რამდენად გააძვირებს დენის ტარიფის მომატება პურს და პირველადი მოხმარების საგნებს?! - კვირის პალიტრა

რამდენად გააძვირებს დენის ტარიფის მომატება პურს და პირველადი მოხმარების საგნებს?!

"თუ სუბსიდირებას არ მივიღებთ მხედველობაში, ერთი ოჯახის ხარჯი თვეში დაახლოებით 6,8 ლარით გაიზრდება"

მოჰყვება თუ არა გაძვირებულ ტარიფს ფასების ზრდა? მომატებული ტარიფის ერთი წლის განმავლობაში სუბსიდირების პირობებში, რა გავლენას მოახდენს ის მოსახლეობასა თუ სხვადასხვა საწარმოზე? ამ და სხვა საკითხებზე ექსპერტ იოსებ არჩვაძეს ვესაუბრებით.

- ფასების ზრდა მომხმარებლის მიერ ყოველთვის უარყოფითად აღიქმება, თუმცა, თუ ის ლეგიტიმურად, ხელისუფლების ან მარეგულირებელი ორგანოების მიერ ხორციელდება, ძალიან ჰგავს ორგანიზმში იმ ქირურგიულ ჩარევას, რომელიც მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობით არის გამოწვეული და მიზნად პაციენტის სიცოცხლის შენარჩუნებას ისახავს. ყურადღებით ვადევნებდი თვალს სემეკის სხდომას, არგუმენტებს და შეიძლება ითქვას, რომ შემოთავაზებული სამომხმარებლო ტარიფის ზრდა (1 კილოვატსაათ ელექტროენერგიაზე მოსახლეობისთვის 3,5 თეთრით, ხოლო ბიზნესისთვის - 11-14 თეთრით) ის მინიმალური მიჯნაა, რომელიც აუცილებელია ენერგოკომპანიების საქმიანობისა და ენერგეტიკის სფეროში ინვესტორთა დაინტერესების მინიმალურ დონეზე შენარჩუნებისთვის. ტარიფის მომატება, მართალია, ვერ გადაწყვეტს დარგის ყველა პრობლემას, მაგრამ გაზრდილი კომერციული ხარჯების კომპენსირების საშუალებას იძლევა. ენერგეტიკა ქვეყნის ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია და მისი დინამიკური და მდგრადი განვითარება, მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლება ამ სექტორის დაჩქარებულ განვითარებაზეა დამოკიდებული.

ენერგოსექტორი, კაპიტალური დანახარჯების მიხედვით, ერთ-ერთი განსაკუთრებულად იმპორტდამოკიდებული სფეროა. 2017 წლის დეკემბრიდან დღემდე ლარი დოლარსა და ევროსთან ერთი მეოთხედით და მეტად დაეცა, რის გამოც ამჟამინდელი გაზრდილი ტარიფი აშშ დოლარში/ევროში, 2017 წელთან შედარებით, მაინც გაცილებით იაფი გამოდის. ამასთან, გაიზარდა ყველა იმპორტირებული საქონლის - ტექნიკის, აგრეგატების, მაკომპლექტებელი ინვენტარის ფასი, რის გამოც სამი წლის წინ დამტკიცებული ტარიფი ვეღარ ანაზღაურებდა გაზრდილ ხარჯებს, შესაბამისად, დარგი ფინანსურ კრიზისში აღმოჩნდა და ასეთი მდგომარეობის გაგრძელების შემთხვევაში, რისკის ქვეშ დადგებოდა ელექტრომომარაგების საკითხი, რაც სექტორის რეალურ კოლაფსს გამოიწვევდა. ასეთი ვითარების ნეგატიური შედეგების მასშტაბურობა კი "1990-იან წლებგამოვლილი" მომხმარებლისთვის ადვილად წარმოსადგენი უნდა იყოს.

არ შეიძლება არ ითქვას, რომ ჩვენი მეზობელი თუ არამეზობელი ქვეყნების უმრავლესობისგან საქართველო დენის ტარიფით დაახლოებით 1,5-2,0-ჯერ მეტად განსხვავდება, ვიდრე ეკონომიკური განვითარების დონით. მაგალითად, მშპ-ის წარმოებით მოსახლეობის ერთ სულზე ევროკავშირი საქართველოს 2,9-ჯერ უსწრებს, დენის ტარიფით კი - 4,3-ჯერ. ჩვენი სამხრეთელი მეზობელი თურქეთი - 1,9-ჯერ და 2,1-ჯერ. თვით კოსოვოშიც კი, სადაც ცხოვრების დონე საქართველოზე თითქმის 30%-ით დაბალია, დენის ტარიფი ჩვენთან შედარებით 22%-ით მეტია. დენის გაზრდილი ტარიფითაც კი საქართველო საშუალო ევროპულ დონეს მხოლოდ უმნიშვნელოდ მიუახლოვდება და ამჟამინდელი 23%-ის ნაცვლად 25-26% იქნება.

აღსანიშნავია, რომ გაზრდილ ტარიფებს 2021 წლის განმავლობაში ვერ იგრძნობენ ის აბონენტები, რომელთა დენის საშუალო თვიური მოხმარება 300 კილოვატამდე იქნება (ასეთები კი ოჯახების 9/10-ზე ბევრად მეტია) - გაზრდილი ხარჯების სუბსიდირებას სახელმწიფო იღებს თავის თავზე. ამას გარდა, სახელმწიფო დაფარავს ბიზნესსექტორისთვის ძველსა და ახალ ტარიფებს შორის სხვაობის ნახევარს.

- რა გავლენას მოახდენს ტარიფის ზრდა ოჯახებზე, მაგალითად, ოთხსულიან ოჯახზე? - სტატისტიკის თანახმად, ერთი ოჯახის საშუალო ყოველთვიური მოხმარება 193 კვტ/საათია. ეს არის 2019 წლის მონაცემებით. თუ დინამიკას დავაკვირდებით, ბოლო წლების განმავლობაში ის თითქმის არ იცვლება, იმიტომ რომ იზრდება ბუნებრივი აირის მოხმარება. ამის გათვალისწინებით, თუ სუბსიდირებას მხედველობაში არ მივიღებთ, ერთი ოჯახის ხარჯი თვეში დაახლოებით 6,8 ლარით გაიზრდება. ერთი რამ არის მხედველობაში მისაღები. რადგან ყველა მომხმარებლისთვის ტარიფი თანაბრად - 3,5 თეთრით იზრდება, ნაკლები და მეტი დენის მომხმარებლებს 1 კვტ/საათის ღირებულება თანაბრად გაეზარდათ და გამოდის, რომ ღარიბებს, ვინც 100 კვტ/საათამდე მოიხმარს, ტარიფი დაახლოებით 25%-ით ეზრდებათ, ხოლო ვინც 300 კილოვატზე მეტს მოიხმარს - დაახლოებით 15%-ით. ასე რომ, რაც უფრო დაბალშემოსავლიანია ოჯახი, მით უფრო მეტად იგრძნობს დენის ტარიფის გაძვირების სუსხს.

- გამოიწვევს თუ არა ტარიფის ზრდა სხვადასხვა საქონლის ფასის ზრდას? - მოდი, ასე ვთქვათ - ფაქტობრივად, არ გვექნება საქონელი, რომლის ფასზეც დენის გაძვირება გავლენას არ მოახდენს, მაგრამ იმის მიხედვით, როგორია ამ საქონლის ენერგოტევადობა და მის თვითღირებულებაში ელექტროენერგიის წილი, გავლენა სხვადასხვაგვარი ექნება. მაგალითად, დენის გაძვირება პურის გაძვირებას გამოიწვევს დაახლოებით 7%-ით, ანუ დენის გაძვირება გამოიწვევს პურზე ინფლაციის დაახლოებით 0,3%-იან ზრდას. მაგრამ ეს მხოლოდ პურია. დენის გაძვირება იმოქმედებს ზოგადად ინფლაციის მაჩვენებელზე და ინფლაციის დონეს დაახლოებით 1,5-2%-ის ფარგლებში გაზრდის.

ტარიფების ზრდა 2013 წელთან შედარებით

2021 წლის 1-ლი იანვრიდან დენიც ძვირდება და წყალიც. მართალია, დღეს მოქმედ ტარიფთან შედარებით ზრდა განსაკუთრებით დიდი არ არის, მაგრამ 2013 წელთან შედარებით გაძვირება მნიშვნელოვანია. ერთადერთი, რაც "ოცნებამ" შეამცირა, იყო გაზის სამომხმარებლო ტარიფი - 1მ3 გაზის ფასი 46,1 თეთრია, "ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლამდე კი 51 თეთრი იყო.

რაც შეეხება ელექტროენერგიას, 2013 წელს დადგენილი ტარიფით 101-დან 300 კვტ/სთ ელექტროენერგიაში "თელასის" აბონენტი 13,56 თეთრს იხდიდა, 2021 წლის პირველი იანვრიდან კი საფასური 22,053 თეთრამდე იზრდება. გამოდის, რომ 2013 წელთან შედარებით დენის სამომხმარებლო ტარიფი 62,6%-ით მოიმატებს.

"ენერგო-პრო ჯორჯიას" მომხმარებლებისთვის ტარიფი უფრო მეტი ხდება. 2013 წელს 101-დან 300 კვტ/სთ-მდე ელექტროენერგიაში "ენერგო-პრო ჯორჯიას" მომხმარებლები 1 კვტ/სთ-ში 11 თეთრს იხდიდნენ, 1-ლი იანვრიდან კი 21,707 თეთრის გადახდა მოუწევთ. გამოდის, რომ რვა წელიწადში "ენერგო-პრო ჯორჯიას" სამომხმარებლო ტარიფი 97%-ით გაიზარდა.

შენიშვნა: როგორც ცნობილია, საქართველოში ელექტროენერგიის საფეხურებრივი ტარიფი მოქმედებს და შედარებისთვის ავიღეთ იმ საფეხურისთვის განკუთვნილი ტარიფი, რომელსაც საქართველოში ყველაზე მეტი აბონენტი იხდის.

სემეკის გადაწყვეტილებით, "თელასის" სამომხმარებლო აბონენტებისთვის ტარიფი ასე განისაზღვრება:

1) თვეში 0-101 კილოვატი - 18,041 თეთრი I(ზრდა 3,498 თეთრი);

2) თვეში 101-301 კილოვატი - 22,053 თეთრი (ზრდა 3,498 თეთრი);

3) თვეში 301+ კილოვატი - 26,537 თეთრი (ზრდა 3,498 თეთრი).

სემეკის გადაწყვეტილებით, "ენერგო-პროს" სამომხმარებლო აბონენტებისთვის ტარიფი ასე განისაზღვრება:

1) თვეში 0-101 კილოვატი - 17,731 თეთრი (ზრდა 3,494 თეთრი);

2) თვეში 101-301 კილოვატი - 21,707 თეთრი (ზრდა 3,494 თეთრი);

3) თვეში 301+ კილოვატი - 26,227 თეთრი (ზრდა 3,494 თეთრი).

რაც შეეხება წყლის ტარიფს, სემეკის გადაწყვეტილებით, 2021 წლის იანვრიდან თბილისში წყლის სულადობრივი ტარიფი 4,5 ლარამდე იზრდება. შეგახსენებთ, რომ 2013 წელს გადასახადი 3,15 ლარი იყო, ახლა კი ის 42,8%-ით გაიზარდა.