ქართლ-კახეთში მიწებს ინდოელები და ბულგარელები ყიდულობენ - კვირის პალიტრა

ქართლ-კახეთში მიწებს ინდოელები და ბულგარელები ყიდულობენ

სანამ სოფლის მეურნეობას მთავრობა დაეხმარება, მიწები მასობრივად გადადის უცხოელთა ხელში

თუ დედაქალაქში, განსაკუთრებით კი ძველ თბილისში, ახლა "არაბების შემოსევაა", რეგიონებში ინდოელები და ბულგარელები მომრავლდნენ, რომლებიც ჰექტრობით სასოფლო-სამეურნეო მიწებს ყიდულობენ. სახნავ-სათესი მიწებით უცხოელების დაინტერესებას გლობალურ სასურსათო დეფიციტს უკავშირებენ. როგორც სპეციალისტები ამბობენ, სასურსათო კრიზისი მომავალში საგანგაშოდ გამწვავდება და ხალხმრავალ ქვეყნებს მოსახლეობის გამოკვების პრობლემა დაუდგება. ამიტომ დიდი სახელმწიფოები თადარიგს იჭერენ და მესამე სამყაროს ქვეყნებში მიწებს აქტიურად ყიდულობენ.

ქართველები მიწისთვის ხელის მოკიდებას ჯერ არ ჩქარობენ, სამაგიეროდ, უცხოელებმა დაიწყეს ზრუნვა, რომ სოფლის მეურნეობას მიჰყონ ხელი და მოწეული პროდუქტი შემდეგ სარფიანად გადაყიდონ.

კახეთსა და ქვემო ქართლში უცხოელები დაახლოებით სამი თვეა გამოჩნდნენ. ქართული მიწებით ამჯერად ინდოელები და ბულგარელები დაინტერესდნენ. სახნავ-სათესი მიწები დედოფლისწყაროში ებრაელებმაც შეიძინეს. როგორც ამბობენ, აქ მათთვის იდეალური ფასებია და კლიმატური პირობებიც რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით-უკეთესი, ამიტომ უცხოელები საკვები პროდუქტების საწარმოებლად სახნავ-სათეს მიწებს ყიდულობენ. მათ მიწები როგორც კერძო პირების, ასევე სახელმწიფოსგანაც შეისყიდეს და როგორც ამბობენ, საკმაოდ დიდი ფართობები.

ზოგიერთ შემთხვევაში გარიგებები ასობით ჰექტარზეა დადებული. ინდუსები ამბობენ, რომ მათ მიწები აფრიკაშიც აქვთ ნაყიდი, მაგრამ საქართველო ტერიტორიულად უფრო ახლოსაა და აქ ბიზნესის კეთება მათთვის ხელსაყრელია.

ვაჟა ცუცქირიძე (უძრავი ქონების ექსპერტი): "უცხოელები სადაც კი თავისუფალ მიწას ნახავენ, რომელიც სარწყავ სისტემასთან ახლოს მდებარეობს, ამოწმებენ მიწის ხარისხს, მარილების შემცველობას, სინჯებს იღებენ და თუ ეკოლოგიურად სუფთაა, ყიდულობენ. როგორც ამბობენ, ქართულ მიწას კარგი ფასი აქვს, ჰექტარის ფასი კახეთში 400-დან 700 დოლარამდე მერყეობს-იმის შესაბამისად, თუ სად მდებარეობს, მისასვლელ გზასა და სარწყავ სისტემასთან რამდენად ახლოს არის. კახეთში, დედოფლისწყაროსა და საგარეჯოს რაიონებში ინდოელები უმეტესად ხორბლისა და სიმინდის მოყვანას აპირებენ. უცხოელები მიწის ნაკვეთებს მარნეულშიც ყიდულობენ, ბაღჩეული კულტურების მოსაყვანად, თუმცა შედარებით მომცრო ფართებს. ჰექტარი ამ რეგიონში უფრო ძვირია, 2 ათასი დოლარის ფარგლებშია, რადგან იქ თავისუფალი მიწები ცოტა დარჩა".

ებრაელების გამოჩენის შესახებ დედოფლისწყაროელებმა რამდენიმე თვის წინ შეიტყეს. შესყიდული ათასი ჰექტარი მიწის ნაწილზე ებრაელმა ფერმერებმა ხორბალი უკვე დათესეს, ნაწილზე კი საგაზაფხულო კულტურების მოყვანას გეგმავენ. როგორც ამბობენ, თუ მოსავალმა გაამართლა, ებრაელები მეტ ტერიტორიას იყიდიან. არსებული ინფორმაციით, მათ მიწა კერძო პირებისგან შეიძინეს.

კახელი გლეხები, მოუსავლიანობისა და სხვა მიზეზების გამო, იძულებული გახდნენ, მიწაზე უარი ეთქვათ. კერძო მესაკუთრეების მიერ მიწის ნაკვეთების დათმობას ბიძგი ბოლოდროინდელმა საკანონმდებლო ცვლილებებმაც მისცა. ერთი ის, რომ მოცდენილ მიწაზე მთავრობამ ჯარიმები შემოიღო. მეორე, გაიზარდა მიწის ქონების გადასახადი და მესაკუთრეებმაც მოცდენილი ფართობების გაყიდვა ამჯობინეს.

ამას ისიც დაემატა, რომ კახეთში გლეხებს შარშან ხორბლის მოსავალი გაუფუჭდათ. ჯერ გვალვამ და სეტყვამ, შემდეგ კი თაგვებმა ხორბლის ყანები ბევრს გაუნადგურა. დაზარალებულ ფერმერებს წლეულს მიწის დასამუშავებელი და სათესლე მასალის ფული აღარ ჰქონდათ, ამიტომ იძულებული გახდნენ, მიწები გაეყიდათ. ადგილობრივი მცხოვრებლები ამბობენ, რომ მიწების უცხოელებზე გაყიდვა ხელისუფლების ინტერესში იყო, გადასახადიც ამიტომ გაზარდა. კახელები შიშობენ, რომ მალე მათ მიწებს მთლიანად უცხოელები ჩაიგდებენ ხელში და მათ შვილებსა და შვილიშვილებს დაქირავებულ მუშებად მოუწევთ ყოფნა.

ადგილობრივებს უცხოტომელების გამოჩენა არ მოსწონთ, თუმცა მიწის დამუშავებას თვითონ არ ჩქარობენ. ამ მძიმე საქმეზე სოფლად მცხოვრებთა დიდმა ნაწილმა ხელი აიღო. ვისაც ჯერ კიდევ მოჰყავს მოსავალი, მიწის დამუშავების, სასუქის შეტანისა და მოსავლის ტრანსპორტირების დიდ ხარჯებს მისი ჯიბე ვეღარ სწვდება. ქართველ ფერმერებს არც თანამედროვე, ძვირად ღირებულ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე მიუწვდებათ ხელი და ვერც მიწის დამუშავების ცოდნით დაიკვეხნიან.

კიდევ ერთი პრობლემა ის არის, რომ საქართველოში მიწები დანაწევრებულია, რაც მათ სწორად და ეფექტიანად დამუშავებას აფერხებს. მიწების გამსხვილება ანუ კოოპერაციების ჩამოყალიბება, რაზეც კარგა ხანია საუბრობენ, ვერ ხერხდება. ბოლო წლებში იმატა მიტოვებულმა მიწის ნაკვეთებმა. ეს ჩვენს სასოფლო-სამეურნეო ბაზარსაც დაეტყო, რომელიც თითქმის მთლიანად თურქეთიდან და სხვა მეზობელი ქვეყნებიდან შემოტანილი, ხშირად უხარისხო პროდუქტითაა გაჯერებული, რომლის იმპორტიც სულ უფრო ძვირდება.

უცხო ქვეყნის მოქალაქეს ოფიციალურად საქართველოში მიწის ყიდვა არ შეუძლია. ამიტომ ინდოელებმა და ბულგარელებმა საგანგებოდ ამ მიზნებისთვის ფირმების შექმნა დაიწყეს. დამფუძნებელი ხშირად ადგილობრივი პირია, ზოგჯერ უცხოელი მყიდველი თანადამფუძნებლის სახით არის დარეგისტრირებული. შპს-ები უმეტესად მიწების შესასყიდად იქმნება. ამ საქმეში ადგილობრივი გადამყიდველებიც არიან ჩართული, რომლებიც მიწებს იაფად ყიდულობენ და შემდეგ უცხოელებზე ძვირად ყიდიან.

უცხოეთის მოქალაქეების მიერ მიწების ყიდვის შესახებ საუბარს სახელმწიფო მოხელეები ერიდებიან. სიღნაღის გამგებლის მოადგილე თამაზ ნასყიდაშვილი "ეკოპალიტრასთან" საუბრისას კახეთში ინდოელების გამოჩენას ადასტურებს, თუმცა იყიდეს თუ არა მიწები, ამ კითხვაზე პასუხის გაცემას თავს არიდებს. ბური ფერმერების ვიზიტებს ასაიდუმლოებს დიასპორის სამინისტროც, რომელიც მათი ჩამოსახლების ინიციატორია.

უცხოტომელების ოჯახებიანად ჩამოსახლებასა და მათთვის მიწების მიყიდვის გეგმებს პოლიტიკური პარტიებისა და ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა, ამიტომ ხელისუფლება ამჯობინებს, ქართული მიწების გაყიდვის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავოს. საქართველოში ბოლო 4-5 თვის განმავლობაში მიწების შესათვალიერებლად ბურების რამდენიმე ჯგუფი ჩამოვიდა. ბურები ცოტა ხნის წინ მცირემიწიან გურიაშიც კი ჩაიყვანეს, თუმცა ამ ფაქტის გახმაურებისგან თავი შეიკავეს. არადა, მათი პირველი სტუმრობისას ხელისუფლება აქტიურ პიარაქციებს აწყობდა.

უძრავი ქონების ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მიწების მსურველი უცხოელების რიცხვი კიდევ მოიმატებს. ებრაელებს, ბულგარელებსა და ინდუსებს ჩინელებიც მოჰყვებიან, რომლებსაც ხელისუფლება საქართველოში ბიზნესის დასაწყებად ეპატიჟება.

სურსათზე ფასების ზრდამ და მოსალოდნელმა სასურსათო დეფიციტმა, რაზეც ექსპერტები უკვე აშკარა საშიშროებად მიიჩნევენ, მიწაზე მოთხოვნა მსოფლიოს მასშტაბით გაზარდა. ფინანსურმა კრიზისმა ბევრი ხელისუფლება იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ ნებისმიერი ბიზნესი შეიძლება დაინგრეს, მიწა კი არსად წავა. ამიტომ ჩინელებმა და სპარსეთის ყურის მსხვილმა ნავთობმომპოვებელმა სახელმწიფოებმა მიწების მასობრივი შესყიდვა განვითარებად ქვეყნებში დაიწყეს, სადაც ის შედარებით იაფია. ჩინელები მიწებს აფრიკაში ყიდულობენ, ევროპისა და ამერიკის საერთაშორისო კორპორაციები კი ბრაზილიასა და არგენტინას ამჯობინებენ.

მიწა ჩუმად გაუყიდეს...

გორის რაიონის სოფელ ზეღდულეთის მოსახლეობას მოულოდნელი პრობლემა შეექმნა: ერთ დღესაც 400-კომლიანი სოფლის გლეხობას საძოვრებზე პირუტყვის გაშვება აუკრძალეს. აღმოჩნდა, რომ 75 ჰა საძოვარი გაყიდულია, ასევე 100 ჰა-მდე სარეზერვო მიწებიც. ფართობები ეკონომიკის სამინისტრომ ისე გაასხვისა, რომ სოფელში არაფერი იცოდნენ. ტერიტორიის დასამუშავებლად ინდოელმა მეპატრონემ ტრაქტორები მიიყვანა, რასაც მოსახლეობა შეეწინააღმდეგა და პოლიციასთან შეხლა-შემოხლაც მოხდა.

ზეღდულეთელებმა ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილების შეცვლა მოითხოვეს. შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ საძოვრები ოთხი წლის წინ გასხვისდა და ამაში ადგილობრივ ხელისუფლებას მონაწილეობა არ მიუღია.

ეკონომიკის სამინისტროში ამტკიცებენ, რომ ტერიტორია, რომელსაც სოფლის მოსახლეობა საძოვრებს უწოდებს, სახნავ-სათესის კატეგორიას მიეკუთვნება, ის საძოვარი არ ყოფილა და ამიტომ გასხვისდა. საძოვრის გაყიდვა კანონით აკრძალულია. 75,68 ჰა ტერიტორია 2008 წლის დეკემბერში, ღია აუქციონის წესით, ორ ფიზიკურ პირზე გაიყიდა, წლეულს თებერვალში კი ის შპს "ფუდლენდმა" იყიდა (წარმომადგენელი ჯავჰან სინგჰი). მიწის ძველ და ახალ მფლობელებზე სამინისტრო სხვა ინფორმაციას არ ფლობს.

ნონა ქვლივიძე