ივანე მაჭავარიანი იმ საგადასახადო შეღავათებს ასახელებს, რომლითაც ბიზნესი მიმდინარე წელს ისარგებლებს
08-01-2021
ივანე მაჭავარიანი იმ საგადასახადო შეღავათებს ასახელებს, რომლითაც ბიზნესი მიმდინარე წელს ისარგებლებს
ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი იმ საგადასახადო შეღავათებს ასახელებს, რომლითაც ბიზნესი მიმდინარე წელს ისარგებლებს.

მინისტრის თქმით, საგადასახადო კოდექსში შეტანილმა ცვლილებებმა მთავრობას სხვადასხვა ტიპის დახმარების განხორციელების საშუალება მისცა.

"რაც შეეხება ცვლილებებს საგადასახადო კოდექსში, რომელიც პარლამენტმა მიიღო და რომელმაც საშუალება მოგვცა, რომ სხვადასხვა ტიპის დახმარება განვახორციელოთ, ესენია: პირველი დახმარება - 2020 წლის 1-ელი დეკემბრიდან 6 თვის განმავლობაში, კვლავ გაგრძელდება საშემოსავლო გადასახადში დაწესებული შეღავათი. ამ შეღავათის არსი მდგომარეობს, რომ დამქირავებელი უფლებამოსილი ხდება ბიუჯეტში არ
გადაიხადოს დაქირავებულისთვის გაცემული 750 ლარამდე ხელფასიდან დაკავებული და გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, თუ ამ დაქირავებულის მიერ, ამავე დამქირავებლისგან ერთი კალენდარული თვის მიღებული ხელფასი 1500 ლარს არ აღემატება. ეს არის ზუსტად ის ზომა, რა საკომპენსაციო პაკეტიც გაზაფხულზე გავაკეთეთ. აქ ნავარაუდებია 42 000-ზე მეტ კომპანიაში დასაქმებული 550 000
პირი. წინა შემთხვევაში ეს იყო დაახლოებით 425 000-მდე ადამიანი. სავარაუდო თანხა გამოყოფილია 270 მილიონი.

მეორე შეღავათი, რომელიც ამ ცვლილებების შედეგად შეგვიძლია, რომ გავუკეთოთ ბიზნესს არის ის, რომ 2020 წლის 1-ლი დეკემბრიდან 6 თვის განმავლობაში გაგრძელდება ქონების იჯარის ლიზინგის მომსახურების დღგ-ით დაბეგვრის შესაძლებლობა შესაბამისი თანხის ფაქტობრივად გადახდის პერიოდში. ეს არის ე.წ საკასო მეთოდი, როდესაც ფიზიკურად გადახდილი თანხის მიხედვით მოხდება დღგ-ს დაბეგვრა.

შემდეგი დახმარება არის 2021 წლის ქონების გადასახადი ტურისტულ სექტორში. აქ შედის სასტუმროებიც და რესტორნებიც. ჩვენი ვარაუდით, აქ ისარგებლებს 1000-ზე მეტი კომპანია, სადაც 30 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, ჯამურად ეს შეღავათი იქნება 45 მილიონი ლარის ოდენობის.

შემდეგი დახმარება - 2020 წლის თებერვალ-მაისის თვეებში საშემოსავლო გადასახადი გადავუვადეთ ტურისტულ სექტორს და ამ გადავადების საფუძველზე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩამოვაწეროთ ეს. აქაც ოდენობა დაახლოებით არის 20 მილიონი ლარი. თავის დროზე, 1000 კომპანიამდე ისარგებლა თავის დროზე ამ გადავადებით.

კიდევ ერთი დახმარება - საგადასახადო კოდექსში ცვლილებები, რომლის თანახმადაც, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურში, ხულოს მუნიციპალიტეტში მდებარე კურორტ გოდერძიზე და მესტიის მუნიციპალიტეტის დაბა მესტიაში განლაგებული სასტუმროებს საურავის დარიცხვის გარეშე გადაუვადდათ 2020 წლის ნოემბრის და დეკემბრის საშემოსავლო გადასახადი 2021 წლის 1-ელ ივლისამდე. თქვენ იცით, რომ ჩვენ ამ საკურორტო ზონებში შევზღუდეთ სასტუმროების მუშაობა, ხოლო დანარჩენ საქართველოში შეზრუდული არ არის. ზუსტად ამიტომ, რომ პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით მოხდა ამ ტურისტული ზამთრის კურორტების გამოყოფა და აქ შეიზღუდა ეს საქმიანობა, შესაბამისად, ჩვენ ამ გადასახადს მათაც ვუვადებთ. ამის ბენეფიციარი იქნება დაახლოებით 100-ზე მეტი კომპანია", - განაცხადა მაჭავარიანმა.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით