"ქართული ლუდი" - წიგნი, რომელიც ქართული ლუდის უძველეს წარმომავლობაზე მოგვითხრობს - კვირის პალიტრა

"ქართული ლუდი" - წიგნი, რომელიც ქართული ლუდის უძველეს წარმომავლობაზე მოგვითხრობს

"ქართული ლუდი" - ჰქვია წიგნს, რომელიც ავტორმა ფართო საზოგადოებასა და მკითხველს ცოტა ხნის წინ, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში წარუდგინა.

პროფესორმა ელდარ ნადირაძემ წიგნში თავი მოუყარა ყველა იმ არქეოლოგიურ და ეთნოგრაფიულ მასალას, რომელიც საქართველოში ლუდის დამზადების უძველეს ტრადიციებზე მიუთითებს. ავტორმა წიგნი ასევე მიუძღვნა თავისი მასწავლებლის, თვალსაჩინო ქართველი ეთნოლოგის, ანდრო ლეკიაშვილის ხსოვნას. აღსანიშნავია ისიც, რომ ქართული ლუდის შესახებ წიგნის გამოცემას მხარი დაუჭირა კომპანია "ნატახტარმა", ხოლო მისი გამოცემა გამომცემლობა "მერიდიანმა" ითავა.

წიგნის ჩვენთვის გაცნობამდე ავტორმა, რომელიც იმავდროულად ეროვნული მუზეუმის მთავარი კურატორია, ის საცავი დაგვათვალიერებინა, სადაც არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი ლუდის სასმისები და ჭურჭელია წარმოდგენილი. ამ უძველესი ნივთების გარემოში წიგნის ავტორმა პატარა ისტორიული ექსკურსიც მოგვიწყო.

"ჩემი იმპულსი ლუდის კვლევის მიმართ იმანაც გააძლიერა, რომ ბოლო დროს გამოითქვა სრულიად დაუსაბუთებელი მოსაზრება, თითქოს ლუდის ხარშვის კულტურა ქართველებმა ოსებისგან მივიღეთ. ლუდი ძალიან ძველი კულტურაა და მისი სამშობლო ძველი შუამდინარეთია. ბაბილონში უკვე მეოთხე ათასწლეულის ბოლოს ჰქონდათ ლუდი, შემდეგ გამოჩნდა ეგვიპტეში, იქიდან სირიასა და ეთიოპიაში გავრცელდა, შემდეგ ურარტუში, იქიდან საქართველოში, ჩვენგან სამხრეთ კავკასიაში და იქიდან კი ევროპაში. ეს ჩემი მოსაზრება არ გეგონოთ, ამას ისტორიული წყაროებიც ადასტურებს.

მაგალითად, ძველმა ბერძენმა მეცნიერმა და სარდალმა ქსენოფონტემ, რომელიც ეგვიპტიდან საბერძნეთისკენ გამოემართა და ურარტუში გამოიარა, თავისი თვალით იხილა, როგორ ამზადებდნენ ლუდს, შესვა კიდეც სასმელი დიდი ჭურჭლიდან, რომელშიც ლერწმები იყო ჩაწყობილი. საქართველოში, თრიალეთის გათხრების დროს, ძველი წელთაღრიცხვის XVII საუკუნით დათარიღებული თრიალეთური თასია აღმოჩენილი, რომელზეც გამოსახულია ისეთივე სიუჟეტები, რაც შუამდინარეთის კულტურისთვისაა დამახასიათებელი.

მაგალითად, მთავარი ღვთაება ზის სკამზე და დანარჩენ ღვთაებებს, რომელთაც სახეზე ნიღბები აქვთ, წმინდა სასმელი მიაქვთ უფროსი ღვთაებისთვის.

ლუდის ლერწმებით დალევა აღწერილია ურარტუში. ურარტუელი ტომები კი ქართული მოდგმის ტომები იყვნენ, ამდენად, ის კულტურული მემკვიდრეობა, რაც მათ ჰქონდათ, ჩვენც მივიღეთ. არსებობს უდიდესი ეთნოგრაფიული მასალა, ხალხში დამოწმებული, რომელიც საქართველოში ლუდის ხარშვის უძველეს ტრადიციებზე მოგვითხრობს. ხევსურეთსა და თუშეთში, პირველად ხევისბერს მიართმევენ წმინდა სასმელს - ლუდს და ისიც ამ წმინდა სასმელით აზიარებს სამწყსოს.

ლუდის სამეურნეო კულტურა ღრმა ფესვების მატარებელია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მისი უძველესი მომხმარებლები ვართ. მსოფლიოში ითესებოდა 17 სახეობის ხორბალი და აქედან 12 ადგილობრივი წარმოებისაა. საქართველო ხორბლის სამშობლოა, ერთ-ერთი ეპიცენტრია ხორბლის წარმოშობისა. სწორედ ამ ხორბლეული კულტურის შედეგია ლუდის გამოხდაც. ვერ ვიტყვით, ღვინო უფრო ძველია თუ ლუდი, ჯერ ამის გამორკვევის საფუძველი არ არსებობს, გარდა იმისა, რომ საქართველოში აღმოჩენილი ყურძნის უძველესი წიპწები VI ათასწლეულით თარიღდება.

სწორედ ყველა ჩამოთვლილი ფაქტი გვაძლევს საფუძველს, რომ ლუდი უძველესი ქართული კულტურის ნაწილად ვაღიაროთ. ეს იყო და არის საკრალური სასმელი. მაგალითად ხევსურეთში, მიცვალებულის სულის საზიარებლად, შეკაზმული ცხენი გამოჰყავთ და სულის საცხონებლად ლუდს ასხამენ ფაფარზე. ლუდით აღნიშნავენ ყველა დღესასწაულს, ჭირისა თუ ლხინის სუფრას".

თორნიკე ნიკოლაიშვილი (კომპანია "ნატახტარის" მარკეტინგის მენეჯერი): "პირველ რიგში, ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია ასეთ პროექტში მოკრძალებული წვლილის შეტანა. თუნდაც საექსპორტო თვალსაზრისით, როცა უცხოელებთან გვაქვს მოლაპარაკება, ერთიორად უფრო ფასობს პროდუქტი, როცა მას აქვს უდიდესი ისტორია, როცა ქვეყანას აქვს ამ პროდუქტის წარმოების განსაზღვრული ისტორიული მემკვიდრეობა. ეს ნაშრომი სწორედ ამის დადასტურებაა.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ნაშრომში ლუდი წარმოჩენილია, როგორც წმინდა სასმელი. პირადად მე, როგორც რიგითი ადამიანი და არა კომპანიის წარმომადგენელი, როდესაც წავიკითხე ეს ნაშრომი, გულახდილად გეტყვით, რომ სიამაყით აღვივსე, რადგან დავრწმუნდი ბევრ ფაქტში და შევხედე ჩვენი ქვეყნის ისტორიას კიდევ ერთი საინტერესო კუთხით. არ არის შემთხვევითი, რომ ეს წიგნი ორ ენაზე - ინგლისურად და ქართულად გამოიცა, რადგან უცხოელებისთვისაც საინტერესო იქნება. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა მადლობა ვუთხრა ბატონ ელდარს და ყველა იმ ადამიანს, ვინც მას ამ საინტერესო პროექტის განხორციელებაში დაუდგა გვერდით".

ელდარ ნადირაძე (ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი): "მე ვიცნობდი ჩემი მასწავლებლის, ანდრო ლეკიაშვილის ნაშრომს ლუდის ისტორიასთან დაკავშირებით, მის მყარ პოზიციას და შევეცადე ეს მასალები მომეძიებინა, გამეძლიერებინა და ჩვენი ერთობლივი ნაშრომების საფუძველზე გამომეცა წიგნი. ამ ფაქტების მიხედვით, ქართული ლუდის უძველესი წარმომავლობა ეჭვს არ ბადებს.

მოგეხსენებათ, საქართველო უძველესი მიწათმოქმედი ქვეყანაა, რაც ძალიან საამაყოა. ყველა ერს აქვს თავისი ცენტრალური ბგერა, განსაკუთრებული თვისება, რომლის გარშემოც შემდგომში იკრიბება მთელი ჰარმონია. ჩვენთვის ეს ბგერა მიწათმოქმედებაა. რაც კი სიკეთე გააჩნია ქართველ კაცს, ცეკვა იქნება ეს, სიმღერა თუ ლექსი, ეს ყველაფერი მიწათმოქმედებიდან მოდის. სტუმართმოყვარეობაც ჩვენი ნიჭისა და შრომის ნაწილია, სურვილი, ჩვენ მიერ შექმნილი სხვასაც გავუნაწილოთ.

მეცნიერისთვის ყველაზე დიდი ბედნიერებაა, როცა მის ნაშრომს ყურადღებას აქცევენ, მის ნაშრომს ვინმე გამოსცემს, ამიტომ კომპანია "ნატახტარის" შემოთავაზება, რომელმაც წიგნის გამოცემა დააფინანსა, დიდ პატივისცემას იმსახურებს. მიხარია, რომ სწორედ ეს კომპანია აღმოჩნდა ის, ვინც ამ პროექტს დაუჭირა მხარი. ასევე მინდა დიდი მადლობა ვუთხრა მათ, ვინც წიგნზე მუშაობის ხუთი წლის განმავლობაში დახმარება და მხარდაჭერა გამოხატა. რაც მთავარია, ეს არის სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ისეა დაწერილი, რომ მისი წაკითხვის სურვილი ნებისმიერს გაუჩნდეს".

R