რას გაუძლო საქართველოს ეკონომიკამ 2020 წელს და რა ელის 2021-ში
რას გაუძლო საქართველოს ეკონომიკამ 2020 წელს და რა ელის 2021-ში
უპრეცედენტო საერთაშორისო დახმარება ქმნის ქვეყნის კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და ეკონომიკის დივერსიფიკაციის წინა პირობას. ეს დახმარება, ძირითადად, იმ მიმდინარე რეფორმების დამსახურებაა, რომელთაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს. უპირველესად, ეს არის მაკროეკონომიკური მდგრადობა, რაც განაპირობა დაბალმა საგარეო ვალმა, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებამ, მზარდმა წმინდა ექსპორტმა, ფისკალური რისკის შემცირებამ და სხვა

ორეტაპიანი "მოგუდვა"?!

ირაკლი მაკალათია, ეკონომიკის დოქტორი:

"წლეულს მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენები, ძირითადად, დაკავშირებული იქნება პანდემიით გამოწვეულ შეზღუდვებსა და მისგან განპირობებულ რეცესიასთან. რაც შეეხება სხვა საკითხებს, რითაც
გასული წელიწადი დაგვამახსოვრდა, იყო ანაკლიის პორტის საკითხი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში არ კარგავდა აქტუალურობას. ხშირი იყო როგორც მთავრობის, ისე ანაკლიის კონსორციუმისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციების გამოხმაურებები. დროთა განმავლობაში ანაკლიის პორტის პროექტს ეკონომიკური თემატიკა ჩამოშორდა და მხოლოდ პოლიტიკური სარჩული დაედო. პორტი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების, დასაქმებისა და პოლიტიკური
სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა, მისი პროექტი კი კვლავ ჩიხშია შესული. ამის თაობაზე იყო დასავლეთის წერილები და გაფრთხილებები, რაც აისახა კონგრესის წევრების საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის გამოგზავნილ წერილში. აღსანიშნავია ასევე საქართველოს სახელმწიფოსა და ამერიკული კომპანია "ფრონტერას" დავა, რომელიც საქართველომ მოიგო, თუმცა საინვესტიციო გარემოს მქონე ქვეყნის რეპუტაციის შესანარჩუნებლად კონტრაქტის დასრულებამდე სალიცენზიო ფართობების 1%-ზე კომპანიას კვლავ მიეცა მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა. მიუხედავად ამისა, კვლავ გრძელდებოდა ურთიერთბრალდებები. ჯანდაცვას დიდი დარტყმა მიაყენა მთავრობის #520-ე დადგენილებამ, თუმცა ამ სფეროს განვითარებისთვის არსებითი არაფერი გაკეთებულა. 2019 წლიდან დაწყებული სახელმწიფო პროექტი "100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" სათანადოდ ნამდვილად ვერ განვითარდა და პოზიტიური მოლოდინიც გააქარწყლა. გაზაფხულიდან გვახსოვს მთავრობის დაპირებები, რომ პურის გაძვირება მოსალოდნელი არ იყო და სუბსიდირების პროგრამებს გვთავაზობდა. თუმცა როგორც ყველა დაპირება, ვერც ეს შესრულდა. ისიც გვახსოვს, რომ მთავრობის მოწვევით საქართველოს პოსტკრიზისულ გეგმაზე უცხოელი ეკონომისტები მუშაობდნენ, მაგრამ შედეგებს ყველა ვხედავთ.

საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომა 16 სექტემბერს, რომელიც UNWTO-ს გენერალური მდივან ზურაბ პოლოლიკაშვილის ინიციატივით გაიმართა. ასევე პირველად ქვეყნის ისტორიაში საქართველომ უმასპინძლა ტურისტულ გამოფენა ITB Berlin 2020-ს. დადებითი ფაქტორები იყო სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგსა და ინდექსში საქართველოს დაწინაურება და ლიდერობა, თუმცა საერთაშორისო რეიტინგები ქაღალდზეა, ხოლო მოსახლეობის ცხოვრების დონე ამ პერიოდში მკვეთრად გაუარესდა.

ცხადია, შეზღუდვებმა დიდი ზიანი მიაყენა ეკონომიკას, რომელიც აქამდეც სუსტი იყო. ეკონომისტები ხშირად ამბობდნენ, რომ თუ გვსურს მოსახლეობამ რეალურად იგრძნოს ცხოვრების დონის გაუმჯობესება, აუცილებელია ეკონომიკის ორნიშნა ზრდა, ჩვენ კი პანდემიის შედეგად მეორე კვარტალში უკვე ორნიშნა კლება გვქონდა.
პანდემიის გავლენა ეკონომიკაზე ორ ეტაპად უნდა განვიხილოთ. პირველი შეზღუდვის შედეგად ეკონომიკა 13,2%-ით შემცირდა, 100 ათასამდე მოქალაქემ სამსახური დაკარგა. ოღონდ ეს დაკვირვებადი ეკონომიკის მონაცემებია, რაც ოფიციალურად აღირიცხა, მაგრამ არადაკვირვებად ეკონომიკაში, სადაც მდგომარეობა აქამდეც მძიმე იყო, პანდემიის გამო ვითარება უფრო გაუარესდა. ქვეყანაში მდგომარეობა უფრო მძიმეა, ვიდრე ოფიციალურ სტატისტიკურ მაჩვენებლებში ჩანს.

შეზღუდვების მეორე ეტაპი უფრო მძიმე ეკონომიკურ შედეგებს მოიტანს, პირველი ლოკდაუნის შედეგად შემცირებულ ეკონომიკას კიდევ უფრო შეამცირებს. ახალ 2021 წელს ბიზნესი დიდი ფინანსური ზარალითა და შემცირებული ბაზრით განაახლებს ეკონომიკურ საქმიანობას. ქვეყანაში პროდუქტსა და მომსახურებას ბიზნესი ქმნის. რაც უფრო შემცირდება ბიზნესი, მით დეფიციტური გახდება პროდუქტები, რაც ღირებულებასა და პროდუქციის დეფიციტზეც აისახება. ამავე დროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბიზნესი ასაქმებს ხალხს, გაჩერებული ბიზნესი უმუშევარ მოქალაქეებს ნიშნავს.

ყველაზე დაზარალებული და ყველაზე სიცოცხლისუნარიანი ბიზნესსექტორები

პანდემიამ ყველაზე მეტად როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში, ტურიზმის სექტორი დააზარალა. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები პანდემიის პერიოდში 90%-ზე მეტად არის შემცირებული და ცხადია, როცა ბიზნესი ტურისტებზეა აწყობილი, დიდ ზარალსაც მიიღებდა. შიდა ტურიზმმა, საქართველოს მძიმე ეკონომიკური მდგომარეობისა და შემოსავლების დაბალი დონის გათვალისწინებით, ვერ შეძლო ამ ზარალის კომპენსირება. არსებულმა მდგომარეობამ, რასაკვირველია, უარყოფითი გავლენა იქონია სასტუმროების ბიზნესზეც. რაც უფრო მძიმე და ხანგრძლივი იქნება შეზღუდვები, ეს დარგები მით მეტად დაზარალდება. გაჩერებულ ბიზნესსაც განსაზღვრულ დონეზე მაინც რჩება მიმდინარე ხარჯები და ფინანსური ვალდებულებები. შესაბამისად, გაჩერების ყოველი დღე მხოლოდ შემოსავლების შეჩერება არ არის, ეს ყოველდღიური ზარალია. ვინ როგორ გადაიტანს და ვინ გადარჩება ბაზარზე, ეგ კიდევ საკითხავია.

ყველაზე სიცოცხლისუნარიანი წარმოების ის დარგებია, რომელთაც თითქმის არ შეხებია შეზღუდვები, თუმცა წარმოების დაბალი დონის გამო, ეს მაინც ვერ ახდენს დიდ გავლენას ქვეყნის ეკონომიკაზე. საფინანსო სექტორი კი, რომელიც წლებია ყველაზე მძლავრად მუშაობს ქვეყანაში, ამ მდგომარეობას გაუმკლავდა. საბანკო სექტორის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება ხშირად ნეგატიურია და ამაშიც დამნაშავე სახელმწიფოა, რადგან ბაზარზე ხელი შეუწყო მონოპოლიის შექმნას, აფერხებს კაპიტალის ბაზრის განვითარებას, რომელიც კონკურენციაში შევიდოდა საბანკო სექტორთან და მოსახლეობას ფინანსებზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობას გაუხსნიდა.

რაც შეეხება კიდევ ორ დარგს - განათლების სექტორში სასწავლო დაწესებულებებს ონლაინსწავლების გამო შეუმცირდათ კომუნალური, კორპუსების მოვლისა და სხვა საგანმანათლებლო აქტივობის ხარჯები; სოფლის მეურნეობაში მთავრობას არ დაუწესებია მნიშვნელოვანი შეზღუდვები, რაც წარმოებას შეაფერხებდა. მაგრამ რად გინდა, არც ერთი ეს დარგი ფინანსურად არ არის მაღალ დონეზე განვითარებული, პირიქით, ყველაზე დაბალგანვითარებულია. საშუალო ხელფასის ყველაზე დაბალი დონეც სწორედ მათზე მოდის.

1 აშშ დოლარი წლის დასაწყისში 2,8661 ლარი ღირდა, ხოლო დღემდე ის 3,2795 ლარამდეა გაუფასურებული. ლარის კურსი დოლარის მიმართ განისაზღვრება ლარისა და დოლარის ფულადი მასების თანაფარდობით. რაც მეტია ბრუნვაში ლარი და რაც ნაკლები დოლარი, მით უფრო უფასურდება ეროვნული ვალუტის კურსი. ჩვენს შემთხვევაში კი ეროვნული ბანკი ჭარბად ბეჭდავს ეროვნულ ვალუტას, უფრო მეტს, ვიდრე ეკონომიკას სჭირდება.

შესაბამისად, სავალუტო ბაზარზე ლარის სიჭარბე დოლართან მიმართებით ლარის კურსის გაუფასურებას იწვევს. მეორე ფაქტორი დოლარის მასის შემცირებაა, რაშიც უარყოფითი როლი პანდემიამ და პანდემიის შედეგად გაჩერებულმა ეკონომიკამ ითამაშა. ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინება შემცირდა. შემცირებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიც, ვარდნა გვაქვს ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებში, შემცირებულია ექსპორტი, მხოლოდ უცხოეთიდან მიღებული გზავნილების ზრდა კი ამ ნეგატიურ ფაქტორებს ვერ დააკომპენსირებდა.

ლარის კურსის დასტაბილურებისთვის ეროვნული ბანკი ინტერვენციებს იყენებს. ის 13 მარტიდან დაიწყო, სულ 25-ჯერ განხორციელდა და ჯამში $843.222.000 გაიყიდა. თუმცა ამან კურსი ვერ გაამყარა. რატომ? მიზეზი მარტივია - ეროვნული ბანკი ცალი ხელით ბაზარზე დოლარს უშვებს ვალუტების ბალანსისთვის, ხოლო მეორე ხელით ლარის მასას ზრდის და ბალანსს არღვევს. ცხადია, ამ ვითარებაში სავალუტო ინტერვენციები რეალურ შედეგს ვერ მოიტანდა.

ეროვნული ბანკი და მთავრობა ყველა ბერკეტს ფლობენ, რომ ლარის კურსი არ გაუფასურდეს. უპირველესად ეს შეეხება ლარის მასის კონტროლს. თუმცა ლარი დღეს მთავრობის მონოპოლიური ვალუტაა - ანუ მთავრობამ გადახდისა თუ ფასდადების საშუალებად მხოლოდ ლარი დაგვიწესა, ადგილობრივ ბაზარზე ჩვენ არა გვაქვს სხვა ვალუტის არჩევის თავისუფლება, რითაც როგორც ნებისმიერი მონოპოლისტი, სარგებლობს სახელმწიფოც.

ზედმეტი ლარის გამოშვებით სახელმწიფოც იფინანსებს საკუთარ ფინანსურ ვალდებულებებს, ხოლო ბრუნვაში გამოსული ჭარბი ლარის მოცულობა, ერთი მხრივ, იწვევს ინფლაციას, ხოლო მეორე მხრივ, დევალვაციას. ეროვნული ბანკი ლარის გაუფასურებას ყველა ფაქტორსა და გარემოებას აბრალებს, გარდა საკუთარი თავისა, არადა, გაუფასურების მთავარი შემოქმედი ეროვნული ბანკია.

2020 წლის პირველ 10 თვეში ეკონომიკა 5,1%-ით შემცირდა. ცხადია, მომდევნო ორ თვეში შეზღუდვების გამო კვლავ გაგრძელდება ეკონომიკის კლება, წლის ბოლოს კი 5,1%-ზე უფრო მაღალ ეკონომიკურ ვარდნას მივიღებთ. 2019 წლის მაჩვენებელს რომ გავუტოლდეთ, აუცილებელია, როგორც მინიმუმ, კლების აღმოფხვრა, მაგრამ იმ პროგნოზებით, რაც მთავრობასა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს აქვს, ჩვენ 2019 წლის მაჩვენებლის მიღწევას ვერც 2021 წელს შევძლებთ.

ამ ეტაპზე ეკონომიკური სტრუქტურის მნიშვნელოვანი გადაადგილება არ გვექნება, თუმცა ცვლილებები მაინც მოსალოდნელია. პოსტკრიზისულ პერიოდში უპირველესად მკვეთრად შემცირდება ტურიზმის წილი, სანამ არ აღდგება ფრენა და არ მოიხსნება ტურიზმის სფეროსთვის დაწესებული შეზღუდვები. შეზღუდვების გამო კლებაა ვაჭრობის სფეროშიც, თუმცა ბიზნესსექტორში ვაჭრობა ლიდერი იყო და ამ პოზიციას არ დაკარგავს. ეკონომიკაში უნდა ველოდოთ მშენებლობის სექტორისა და გადამმუშავებელი მრეწველობის წილის ზრდასაც. ეს ის სფეროებია, რომელთაც ან რეგულაციები არ შეხებია, ან დიდი იყო სამთავრობო დახმარებები".

ინფრასტრუქტურული ლოკომოტივი

გიორგი ცუცქირიძე, ეკონომიკის ექსპერტი:

"ინფრასტრუქტურას ეკონომიკისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მის მოდერნიზაციასა და გამართულ ფუნქციონირებას ბაზისური მნიშვნელობა ექნება 2024 წელს ევროკავშირში გაწევრების განაცხადისთვის. ინფრასტრუქტურის მინისტრის წლიური ანგარიშიც, რა გაკეთდა და რა პროექტები მიმდინარეობს, ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ. ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია უპირველესად გაზრდის ინტეგრაციას ქვეყნის რეგიონებს შორის, ასევე ხელს შეუწყობს საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებას როგორც მეზობელ, ისე შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებთან.

ბოლო წლების ინფრასტრუქტურის განვითარება ცხადყოფს, რომ საქართველოს­ აქვს კარგი შესაძლებლობა, იყოს რეგიონული ჰაბი ვაჭრობისა და ლოგისტიკისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური აქტივობისთვის, მეტი ინვესტიციისა და ვაჭრობისთვის რეგიონის ქვეყნებს შორის. ნიშანდობლივია, რომ პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო სამინისტროს ბიუჯეტის 251 მილიონი ლარით შემცირების მიუხედავად, არ შეჩერებულა არც ერთი სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტი, მათ შორის არც რეგიონული განვითარების პროექტები, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს როგორც ქვეყნის, ასევე ცალკეული რეგიონების განვითარებისთვის საჭირო სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებაზე - განსაკუთრებით საერთაშორისო და ეროვნული მნიშვნელობის გზებისა და წყლის ინფრასტრუქტურის, წყალარინების სისტემებისა და ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) კვლევაში FDI Regulatory Restrictiveness Index საქართველო 82 ქვეყანას შორის მოწინავე მე-8 პოზიციაზე აღმოჩნდა, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ღია ეკონომიკის ქვეყანა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის შეფასებით, ბოლო წლებში საქართველოს მთავრობამ აქტიურად გაატარა რეფორმები ინვესტორების მოსაზიდად და კერძო სექტორის განვითარების ხელშესაწყობად, რამაც განაპირობა მშპ-ის მნიშვნელოვანი ზრდა და 2007 წლიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მარაგმა (FDI stock) მშპ-ის 100%-ზე მეტი შეადგინა.

კვლევის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ პანდემია, სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოს ეკონომიკაზეც ახდენს უარყოფით ზეგავლენას, საქართველოს მთავრობამ მეყსეული მონეტარული და ფისკალური ზომები მიიღო ჯანდაცვის სექტორისა და საფრთხის წინაშე მდგარი კომპანიების დასახმარებლად. ეს ფაქტიც ადასტურებს ანტიკრიზისული მართვის სწორ სამთავრობო სტრატეგიას.

ნიშანდობლივია, რომ OECD-ის შეფასებით, რეფორმებთან ერთად მნიშვნელოვანია მეტი ხარისხობრივი პირდაპირი უცხოური ინვესტიციის მოზიდვა, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის უფრო სწრაფ და ინკლუზიურ განვითარებას. აგროსასურსათო ღირებულების ჯაჭვში ინვესტიცია ხელს შეუწყობს პროდუქტიულობისა და შემოსავლის ზრდას, სურსათის უსაფრთხოების გაუმჯობესებას, სოფლის განვითარებასა და საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებას. ქვეყნის მიმზიდველ საინვესტიციო გარემოზე მიუთითებს აშშ-ის მთავრობის გადაწყვეტილება უცხოური ინვესტიციების საკონსულტაციო ფირმა OCO Global-ის დაფინანსების თაობაზე, რომელიც გამოავლენს და ხელს შეუწყობს სწორედ მაღალხარისხოვანი და მაღალანაზღაურებადი ინვესტიციების გამოყენების შესაძლებლობას საქართველოს ეკონომიკაში.

დღეს მთავრობას, ფაქტობრივად, სცილასა და ქარიბდას შორის უწევს გავლა - ერთი მხრივ, სავაჭრო ქსელების ინტერესების გათვალისწინება და, მეორე მხრივ, პანდემიური სიტუაციის აფეთქების პრევენცია და რისკების მართვა.

სიტუაცია მთელ მსოფლიოში არაორდინარულია. თითქმის ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ლოკდაუნის მოხსნის შემდეგ გაიხსნა ეკონომიკა - და ეს, უპირველესად, მომსახურების სერვისებს ეხება - დაიწყო ვირუსის აფეთქება. გერმანიაშიც კი, სადაც ევროპის სამხრეთ ნაწილთან შედარებით ხალხი ძალზე კანონმორჩილია, წინასაახალწლოდ მთავრობამ არათუ შეარბილა, არამედ გაამკაცრა შეზღუდვები. შვედეთმა, რომელმაც თავის დროზე ლიბერალური მიდგომა არჩია და ეკონომიკა არ ჩაკეტა, მკაცრი შეზღუდვები დააწესა და აღიარა, რომ ვირუსის ზეგავლენა სათანადოდ ვერ შეაფასა. ე.წ. ჯოგური იმუნიტეტის იდეამ მარცხი განიცადა.

მსგავსი ვითარებაა ევროპის სხვა ქვეყნებშიც, მზარდია პანდემიის მასშტაბი იტალიასა და ესპანეთში. ცალკე თემაა ბრიტანეთში ვირუსის ახალი შტამის გავრცელება, რასაც ემატება გრიპის სეზონი და ეს ვითარებას უფრო ამძიმებს.

ასეთ სიტუაციაში ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა, რომ მაინც არ შეგვემსუბუქებინა შეზღუდვები მიუხედავად სავაჭრო ქსელების დაპირებისა, რომ წესებს მკაცრად დაიცავდნენ. უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი საზოგადოება არ არის მზად ამ ტიპის გამოწვევისთვის არც მოქალაქეობრივი შეგნებით, არც თვითორგანიზებითა და არც თვითდისციპლინით. ოპოზიციური პოლიტიკური კლასის ქცევაზე დეტალურად აღარ შევჩერდები...

ყველაზე დაზარალებული ბიზნესსექტორი ტურისტული ინდუსტრიაა თავისი მკვებავი სექტორებით - სასტუმროებით, რესტორნებით, სხვა მომსახურების სფეროებით. 2019 წელს ტურიზმიდან რეკორდული შემოსავალი გვქონდა და 9 მილიონზე მეტი უცხოელი ტურისტი გვესტუმრა, მიმდინარე პანდემიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 94%-ით შემცირდა.

"ქართული პროდუქციის ექსპორტი რეკორდულად მზარდია"

რაც შეეხება პოზიტივს - პანდემიურმა პერიოდმა დაგვანახა, რომ სასურსათო მომარაგებას, სურსათის უსაფრთხოებასთან ერთად, დიდი მნიშვნელობა ექნება მომავალშიც და ამ მხრივ საინტერესოა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წლიური ანგარიშის განხილვა.

ნიშანდობლივია, რომ პანდემიის მიუხედავად, სოფლის მეურნეობაში გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამა, შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამები, აგროწარმოების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამები არათუ შემცირდა, უფრო განვითარდა.

მეტწილად სწორედ ამის შედეგია, რომ 2020 წელს, მიუხედავად კრიზისული ვითარებისა, ქართული პროდუქციის ექსპორტი რეკორდულად მზარდია. ფერმერებისა და მეწარმეებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდა ფინანსური რესურსი, საფინანსო ინსტიტუტებთან აღებულ ვალდებულებებში კი გაცილებით დიდია სახელმწიფოს თანამონაწილეობა.

დღეს ძალზე მნიშვნელოვანია ის მიმართულებები, რომლებიც პოსტპანდემიურ პერიოდში ქართული ეკონომიკის მდგრად განვითარებას შეუწყობს ხელს. რომ არა მეორე ლოკდაუნი, სექტემბერში ეკონომიკა ზრდას იწყებდა.

ამ თვალსაზრისით უნდა გამოიყოს ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით ბიზნესის მხარდაჭერის დაფინანსება. სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ეგიდით დაფინანსდა 78 ახალი პროექტი, დამტკიცებული სესხის მოცულობამ 96 მლნ ლარი, ხოლო ჯამურმა ინვესტიციამ 161 მლნ ლარი შეადგინა. მიკრო - და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის ბიუჯეტი 40 მლნ ლარამდე გაიზარდა, რაც მნიშვნელოვანია როგორც სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად, ასევე ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო კომპანიის სტატუსის სუბიექტებისთვის საშეღავათო დაბეგვრის რეჟიმის ამოქმედების შედეგად საქართველოში ოპერირება დაიწყო ორმა გლობალურმა IT-კომპანიამ - EPAM -მა და Exadel-მა, ხოლო საზღვაო თევზჭერის განვითარების პროექტით მიმდინარეობს სამი ახალი გემის მშენებლობა, ხოლო ოთხის განახლება.

ეკონომიკის გრძელვადიანი მდგრადი განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა ექნება საქართველოში მიმდინარე უმნიშვნელოვანეს ენერგეტიკულ რეფორმას, რომელიც მიზნად ისახავს ღია კონკურენტული ბაზრის ჩამოყალიბებას, რაც ხელს შეუწყობს როგორც ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებას, ასევე ენერგოეფექტიანობის ხელშეწყობით საწარმოო სიმძლავრეების ზრდას და ეკონომიკაში ინვესტიციების შემოდინებას.

გლობალურ ეკონომიკაზე მოთხოვნისა და მიწოდების შოკის გავლენამ შეცვალა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დაფინანსების სტრატეგიაც. დღეს როგორც სავალუტო ფონდი, ისე "იბიარდი" და მსოფლიო ბანკი მხარს უჭერენ ქვეყნების ძალისხმევას შიდა მოთხოვნის საკუთარი რესურსებით დასაკმაყოფილებლად. თუნდაც გუშინ ასე არ იყო გლობალურ ბაზარზე მიწოდების სიჭარბის გამო!

უპრეცედენტო საერთაშორისო დახმარება ქმნის ქვეყნის კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და ეკონომიკის დივერსიფიკაციის წინა პირობას. ეს დახმარება, ძირითადად, იმ მიმდინარე რეფორმების დამსახურებაა, რომელთაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს. უპირველესად, ეს არის მაკროეკონომიკური მდგრადობა, რაც განაპირობა დაბალმა საგარეო ვალმა, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებამ, მზარდმა წმინდა ექსპორტმა, ფისკალური რისკის შემცირებასა და გაზრდილ საერთაშორისო რეზერვებსა თუ საბანკო სექტორის კაპიტალის მაღალ ბუფერთან ერთად.

რა პერსპექტივები არსებობს

დღეს ეკონომიკისთვისეკონომიკის ტრანსფორმაცია უნდა გულისხმობდეს ეკონომიკის სექტორულ გადაწყობას ტურიზმიდან აგროსექტორსა და გადამმუშავებელ მრეწველობაზე, ცოდნაზე დამყარებული სერვისების შექმნას, რაც გაცილებით მაღალ დამატებით ღირებულებას ქმნის. ეს ეხება ინვესტიციების მოზიდვას შედარებით მაღალტექნოლოგიურ სექტორებში, თუნდაც აგროსექტორში თანამედროვე სასათბურე მეურნეობების განვითარებისა და სამაცივრე ინფრასტრუქტურის გაფართოებისთვის, რაც სხვა დროსაც აღმინიშნავს.

ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია შიდა მოთხოვნის დაკმაყოფილება სასურსათო პროდუქციის დიდი ნაწილის წარმოებით, ხორბლის მარაგის შექმნითაც კი. გადამმუშავებელ მრეწველობაში შეგვიძლია პრაქტიკულად მთელი სამედიცინო პროფილის პროდუქციის წარმოება ფარმაცევტულ მრეწველობასთან ერთად, პირბადეებით დაწყებული, სპეცტანსაცმლითა და აპარატურით დამთავრებული. რაც მთავარია, აქცენტი უნდა გაკეთდეს ისეთ წარმოებაზე, რომელიც შიდა მოთხოვნის დაკმაყოფილებასთან ერთად ამ სახის პროდუქციის ექსპორტსაც განაპირობებს.

ტურისტული ინფრასტრუქტურა, ტურისტული პროდუქტი და ქვეყნის პოზიციონირებაც უნდა შეიცვალოს ისეთი მიმართულებების განვითარებით, რომლებიც შედარებით მაღალ დამატებით ღირებულებას გამოიმუშავებენ. მაგალითად, თუ რეკრეაციულ ტურიზმს მწვანე ეკონომიკის კონცეფციაშიც ჩავსვამთ, რის საშუალებასაც ბუნებრივ-კლიმატური პირობები და ნიადაგი იძლევა, მაღალხარჯვიან ბაზრებზე გასვლასაც შევძლებთ.

ჩვენ გვიჩნდება კარგი შესაძლებლობა უმოკლეს პერიოდში გავზარდოთ ქვეყნის კონკურენტუნარიანობა ციფრული ტექნოლოგიების დანერგვისა და სრულყოფისთვის. ეს ეხება როგორც სამთავრობო სერვისების განვითარებას - მაგალითად, საგადასახადო რეფორმის გაფართოებას ჰორიზონტალური მონიტორინგის მოდელით ონლაინპლატფორმაზე გადასაყვანად - ასევე კერძო სექტორში ონლაინგაყიდვების სერვისების დანერგვას, რაც უკვე დაწყებულია და კარგ პერსპექტივასაც აჩენს.
ასევე შესაძლებელია თვითკმარ ეკონომიკასა და დამატებითი ღირებულების სტრატეგიაზე გადასვლა, სატრანსპორტო არტერიების მზარდი მოდერნიზაცია, რისი ბაზისიც ნამდვილად გვაქვს თუნდაც მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების სახით, და ანაკლიის პორტის პერსპექტივასაც თუ ჩავრთავთ, თავისუფლად შეგვიძლია ეკონომიკური ზრდის პოტენციური დონის დაჩქარება.

მართალია, 2020 წელი რთული გამოდგა როგორც ჯანმრთელობის დაცვის, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გლობალურ პანდემიამდე ქვეყნის ეკონომიკა ვითარდებოდა და საკმარისი ფინანსური ბალანსიც იყო ბიუჯეტში მობილიზებული საშუალოდ 5%-იანი ეკონომიკური ზრდის ფონზე მაშინ, როცა ჩვენი სავაჭრო პარტნიორების ეკონომიკური ზრდა იყო ძალიან დაბალი - დაახლოებით 1%.

თუმცა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნისა და ბიუჯეტისთვის მთავარი გამოწვევა გაზრდილი ვალი და დეფიციტი იქნება, რომელიც მაღალია (9%), მაგრამ უკვე 2022 წლიდან მთავრობა აპირებს მის ეტაპობრივ შემცირებას მაქსიმუმ 3%-იან მაჩვენებლამდე.

თვალსაჩინოებისთვის: 2019 წელს აღირიცხა საგადასახადო შემოსავლის უპრეცედენტოდ მაღალი გადაჭარბება - 600 მლნ ლარის ოდენობით და, იმავდროულად, ვალის დაბალი მაჩვენებლით. ამასთან, სავაჭრო ბალანსი შემცირდა 2-ჯერ, ხოლო მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი უფრო მეტადაც.

ქვეყნის საბიუჯეტო პარამეტრებსა და, ზოგადად, ფისკალურ მდგრადობაზე მიუთითებს, ბოლო პერიოდში მიმდინარე ხარჯის მნიშვნელოვნად შემცირებისა და საბიუჯეტო დეფიციტის ასევე დაბალ - 2%-იან ნიშნულზე დაწევის შედეგად, 8,5%-მდე გაზრდილი კაპიტალური ხარჯიც, რაც ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია მსოფლიოში.

სწორედ ამ ფაქტორის გამო ქვეყანა 2020 წელს მაღალი ბუფერებით შეხვდა, რაც პანდემიასთან ბრძოლისას გამოიყენა, ხოლო დონორი ორგანიზაციებიდან პანდემიის პერიოდში მიღებული დახმარების ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა!"
pop
09 იანვარი 2021 18:57
"ლარის კურსის დასტაბილურებისთვის ეროვნული ბანკი ინტერვენციებს იყენებს. ის 13 მარტიდან დაიწყო, სულ 25-ჯერ განხორციელდა და ჯამში $843.222.000 გაიყიდა. თუმცა ამან კურსი ვერ გაამყარა. რატომ? მიზეზი მარტივია - ეროვნული ბანკი ცალი ხელით ბაზარზე დოლარს უშვებს ვალუტების ბალანსისთვის, ხოლო მეორე ხელით ლარის მასას ზრდის და ბალანსს არღვევს. ცხადია, ამ ვითარებაში სავალუტო ინტერვენციები რეალურ შედეგს ვერ მოიტანდა" -ჰოდა გეკითხებით, ამის გამკეთებელი დუყლუყი, რატომ ჰყავს ბიძინის იქანა, არ მითხრათ ეხლა ხალხის საკეთილდღეოდ გამოაქვს დოლარები ბაზარზეო, კარგადაც ხვდებით სად მიდის ეს დოლარები...
ალექს
09 იანვარი 2021 07:26
ეგ სიზარმაც იძულებითია, როცა ბეჯითად იშრომა მაგისმა მამაპაპამ, ბოლშევიკებმა და კომუნისტება ან წაართვეს , ან გაუვერანეს, ან გააუფასურეს , ან გამოსძალეს ნაშრომი, ამიტომ აღარ უღირს შრომა, იცის მაინც არ შეარგებენ , ჩადგა სახელმწიფო მაკონტროლებელი გამნაწილებელი თანამდებობის, ან სოციალური დახმარების მიღების რიგში! დიახ, მთავრობის უთოფო ყაჩაღებს, სამართალდამცავებს და მაკონტროლებელ შემმოწმებელ დამსჯელ მიმსჯელებს ვგულისხმობ, რომლებიც კასტას წარმოადგენენ და ათეული წლებია უშრომლად, სხვისი ნაშრომის მითვისებით მდიდრდება! ესაა ეკონომიკური და პოლიტიკური , სამოქალაქო ნიჰილიზმის წყარო !
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები