ყველაზე რთული პერიოდი პურზე ფასის შენარჩუნებისთვის მომდევნო ორი თვე იქნება - კვირის პალიტრა

ყველაზე რთული პერიოდი პურზე ფასის შენარჩუნებისთვის მომდევნო ორი თვე იქნება

"წლიურად მოხმარებული ხორბლის 10-12% ადგილობრივი მოსავალია, თუმცა ეს სტატისტიკაც არ არის ზუსტი"

რუსული ხორბალი, რომელზეც საქართველოა დამოკიდებული, ტონა უკვე 300 დოლარამდე ღირს. 67-68 ლარამდე გაიზარდა ერთი ტომარა ფქვილის ფასი ადგილობრივ ბაზარზე, 15-20 თეთრით გაძვირდა ზოგიერთი სახეობის პური და პურპროდუქტები, გაძვირება არ შეხებია ე.წ. სოციალურ პურს, რომელსაც პანდემიის პირობებში სახელმწიფო აფინანსებს და ფასების დაჭერას ამ გზით ცდილობს. ფქვილის სუბსიდირების ოთხთვიანი სახელმწიფო პროგრამის ვადა 1-ლ აპრილს იწურება. გააგრძელებს თუ არა ხელისუფლება ნომერი პირველი სოციალური პროდუქტის ფასის ხელოვნურად დაჭერას, თუ აპრილიდან პურის გაძვირებული ფასი დამატებით ტვირთად დააწვება ჩვენს ჯიბეს?

ლევან სილაგავა, ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი:

საქართველოს სასურსათო მოხმარებისთვის წელიწადში 600-700 ათასი ტონა ხორბალი სჭირდება. მოცულობის ცვალებადობა დამოკიდებულია წლის განმავლობაში ხორბლის ფასის ცვალებადობაზე.

მაგალითად, თუ ხორბლის ფასი დაღმავალია, რაც ბოლო დროს არ ყოფილა, მაშინ ნაკლები ხორბალი შემოდის, რადგან ყოველი შემდგომი შესყიდვისას ფასი შესაძლოა უფრო დაბალი იყოს. შესაბამისად, ასეთ დროს კომპანიები დიდ მარაგებს არ აკეთებენ და წლის განმავლობაში ნაკლები ხორბალი შემოდის. მაგრამ თუ ფასი აღმავალია, მაშინ ცდილობენ იაფად შეძენილი ხორბლის მეტი გარდამავალი მარაგი შექმნან. ამას ემატება ტურისტული ნაკადების გავლენაც. სამწუხაროდ, გასული წელი არ იყო ამ მხრივ სახარბიელო და მარაგში, 2019 წელთან შედარებით, დაახლოებით 50 ათასი ტონა ხორბლით ნაკლები გვქონდა.

წლის განმავლობაში მოხმარებული ხორბლის 10-12% ადგილობრივი მოსავალია, თუმცა ეს სტატისტიკაც არ არის ზუსტი, რაკი თავად ფერმერებს არა აქვთ წარმოებული პროდუქციის აღრიცხვის ვალდებულება. ამიტომ ეს მაჩვენებელი შედგენილია ყანების ფართობზე მოწეული ხორბლის საშუალო მაჩვენებლის გამოანგარიშებით. ხორბლის დანარჩენი 88-90% იმპორტირებული ხორბალია, საიდანაც 90-95% რუსულ ხორბალზე მოდის. ბოლო ორ წელიწადში ძალიან ცოტა შემოვიდა ყაზახური და ამერიკული ხორბალი. აშშ-დან ხორბლის შემოტანას დრო სჭირდება, ამასობაში რუსეთიდან გემით სამჯერ მოასწრებ შემოტანას. მანქანით უფრო ნაკლები დროა საჭირო და შესაბამისად, ტრანსპორტირების ფასიც ბევრად ნაკლებია. ამასთან, ამერიკიდან ხორბლის დიდი რაოდენობა უნდა წამოიღო - მინიმუმ 30 ათასი ტონა, რაც რისკია, რადგან ჩამოსვლამდე შესაძლოა ფასი შეიცვალოს, მათ შორის, შემცირდეს კიდეც. სირთულეს წარმოადგენს ამერიკიდან ხორბლის იმპორტირებისთვის ფულადი სახსრების მოზიდვაც, ერთბაშად სამჯერ მეტი თანხა გჭირდება, ვიდრე რუსეთიდან შემოტანისთვის.

ყაზახეთიდანაც ტრანსპორტირება უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე რუსეთიდან, მაგრამ ბოლო დროს გააქტიურდა ეს მიმართულება, რადგან რუსეთმა სამჯერ გაზარდა ფასი ხორბალზე. პირველ ეტაპზე, გასული წლის ბოლოს, კვოტირება გამოაცხადა და დაადგინა, რომ თებერვლიდან ივნისის ჩათვლით 17,5 მილიონ ტონაზე მეტ ხორბალს არ გაიტანდა ქვეყნიდან, თუმცა მაშინ არ უთქვამთ, რომ საბაჟო გადასახადს დააწესებდნენ. კვოტირების მიუხედავად, მაინც გადიოდა რუსეთიდან დაანონსებულზე მეტი ხორბალი, რის შემდეგაც დააწესეს საექსპორტო გადასახადი 1 ტონაზე 25 ევროს ოდენობით. ვერც ამან შეაჩერა რუსეთის ბაზარზე ფქვილის გაძვირება და 1-ლი მარტიდან საბაჟო გადასახადი უკვე 50 ევრომდე გაზარდეს. რატომ გახდა ზომების ასე გამკაცრება საჭირო? ჯერ ერთი, რუსეთიდან ექსპორტით გასული ხორბალი მსოფლიო ფასებთან შედარებით მაინც იაფი იყო და მეორე - ხორბლის რეალიზატორ კომპანიებს ერჩივნათ ექსპორტზე გაეყიდათ პროდუქცია და ვალუტა აეღოთ, ვიდრე რუსული წისქვილკომბინატებისთვის რუბლში მიეცათ. შესაბამისად, ადგილობრივ წისქვილკომბინატებს უწევდათ ძვირი ხორბლის ყიდვა, რადგან შიდა ფასი საექსპორტო ფასს მიჰყვა ზრდისას და საქმე იქამდე მივიდა, რუსეთში წისქვილკომბინატებს ხორბლის შოვნაც კი უჭირდათ. შესაბამისად, რუსეთს პურის გაძვირების პრობლემაც დაუდგა და ხორბლის ექსპორტის შეფერხება საექსპორტო ტარიფების დაწესებით სცადა. პურის გაძვირება რომ თავიდან აეცილებინათ, რუსეთმა დაიწყო სუბსიდირების პროგრამაც და ამისთვის 7 მილიარდი რუბლი გამოყო. წისქვილკომბინატებს დაევალათ სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში ფიქსირებულ ფასად მისცენ წარმოებული ფქვილის 70% პურის ქარხნებს. ჩვენი ქვეყნის მსგავსად, ამ რთულ პერიოდში პურის ფასის შესანარჩუნებლად ბევრმა ქვეყანამ მიმართა სუბსიდირებას. მაგალითად, აზერბაიჯანმა ხორბალი, ფქვილი და პური დამატებული ღირებულების გადასახადისგან გაათავისუფლა, თურქეთმა 44%-იანი ხორბლის იმპორტზე საბაჟო გადასახადი მოხსნა.

- პანდემიის პირობებში საქართველოში ფქვილის სუბსიდირების მექანიზმი ორჯერ ამოქმედდა. სუბსიდირების მოქმედი პროგრამა 1-ლ აპრილს იწურება. თქვენი აზრით, ხელისუფლება გააგრძელებს სახელმწიფო პროგრამას? ისევ არსებობს პურის გაძვირების საფრთხე ძვირი ხორბლის გამო? - მრავალმხრივი მსჯელობის შემდეგ გადაწყდა, რომ სუბსიდირებით ფასი შენარჩუნებულიყო ყოველდღიური მოხმარების ე.წ. ქარხნულ პურზე. მეპურეებმა თქვეს, რომ თუ შესაძლებლობა ექნებოდათ 1 ტომარა ფქვილი 53 ლარად შეეძინათ, პურს არ გააძვირებდნენ. შესაბამისად, სუბსიდიით ფქვილის სამიზნე ფასი 53 ლარით განისაზღვრა. გამოცხადდა სახელმწიფო პროგრამა, რომლის თანახმადაც, 1-ლი დეკემბრიდან 1-ლი აპრილის ჩათვლით თვეში 10 ათას ტონა ფქვილს ფიქსირებულ ფასად მიიღებდა 61 პურის ქარხანა, მათ კი აიღეს ვალდებულება, რომ პურის ფასს გასული წლის სექტემბრის ნიშნულზე დატოვებდნენ, ანუ 90 თეთრიდან 1 ლარამდე. გარდა ამისა, სახელმწიფო ტენდერში გამარჯვებულ წისქვილკომბინატებს განესაზღვრათ დამატებითი ვალდებულება, რომ შეთანხმებულ, ფიქსირებულ ფასად ფქვილის მიუწოდებლობის შემთხვევაში ეკისრებათ ჯარიმა 50 ათასი ლარის ოდენობით. რადგან ხორბლის ფასი სწრაფად იზრდებოდა, პირველი ტენდერი ორ თვეზე გამოცხადდა.

დეკემბერ-იანვარში თუ 1 ტომარა ფქვილი 63 ლარი ღირდა და სახელმწიფო სუბსიდიის სახით ყოველ ტომარაში 10 ლარს იხდიდა, დღეს ტომარა უკვე 68 ლარი ღირს და სუბსიდიაც 15 ლარამდე გაიზარდა.

- რომ არა სუბსიდირების პროგრამა, დაახლოებით რამდენით გაძვირდებოდა ე.წ. სოციალური პური? - ამას, ალბათ, მეპურეები უკეთ გეტყვიან, მაგრამ დაახლოებით 15-20 თეთრით უფრო ძვირი იქნებოდა. მართალია, ფქვილის ფასი პურის წარმოებაში წამყვანია, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ფასები გაზრდილია სხვა ნედლეულზეც, მათ შორის ზეთზე ბოლო ერთ წელიწადში 37%-ით, მოიმატა წყლისა და ელექტროენერგიის ტარიფმა.

დიდი ალბათობით შეიძლება ითქვას, რომ პურის სუბსიდირება 1-ლი აპრილის შემდეგაც გაგრძელდება, რადგან ხორბლის ფასი კვლავაც ძალიან მაღალია, 1 ტონისთვის 280-300 დოლარამდე.

მართალია, ბოლო პერიოდში ყაზახური ხორბალი შემოვიდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იაფად შემოვიდა, დაახლოებით ის ფასია, რაც რუსეთს საბაჟო ტარიფების დაწესებამდე ჰქონდა - 280 დოლარი 1 ტონისთვის. რუსული კი უკვე ასცდა 300-იან ნიშნულს და ყაზახურ ხორბალს, რომელიც რუსულზე უფრო ძვირი იყო, ახლა უფრო ხელსაყრელი ფასი აქვს.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ სახელმწიფოს აპრილიდან სუბსიდიის მექანიზმის გაზრდა ისევ მოუწევს? - ჯერ ამის თქმა ძნელია, რადგან ქვეყანაში 280 დოლარად ნაყიდი რუსული ხორბლის მარაგი არის. გარდა ამისა, იმავე ფასში შემოდის ყაზახური და კიდევ ხდება რუსეთიდან ფქვილის იმპორტი, თვეში დაახლოებით 1000-1500 ტონის, რომელზეც მათ საბაჟო ტარიფი არ დაუწესებიათ. მაგრამ ფქვილის ეს მოცულობა ძალიან ცოტაა, ჩვენ თვეში საშუალოდ 30 ათასი ტონა გვჭირდება. ვნახოთ, თუ ხორბალზე არსებული სურათი შენარჩუნდა, გაიზარდა შემოსული ფქვილის მოცულობა, შესაძლოა მოხდეს სახელმწიფო სუბსიდიის კორექტირება პირიქით, შემცირების თვალსაზრისითაც. გარდა ამისა, სუბსიდიის ასეთი ხანგრძლივი დროით ამოქმედება საჭირო აღარ იქნება, მაქსიმუმ ორ თვეს გახდეს საჭირო ფქვილზე ფასის დაჭერა, რადგან შემდეგ უკვე ახალი მოსავალი მოდის. ყოველთვის, როცა მოსავლის აღების თარიღი ახლოვდება და ელევატორების ე.წ. ჩაწმენდა ხდება, სადაც წინა წლის მარაგები აქვთ შენახული, ეს ყოველთვის აწვება ფასებს შემცირების თვალსაზრისით.

შესაბამისად, ფქვილის ფასზე ცოტა შვებას ველოდებით, თუმცა პურს რაც შეეხება, ასევე გასათვალისწინებელია სხვა ნედლეულისთვის ფასების ზრდა და ლარი-დოლარის კურსი. მაგალითად, 2018 წელს 1 ტონა ხორბლის ფასი 230 დოლარის ფარგლებშიც კი იყო, მაგრამ გაცვლითი კურსი იყო 1 დოლარისთვის 2,44 ლარი. დღეს იმავე ფასზე რომც ჩამოვიდეს ხორბალი, ლარის კურსი უკვე 3,32-ია.

- გამოდის, ყველაზე რთული პერიოდი პურზე ფასის შენარჩუნებისთვის მომდევნო ორი თვე იქნება. განსაკუთრებით ასეთ რთულ ვითარებაში რატომ არ შემოგვაქვს რუსეთიდან მეტი ფქვილი, რადგან მისი საბაზრო ფასი ტომარაზე დაახლოებით 4 ლარით ნაკლებია, ვიდრე ადგილზე დაფქული ხორბლისა? - ამ შემთხვევაში უკვე სასურსათო უსაფრთხოების საკითხებს ვაწყდებით. ხორბლის იმპორტის ფქვილით იმპორტით ჩანაცვლება ნიშნავს მარაგების მოსპობას, რადგან ფქვილს ხორბლის მსგავსად ვერ შეინახავ. სახელმწიფომ უნდა დაიცვას ბალანსი, მაგრამ არა ბაზრის ჩაკეტვითა და იმპორტის შეზღუდვით, არამედ სტრატეგია უნდა ჰქონდეს იმგვარი, სადაც მთავარი სასურსათო უსაფრთხოება იქნება. ნახეთ, რა მოხდება, თუ ფქვილის აგრესიული შემოტანა დაიწყო. რუსეთს აქვს ჰიბრიდული ომის მექანიზმები, სადაც შესაძლებელია პროდუქციაც იყოს გამოყენებული ბრძოლის იარაღად. თუ ფქვილზე მასშტაბურად გადასვლით ხორბლის მარაგებს მოვსპობთ და მოვშლით ჯაჭვს (ხორბალი ადგილზე, გზაში და ახალი კონტრაქტი), მაშინ წისქვილკომბინატები საბაზრო პრინციპებიდან გამომდინარე იძულებული გახდებიან სახსრები მიმართონ არა ხორბლის, არამედ ფქვილის შემოტანისკენ და მწარმოებლებიდან იმპორტიორებად გადაიქცევიან. ამას ეკონომიკური შედეგებიც ექნება, მათ შორის წარმოებებში თანამშრომლების დიდი ნაწილის დათხოვნა, რაც საბიუჯეტო გადასახადების შემცირებასაც ნიშნავს. სუბსიდირების მექანიზმიც სწორედ ამიტომ არ ჩაიდო ფქვილის იმპორტში. ერთი ტენდერის პირობების დარღვევითა და 10.000-ლარიანი საჯარიმო სანქციის დარღვევით დაინტერესებულ პირს შეუძლია მთელი ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება რისკის ქვეშ დააყენოს - არ შემოიტანს შეთანხმებისამებრ ფქვილის განსაზღვრულ პარტიას და ამით პურის დეფიციტს შექმნის ბაზარზე...

ისტორიულადაც, თუ მსოფლიოში ხორბლით ვაჭრობა თვეში 15 მილიონო ტონაა, ფქვილით ვაჭრობა 1 მილიონ ტონამდეც ვერ აღწევს. გარდა ამისა, როცა წისქვილკომბინატები თავიანთ ლაბორატორიებში ადარებენ ადგილობრივად წარმოებული ფქვილის ხარისხს რუსულთან, ეს უკანასკნელი შედარებით დაბალი მაჩვენებლებით ხასიათდება. მოგეხსენებათ, ჩვენი ფქვილი ტექნიკური რეგლამენტით კონტროლდება.

- ჰიბრიდულ ომში ფქვილზე დამოკიდებულება შესაძლოა მეტ რისკებს შეიცავს, მაგრამ არც ხორბალზე დამოკიდებულებაა უსაფრთხო. თეორიულად მაინც შეგვიძლია შევამციროთ რუსულ ხორბალზე დამოკიდებულების წილი და სხვა ქვეყნით ჩავანაცვლოთ? - გეთანხმებით, ერთ ქვეყანაზე, მით უფრო, მტრულად განწყობილზე, დამოკიდებულება მაღალ რისკებს შეიცავს, მაგრამ ხორბლის იმპორტის შემთხვევაში დრო გვრჩება მოქმედებისთვის. ქვეყანაში ყოველთვის არის 1,5-2 თვის მარაგი, რაც ნიშნავს, რომ ხელოვნური შეფერხების შემთხვევაში შეგიძლია სხვა ბაზარზე გადავერთოთ. 2019 წელს 114 კომპანია მუშაობდა ხორბლის შემოტანაზე, ამ თვალსაზრისით ბაზარი გახსნილია. დივერსიფიცირება კი, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, მაგრამ იმპორტში თითქმის შეუძლებელი. ექსპორტი ლავირების მეტ შესაძლებლობას გაძლევს, როცა შენ ყიდი, შეგიძლია სხვადასხვა ბაზარი მოიძიო. შემოტანის დროს კი აუცილებლად უყურებ ფასს. მექანიკურად ვერ შემოიტან სხვა ქვეყნიდან უფრო ძვირად, მაშინ სხვა შემოიტანს იაფად და დარჩები კონკურენციის მიღმა. ან უნდა იქნეს მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება და ოკუპაციის კანონში შევიდეს შეზღუდვები რუსულ ხორბალზე, რაც ნიშნავს, რომ უფრო ძვირი პროდუქციის შეძენა მოგვიწევს, ამის ფუფუნება კი ჩვენს ქვეყანას არა აქვს. სადაც იაფია, ხორბალიც იქიდან მოგვაქვს. იმპორტში დივერსიფიცირება ძნელია.