სათამაშო ბიზნესის რესპუბლიკა ანუ ეკონომიკის პარაზიტები
სათამაშო ბიზნესის რესპუბლიკა ანუ ეკონომიკის პარაზიტები
"დღეს აზარტული თამაშები ყველაზე მაღალი ბრუნვის მქონე ბიზნესია"

აზარტული თამაშები მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს, რასაც ამ ბიზნესთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემებიც ადასტურებს. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, მსოფლიოს მოსახლეობის 51% წელიწადში ერთხელ მაინც თამაშობს აზარტულ თამაშებს. საქართველოში ეს მაჩვენებელი, სავარაუდოდ, კიდევ უფრო მაღალი იქნება. აზარტულ თამაშებთან დაკავშირებულ პრობლემებზე ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი კაპანაძე­ გვესაუბრება:

- ეს არის ეკონომიკის ყველაზე პარაზიტი სფერო, რომელიც ეკონომიკიდან და მოსახლეობიდან დიდი ოდენობით თანხებს იღებს. ის
ვერაფერს ქმნის ეკონომიკაში, გარდა ბიუჯეტში შეტანილი მცირე გადასახადებისა. ეს სექტორი არ არის დარეგულირებული. ძალიან ბევრი მოქალაქე ჩაითრია აზარტულმა თამაშებმა, განსაკუთრებით ახალგაზრდები და არასრულწლოვნები, რომლებიც პირდაპირ დამოკიდებული გახდნენ აზარტულ თამაშებზე. ისინი ოჯახის შემოსავალს, ბოლო კაპიკებს აზარტულ თამაშებში აგებენ. 2020 წლის ზუსტი ციფრი არა გვაქვს, მაგრამ 2019
წელს სექტორის მთლიანი ბრუნვა 25 მილიარდს შეადგენდა, რაც 14 მილიარდით მეტია წინა წელთან შედარებით. წლეულსაც უთუოდ იქნება ზრდა. მოსახლეობის დიდი ნაწილი ონლაინთამაშებშია ჩათრეული, უკვე სიცოცხლეს აგებენ აზარტულ თამაშებში.

დღეს აზარტული თამაშები ყველაზე მაღალი ბრუნვის მქონე ბიზნესია, რომელიც საფინანსო სექტორსაც, ბანკებსაც კი სჯობნის. სათამაშო ბიზნესი სრულიად გაუმჭვირვალეა. სახელმწიფომ არ იცის, იქ რა თანხები ბრუნავს, საიდან ხვდება და რა რაოდენობის მოთამაშეა ჩართული. გახსოვთ ალბათ, ლევან გოგიჩაიშვილს პარლამენტში კანონპროექტი ჰქონდა შეტანილი და მან განაცხადა, რომ დაახლოებით 600 ათასი მოქალაქეა ჩართული აზარტულ თამაშებში. ეს კატასტროფულად მაღალი მაჩვენებელია და როცა ლაპარაკია ფინანსურ გაუმჭვირვალობაზე, აზარტული თამაშები მთელ მსოფლიოში მიჩნეულია ფულის გათეთრების ერთ-ერთ მთავარ წყაროდ. ფულის გათეთრების წინააღმდეგ მებრძოლმა ევროკავშირის სხვადასხვა კომისიამ თუ ორგანიზაციამ, მათ შორის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმაც, არაერთხელ განაცხადეს თავიანთ ანგარიშებშიც, რომ რეგულირების გარეშე დარჩენილი სათამაშო ბიზნესი ფულის გათეთრების რისკებს აჩენს. თუმცა ამას ხელისუფლების გამოხმაურება არ მოჰყოლია, ვგულისხმობ რეგულაციებსა და იმ კანონების მიღებას, რომლებიც ყველა განვითარებულ ქვეყანაში მოქმედებს.

ალბათ, შეამჩნევდით, რომ ბოლო პერიოდში ჩასარიცხ აპარატებზე შემუშავდა ახალი მექანიზმი, რაც, როგორც გაცხადდა, ფინანსების გამჭვირვალობისთვის არის საჭირო

- თანხის ჩარიცხვისას ფინანსურ სექტორში, ასევე აზარტული თამაშების დაწესებულებებში საჭიროა მოქალაქის პირადი ნომრის შეყვანა და შემდგომ სმს-შეტყობინება მიდის მოქალაქის ტელეფონის ნომერზე. ეს თითქოს იმისთვის დაინერგა, რომ ფინანსები გამჭვირვალე გამხდარიყო, მაგრამ ეს ვერ მისცემს სახელმწიფოს საშუალებას, რომ გააკონტროლოს და გამჭვირვალე გახადოს სათამაშო ბიზნესი.

- ერთ-ერთი კვლევის თანახმად, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების ჩამოყალიბების რისკი ორჯერ მაღალია 16-დან 24 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში.
- არასრულწლოვანს რომც ჰქონდეს პირადი ნომერი, კანონით მაინც არა აქვს თამაშის უფლება, თუმცა რადგან ჩვენთან თავის ნებაზეა მიშვებული ეს სექტორი, არასრულწლოვანს შეუძლია შეიყვანოს თავისი მშობლის, ახლობლის პირადი ნომერი ან ინტერნეტში მოძიებული თორმეტნიშნა ციფრი აკრიფოს და თუ დაემთხვა, დარეგისტრირდეს.


არადა, ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში საჭიროა რეგისტრაციის დროს პირადობის მოწმობის წარდგენა. პრობლემაა რეკლამაც - ვებგვერდებზე აკრძალული გვაქვს ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს რეკლამირება, სამაგიეროდ, ონლაინრეკლამა გვხვდება ყველგან, შეიძლება მულტფილმი ჩართოს ბავშვმა და კაზინოს რეკლამა შეხვდეს. სკოლებსა და საბავშვო ბაღებთანაც ხშირად შეხვდებით რეკლამას. ალბათ, არ არის ინტერესი, რომ სათამაშო ბიზნესის რეკლამირება გაკონტროლდეს, თორემ ამ საკითხზეც შევიდა პარლამენტში კანონპროექტი, მაგრამ მერე დაიწყო ლაპარაკი, ტელეკომპანიებსა და სხვა სექტორებს შემოსავალი შეუმცირდებათო. რასაკვირველია, ეს აზარტული თამაშების ლობის გავლენაა, რომლის წყალობითაც იბლოკება ყოველგვარი რეგულაცია ამ სფეროში. სხვათა შორის, რამდენიმე კვლევა მოეწყო და აღმოჩნდა, რომ 12-დან 16 წლამდე ბავშვების 30-40%-მა განაცხადა, რომ მათ უთამაშიათ აზარტული თამაშები. წარმოიდგინეთ, რამხელა პრობლემაა ეს მაჩვენებელი. ჩვენთან კი აზარტულ თამაშებს ზერელედ უყურებენ. არადა, მავნე ჩვევაა, რამაც შეიძლება კაცი ფსიქოლოგიურად მძიმედ დააავადოს. სახელმწიფოს ნებაა საჭირო, რომ მოიძიოს, რამდენი ადამიანი თამაშობს და რა თანხები ბრუნავს ამ სექტორში.

- მოზარდებისთვის აზარტულ თამაშებზე წვდომის შეზღუდვა ევროპული სახელმწიფოების პრიორიტეტია. ჩვენთან რა კეთდება ამისთვის?
- ევროპაში არა მარტო წლოვანებისთვის, ზრდასრულებისთვისაც გამკაცრებულია რეგისტრაცია, თანხის ჩარიცხვა. ჩვენსავით განვითარებად ქვეყნებში ხალხი მოგების მისაღებად თამაშობს, მათ მუდმივად ესმით "ჯეკპოტი", "ავტომანქანა" და სხვ., თამაშობენ და დიდ თანხებს აგებენ. განვითარებულ ქვეყნებში კი ხშირად თამაშობენ გართობისთვის, რაც არ არის ამხელა პრობლემა. პანდემიის დროსაც კი, როცა კაზინოები დახურული იყო, სათამაშო ბიზნესს პრობლემა არ შეჰქმნია.

- ამ სექტორის გარდა, ყველა აპროტესტებს შეზღუდვებს, სათამაშო ბიზნესის მესვეურები რატომ არ იღებენ ხმას?
- იმიტომ, რომ კაზინოებში უმეტესად უცხოელები თამაშობდნენ. დღეს ეს წყარო შეჩერებულია, რადგან ტურისტები არა გვყავს. მოსახლეობა, რომელიც ჩათრეული ჰყავდათ და ვისგანაც წურბლებივით წოვდნენ ფულს, ონლაინთამაშებში ჩართული კატეგორია იყო. ეს სექტორი, ფაქტობრივად, ბიუჯეტში გადასახადებს არ იხდის, არავინ ჰყავს დასაქმებული და პირდაპირ გადართულია იმაზე, რომ ისედაც გაჭირვებული მოსახლეობისგან მაქსიმალური მოგება მიიღოს. კვლევითმა ორგანიზაცია IPM-მა, რომელიც რეკლამის ბაზარს იკვლევს, საინტერესო კვლევა გამოაქვეყნა - აღმოჩნდა, რომ ამ სექტორს 2020 წელს მხოლოდ სატელევიზიო რეკლამაში ჯამში 154 მილიონი ლარი აქვს დახარჯული. ამ სექტორს იმდენად მაღალი მოგება აქვს, რომ ახერხებს მხოლოდ სატელევიზიო რეკლამაში დახარჯოს ამდენი. 2019 წელს სატელევიზიო რეკლამაში ბანკებს მხოლოდ 15 მილიონი ჰქონდათ დახარჯული.

თითქმის ყველა კვარტალში საქსტატი აქვეყნებს 10 ყველაზე დიდი ბრუნვის მქონე კომპანიას და ონლაინთამაშების ექვსივე კომპანია იქ მუდმივად გვხვდება. ფაქტობრივად, უკვე სათამაშო ბიზნესის ქვეყანა ვართ. ეკონომიკური ვითარება მძიმდება იმითაც, რომ წაგებული მოთამაშეები სოციალურადაც უფრო მძიმე ვითარებაში აღმოჩნდებიან და სახელმწიფო იმ თანხებს, რომლებიც ეკონომიკაში უნდა მოხვედრილიყო, ებრუნა და ისევ სახელმწიფოს დაჰბრუნებოდა, პირდაპირ ასეთი მოქალაქეების ჯიბეში უშვებს. როგორც ვიცი, ონლაინთამაშები ყოველკვარტალურად ბიუჯეტში სასაცილო თანხას - 250.000 ლარს იხდიან, დანარჩენი თანხები მოგებაა. სახელმწიფო დაზარალებულია ამ წამყვანი ბიზნესსექტორისგან, ფაქტობრივად, ვერაფერს იღებს ბიუჯეტში.

ალექს
12 თებერვალი 2021 17:27
მშპ=ზე მეტს ვთამაშობთ კაზინოშოი ? ამერიკელები მშპ-ზე მეტს საფონდო ბირჟაზე "თამაშობენ" აქციებით !
ჟორა
09 თებერვალი 2021 02:24
არ ვარ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული( უფრო სწორად წელიწადში ერთხელ თუ დავდივარ კაზინოშ6და ისიც ფიქსირებული თანხის ქადაგებად
ნენევ ჭო
08 თებერვალი 2021 23:32
ვის ეჭიდებით იცით???? ქურდებს.

რუბრიკის სხვა სიახლეები