მაინც გაძვირდება?! - კვირის პალიტრა

მაინც გაძვირდება?!

სამარშრუტო გადაზიდვების ბაზარზე ფასების კონკურენცია პრაქტიკულად აღარ არსებობს

მგზავრების გულის გასახეთქად, ცოტა ხნის წინ სამარშრუტო ტაქსებში მგზავრობის საფასურის გაძვირების მაუწყებელი განცხადებები გამოჩნდა. ხალხმა დაწუწუნებაც ვერ მოასწრო, რომ მძღოლებმა მგზავრობის გაძვირება გადაიფიქრეს (ან გადააფიქრებინეს) და განცხადებები ავტომობილების საქარე მინებიდან ისევე სწრაფად ჩამოხსნეს, როგორც გააკრეს.

ფაქტია, რომ 1-ელი აპრილიდან სამარშრუტო ტაქსით მგზავრობის ღირებულება უცვლელი დარჩა და 70 თეთრამდე არ გაზრდილა, როგორც ამას განცხადებები იუწყებოდა. თუმცა საინტერესოა, ვის ან რისთვის დასჭირდა მგზავრების შეშინება თუ "გარდაუვალ გაძვირებასთან შეგუება". მიკროავტობუსებში განცხადებების ჩამოხსნის მიუხედავად, თემა აქტუალობას არ ჰკარგავს და ახლა ხმა ვრცელდება, რომ წლის ბოლომდე სამარშრუტო ტაქსით მგზავრობა შესაძლოა ერთ ლარამდეც გაიზარდოს.

მგზავრობის გაძვირებაზე ლაპარაკი ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც მერიამ ახალი სამარშრუტო ტაქსების შემოყვანაზე ტენდერი გამოაცხადა და გამარჯვებულად რამდენიმე გადამზიდავი კომპანია დაასახელა: "თბილკარი", "თბილლაინი", "პაბლიკ კარი" და "კეპიტალ გრუპი". "ხელშეკრულების თანახმად, გადამზიდავებმა დათქმულ ვადაში ავტოპარკი უნდა განაახლონ. ახალი და კომფორტული ავტომობილით მგზავრობა კი უფრო ძვირი ეღირება. კონდიცირების სისტემის მუშაობაც ძალიან ხარჯიანია", - ამბობენ მძღოლები.

მარტის დასაწყისისთვის სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს ყოველდღიურ მოსაკრებელს უზრდიდნენ 7-12 ლარიდან 10-35 ლარამდე და "მარშრუტკით" მგზავრობის გაძვირებაც კვლავ დადგა დღის წესრიგში. "რამდენიმე წელიწადია, მგზავრობის საფასური არ შეგვიცვლია და სტაბილურად 50 თეთრი ღირს. არადა, ყველაფერი გაძვირდა, მათ შორის საპოხი მასალები, რაც ავტომობილის კვანძების მუშაობისთვის არის საჭირო.

აღარაფერს ვამბობ საწვავზე, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში ლიტრზე მთელი 40-50 თეთრით არის გაძვირებული, ჩვენ კი მგზავრობის საფასური უცვლელი დავტოვეთ. არადა, შემოსავალი სულ უფრო გვიმცირდებოდა. ოღონდ კლიენტების რაოდენობა არ შემცირებულიყო და მზად ვიყავით, ძველი ფასი შეგვენარჩუნებინა", - ამბობენ სამარშრუტო ტაქსების მძღოლები.

საწვავის გაძვირება ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია, რის გამოც "მარშრუტკით" მგზავრობა შესაძლოა 50 თეთრიდან 70 თეთრამდე გაზრდილიყო. ამასთან, როგორც საქართველოს ტრანსპორტის პროფკავშირების თავმჯდომარე ლავრენტი ალანიამ აგვიხსნა, ხელშეკრულების თანახმად, გადამზიდავებმა ერთი თვით ადრე უნდა აცნობონ ადგილობრივ მთავრობას, თუ მგზავრობის ღირებულების გაზრდას გადაწყვეტენ.

შესაბამისად, თუ სამარშრუტო ტაქსებში გამოკრული განცხადებები მათი ინიციატივა იქნებოდა, აშკარად პირობების დარღვევასთან გვექნებოდა საქმე. ამიტომ ტენდერში გამარჯვებული კომპანიები კატეგორიულად უარყოფენ მათ ინიციატივას ამ საკითხში და მძღოლების თვითნებობაზე საუბრობენ.

კითხვის დასმა გადამზიდავებში უკვე გაღიზიანებასაც კი იწვევს. "რამდენჯერ უნდა განვაცხადო, რომ სამარშრუტო ტაქსით მგზავრობის საფასური არ გაიზრდება! რა ვქნა, შუბლზე ხომ არ დავიწერ!" - გვპასუხობს კომპანია "თბილლაინის" წარმომადგენელი დავით ასანიძე. მძღოლები კი სამსახურის დაკარგვის შიშით ღიად საუბარს ერიდებიან. ასე რომ, კითხვას - ვინ გააკრა "მარშრუტკებში" განცხადებები, - პასუხს არავინ სცემს.

თბილისში დაახლოებით 140 სამარშრუტო ხაზი და 2400 სამარშრუტო ტაქსი მოძრაობს. ის, რომ ასეულოებით ავტომობილის საქარე მინებზე გამაფრთხილებელი განცხადების ერთდროულად გამოჩენა კარგად ორგანიზებული მუშაობის შედეგი იყო და არა ცალკეული მძღოლის გადაწყვეტილება, ამას დიდი მიხვედრილობა არ სჭირდება.

ჯაბა სამუშია (თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე): "შესაძლო გაძვირების ტენდენცია სპონტანურად, ორი-სამი მძღოლის თვითნებური გადაწყვეტილებით არ წამოვიდოდა. ჩვენ ვნახეთ, რომ ამ ყველაფერს ორგანიზებული სახე ჰქონდა, კომპიუტერით ამობეჭდილი ფირნიშები იყო დამზადებული. მაგრამ ეს უკვე მეორე ტალღაა. თუ გახსოვთ, პირველი ტალღა იყო მარტის დასაწყისისთვის, მაშინაც ამან საზოგადოებაში საკმაოდ დიდი მითქმა-მოთქმა და პროტესტი გამოიწვია და გაძვირების შესახებ საუბრები შეწყდა.

ჩვენ შევხვდით სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს და ისინი ამბობენ, რომ მათთან ამობეჭდილი გამაფრთხილებელი ტექსტის ნიმუშები კომპანიების წარმომადგენლებმა მიიტანეს. მათ ერთგვარად მოსინჯეს ფონი, როგორ მიიღებდა ამას საზოგადოება. როცა ნახეს, რომ საზოგადოებაში ამას ძალიან უარყოფითი გამოძახილი ჰქონდა, გადაწყვიტეს, ამ განზრახვაზე უარი ეთქვათ. ახლა კი ერთმანეთზე გადაბრალება მიმდინარეობს. თუ ეს არის მძღოლების ნაბიჯი, მაშინ გამოვიდნენ ამ გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლები და საჯაროდ განაცხადონ, რომ სამარშრუტო ტაქსით მგზავრობის საფასური არ იზრდება.

საქმე ის არის, რომ ამ გაძვირებით ყველაზე მეტად დაინტერესებული თავად გადამზიდავი კომპანიები არიან. სამწუხაროდ, თბილისელებს უნდა ვუთხრათ, რომ სამომავლოდ სამარშრუტო ტაქსით მგზავრობის საფასური შესაძლოა მაინც გაძვირდეს. მერიამ, ფაქტობრივად, მოსპო კონკურენცია ამ სფეროში. ტენდერში ვითომდა ოთხმა კომპანიამ გაიმარჯვა, რომლებიც რეალურად ერთი ქოლგის ქვეშ არიან გაერთიანებული და ფაქტობრივად, ერთი მენეჯმენტი აქვთ. ასეთ პირობებში კი ძალიან ადვილია ფასის ზრდა, რადგან სამარშრუტო ტაქსების ბაზარზე დე ფაქტო მონოპოლისტი გვყავს.

მინდა შევახსენო გადამზიდავი კომპანიების წარმომადგენლებს, ასევე ვუთხრა საზოგადოებას, რომ საკრებულოში სატენდერო კომისიის სხდომის მსვლელობისას, ოთხივე გადამზიდავი კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მგზავრობის საფასური არ გაძვირდებოდა. ამას თან სდევდა ქალაქის მერის განცხადება, რომ სამარშრუტო ტაქსით მგზავრობის საფასური არ გაიზრდებოდა. შემდეგ იგივე გაიმეორა საკრებულოს უმრავლესობამ. ჯერჯერობით სწორედ ეს საჯაროდ გაკეთებული დაპირებები აფერხებს გაძვირების ტალღას, თუმცა თბილისელებს მაინც მოუწევთ ქალაქში გაძვირებული ტარიფით მგზავრობა".