საქართველოს რუსული ენერგეტიკა - კვირის პალიტრა

საქართველოს რუსული ენერგეტიკა

კიდევ ორი ენერგოობიექტი რუსებს ათეულობით მილიონი დოლარის დახარჯვის შემდეგ მიჰყიდეს

რუსების ხელში კიდევ ორი მსხვილი ენერგოობიექტი გადავიდა. რუსულ "ინტერ რაოს", რომელიც კომპანია "თელასის" 75%-იანი წილის მფლობელია, ამჯერად ჰესები "ხრამი 1" და "ხრამი 2" მიჰყიდეს. "ინტერ რაოს" შვილობილმა Gardabani Holdings B.V.- მ ჰესებში $104 მილიონი 15 ოქტომბრამდე უნდა გადაიხადოს.

მთავრობასთან დადებული შეთანხმებით, რუსებმა სამი ახალი ჰესის მშენებლობის ვალდებულებაც აიღეს, რაშიც $193 მილიონის ინვესტიცია უნდა ჩაიდოს. ხრამზე არსებული ორი ჰესის გარდა, რუსები ქვეყანაში არსებულ არაერთ ენერგოკომპანიას უკვე დაეპატრონნენ. რომ აღარაფერი ვთქვათ ენგურჰესზე, რომელიც ქვეყნის მთლიანი ელექტროენერგიის თითქმის ნახევარს გამოიმუშავებს და რომელსაც, ფაქტობრივად, რუსული კომპანია მართავს.

ხელშეკრულება რუსულ ენერგოკომპანიასთან ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურიმა 1-ელ აპრილს გააფორმა. იგი ამბობს, რომ ხელშეკრულებაში ახალი არაფერია, რადგან 2000 წლიდან ეს ჰესები ისედაც "ინტერ რაოს" მმართველობაში იყო, ანუ ის ამ ქვესადგურების ფაქტობრივი მფლობელი გახლდათ. "ინტერ რაოს" მხოლოდ ჰესების გაყიდვა ეკრძალებოდა", - განაცხადა ხეთაგურმა. რუსულ მხარესთან ძველი ხელშეკრულება 25 წლით გაფორმდა და მას ვადა 2024 წელს ეწურებოდა. მაგრამ მთავრობა ვადის გასვლას აღარ დაელოდა და ენერგოობიექტების დროზე ადრე გასხვისება ამჯობინა.

ენერგეტიკის მინისტრის მტკიცებით, გასხვისების ხელშეკრულება ქართული მხარისთვის მომგებიანია ეკონომიკურადაც და ტექნიკურადაც: "13 წლის შემდეგ შესაძლოა ჰესები ჯართად ქცეულიყო, ახლა კი "ინტერ რაო" პირადად იქნება დაინტერესებული, რომ ობიექტებში ინვესტიცია ჩადოს და მოუაროს". მინისტრის ეს სიტყვები იმაზე მიუთითებს, რომ "ინტერ რაო ეესთან" ხელშეკრულება თავის დროზე სათანადოდ არ იყო შედგენილი და რუსებს ხრამზე არსებული ჰესების შენახვასა და მოვლასაც, როგორც ჩანს, არ ავალდებულებდა.

არადა, სამინისტრომ შარშან სექტემბერში გამოაცხადა, რომ "ხრამი 2"-ს კაპიტალური სარემონტო სამუშაოები ჩაუტარეს, მოდერნიზებული იტალიური ტურბინები და თანამედროვე ელექტრომოწყობილობები, აგრეთვე "სიმენსის" სისტემები დაამონტაჟეს, დადგეს მართვის ახალი ფარიც, რის შედეგად გაიზარდა ჰესის ოპერირების ხარისხი და ელექტროენერგიის გამომუშავება.

მთავრობაში ამბობდნენ, რომ "ხრამი 2"-ის რეკონსტრუქციის მეორე ეტაპი 2011 წელს უნდა დაწყებულიყო, რაც ქვესადგურის კაპიტალურ რეკონსტრუქციას გულისხმობდა და ამ სამუშაოებში "ინტერ რაოს" 5 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა ჩაედო. მაშინ სამინისტროს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ისიც ეწერა, რომ ორივე ჰესის ჯამური გამომუშავება 650 მეგავატს შეადგენდა, რაც დედაქალაქის წლიური მოხმარების მესამედია. თუ ჰესები ტექნიკურად ასეთი გამართულია და სრული სიმძლავრითაც მუშაობს, გაუგებარია, რატომ ლაპარაკობს მინისტრი ჰესების ჯართად ქცევის საშიშროებაზე.

ამ ორი ჰესის რეაბილიტაციისთვის ქვეყნის მთავრობამ კრედიტი იაპონიის მთავრობისგან ჯერ კიდევ 15 წლის წინ აიღო. აღმოჩნდა, რომ $50 მილიონის მოცულობის სესხი, რუსებისთვის დაიხარჯა. გარდა ამისა, "ხრამი 2"-ისთვის მთავრობამ ბიუჯეტიდან დამატებით 11 მილიონ ლარამდე გამოყო სარეკონსტრუქციო სამუშაოებისთვის და ის ჰესის ტურბინა-გენერატორის გამართვისთვის დაიხარჯა.

"ინტერ რაოს" კი, რომელიც თბილისის სადისტრიბუციო კომპანია "თელასის" 75%-იან წილს ფლობს, გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაციაში ჩადებული ინვესტიცია და მათ შორის ხრამის ჰესებისთვის გახარჯული თანხები დენის ტარიფში აქვს ასახული და წლებია, გაზრდილ საფასურს მოსახლეობას ახდევინებს. ხეთაგურის თქმით, "ხრამი 1"-სა და "ხრამი 2"-ისთვის დახარჯული კრედიტის დაფარვის ვალდებულებასაც რუსებს გადააბარებენ. კომპანია ამ ხარჯსაც ცხადია, მომავალში ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიას ისევ ტარიფში შეატანინებს.

ენერგეტიკის მინისტრის თქმით, გაფორმებული შეთანხმებით, Gardabani Holdings B.V.-ი ვალდებულია, 2031 წლის იანვრამდე "ხრამი 2"-ის მუშა სიმძლავრის 85% მაინც შეინარჩუნოს, ანუ იმ დონეზე, რაც მას ხელმოწერის მომენტისთვის გააჩნია. ამით ელექტროსისტემას ქვეყნის აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებს შორის დამაკავშირებელი ხაზების განტვირთვის შესაძლებლობაც უნდა მიეცეს.

"თელასის" გარდა, "ინტერ რაოს" ხელშია შპს "მტკვარი ენერგეტიკა", იგივე გარდაბნის მე-9 ენერგობლოკი. ის აგრეთვე მართავს ენგურისა და ჟინვალის ჰესებს. რუსები განკარგავენ რუსეთთან დამაკავშირებელ მაღალი ძაბვის 500-კილოვოლტიან გადამცემ ხაზსაც. კიდევ ერთი ენერგოკომპანია "ენერგო პრო", რომელიც ქვეყნის რეგიონებს ელექტროენერგიას აწვდის, ოფიციალურად ჩეხური კომპანიის საკუთრებაა, თუმცა, როგორც ამბობენ, ჩეხების უკან რუსები დგანან. ამ რეალობას მინისტრი ასე ხსნის:

"საქართველო-რუსეთს შორის დაძაბული პოლიტიკური ურთიერთობის მიუხედავად, ქართულ და რუსულ კომპანიებს შორის ჯანსაღი ეკონომიკური ურთიერთობები არსებობს". ყველაფერი ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ დსთ-ის ერთიანი ენერგოსისტემის შექმნის დიდი ხნის გეგმა კრემლს ნელ-ნელა სისრულეში მოჰყავს.

ნონა ქვლივიძე