სებ-ი დოლარს ყიდულობს, ლარი კი მაინც მყარდება - კვირის პალიტრა

სებ-ი დოლარს ყიდულობს, ლარი კი მაინც მყარდება

ხალხი ლარის კურსის ნებისმიერ ცვლილებაზე რეაგირებს. ვალუტების მიმართ ლარის გაუფასურებისას სავალუტო პანიკის ნიშნები ჩნდება, ხოლო კურსის გამყარებისას პირიქით, რეაქცია მეტ-ნაკლებად მშვიდია.

მაგრამ თუ ლარის კურსის ზრდა ძალიან გაგრძელდა და დოლარი შესამჩნევად დაეცა, შეშფოთების ახალი ტალღა ჩნდება: "რატომ მყარდება ლარი?"-ისმის შეკითხვა. ამ საკმაოდ რთული მოვლენის მიზეზებისა და შედეგების ერთმნიშვნელოვნად ახსნა ადვილი არ არის, ხოლო სამომავლო პროგნოზის გაკეთება კიდევ უფრო ძნელი საქმეა.

ლარის კურსი დოლარის მიმართ უკვე რამდენიმე თვეა ნელ-ნელა იზრდება. ბოლო სამი თვის განმავლობაში ის ამერიკული ვალუტის მიმართ 8%-ით, ხოლო ბოლო ათ დღეში-2%-ით გამყარდა და დღეისათვის 1 დოლარი 1,6549 ლარი ღირს. ამჯერადაც გაჩნდა ეჭვი, რომ ეროვნული ბანკი ლარს ხელოვნურად ამყარებს, ფასების ზრდით გამოწვეული უარყოფითი შოკები რომ გაანეიტრალოს. ამ ვარაუდს უსაფუძვლოს ვერ ვუწოდებთ, რადგან ოფიციალურად ინფლაციამ 14%-ს მიაღწია, არაოფიციალურად კი უფრო მეტია.

ინფლაციის შესაჩერებლად სებ-ი წლის დასაწყისიდან ბაზარზე აქტიურად ჩაერია და მიმოქცევიდან დაახლოებით ორ თვეში 150 მილიონამდე ჭარბი ლარი ამოიღო. მაგრამ ბოლო დროს ეროვნული ბანკის ინტერვენციების მიმართულება შეიცვალა. 2 მარტიდან მოყოლებული, სებ-მა სავალუტო აუქციონებზე კომერციული ბანკებისთვის დოლარის მიყიდვა შეაჩერა და უცხოურ ვალუტას პირიქით, ყიდულობს. ეს კი ეჭვქვეშ აყენებს ლარის ხელოვნურად გამყარების ვერსიას.

თუ ხელოვნურად ჩარევის ფაქტორი გამოირიცხება, გამოვა, რომ ლარის კურსის ზრდა დოლარის დაცემის შედეგია, რაც უცხოეთის სავალუტო ბაზარზე ბოლო დროს შეინიშნება. მით უმეტეს, რომ დოლარი ევროს მიმართაც უფასურდება. ევროს მიმართ შესაბამისად ეცემა ლარიც, რომელიც დოლარის კურსზეა მიბმული.

დროდადრო გაისმის შეფასებები, რომ დოლარი დომინანტი ვალუტის პოზიციებს კარგავს. ბოლო წლებში ასეთი პროგნოზი ფინანსისტების მიერ სულ უფრო ხშირად კეთდებოდა, მაგრამ თანდათან ცხადი ხდება, რომ ეს ვარაუდი არ მართლდება. იმის მიუხედავად, რომ დოლარი 16-თვიან მინიმუმზე დაეცა, ძირითადი სავაჭრო ვალუტის სტატუსს კვლავ ინარჩუნებს.

როგორ განვითარდება მომავალში მოვლენები, გამყარდება თუ დაეცემა დოლარი, ამის პროგნოზირება ექსპერტებს უჭირთ. გამოცდილი სპეციალისტების შეფასებით, მომდევნო თვეებში დოლარის კურსის აღდგენა ნაკლებადაა მოსალოდნელი. ამის საფუძველს მათ ფედერალური სარეზერვო სისტემის პოლიტიკა აძლევთ, რომელიც განაკვეთის აწევას არ აპირებს, ვიდრე სახაზინო ობლიგაციების შესყიდვას არ დაასრულებს, რაც ივნისში უნდა მოხდეს. ფედერალური სარეზერვო სისტემა პირიქით ცდილობს, რეფინანსირების განაკვეთი მინიმალურ დონეზე რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოს. გაუფასურებულ დოლარს შეერთებული შტატებისთვის ორმაგი სარგებელი მოაქვს: იმპორტს აიაფებს და სახელმწიფო ვალდებულებებს ამცირებს.

ასე რომ, ექსპერტების ვარაუდით, ივნისამდე დოლარის კურსი არ შეიცვლება.

ნავთობის მზარდი ფასების გათვალისწინებითაც, დოლარის კურსის ზრდას არ უნდა ველოდოთ. ახლო აღმოსავლეთში ვითარება მწვავეა, რაც ნავთობის მსოფლიო ბაზარზე მიწოდებას აფერხებს. მეორეც, აშშ-ის ეკონომიკა, რომელიც ახლა აღმავლობას განიცდის, სულ უფრო მეტ ნავთობს საჭიროებს. დოლარს ამერიკის დიდი ვალებიც მძიმე ტვირთად აწვება. აშშ-ის საგარეო ვალმა უკვე 14 ტრილიონ 7 მილიარდ დოლარს მიაღწია. ბოლო ერთ კვირაში ეს ციფრი 14%-ით გაიზარდა.

ამერიკის ხარჯებს ზრდის ლიბიის ფაქტორიც. შეერთებული შტატების სამხედრო დანახარჯები $550 მილიონად შეფასდა და ამ თანხის თითქმის 36% საწვავს მოხმარდა. აქედან გამომდინარე, ექსპერტები ასკვნიან, რომ ამერიკის ხელისუფლებას გამყარებული დოლარი არ აწყობს და მისი კურსის ვარდნა იმ შემთხვევაში შეიძლება შეწყდეს, თუ ლიბიაში კონფლიქტი ამოიწურება.

ლარის კურსის ზრდის მთავარ მიზეზად უცხოეთის სავალუტო ბაზარზე დოლარის კურსის მერყეობას ასახელებს ეროვნული ბანკიც. თუ დოლარის გაუფასურება გაგრძელდა, მის მიმართ ლარის კიდევ უფრო გამყარებას უნდა ველოდოთ.

დავით ასლანიშვილი (ექსპერტი, საინვესტიციო კომპანია "ჯი-აი-ჯი პლუსის" დამფუძნებელი): "ამჯერად ლარის გამყარება ძირითადად დოლარის კურსის ვარდნამ გამოიწვია. მაგრამ საერთოდ, მყარი ეროვნული ვალუტა ინფლაციის შესაჩერებელ ძირითად ბერკეტს წარმოადგენს. ეროვნულმა ბანკმა ფასების ზრდის შესაჩერებლად სწორედ ლარის გამყარებასა და მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას მიმართა. ეს ბოლო მექანიზმი უკვე გამოიყენეს, ფულის მიწოდება ბაზარზე შემცირდა, მიმოქცევიდან დიდი თანხა ამოიღეს. ამან შედეგი უკვე გამოიღო, ბანკებმა დაკრედიტება შეზღუდეს, რაც ნიშნავს, რომ ეკონომიკისთვის ფულის მიწოდება შემცირდა. ფასების ზრდის ტემპმაც დაიკლო.

ჩემი ვარაუდით, ინფლაცია მომდევნო თვეებში აღარ უნდა იყოს. შესაბამისად, დიდია ალბათობა, რომ ლარის გამყარებაც შეჩერდეს. ევროსთან დოლარის თანაფარდობა 1,45-ის ნიშნულთანაა და ბოლო დღეებია, აღარ ეცემა. ვფიქრობ, დოლარის ვარდნა ამოწურულია. მით უფრო, რომ შეერთებული შტატების მთავრობა ხარჯებსა და ბიუჯეტის დეფიციტს ამცირებს. გამყარებული ევროს გამო ევროკავშირს დიდი ხარჯები დააწვება, ამიტომ ეცდებიან, რომ კურსის ზრდა შეაჩერონ.

მნიშვნელოვანი ფაქტორია ნავთობის ფასიც. ნავთობი უკვე ევროშიც გაძვირდა და კრიზისამდელ ფასს მიაღწია.

ევრო-დოლარის თანაფარდობა ახლოსაა კრიტიკულ 1,5-იან ზღვართან, რაც ეკონომიკური კრიზისის დაწყებამდე იყო. თუ პროცესები ასეთივე ტემპით გაგრძელდა, კრიზისი გარდაუვალი იქნება და მას ცოტა ხნის წინანდელ ეკონომიკურ ვარდნაზე უფრო მძიმე შედეგი მოჰყვება, რადგან მაშინ მოსახლეობას დანაზოგი მაინც ჰქონდა, დღეს კი ფინანსური რესურსები თითქმის ამოწურული აქვთ. ახლა ვითარების კორექციაა საჭირო, რათა ეკონომიკური მდგომარეობა არ გაუარესდეს. ვფიქრობ, ნაკლები დოლარი და მეტი ევრო დაიბეჭდება, რაც ევროს ვარდნასა და დოლარის გამყარებას გამოიწვევს.

საქართველოში კომპანიებს კვარტლის ბოლოს მოგების გადასახადის გადახდამ მოუწიათ. ეს პროცესი 15-20 რიცხვის შემდეგ დასრულდება. ლარი საბაზრო ფასს დაიბრუნებს. შეიძლება განვითარდეს ორი სცენარი: ლარი დოლარის მიმართ ან იმავე მდგომარეობაში დარჩება, ან მცირედით დაეცემა. მაგრამ კურსის მკვეთრ დაწევას არ ველოდები. საწვავის ფასი რაღაც დროით, ალბათ, გაჩერდება".

თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ვალუტის კურსის ზუსტად პროგნოზირება შეუძლებელია. ბაზარზე სიტუაცია შეიძლება მოულოდნელად შეიცვალოს და კურსმაც საპირისპირო მიმართულებით დაიწყოს მოძრაობა.

ნონა ქვლივიძე