პაატა ბაირახტარი: "რომელი ინვესტორი დააბანდებს მსხვილ ფინანსებს ქვეყანაში, როდესაც პრემიერ-მინისტრები ამ ტემპით იცვლებიან?!" - კვირის პალიტრა

პაატა ბაირახტარი: "რომელი ინვესტორი დააბანდებს მსხვილ ფინანსებს ქვეყანაში, როდესაც პრემიერ-მინისტრები ამ ტემპით იცვლებიან?!"

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის (აფბა) ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი მოსალოდნელი მძიმე შედეგების თავიდან აცილების სავარაუდო გზებზე საუბრობს.

- ნებისმიერი ტიპის არასტაბილურობა ქვეყნის ეკონომიკაზე, კონკრეტულად კი საინვესტიციო კლიმატზე, ზეგავლენას ახდენს, მით უფრო ახლა, როცა პერმანენტულად ისმის ქუჩაში გამოსვლებისკენ მოწოდებები. თუმცა გაცილებით დიდი პრობლემაა მმართველ პარტიაში არსებული არასტაბილურობა.

- რას გულისხმობთ?

- ბოლო პერიოდში (და არა მარტო) ეკონომიკისა და სხვა სფეროს მინისტრების მუდმივ ცვალებადობას. ბოლო რვა წელიწადში 5 მინისტრი შეიცვალა. ერთ პრემიერ-მინისტრს პოსტზე ყოფნის საშუალო ვადა 1,5 წელი გამოსდის და ასეთ ვითარებაში ნებისმიერი ინვესტიციის შემოსვლა შეფერხდება. არაფერს ვამბობ ფართომასშტაბიან, ჰორიზონტალურ ინვესტიციაზე, მომიჯნავე დარგების განვითარებას რომ მოიცავს. ეს იმდენად სპეციფიკური ინვესტიციაა, რომ უცხოელი ინვესტორი სახელმწიფო მხარდამჭერის გარეშე ვერ განახორციელებს. ამ ვითარებაში, რომელი ინვესტორი დააბანდებს მსხვილ ფინანსებს ქვეყანაში, როდესაც ქვეყნის ლიდერები, პრემიერ-მინისტრებს ვგულისხმობ, ამ ტემპით იცვლებიან. ამას ემატება სხვა პრობლემებიც და ინვესტორი, რომელიც რამდენიმემილიარდიანი ინვესტიციის დაბანდებას აპირებდა,ამ გარემოს გაცნობის შემდეგ ბიზნესს არ მოისურვებს, მით უფრო, რომ გვაქვს ინსტიტუციური ხარვეზები, საკანონმდებლო დარღვევები.

სხვა საკითხია ჩვენი უცხოელი პარტნიორებისა და პოტენციური ინვესტორებისთვის საერთაშორისო რეიტინგებით თავის მოწონება.

მახსენდება ეკონომიკის მინისტრის ბოლო განცხადება სუვერენულ საკრედიტო რეიტინგზე, ძალიან კარგი სიგნალია ჩვენი ინვესტორებისთვისო, მაგრამ როცა ქვეყანაში ასეთი არასტაბილური ვითარებაა, მხოლოდ რეიტინგები გადამწყვეტი ვერ იქნებოდა. გარდა ამისა, ის მონაცემები, რომელზეც ეკონომიკის მინისტრი ასე ამაყად ლაპარაკობდა, იმავე სარეიტინგო სკალაზე ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

- ეკონომიკური ვარდნის შესაჩერებლად რაიმე მექანიზმი არსებობს? - საქართველოს ძალზე დიდი, 6,1%-იანი ეკონომიკური ვარდნა აქვს, რაც რეგიონში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ერთ წელიწადში 400 ათასი სამუშაო ადგილი დავკარგეთ. ამას დაემატა კოვიდრეგულაციებიც... რომელ ინვესტიციებზე ვლაპარაკობთ, როცა სხვადასხვა ბიზნესჯგუფი გადის ქვეყნიდან. რამდენიმე დღის წინ ისეთმა კომპანიამ დატოვა ქართული ბაზარი, რომელსაც ათ წელზე მეტია საქართველოში მაღაზიების ქსელი ჰქონდა. ამის მიზეზი კოვიდშეზღუდვებიც არის. საქართველოს მსგავსი ტიპის ეკონომიკის მქონე ქვეყანა ასეთი მკაცრი რეგულაციებით ვარდნის გარეშე ვერ იარსებებს. თუმცა არსებობენ ქვეყნები, რომლებმაც ბევრად უარეს ეპიდემიოლოგიურ პირობებში, ნაკლები შეზღუდვებით გაცილებით მაღალი ეკონომიკური მაჩვენებლები შეინარჩუნეს.

- უკვე დაანონსდა ზოგიერთი შეზღუდვის მოხსნა.

- დიახ, მაგრამ მალე ახალი შეზღუდვები დაწესდება, რასაც ხელისუფლების განცხადებებიც მოწმობს, ეპიდემიოლოგიურ მაჩვენებლებს უნდა დავაკვირდეთო. მთელი პასუხისმგებლობა კერძო სექტორზე გადააქვთ. იმას არავინ ამბობს, შეზღუდვების გაუქმების პარალელურად ვაქცინაციას დავიწყებთ, ბიზნესს გავხსნით და თუ ეპიდსიტუაციას არ შევინარჩუნებთ, ხელახლა დაგხურავთო. თურმე მაღალგანვითარებული ქვეყანა ვართ და ამიტომ არ გვაძლევენ ვაქცინას. ანუ ისრაელი, ამერიკა, ბრიტანეთი დაბალგანვითარებული სახელმწიფოები ყოფილან.