დიდი ბანკი და პატარა ბანკი "დაძმობილდნენ" - კვირის პალიტრა

დიდი ბანკი და პატარა ბანკი "დაძმობილდნენ"

"ეკოპალიტრის" ინფორმაციით, "თიბისი ბანკი" ბანკ "კონსტანტას" აქციების მფლობელი უნდა გახდეს

უახლოეს მომავალში საქართველოს საბანკო სივრცეში საყურადღებო ცვლილებებია მოსალოდნელი. გავრცელებული ცნობით, ერთი-ერთი მსხვილი ადგილობრივი ბანკი მეორე ადგილობრივ ბანკს ყიდულობს. კიდევ სხვა ინფორმაციის თანახმად კი საქართველოს საბანკო სივრცეში მსხვილი არაბული ინვესტიცია შემოდის. არაბი ინვესტორების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია და მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებით ღიად არც ქართული ბანკები საუბრობენ.

თუმცა "ეკოპალიტრის" მოპოვებული ინფორმაციით, საქართველოს ფინანსური სექტორის ერთ-ერთი მსხვილი მოთამაშე "თიბისი ბანკი" მალე ბანკ "კონსტანტას" აქციების მფლობელი გახდება. შესაბამისად, შესაძლოა დღეს ბაზარზე არსებული 18 კომერციული ბანკიდან, უახლოეს დღეებში 17 დარჩეს.

რასაკვირველია, "ეკოპალიტრამ" ეს ინფორმაცია ორივე ფინანსურ ინსტიტუტთან გადაამოწმა და ორივეგან დაახლოებით ერთი და იგივე პასუხი გაგვცეს. არც "კონსტანტასა" და არც "თიბისიში" არ უარყოფენ, რომ მნიშვნელოვან ცვლილებებს გეგმავენ, მაგრამ ამის შესახებ ოფიციალურად რამდენიმე დღეში აცნობებენ ფართო საზოგადოებას.

"კონსტანტა", როგორც მიკროსაფინანსო ფონდი 1997 წელს დაარსდა, 2008 წლიდან კი ბანკის სტატუსი შეიძინა. ამ ეტაპზე ბანკი თითქმის ყველა საბანკო სერვისსა და პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს და როგორც ფინანსური მაჩვენებლებიდან ჩანს, არც შემოსავლებს უჩივის. შარშან ბანკის წმინდა მოგებამ 240 ათასი ლარი შეადგინა. ამ ეტაპზე ბანკს საქართველოს მასშტაბით 21 ფილიალი აქვს და ათეულობით ათასი მომხმარებელი ჰყავს. სწორედ ამიტომ ჩნდება კითხვა, თუ რატომ თქვა ბანკმა უარი დამოუკიდებლად განვითარებაზე და შედარებით დიდი ფინანსური ინსტიტუტის ქოლგის ქვეშ გადაწყვიტა გაერთიანება.

"თიბისი ბანკი" კი ადგილობრივ ფინანსურ ბაზარზე 1992 წლიდან ოპერირებს. შარშან ბანკის წმინდა მოგებამ 43 მილიონი ლარი შეადგინა. მთელი საქართველოს მასშტაბით კი "თიბისი ბანკს" 44 ფილიალი და სერვისცენტრი აქვს გახსნილი.

ჯერჯერობით უცნობია, "თიბისის" მფლობელობაში გადასვლის შემდეგ შეუნარჩუნდება თუ არა "კონსტანტას" ბანკის სტატუსი, ის სრულად შეერწყმება "თიბისის", თუ ისევ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სტატუსს დაუბრუნდება. თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ მიმდინარე ცვლილებები ცოტა ხნის წინ "კონსტანტას" გარშემო ატეხილ სკანდალს უკავშირდება და ბანკის მმართველმა გუნდმა ეს გადაწყვეტილება მომავალში პრობლემების თავიდან ასაცილებლად მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, "კონსტანტამ" ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციისგან მცირე ბიზნესის განვითარებისთვის მიღებული სესხი არამიზნობრივად დახარჯა და კრედიტების გაცემის სანაცვლოდ, ეს თანხა თავის საწესდებო კაპიტალში ასახა.

ზურაბ გვასალია (საქართველოს ბანკების ასოციაციის თავმჯდომარე): "არანაირ ინფორმაციას მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ არ ვფლობ. ალბათ ამ კითხვით საქართველოს ეროვნულ ბანკს უნდა მიმართოთ, რადგან საბანკო ლიცენზიას სწორედ ის გასცემს და რეგისტრაციაშიც ის ატარებს...

- თუ მოხდა ისე, რომ ინფორმაციები დადასტურდა, რა გავლენა შეიძლება იქონიოს ამ ცვლილებებმა ზოგადად საბანკო სექტორზე?

- არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, საქართველოს ფინანსურ სექტორში არაბული ბანკი შემოვა, ევროპული თუ ამერიკული. ადგილობრივ ბაზარზე ნებისმიერი საბანკო დაწესებულების შემოსვლა უკვე დადებითი მოვლენაა, რადგან ეს დასტურია იმისა, რომ საქართველოს ბაზარი აინტერესებთ. ეს უკვე თავისთავად დადებითი მოვლენაა და რეალური ეკონომიკური სექტორის უფრო მასშტაბურ დაფინანსებას ნიშნავს.

გამოდის, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა, საინვესტიციო ბაზარი აინტერესებთ. აქ უკვე ის უნდა გვაინტერესებდეს, რამდენად მსხვილი ბანკი შემოდის და რაც უფრო მსხვილია, მით უკეთესი, რადგან ეს კონკურენციისა და ხარისხის ზრდას ნიშნავს, კონკურენციის ზრდა კი - ბევრად უფრო ხელმისაწვდომ საბანკო პროდუქტს.

რაც შეეხება ერთი ბანკის მეორესთან შერწყმას, გამსხვილებას, ეს, როგორც წესი, იმისთვის ხდება, რომ უფრო დიდი ესა თუ ის ფინანსური ინსტიტუტი კიდევ უფრო გაძლიერდეს და უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს ბაზარზე. რა თქმა უნდა, აქ საქმე გვაქვს კონკრეტულ ბიზნესინტერესებთან. მთავარია, რომ მონოპოლიური მდგომარეობა არ შეიქმნას, კონკრეტული ბანკი სხვა ბანკებთან შედარებით უპირატეს მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს და ბაზრის 50%-ზე მეტის მფლობელი არ გახდეს.

მონოპოლიური სუბიექტების გაჩენა ბაზარზე კი თავად ეროვნულმა ბანკმა არ უნდა დაუშვას. მხოლოდ ეს უკანასკნელი ფაქტორი შესაძლოა განვიხილოთ ბანკების გამსხვილების შემაფერხებელ გარემოებად.

ციფრების ენით

- 2009 წელს საქართველოს საბანკო სისტემამ საერთო ჯამში 65 მილიონი ლარი იზარალა.

- 2010 წელს 11 კომერციული ბანკის საერთო წმინდა მოგებამ 71,64 მლნ ლარი შეადგინა.

- ფიზიკური პირების დეპოზიტების მოცულობა, ორწლიანი რეცესიის შემდეგ, გასული წლის განმავლობაში 17%-ით გაიზარდა.