვფიქრობდი, ერთი ძველი გამონათქვამი გამახსენდა, რომელიც, ალბათ, ყველაზე კარგად ასახავს წლევანდელ მოვლენებს - "ერთი წისქვილის ქვა არ დატრიალებულა ჩვენს თავზე, თორემ სხვა ყველაფერი ვნახეთ! პანდემია, კრიზისი, ეკონომიკური ვარდნა, უმუშევრობა, გახშირებული სიღარიბე, პოლიტიკური კრიზისი - ყველა ეს სიტყვა მინდა 2020 წელს
გავატანოთ და მომავალი წლიდან თუ წელგამართულნი ვერ დავდგებით ფეხზე, ნელ-ნელა რეაბილიტაცია მაინც დავიწყოთ. მთავრობა გვარწმუნებს, რომ 2021 წელი, განსაკუთრებით კი - მისი მეორე ნახევარი საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის აღდგენის წელი იქნება. გასული წლის შეფასება და მომავალი წლის პროგნოზი ეკონომისტებს ვთხოვეთ.

სად მივყავართ ტურიზმის ლოკომოტივს

თემურ ბასილია,
ფინანსისტი, ყოფილი ვიცე-პრემიერი: "2020 წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლების საქმიანობას, ძირითადად, დადებითად შევაფასებდი. პანდემიამ სერიოზული გამოწვევების წინაშე დააყენა ყველა ქვეყანა და საქართველოც. გარწმუნებთ, რომ არა ხელისუფლების გამართული საქმიანობა, მდგომარეობა გაცილებით მძიმე იქნებოდა. მთავრობამ კარგად იმუშავა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დონორებთან, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა $1,5 მილიარდი დახმარების მიღება. ამან, ქართველ ემიგრანტთა გადმორიცხულ თანხასთან ერთად, შესაძლებელი გახადა მაკროეკონომიკური სტაბილურობის მეტ-ნაკლებად შენარჩუნება და მოსახლეობის ფინანსური დახმარება.

რაც შეეხება შეცდომას, ალბათ, არასწორი იყო აგვისტოში ბიზნესის გახსნა და რეგულაციების შემსუბუქება. როგორც ჩანს, ხელისუფლებაზე ტურიზმის ლობის ზეწოლა ძალიან მძლავრი იყო. სამწუხაროდ, დაინფიცირებულთა მკვეთრად ზრდა სწორედ აგვისტოს შემდეგ დაიწყო.

წელიწადი მძიმე იყო პანდემიის გამო, რამაც გავლენა ყველა სფეროზე მოახდინა. შეზღუდვებმა უარყოფითი გავლენა მოახდინა ეკონომიკაზე, რის გამოც წინასწარი მონაცემებით ეკონომიკა 5,1%-ით შემცირდება. პანდემიის პირველ თვეებში ინფლაცია 6,9%-მდე გაიზარდა, ძირითადად, საკვებ პროდუქტებზე ფასების ზრდის გამო, თუმცა, მოგვიანებით იგი 3,8%-მდე შემცირდა. ამ ყველაფერს დაერთო სამხედრო კონფლიქტი ჩვენს მეზობელ ქვეყნებს შორის, რამაც ასევე უარყოფითი გავლენა მოახდინა საქართველოზე.

რეგიონის სხვა ქვეყნებს რომ შევადაროთ, საქართველო ცუდად არ გამოიყურება. მაგალითად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) პროგნოზის თანახმად 2020 წელს რუსეთში მთლიანი შიდა პროდუქტი 4,0%-ით შემცირდება, ხოლო წლიური ინფლაცია 0,9% იქნება; აზერბაიჯანში მშპ ასევე 4,0%-ით შემცირდება, წლიური ინფლაცია კი 3,0% იქნება; სომხეთში ეს მაჩვენებლები იქნება - 4,5% და 0,9%, თურქეთში - 5,0% და 11,9%.

ყველაზე დაზარალებული სექტორი ტურიზმი და მასთან დაკავშირებული სექტორებია. მოგზაურობისა და მიმოსვლის შეზღუდვის პირობებში ეს არც არის გასაკვირი. რა თქმა უნდა, ტურიზმი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფერო უნდა იყოს, მაგრამ სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულია და უფრო მეტიც, საქართველოში მოხდა ამ სფეროს გაფეტიშება - ყველაფერი, მთელი ეკონომიკა აეწყო ტურიზმზე, რაც არ იყო სწორი და რის შესახებაც არაერთხელ გვისაუბრია.

პანდემია, რა თქმა უნდა, არის გამოწვევა, მაგრამ იყო შანსი, შეცვლილიყო ბევრი რამ, რაც მანამდე არასწორად გაკეთდა. კერძოდ, აქცენტი ტურიზმიდან უნდა გადატანილიყო ეკონომიკურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სექტორებზე, მაგრამ ტურიზმის ლობი, როგორც ჩანს, ძალიან გავლენიანია საქართველოში, მან ჩაკლა ყველა ეს წამოწყება და აიძულა ხელისუფლება, აგვისტოში მოეხსნა შეზღუდვები. სწორედ ამ არასწორი გადაწყვეტილების შედეგია ყოველდღიურად 3-4 ათასი "კოვიდით" დაავადებული და რამდენიმე ათეული გარდაცვლილი.

სსფ-ის პროგნოზის თანახმად, 2020 წელს საქართველოში ინფლაცია 3,5% იქნება. მართალია, პანდემიის პირველ თვეებში ინფლაციამ თითქმის 7%-ს მიაღწია და შემდეგ შემცირდა, მაგრამ მთლიანობაში იგი მიზნობრივ მაჩვენებელზე მეტია. გარდა ამისა, თუ მეზობელი ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებელს შევადარებთ, ერთადერთი ქვეყანა, რომელზე უკეთესი მდგომარეობაც გვაქვს, თურქეთია (ინფლაცია 11,9%). რეგიონის სხვა ქვეყნებს საქართველოზე უკეთესი მაჩვენებელი აქვთ და მკითხველს თავად შეუძლია დაასკვნას, წარმატებულია თუ არა საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) საქმიანობა ამ მიმართულებით.

ბოლო რამდენიმე თვეა, საზოგადოების დიდი ზეწოლის შედეგად სებ-მა დაიწყო კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, კერძოდ, უცხოური რეზერვების გაყიდვა და, შესაბამისად, მიმოქცევაში არსებული ფულადი მასის შემცირება. სამწუხაროდ, ამას დიდი შედეგი არ მოაქვს, რადგან როგორც არაერთხელ აღვნიშნე, ერთი მხრივ, ამ ქმედებით ეროვნულ ბანკს მიმოქცევიდან ამოაქვს ლარის მასა, მეორე მხრივ კი გაცილებით მეტი რაოდენობით ლარს უშვებს მიმოქცევაში თუნდაც ბანკებისთვის ე.წ. რეფინანსირების სესხების გაცემით... მოკლედ, პრობლემა არის ფუნდამენტური, კერძოდ, სებ-ის ამჟამინდელ ხელმძღვანელებს მიაჩნიათ, რომ ფულის მასას არა აქვს კავშირი არც ინფლაციასთან და არც ეროვნული ვალუტის კურსის გაუფასურებასთან... ეს მოსაზრება გახლავთ მცდარი! არც ერთ მეტ-ნაკლებად სერიოზულ ეკონომისტს ასეთი უპასუხისმგებლო განცხადება არ გაუკეთებია. ამ მოსაზრებაზე ლაპარაკობენ მხოლოდ ე.წ. თანამედროვე მონეტარული თეორიის (Modern Monetary Theory - MMT) წარმომადგენლები და ამ მოსაზრებას იზიარებენ უკიდურესად მემარცხენე პოლიტიკოსები, რომლებიც მხარს უჭერენ მთავრობის ხარჯების უკონტროლო ზრდას. როგორც ცნობილია, მთავრობის ხარჯები ფინანსდება ბიუჯეტით, რომლის შემოსავლებს ქმნის გადასახადების გადამხდელთა ფული, მთავრობის აღებული სესხი ან ფულის ბეჭდვა. "თანამედროვე მონეტარული პოლიტიკის" მომხრეები აცხადებენ, რომ მთავრობას, რომელსაც გააჩნია საკუთარი ვალუტა, შეუძლია დაბეჭდოს იმდენი ფული, რამდენიც მათ სჭირდებათ სახელმწიფო ვალდებულებების დასაფარავად. ასევე, მათი აზრით, მთავრობებს არ სჭირდებათ მეტი გადასახადი, რადგან ქვეყნებს, რომლებსაც აქვთ ეროვნული ვალუტა, ყოველთვის შეუძლიათ ამ ვალუტის/ფულის ბეჭდვა თავიანთი ვალდებულებების დასაფარავად. შესაბამისად, მათი აზრით, მთავრობამ შეიძლება არ შეზღუდოს ბიუჯეტის ხარჯი, რაც ნიშნავს, რომ ბიუჯეტის დეფიციტი და დაგროვილი დავალიანება გადასახადის გადამხდელთათვის ტვირთად აღარ იქცევა. როგორც ვხედავთ, "თანამედროვე მონეტარული პოლიტიკის" მომხრეები (სამწუხაროდ, როგორც ჩანს, მათ შორის არიან საქართველოს ეროვნული ბანკის "ახლებურად მოაზროვნე" დღევანდელი ხელმძღვანელები) ეყრდნობიან, რბილად რომ ვთქვათ, საეჭვო მოსაზრებებს ინფლაციის მიზეზებსა და მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის როლზე. "თანამედროვე მონეტარული პოლიტიკის" მომხრეების დღის წესრიგი (რომლის თანახმად ფისკალურ ორგანოებს შეუძლიათ მართონ მონეტარული პოლიტიკა), შეიცავს საფრთხეს, რადგან ეს წარმოშობს ძალიან დიდ დავალიანებას, ინფლაციას ან ორივეს ერთად, ეს კი ძალიან საზიანო გახლავთ ეკონომიკისთვის.

ამიტომაც იყო, რომ ყოველთვის ვურჩევდი როგორც ეროვნულ ბანკს, ასევე მთავრობასა და პარლამენტს, რომ უმჯობესია, "თანამედროვე მონეტარული პოლიტიკის" საეჭვო დღის წესრიგის ნაცვლად, შეიმუშაონ და განახორციელონ სტაბილური, საყოველთაო წესებზე დაფუძნებული მონეტარული პოლიტიკა.

სსფ-ის პროგნოზით, 2021 წელს მოსალოდნელია ეკონომიკის ზრდა 4,3%-ით, თუმცა, ამ ზრდის პერსპექტივა ჯერ ბუნდოვანია და იგი დიდწილად დამოკიდებულია გაისად პანდემიის პრობლემების თანდათანობით დაძლევაზე. მნიშვნელოვანი პრობლემაა აგრეთვე რეგიონული კონფლიქტები. მეზობელ ქვეყნებში ფინანსურმა არასტაბილურობამ შეიძლება ხელი შეუშალოს ლარის სტაბილურობასაც და ინფლაციის კლების ტენდენცია შეცვალოს. ასევე პრობლემურია საგარეო ვალი, რომლის ოდენობა უახლოვდება კრიტიკულ ზღვარს - მშპ-ის 60%-ს. როგორც ვიცი, მთავრობა სერიოზულად აფასებს ამ გამოწვევებს და ზრუნავს მათ დაძლევაზე. მაგალითად, 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მომავალ წელს მთავრობა 3,2 მლრდ ლარამდე ვალს აიღებს, თუმცა ადრე აღებულ 2,6 მლრდ ვალს დაფარავს. ანუ ახალი ვალის აღების მიზანია ძველი ვალის დაფარვა. ეს შეიძლება შეფასდეს, როგორც ვალების რესტრუქტურიზაცია უკეთესი პირობებით, რაც მისასალმებელია. თუ 2021 წლის შუა პერიოდიდან პანდემიის უარყოფითი გავლენა შემცირდება და ეკონომიკური საქმიანობაც ნელ-ნელა აღდგება, მაშინ ეკონომიკური ზრდა 4,3%-ით რეალურია. ყველაზე ოპტიმალური პროგნოზითაც კი, პანდემიამდელი დონის მიღწევა მხოლოდ 2022 წლისთვის იქნება შესაძლებელი. ეს ამბიციური გეგმაა და ამისთვის აუცილებელია, ხელისუფლებამ განაგრძოს ამჟამინდელი მაკროეკონომიკური პოლიტიკა და ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე მკაცრი კონტროლი დააწესოს, ეროვნულმა ბანკმა გაატაროს ზომიერად მკაცრი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა.

გავიმეორებ, რომ მხოლოდ ტურიზმზე ყურადღების გამახვილება არ არის სწორი, აუცილებელია სხვა, განსაკუთრებით იმ სფეროებზე ზრუნვაც, რომლებიც დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებასთან. თუმცა ახლანდელ ვითარებაში გადამწყვეტია სახელმწიფო სტრუქტურების გამართული მუშაობა. აუცილებელია, ახლად არჩეულმა პარლამენტმა სრულფასოვნად საქმიანობა შეძლოს, რათა ინვესტორებს არ შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ ქვეყანაში არასტაბილური მდგომარეობაა. ძალიან კარგად მესმის პოლიტიკური ბრძოლის მნიშვნელობა, რომელიც მიმართული უნდა იყოს ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებისკენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ამჟამად რაც ხდება - პარლამენტის ბოიკოტი და ე.წ. რევოლუციურ სცენარზე ლაპარაკი - არ გახლავთ პოლიტიკური ბრძოლა, ეს საკუთარი ამბიციების გამო ქვეყნისა და სახელმწიფოს ინტერესების უგულებელყოფაა. იმედი მაქვს, მოიძებნება გამოსავალი, რაც შესაძლებელს გახდის საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს სრულფასოვან საქმიანობას. ეს ქვეყნის წინაშე არსებული უმთავრესი გამოწვევების დასაძლევად აუცილებელია".


ინფლაციური წნეხის მიზეზები

პაატა ბაირახტარი, "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" პრეზიდენტი: "როცა კონკრეტულ პერიოდში ეკონომიკური ვარდნა 16%-საც კი აჭარბებდა, ძნელია რამე დადებით ტენდენციებზე ლაპარაკი.

ეს იყო ეგზოგენური და გლობალური შოკი, რომელიც თავს დაატყდა ჩვენს ეკონომიკას, თუმცა ჩვენი ეკონომიკისთვის უფრო დიდი ტრაგედია აღმოჩნდა ხელისუფლებისა და ეკონომიკური გუნდის გადაწყვეტილებები, რომლებიც სრულიად გაუაზრებლად მიიღეს და რომელმაც ჩვენი ეკონომიკა, ფაქტობრივად, მოკლა. ამ სიტყვას შემთხვევით არ ვამბობ. არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენი ეკონომიკა მეორე ლოკდაუნს ვერ გაუძლებდა და ეს მას მოკლავდა. ჰოდა, როცა 3,7-მილიონიან ქვეყანაში 400 000 სამუშაო ადგილი ერთბაშად იკარგება, დამერწმუნეთ, ეს მისი ეკონომიკური აღსასრულია.

მოდი, გავაანალიზოთ, რისთვის გამოცხადდა პირველი ლოკდაუნი, რა დაპირებები იყო და რა მიიღო ქვეყანამ. როდესაც 15 ინფიცირებულის გამო სრულად გავაჩერეთ ეკონომიკა, მაშინ პრემიერი გახარია ქვეყანას არწმუნებდა, რომ ეს აუცილებელი­ იყო, რათა ქვეყანას ზაფხულში ტურისტული სეზონი გაეხსნა, რადგან ტურიზმი ჩვენი ეკონომიკისთვის ვალუტის შემოდინების მთავარი წყაროა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, პრემიერის დაპირება დაპირებად დარჩა. თუმცა, მოდი, აქაც რიცხვები მოვიშველიოთ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, ივლისში ქვეყანამ შარშანდელზე 97%-ით ნაკლები შემოსავალი მიიღო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ტურიზმიდან შემოსავლები განულდა. თვალსაჩინოებისთვის - ტურისტული შემოსავალი იმავე პერიოდში 54%-ით შემცირდა თურქეთში, სადაც ეპიდემიოლოგიური ვითარება გაცილებით რთული იყო. ივლისში საქართველოში 24 საათში 15-20 ინფიცირებული აღირიცხებოდა, ხოლო თურქეთში ეს მაჩვენებელი ათასს აღწევდა.
პირველი ლოკდაუნის გამართლებისთვის ტურიზმის გახსნა რომ აღარ გამოდგა, მიზეზად ახლა ჯანდაცვის სისტემის მომზადება დასახელდა. ვნახოთ, რეალურად რა გაკეთდა - მართალია, ჯანდაცვის სამინისტრო ამ ინფორმაციას არ აქვეყნებს, თუმცა კლინიკების შიდა ინფორმაციაზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ მაგალითად, ხელოვნური სუნთქვის აპარატების რაოდენობა, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია პანდემიის მართვისას, ფაქტობრივად, არ გაზრდილა პირველი ლოკდაუნისას.

კიდევ ერთი გარემოება ადამიანური რესურსია. სახელმწიფო კლინიკის ექიმს ჩვეულებრივ მორიგეობაში საათში 6 ლარს სთავაზობს და ზუსტად ამდენივეს სთავაზობდნენ კოვიდკლინიკებში მორიგე ექიმებსაც, ეს კი სამართლიანად იწვევდა სამედიცინო პერსონალის პროტესტს, რაც ადამიანური რესურსის დეფიციტს ქმნიდა. ამის გამოსწორება მხოლოდ პანდემიიდან რვა თვის შემდეგ მოახერხა ჯანდაცვის სამინისტრომ და "კოვიდ-19"-ით დაავადებულ პაციენტებთან მომუშავე მედპერსონალს ხელფასი 50%-ით გაუზარდა. ეს იყო იმ ცვლილებების ძირითადი ჩამონათვალი, რომლებიც პანდემიის დაწყებიდან მეორე ლოკდაუნამდე განახორციელა ჯანდაცვის სისტემამ. ალბათ, მკითხველი განსაზღვრავს, იყო თუ არა ამ ცვლილებებისთვის ეკონომიკის გაჩერება აუცილებელი...

მაგრამ ესეც არაფერი - უპასუხისმგებლობისა და არაპროფესიონალიზმის მწვერვალი იყო მეორე ლოკდაუნის გამოცხადება. შევახსენოთ მკითხველს, რომ
მეორე ლოკდაუნის მიზეზად ჯანდაცვის სისტემის მოუმზადებლობა და გადატვირთვა დასახელდა. მაშინ ისმის კითხვა: რისთვის გავაჩერეთ გაზაფხულზე მთელი ეკონომიკა და რისთვის დაიკარგა 100 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი?!

პირველი ლოკდაუნის შემდეგ მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა პროგნოზი, სადაც საქართველოს ეკონომიკის შემცირება 6%-ის ფარგლებშია ნავარაუდევი. პირდაპირ არის ნათქვამი, რომ წლის დასაწყისში დაწესებული ეკონომიკური შეზღუდვების გამო საქართველოში 40 000 ადამიანს შეუმცირდება ან საერთოდ შეუწყდება შემოსავალი, ხოლო 16 000 სიღარიბის ზღვარს ქვემოთ აღმოჩნდება.

ეს მონაცემები მეტყველებს, რომ ეკონომიკური შეზღუდვები, რომლებიც ვითომდა ვირუსის შესაჩერებლად აამოქმედეს, მთელ ეკონომიკაზე სერიოზულ დარტყმად იქცა. გვაქვს განსაკუთრებულად დაზარალებული დარგებიც, რომელთა უმრავლესობა მეორე ლოკდაუნის შემდეგ აღდგენას ვეღარ მოახერხებს - ეს არის ტურიზმი და მისი მომიჯნავე სფეროები. აღარაფერს ვამბობ იმ სამსახურებზე, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში გაჩერებულია (გასართობი ცენტრები და სხვ.). ცხადია, ასეთი მცირე და საშუალო კომპანიები რეანიმირებას ვერ შეძლებენ.

აქ აუცილებელია ვახსენოთ შეღავათებიც, რომლებიც ბიზნესის დასახმარებლად ამოქმედდა. მოდი, გავაანალიზოთ, რეალურად რა შეღავათი მისცა ამან კერძო სექტორს.
ცხადია, ერთ-ერთი პირველი, ვისი დახმარებაც გადაწყვიტა ხელისუფლებამ, ტურისტული სექტორი იყო. ამ მიმართულებით მთავრობამ პირველი ნაბიჯი გადასახადების გადავადებით გადადგა და ტურიზმთან დაკავშირებულ ბიზნესს ქონებისა და საშემოსავლო გადასახადები ნოემბრის ბოლომდე გადაუვადა. იმ პერიოდში ეს ნამდვილად იყო შვება ამ სექტორისთვის, რადგან გაჩერებულ ბიზნესს დამატებითი ხარჯი უმცირდებოდა, ამასობაში კი პრემიერისა და ეკონომიკური გუნდის დაპირებული საზაფხულო ტურიზმის გახსნაც წამოეწეოდათ, მით უფრო, რომ ქვეყანას მწვანე ზონის სტატუსი მეტ მიმზიდველობას შემატებდა. სწორედ ამიტომ შეღავათების პროგრამით თითქმის 5000-მა ბიზნესსუბიექტმა ისარგებლა, თუმცა ტურისტული სეზონი არ გახსნილა და ასეთ რეალობაში ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ამ მექანიზმის გამოყენებით ბიზნესმა სახელმწიფოსგან მნიშვნელოვანი შეღავათი მიიღო.

გასული წელი ლარისთვისაც უმძიმესი იყო. ქვეყანას ორმაგი შოკი დაერთო და თუ მიწოდების შოკს გლობალური ფაქტორები განაპირობებდა, ქვეყნის შიგნით მთავრობის შეზღუდვებიდან გამომდინარე, მოთხოვნის შოკიც მივიღეთ. წარმოიდგინეთ, 97%-ზე მეტით შემცირდა უცხოური ვალუტის შემოდინება ტურიზმიდან და მხოლოდ მესამე კვარტალში 23%-ით შემცირდა ინვესტიციები. არცთუ სახარბიელო მდგომარეობა გვაქვს რეექსპორტის მიმართულებით. პოზიტიური მონაცემები დასტურდება მხოლოდ ფულად გზავნილებში, რაც ვალუტის შემოდინების არცთუ ჯანსაღი წყაროა და ის ქვეყნის კარგ ეკონომიკურ მდგომარეობაზე არ მეტყველებს. ასეთ ვითარებაში უცხოური ვალუტის მიწოდების ძირითად წყაროდ ეროვნული ბანკის რეზერვები იქცა. ცხადია, ჩვეულებრივ, ეს ნორმა არ არის და ეკონომიკაში უცხოური ვალუტის სიმცირეს სებ-ი ვერ და არც ავსებს. თუმცა, ასეთ არაორდინარულ ვითარებაში სებ-ის რეზერვები ძირითად წყაროდ იქცა სავალუტო ბაზრისთვის. ამას აცნობიერებდნენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და სწორედ ამიტომაც საგარეო დახმარების პირველი ტრანშები სწორედ ეროვნული ბანკის რეზერვში წავიდა.
შეეძლო თუ არა მარეგულირებელს ლარის უკეთესი სტაბილურობის შენარჩუნება? ცხადია, ეს შეიძლებოდა სებ-ის უფრო მოქნილი საინტერვენციო პოლიტიკით, უფრო აქტიური კომუნიკაციით... მოკლედ რომ ვთქვათ, შეიძლებოდა უფრო გონივრული მონეტარული პოლიტიკის გატარება, რაც ლარის ნაკლებ გაუფასურებას გამოიწვევდა.
მართალია, სებ-ში ლარზე პასუხისმგებლობას იხსნიან, მაგრამ ჩვენი ეკონომიკური სტრუქტურიდან გამომდინარე, ინფლაციაზე მთავარ წნეხს ხშირად გაცვლითი კურსი ახდენს. ასე მოხდა წლეულსაც. იმის მიუხედავად, რომ 2020 წლის დასაწყისიდან რეგიონში კორონაკრიზისის გამო შოკი მძაფრდებოდა, ეროვნული ვალუტა პოზიციებს ინარჩუნებდა და პირველი კვარტალის მიწურულს, 1 დოლარი 2,77 ლარის ფარგლებშიც კი იყიდებოდა. ამ მონაცემებით გულმოცემული ხელისუფალნი თავსაც იწონებდნენ, რომ გლობალურმა კრიზისმა ლარს ვერაფერი დააკლო და ეს მთავრობის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე მიუთითებდა, თუმცა ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში ლარმა მკვეთრი გაუფასურება დაიწყო და თუ მარტის დასაწყისში 1 დოლარი 2,77 ლარის ფარგლებში მერყეობდა, მარტის მიწურულს ეს ფასი 3,50 ლარს გადასცდა, მაგრამ ლარის გაუფასურების მხოლოდ გლობალური კრიზისისთვის დაბრალება არ იქნება სწორი, მით უფრო, რომ, როგორც ვახსენეთ, კრიზისის საწყის ეტაპზე ლარი თავმომწონედ გამოიყურებოდა. თუმცა, მოხდა რაღაც, რამაც ლარი თავდაყირა დააყენა, ეს რაღაც კი იყო ადგილობრივ ბაზარზე დაშვებული შეცდომა.

როგორც ვთქვით, ლარმა მკვეთრი გაუფასურება მარტის დასაწყისში დაიწყო. თუ გაუფასურების ტრენდს დავაკვირდებით, ის ლამის საათის სიზუსტით მიჰყვა საპენსიო სააგენტოს ტრანზაქციას, რომლის მიხედვითაც 500 მლნ ლარი კომერციული ბანკების ანგარიშებზე გადავიდა. ბანკებს გაეზარდათ ლიკვიდობა და ეს თანხა მიმოქცევაში გაუშვეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ერთბაშად ლარის მასა ნახევარი მილიარდით გაიზარდა, რაც ლარისთვის მნიშვნელოვანი წნეხი აღმოჩნდა. ეს გარემოება ბევრს გამორჩა და ლარის გაუფასურება პირდაპირ გლობალურ კრიზისსა და კორონავირუსს დაბრალდა.

გლობალური შოკის მოლოდინში, ცხადია, სავალუტო ვაჭრობის მონაწილეებმაც დაიწყეს ჰეჯირება და ამან კიდევ უფრო გაზარდა წნეხი ეროვნულ ვალუტაზე. ისიც ცხადია, რომ ამ პროცესების შესახებ სრული ინფორმაცია ჰქონდა ცენტრალურ ბანკს, მაგრამ ამის მიუხედავად ის მთელი თვის განმავლობაში არ ჩარეულა სავალუტო ბაზარზე მიმდინარე პროცესებში. სებ-ი ლარის გაუფასურებასა და სავალუტო ბაზარზე შექმნილ პანიკას შორიდან უყურებდა. ეს ის შეცდომაა, რომელიც ეროვნულმა ბანკმა ერთხელ უკვე დაუშვა 2019 წელს. მისი ჩაურევლობის პოლიტიკა შეიძლება იმით აიხსნას, რომ ძნელია სებ-მა აჟიოტაჟურ მოთხოვნას რეზერვები დაუპირისპიროს, თუმცა არც კომუნიკაციით უცდია პანიკის გაფანტვა.

მოგვიანებით სებ-ის ქმედითმა ნაბიჯებმა ყველას დაანახა, რომ ცენტრალურ ბანკს სიტუაციის კონტროლი თავიდანვე შეეძლო, თუმცა დააგვიანა.
კერძოდ, გვენეტაძის უწყებამ მხოლოდ მაშინ გადაწყვიტა სავალუტო ბაზარზე ჩარევა, როცა კურსი 3,60-ლარიან ნიშნულს მიუახლოვდა და ბაზარს $40 მლნ მიაწოდა. ამასთან, მონეტარული ხელისუფლების აღმასრულებლებმა აქტიური კომუნიკაცია დაიწყეს სავალუტო ვაჭრობის მონაწილეებთან და საჯაროდ განაცხადეს, რომ სებ-ი ბაზარზე უფრო აქტიურად იქნებოდა წარმოდგენილი.

რაც შეეხება მთავრობის ეკონომიკური გუნდის საგაისო პროგნოზს, ან როდის დაუბრუნდება საქართველო პანდემიამდელ ეკონომიკურ ვითარებას... მინდა გითხრათ, რომ პროგნოზი არა მხოლოდ არარეალისტურია, არამედ ზოგიერთი ნაწილი ფანტასტიკის სფეროსაც განეკუთვნება. ამისთვის საკმარისია გავაანალიზოთ შემდეგი წლის ბიუჯეტის პარამეტრები, ან თუნდაც ეკონომიკური გუნდის განცხადებებს გადავავლოთ თვალი.

მაგალითად, 2021 წლიდ­ან მთავრობა­ ბიუჯეტ­ის საშემოსავ­ლო­ ნაწილში გადასახადებიდან იმაზე მეტი შემოსავლის მიღებას ვარაუდობს, ვიდრე 2019 წელს. და ეს მაშინ, როცა ბიზნესის უმრავლესობა გაკოტრდა მთავრობის მიერვე შემოღებული შეზღუდვებით; როცა აქციზის ნაწილში პანდემიამდეც ყოველწლიურად აკლდებოდა ბიუჯეტს თანხები; როცა მომავალ წლამდე 400 000-მდე სამუშაო ადგილი დაიკარგება. დღეს რომ ქვეყანა საგარეო შოკის მიმართ ასეთი მოწყვლადი აღმოჩნდა, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახლავთ ხელისუფლების სტრატეგია, რომლის მიხედვით ქვეყანა მთლიანად გადაეწყო მომსახურების სექტორზე. რამდენჯერ მოგვისმენია სხვადასხვა კაბინეტიდან, რომ ჩვენი ეკონომიკის ლოკომოტივი ტურისტული სექტორია. ტურისტული სექტორი კი არაფერია, თუ არა მომსახურების ეკონომიკა. თქვენ ვერ დამისახელებთ ვერც ერთ განვითარებულ, მით უფრო - სწრაფად გამდიდრებულ ქვეყანას, რომელმაც ეს ყველაფერი მომსახურების სექტორის ხარჯზე მოახერხა, ინდუსტრიალიზაციის გარეშე. თუმცა, ჩვენთან საქმე უფრო რთულადაა, ვინაიდან ადგილობრივი წარმოების უქონლობის გამო მომსახურების სექტორიც იმპორტირებულ პროდუქციას იყენებს. მარტივად რომ ვთქვათ, თუ ქვეყანაში შემოდის 3 დოლარი, აქედან 2 დოლარი სხვადასხვა არხით კვლავ გაედინება, რადგან ქვეყანას თავისი წარმოება არ გააჩნია და ყველაფერს ყიდულობს...

გლობალურმა შოკმა ყველას, მათ შორის - ეკონომიკურ გუნდსაც კარგად დაანახა, რომ მათ მიერ არჩეული ეკონომიკის განვითარების სტრატეგია დიდი შეცდომა იყო, რომელიც პირველივე სტრესის დროს ბუშტივით გასკდა. სწორედ აქედან გამომდინარე დაიწყო ეკონომიკურმა გუნდმა პანდემიის დროს ადგილობრივი წარმოებისა თუ სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ლაპარაკი, თუმცა, ცხადია, ეს ძალიან ხანგრძლივი პროცესია და მას ლაპარაკზე გაცილებით მეტი სჭირდება".
ალექს
06 იანვარი 2021 06:29
შეწყვიტეთ ყველა საგადასახადო დევნა, სადაც დევნილი იძახის მართალი ვარო , მიეცით ფული რათა დამოუკიდებელმა აუდიტმა , ძლიერმა, არიან ეგეთები, და პირუთვნელებმა, ეგეთებიც არიან, დიახ , დადონ დასკვნა ტყუის , თუ არა გადასახადის გადამხდელი, თუ ინსპირაციასთან გვაქვს საქმე ! სხვათაშორის საგადასახადო სასამართლოს ასეთი დამოუკიდებელი არასახელმწიფო, ოღონდ სახელმწიფო დაკვეთის შემსრულებელი, დიახ , აუდიტორული ინსტიტუტი არ აწყენს, ვიცი ჩვენთან ყველაფერი უკუღმაა , მაგრამ ეს ინსტიტუტი სასარგებლო გამოდგება ! მოსამრთლემ საგადასახადო ინსპექტორის ვერაგობები არ იცის , ვერ ეცოდინება , აი გადამხდელმა და აუდიტმა კი იციან, ამ უკანსკნლემა სასამართლო წარმოების ნიუანსებიც იცის და მიეცით ფული , არა აქვს ამ გადასახადის გადამხდელს ფული, რომ თავისი სიმართლე დაამტკიცოს ! ათეულობით მილიარდიანი ჯარიმის შემოწმების აქტები აქვს დადებული 25 წლის განმავლობაში საგადასახადოს, ნახევარი გამოგონილია, მეორე ნახევარი კანონის უვარგისობითაა გამოწვეული და ორივე ნახევარი ერთად გამოსაძალად , კი, თეთრადაც, შავადაც , არაო არა თქვათ , კი , კი და კი , სისტემა საექსპროპრიაციო რეპრესიულია , მრავალი ვილაა აშენებული და მრავალი ჯიპი დაიარება ამ არამი ფულით !
ალექს
04 იანვარი 2021 10:04
30 წელია ჩვენი ეკონომიკა ერის შიმშილისაგან დახოცვისაგან გადარჩენის და ასიოდე სახელმწიფო გვამის ვილათმშენებლობის და მათი დამქაშების ათასამდე ჯიპის ბიუჯეტიდან ატკატით შესყიდვის ეკონომიკაა, ვილათმშენებლობა მეტნაკლები წარმატებით მიმდინარეობს და ხალხიც მეტნაკლებად იხოცება შიმშილისაგან ! დანარჩენი ამის შესაფუთი ბატიბუტი იფრქვევა ექსპერტ მოხელეთაგან ! სისტემა კრიმინალურ პლუტოკრატიულია ,ის კომპარტიის პროდუქტია და ბენეფიციარი ნაცქოცმოქკავშირია სატელიტებიანად-დამქაშები ! ასიოდე სახელმწიფო გვამიც კომპარტიის ნაანდერძევებია !

რუბრიკის სხვა სიახლეები