"ქსელური ომები" სასურსათო რითეილის ბაზარზე - კვირის პალიტრა

"ქსელური ომები" სასურსათო რითეილის ბაზარზე

რითეილის (საცალო გაყიდვების) ბაზარზე კონკურენცია მძაფრდება. სასურსათო სეგმენტი, მისი პირველადი საჭიროებიდან გამომდინარე, მომხმარებელში ყველაზე დიდი მოთხოვნით სარგებლობს.

მხოლოდ თბილისში დაახლოებით 3000 სურსათის სავაჭრო ობიექტია. ბაზრის მხოლოდ 11% მოდის სუპერმარკეტების ქსელების წილად, დანარჩენს კი ცალკეული სავაჭრო ობიექტები და არაორგანიზებული ვაჭრობა იკავებს.

სავაჭრო ქსელებს დიდი ამბიციები აქვთ და ისევე, როგორც ბევრ განვითარებულ ეკონომიკაში, ბაზარზე დომინანტური პოზიციისთვის იბრძვიან. აღსანიშნავია, რომ სხვა სავაჭრო ობიექტებთან შედარებით უპირატესობებიც გააჩნიათ, მაგალითად მომხმარებლის მომსახურების, პროდუქციის ასორტიმენტისა და ფასდაკლების თვალსაზრისით. დიდი ბრუნვის პირობებში, სუპერმარკეტების ქსელს ამა თუ იმ პროდუქციაზე მნიშვნელოვანი ფასდაკლება შეუძლია. ბიზნესის მასშტაბები მათ სხვა უპირატესობებსაც ანიჭებთ, რასაც ზოგჯერ ბოროტადაც იყენებენ.

ზარი ახლობელთან

მართალია, ამას ხმამაღლა არავინ აღიარებს, მაგრამ ცნობილი ფაქტია, რომ სუპერმარკეტების დიდი ნაწილი დისტრიბუტორებს თანხების გადახდას უგვიანებს და ხშირად, გაყიდული საქონლიდან მიღებულ შემოსავალს ისევ საკუთარი საჭიროებისთვის იყენებს. ჯერ ერთი, ეს ახლობლებისგან სესხად აღებული ფულივით არის, რომლისთვისაც საპროცენტო სარგებელს არ იხდი. მეორეც, სუპერმარკეტებთან შედარებით დისტრიბუტორები "პატარა ადამიანები" არიან-სხვა რა გზა აქვთ, მოიცდიან.

"ერთხელ მიმწოდებლებმა გადავწყვიტეთ, პირი შეგვეკრა და ცუდი გადამხდელი სუპერმარკეტებისთვის პროდუქცია აღარ მიგვეწოდებინა, მაგრამ არ გამოგვივიდა, რადგან მათ ბრუნვის დიდი მასშტაბები აქვთ, ჩვენ კი პროდუქციის რეალიზაცია მნიშვნელოვნად შეგვიმცირდა. "იოლის" სუპერმარკეტების ქსელს დღემდე აქვს მიმწოდებლების ვალი და ვერც მათ ახალ მენეჯმენტს მივაგენით სადმე. ძალიან ცუდი გადამხდელია ასევე "იბისი". დიდი ხნის წინ გაყიდული საქონლის ფულსაც არ იხდიან.

ზოგ ქსელს ახალი წლის შემდეგ არ აუნაზღაურებია ჩვენი კუთვნილი თანხები. ყველაზე დაჩაგრული ამ ბაზარზე მიმწოდებლები არიან, სუპერმარკეტები კი ჩვენს ფულს ატრიალებენ. რა თქმა უნდა, შესაბამისი დოკუმენტაციაც გვაქვს, საქონლის მიღება-ჩაბარების აქტიც, მაგრამ ამხელა მონსტრებთან სასამართლოში ჩივილს რა აზრი აქვს, თანაც ეს დამატებითი ფინანსური ხარჯია. ამიტომ დღეს საქართველოში ფულის ამოღების ერთადერთი საშუალება ის არის, თუ მაღალი სახელისუფლებო ეშელონებიდან დაარეკინებ ვინმეს",-ამბობენ დისტრიბუტორები და მიმწოდებლები.

ბრუნვის მასშტაბები სუპერმარკეტების ქსელებს საკუთარი საფასო პოლიტიკის წარმართვას უადვილებს. სწორედ ამიტომ, რიგი მწარმოებელი კომპანიები, მოგების ოპტიმალური მარჟის მისაღებად, მაღაზიების საკუთარი ქსელის შექმნას ამჯობინებენ. ამ გზით უშუალოდ გადიან მომხმარებელზე და სუპერმარკეტებსაც ფასებით მანიპულირების შესაძლებლობას უმცირებენ.

სუპერმარკეტების ქსელები თავისი პროდუქციის სარეალიზაციოდ შექმნეს სურსათის მწარმოებლებმა "ნიკორამ" და "მითანამ". ეს უკანასკნელი, ფინანსური მოსაზრებების გამო, ბაზრიდან მალევე გავიდა. როგორც ამბობენ, "მითანას" მაღაზიების დახურვის მიზეზი არაეფექტიანი მენეჯმენტი გახდა. "ნიკორა" კი საქართველოს მასშტაბით 70-ზე მეტ მაღაზიას ფლობს. თავიდან რითეილის ბაზარზე თავისი საფირმო მაღაზიებით გამოჩნდა, 2008 წლიდან კი სუპერმარკეტის მომსახურების პრინციპზე გადასვლა დაიწყო.

სუპერმარკეტების ქსელს ქმნის კვერცხისა და ქათმის ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანია "კოდა". ამ ეტაპზე "კოდას" თბილისში ორი სუპერმარკეტი აქვს, სამომავლოდ კი ქსელის გაფართოებას საქართველოს სხვა ქალაქებშიც გეგმავს. სუპერმარკეტების ფართო ქსელი ჰქონდა კომპანია "იოლი ჯგუფს", რომელმაც მაღაზიების ქსელი ცოტა ხნის წინ ლიტველ ბიზნესმენებს მიჰყიდა. ახალი მენეჯმენტი ქსელის გაფართოებას გეგმავს და მომავალი წლისთვის თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში 11 ახალი სუპერმარკეტის გახსნას აპირებს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ "იოლი ჯგუფი" სასურსათო საწარმოსაც ყიდის. კომპანიაში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება გაყიდვის შესახებ „იოლის“ დამფუძნებელმა ლადო კვარაცხელიამ მიიღო. ოფიციალურად არ სახელდება, მაგრამ როგორც ამბობენ, მიზეზი ფინანსური პრობლემებია. ალკოჰოლურ სასმელზე გაკეთებული წარწერისთვის-"კონიაკისებური", კომპანია შემოსავლების სამსახურმა 1,5 მილიონი ლარით დააჯარიმა. "იოლის" საწარმოს გაყიდვის შემთხვევაში, "იოლი ჯგუფის" შემადგენლობაში მხოლოდ ალკოჰოლური სასმელების კომპანია "სამგორი ალკო" დარჩება.

ერთ-ერთი ყველაზე ძველი სუპერმარკეტების ქსელი თბილისში "იბისია". მისი პირველი მაღაზია 1999 წელს გაიხსნა და ქალაქის სხვადასხვა უბანში 11 მაღაზია ჰქონდა. "იბისი" "თიბისი ბანკის" ქოლგის ქვეშ გაერთიანებული კომპანიების რიგშია. 11 მაღაზიიდან "იბისის" დღეს 7 სავაჭრო ობიექტი შერჩა. ხილიანის ქუჩაზე "იბისის" ერთ-ერთი სუპერმარკეტის იჯარა ცოტა ხნის წინ კომპანია "პოპულიმ" გადაიბარა და იქ თავის სავაჭრო ობიექტს ხსნის. "პოპულის" სუპერმარკეტი ჩაანაცვლებს ასევე "ლივოს" ყოფილ სავაჭრო ობიექტს ბუდაპეშტის ქუჩაზე. ამჟამად "პოპულის" წილად სასურსათო რითეილის ბაზრის დაახლოებით 7% მოდის. მას ყველაზე დიდი ქსელი აქვს საქართველოში და ბაზარზე 45 მაღაზიით არის წარმოდგენილი.

"პირდაპირ არ ვიცი, როგორ შეგამოწმებ"

რაც შეეხება "გუდვილის" ქსელს, ეს კომპანია ბაზარზე ერთი ჰიპერმარკეტითა და ორი სუპერმარკეტით (თბილისსა და ბათუმში) არის წარმოდგენილი. აღარავისთვისაა საიდუმლო, რომ სუპერმარკეტების ქსელი "ჯიმარტი", რომელიც ჯერ მხოლოდ ორ სავაჭრო ობიექტს ითვლის, "გუდვილის" შვილობილი კომპანიაა. "გუდვილი" მაღალშემოსავლიან სეგმენტზეა გათვლილი, "ჯიმარტში" წარმოდგენილი პროდუქცია კი შედარებით ხელმისაწვდომი ფასებით გამოირჩევა და "გუდვილის" სუპერმარკეტებისგან განსხვავებით, თბილისის ისეთ რაიონებში მდებარეობს, სადაც უმეტესწილად მოსახლეობის დაბალშემოსავლიანი ფენა დადის საყიდლებზე.

ბიზნესის განვითარების გეგმის თანახმად, "ჯიმარტის" სუპერმარკეტების ქსელი წლის ბოლოსთვის კიდევ უნდა გაფართოვდეს, თუ, რა თქმა უნდა, კომპანია "გუდვილში" მიმდინარე ფინანსური შემოწმება რამე მნიშვნელოვანი პრობლემით არ დასრულდება. ჩვენი ინფორმაციით, შემოსავლების სამსახური კომპანიაში ფინანსური დოკუმენტაციის შემოწმების საბაბით შევიდა.

სამი მაღაზიიდან მხოლოდ ერთი დარჩა სუპერმარკეტების ქსელ "აკვავიტეს". ბაზარზე შემოსულია ახალბედა "სმარტი". ამბობენ, რომ ეს მაღალტექნოლოგიური სუპერმარკეტების ქსელია, ოღონდ ჯერ მხოლოდ ერთი მაღაზიით არის წარმოდგენილი. "სმარტი" "ვისოლის" შვილობილი კომპანიაა.

ფაქტია, რომ სურსათით ვაჭრობა საკმაოდ მომგებიანი ბიზნესია და საქართველოში ეს ბაზარი, ორგანიზებული ვაჭრობის თვალსაზრისით, ჯერ კიდევ ასათვისებელია, შესაბამისად, მიმზიდველიც. რამდენიმე ხნის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ხელისუფლებას ამ ბაზარზე უცხოელი ინვესტორების შემოყვანა სურდა.

შესაძლოა, ეს უბრალო დამთხვევაა (თუმცა ძალიან მიახლოებულია რეალობასთან), მაგრამ "იოლის" სუპერმარკეტების ქსელის მენეჯმენტში ცოტა ხნის წინ ლიტველი ინვესტორები შევიდნენ და "იოლი" ახლა იმ ეტაპზეა, როდესაც ახალი ძალებით უნდა შეუტიოს ბაზარსა და კონკურენტებს. "გუდვილში" კი შემოსავლების სამსახური ზის და ფინანსურ დოკუმენტაციაში დარღვევებს ეძებს. ამდენად, ჩნდება "საფუძვლიანი ეჭვი", რომ რითეილის ბაზარზე "აკრძალული თამაშების" მსხვერპლი შესაძლოა ნებისმიერი "ხელის შემშლელი" სუბიექტი გახდეს.

ციფრების ენით

- თბილისში დაახლოებით 3000 სურსათის სავაჭრო ობიექტია.

- სუპერმარკეტების ქსელების წილად ბაზრის 11% მოდის.

-სასურსათო რითეილის ბაზარზე ყველაზე დიდი ქსელი "პოპულის" აქვს-დაახლოებით 7%.