თბილისში ძვირი ინფრასტრუქტურული პროექტების ბუმი გრძელდება - კვირის პალიტრა

თბილისში ძვირი ინფრასტრუქტურული პროექტების ბუმი გრძელდება

თბილისში, დიღმის მასივში, დავით აღმაშენებლის ძეგლთან საავტომობილო გვირაბი მოეწყობა. თბილისის მერიამ სამშენებლო სამუშაოების შესრულებაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქის ბიუჯეტიდან აღნიშნული პროექტისთვის დიდი თანხა დაიხარჯება. თავდაპირველად, საუბარი იყო 20 მილიონ ლარზე, თუმცა სატენდერო პირობებში მერიას ობიექტის სავარაუდო ღირებულებად 7,5 მლნ ლარი აქვს მითითებული. არ არის გამორიცხული, მშენებლობის დასრულებამდე თანხა შეიცვალოს.

ქალაქის მთავრობაში გვირაბის მშენებლობის მიზეზად, დავით აღმაშენებლის ძეგლთან საავტომობილო კვანძზე ხშირ საცობებს ასახელებენ. თუმცა გამოცდილი მძღოლები ამ ადგილას ხშირ საცობებს ვერ იხსენებენ და ამბობენ, რომ მოძრაობის დასარეგულირებლად იქ არსებული შუქნიშნებიც იკმარებდა. საინტერესოა, რატომ ხარჯავს მერია ამდენ ფულს იმაში, რაც გადაუდებლად აუცილებელი შესაძლოა არც იყოს, მაშინ როცა იმ თანხით სხვა, უფრო საშური პრობლემების მოგვარება შეიძლებოდა.

ახალდაგებულ გზებზე თვალში საცემია ბზარები და ორმოები; ავტობუსების გაჩერებებზე "მიზელილი" ასფალტი, ნაპრალები ქუჩებში მეტყველებს მიწის სამუშაოების არადამაკმაყოფილებელ შესრულებაზე თუ გამოყენებული ბიტუმის დაბალ ხარისხზე. ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, თავისთავად, კარგია, მაგრამ როცა შესრულებული სამუშაოების ხარისხი ხშირად ეჭვს იწვევს, ბუნებრივად ჩნდება კითხვა - რამდენად მიზანშეწონილია უზარმაზარი თანხების უწყვეტად ხარჯვა, მით უმეტეს, რომ ამ თანხების დიდი ნაწილი ნასესხებია და მომდევნო წლებში გვექნება გადასახდელი...

თორნიკე შიოლაშვილი (თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელი): "გადაწყვეტილება გვირაბის მშენებლობის შესახებ მიღებული იქნა ერთი მიზეზით - დავით აღმაშენებლის ძეგლთან არსებულ კვანძზე მუდმივად არის საცობები. განსაკუთრებით, როცა გელოვანის გამზირიდან ქალაქის გასასვლელისკენ მივემართებით, რადგან გზის ამ მონაკვეთზე ტრანსპორტი დიდი ინტენსივობით მოძრაობს. გვირაბის აშენების შემდეგ, დიღმის მხრიდან ამომავალი ავტომობილები სწორედ მის თავზე გაივლიან და გელოვანის გამზირზე მოხვდებიან. შუქნიშანიც, რა თქმა უნდა, მოიხსნება და გელოვანის გამზირიდან ქალაქის გასასვლელისკენ ავტომობილები თავისუფლად იმოძრავებენ.

- რა სიგრძის იქნება ეს გვირაბი?

- პროექტის თანახმად, ეს არის 345 მეტრი. პანდუსი დაიწყება გელოვანის გამზირზე არსებულ სტადიონთან და დავით აღმაშენებლის ძეგლის მიღმა დასრულდება. ჩვენ დიდი სიფრთხილით ვეკიდებით ამ პროექტს, რადგან ეს ადგილი არქეოლოგიური თვალსაზრისით საინტერესოა. ბევრი უძველესი სამარხია აღმოჩენილია, ამიტომ, მშენებლებთან ერთად, ამ ტერიტორიაზე არქეოლოგებიც მუშაობენ. ამ მიზეზით ცოტა ნელი ტემპით ვმუშაობთ, რათა რამე არ დავაზიანოთ და ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას გავუფრთხილდეთ.

- გზების, ხიდებისა და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობის მსგავსად, ახალ ტექნოლოგიებს ამ გვირაბის მშენებლობის პროცესშიც იყენებთ? უცხოელი არქიტექტორი, ინჟინრები ხომ არ მოგიწვევიათ?

- განსაკუთრებული არქიტექტურა ამ გვირაბს არ ექნება, რადგან ის მიწისქვეშ განთავსდება. საკმაოდ გამოცდილი კონსულტანტები გვყავს ამ თვალსაზრისით. ეს არ იქნება რთული კონსტრუქციის გვირაბი, თუმცა, რა თქმა უნდა, გათვლილი იქნება დიდ დატვირთვაზე არსებული სტანდარტის შესაბამისად.

- რა ვადებში უნდა დასრულდეს გვირაბის მშენებლობა?

- ჩვენი ვარაუდით, წლის ბოლოს ეს გვირაბი უკვე დასრულებული იქნება.

მეორე მხრივ, როგორც მოგახსენეთ, არქეოლოგებთან ერთად ვმუშაობთ და წინასწარ ზუსტად განსაზღვრა, როდის დასრულდება გვირაბის მშენებლობა, ძნელია.

ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რა შეგვხვდება მიწისქვეშ. ამის გამო ზოგჯერ გვიხდება სამუშაოების შეჩერება.

- გვირაბის მშენებლობა საავტომობილო მოძრაობას ხომ არ შეაფერხებს.

- ამას შეფერხებას ნამდვილად ვერ დავარქმევთ. რა თქმა უნდა, გავითვალისწინეთ და ამჟამად იქვე ვაშენებთ დროებით შემოვლით გზას. როცა გვირაბის მიწისქვეშა სამუშაოები დაიწყება, ჩვენს თანამოქალაქეებს პრობლემები რომ არ შევუქმნათ, მოძრაობას სხვა მიმართულებით გადავრთავთ. ამის შესახებ მოსახლეობას წინასწარ გავაფრთხილებთ.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ გვირაბის მშენებლობა ადგილობრივ ბიუჯეტს 20 მილიონი ლარი უჯდება. არის კი საჭიროება, რომ ამ ეტაპზე ასეთი კოლოსალური თანხები არცთუ გადატვირთული საავტომობილო გზის განტვირთვისთვის დაიხარჯოს?

- პროექტზე მუშაობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, დეტალები იხვეწება. შესაძლოა ისეთი გადაწყვეტილებაც მივიღოთ, რომ გვირაბი თავღია გაკეთდეს. ამის გამო შესაძლოა შევცვალოთ გვირაბის კონსტრუქციები, რაც კიდევ უფრო შეამცირებს ხარჯებს. ამიტომ თანხა ეტაპობრივად ზუსტდება. 20 მილიონი არარეალურად გაზრდილი თანხაა, ამდენი ნამდვილად არ დაჯდება.

- ხშირია შემთხვევები, როდესაც ახალდაგებულ გზებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რაც დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული...

- ჩვენ გვაქვს საჯარიმო სანქციები, რასაც ჩვენს კონტრაქტორ კომპანიებს ხელშეკრულებაში ვუდებთ. იმ შემთხვევაში, თუ მათ მიერ დაგებული გზა მალე გაფუჭდება, ისინი ხელახლა აგებენ და ძალიან მკაცრს საჯარიმო სანქციებსაც მივმართავთ. ვერ გეტყვით, რომ ასეთი რამ ხშირად ხდება, რადგან ტექნიკურ ზედამხედველობას მუდმივად ვაწარმოებთ.

შალვა ოგბაიძე (საავტომობილო-საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ექსპერტი): "თავის დროზე, დავით აღმაშენებლის ძეგლის არსებულ ადგილას გადატანამ ვითარება კიდევ უფრო გააუარესა და საცობების წარმოქმნას ხელი შეუწყო. ძეგლის დადგმის შემდეგ, ოთხ რიგად მიმავალი ავტომობილები ორ რიგად ვიწროვდება, რაც საცობების წარმოქმნას უწყობს ხელს. საცობში მოხვედრის საფრთხე ემუქრებათ დიღმიდან მომავალ ავტომობილებსაც, რომლებიც მარცხნივ შემოხვევას ცდილობენ. ამას დაუმატეთ ავტომობილების ნაკადი, რომელიც მცხეთისკენ მიემართება. კარგია, თუ მაგ ადგილას ესტაკადა, ან გვირაბი-ესტაკადა გაკეთდება, მაგრამ ტენდერების გაუმჭვირვალობა, საბიუჯეტო თანხების მოპარვა და სხვ. ტექნიკური მხარის ნაწილია".

კონსტანტინე მჭედლიშვილი (ორგანიზაცია "მძღოლი და სამართალის" ექსპერტი): "აღნიშნული კვანძის რეკონსტრუქციის პროექტი ჯერ კიდევ ორმოცი წლის წინ გაკეთდა. შემდეგ ამ ადგილას არქეოლოგიური ნაშთები აღმოჩნდა, პროექტი შეაჩერეს და დიდი ხნით დაივიწყეს კიდეც. ახლა, ვინაიდან ქალაქში ავტომობილების რაოდენობამ მკვეთრად მოიმატა, ეს საკითხი ისევ წამოიჭრა. თუმცა რეკონსტრუქციას ძალიან ართულებს დავით აღმაშენებლის ძეგლი, რომელიც ისე გადმოიტანეს, საქმეში ჩახედული ადამიანებისთვის არც უკითხავთ. პირადად მაქვს შემუშავებული ორგვირაბიანი სრული გახსნის ვერსია მაგ კვანძისთვის, მაგრამ მერიამ ძალიან ცუდი სამუშაო პოლიტიკა აირჩია. როგორც კი მერიის რომელიმე თანამშრომელს მოუნდება, კონკრეტულად ადგილას რამე ააშენოს, მიადგებიან და აკეთებენ. ასეთი საკვანძო საკითხები სპეციალისტების საერთო მსჯელობის საგანი უნდა ხდებოდეს, უნდა ეწყობოდეს იდეათა და კონცეფციათა კონკურსი და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებოდეს გადაწყვეტილება.

სწორედ ასე მოხდა გასული საუკუნის 70-იან წლებში, როდესაც მოხდა გმირთა მოედნის რეკონსტრუქცია კიაზო ნახუცრიშვილის კონცეფციით. შემდეგ, ვიღაც გადაბრუნებული აზროვნების ადამიანის ინიციატივით ამ კვანძის გარდაქმნისთვის მილიონები ჩაიყარა, გამოვიდა უკუღმა და უარესია, ვიდრე იყო. იმავე შედეგს მიიღებენ დავით აღმაშენებლის ძეგლთან გვირაბის მშენებლობითაც. ფულს ჩაყრიან და უკეთეს შემთხვევაში, საქმეს მხოლოდ სანახევროდ გააკეთებენ. მე მქონდა საშუალება მენახა ესკიზი და ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ამ პროექტით კვანძი მხოლოდ ნაწილობრივ გაიხსნება. მანდ საჭიროა გაკეთდეს ორი გვირაბი და საფუძვლიანი რეკონსტრუქცია. ადრე თუ კვანძის გახსნა შესაძლებელი იყო გზაგამტარის საშუალებით, დღეს შემოგარენი სავსეა ახალმშენებლობებით, რაც ნორმის აშკარად დარღვევაა. ახლა კვანძის სრული გახსნა შესაძლებელია ორი, გადამკვეთი, სხვადასხვა სიმაღლის გვირაბის ჩადგმით".