საგადასახადო-სადამსჯელო კოდექსი - კვირის პალიტრა

საგადასახადო-სადამსჯელო კოდექსი

საგადასახადო კოდექსი განახლდა, მაგრამ ძველი პრობლემები კვლავ რჩება. კოდექსში მთავრობამ მცირე ცვლილებით დატოვა ე.წ. ქრონომეტრაჟის წესი, რაც ბიზნესისთვის გადაულახავი პრობლემაა.

შემოწმების ამ ფორმამ დღემდე არაერთი კომპანია ვალებში ჩააგდო და ბევრის დახურვის მიზეზიც გახდა. ქრონომეტრაჟის წესი საწარმოს ერთი კვირის შემოსავლის წინა კვირის ბრუნვასთან შედარებას ითვალისწინებს. თუ საგადასახადოს თანამშრომელი აღრიცხავს, რომ სხვაობა 10%-ზე მეტია, საწარმოს აჯარიმებს. ჯარიმა სხვაობის ოცმაგი ოდენობისაა, რაც ხშირად საკმაოდ დიდი თანხა გამოდის და მცირე მეწარმებისთვის დამღუპველი ხდება.

ქრონომეტრაჟმა მოუღო ბოლო შპს"ბულაჩაური 2009"-ის თანამფლობელ ბეჟან ბერიკაშვილის ბიზნესს. პატარა რესტორანში 2008 წლის აგვისტოს ომის დროინდელი ნავაჭრი 2009 წლის იმავე დროის შემოსავალზე სულ რაღაც 300 ლარით ნაკლები აღმოჩნდა... საბოლოოდ, კვების ობიექტს 417 ათასი ლარის ჯარიმა დააკისრეს. ბერიკაშვილმა ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოში თვეობით იდავა, ბოლოს, სისხლის სამართლებრივი დევნის შიშით მთავრობას საგადასახადო შეთანხმება და ნებაყოფლობით 180 ათასი ლარის გადახდა შესთავაზა.

ყველაფერი კი მისი წილის გაყიდვითა და ბიზნესზე უარის თქმით დასრულდა. ქრონომეტრაჟის გამო თითქმის წელიწადია დაყადაღებულია კიდევ ერთი მეწარმის,"ხინკალ-ცენტრის" მფლობელ ნოდარ მოსულიშვილის ქონება."ხინკალ-ცენტრში" შემოწმებაზე შემოსავლების სამსახური შარშან 19 მარტს შევიდა. 19-დან 26 მარტამდე ნავაჭრი წინა კვირის შემოსავალს შეადარეს და სხვაობა 769 ლარი აღმოჩნდა. სხვაობა ძველი კოდექსით გათვალისწინებულ 50-მაგ ოდენობაზე გადაამრავლეს და მოსულიშვილს 38.447 ათასი ლარის გადახდა დააკისრეს.

ნოდარ მოსულიშვილი (ბიზნესმენი):"12-დან 18 მარტის ჩათვლით ნავაჭრი უფრო ნაკლები აღმოჩნდა, იმის გამო, რომ 13 მარტს ტელევიზიით მოდელირებული"ქრონიკა" გავიდა და იმ დღეებში ხალხი რესტორნებიდანაც და ქალაქიდანაც გარბოდა. დარბაზი ნახევრად ცარიელი იყო, ამის გამო ნავაჭრი შეგვიმცირდა. როგორ ჰგონიათ, ეს არ იმოქმედებდა ჩემს შემოსავალზე? ხოლო 20 მარტს, როდესაც ქრონომეტრაჟი ტარდებოდა, საქართველოს ნაკრებმა რაგბიში რუსეთი დაამარცხა.

ამ დღეს მთელ საქართველოს ექეიფებოდა, შესაბამისად, მეტი შემოსავალი მივიღეთ. რადგან სხვაობა 10%-ზე მეტი იყო, საგადასახადომ ამ თანხის ამოღების მიზნით საბანკო ანგარიშები და რა ქონებაც გამაჩნდა, დამიყადაღა. ეს შემოსავლების სამსახურში გავაპროტესტე, ფინანსთა სამინისტროში არსებულ დავების განხილვის საბჭოსაც მივმართე და მოვითხოვე, რომ ნავაჭრის შემცირება ფორსმაჟორად ჩაეთვალათ, მაგრამ გადაწყვეტილების შეცვლაზე უარი მითხრეს. დახმარებისთვის სავაჭრო-სამრეწველო პალატასაც მივმართე, სამი წერილი გავუგზავნე, მაგრამ პასუხი არ გამცეს.

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება სასამართლოში გავასაჩივრე და მოვიგე. 9 თებერვალს სააპელაციო სასამართლომაც გამამართლა. შარშან 1-ელი აგვისტოსთვის ჯარიმის ნორმა უკვე შეცვლილი იყო და შეეძლოთ, 50-მაგი ოდენობა 20-მაგამდე დაეწიათ, დაბალ ნორმაზე გადასვლა სასამართლომაც დაავალათ, მაგრამ ამაოდ. საქმე ახლა უზენაეს სასამართლოშია. სხდომის დანიშვნასა და ჩემი ჯარიმის საბოლოოდ ბათილად ცნობას ველოდები, მაგრამ ამას, სულ მცირე, სამი თვე დასჭირდება.. ამ ხნის განმავლობაში ანგარიშები, ქონება დაყადაღებული უნდა მქონდეს. ბანკშიც ვეღარ ვიხდი კრედიტს.

ქონების გაყიდვა რომ შემეძლოს, გავყიდდი, მაგრამ ყველაფერს ყადაღა ადევს. გამოუვალ მდგომარეობაში აღმოვჩნდი და იძულებული გავხდი, ფინანსთა სამინისტროსთან საგადასახადო შეთანხმებაზე წავსულიყავი, რომელიც თავისთავად ბიზნესთან ურთიერთობის მახინჯი ფორმაა. შეთანხმებაზე მოთხოვნა 11 მარტს დავწერე, სადაც მივუთითე, რომ თანახმა ვარ, 11 ათასი ლარი გადავიხადო.

თვე-ნახევარზე მეტი დრო გავიდა მას შემდეგ და ახლა მეუბნებიან, თქვენს განაცხადში ხარვეზი იყოო, არადა, კანონში უწერიათ, რომ პასუხი ათ დღეში უნდა მაცნობონ, მაგრამ მაწვალებენ და პასუხს განზრახ არ მცემენ. დავების საბჭოშიც იციან, რომ ეს საქმე წაგებული აქვთ, მაგრამ დრო გაჰყავთ.

ჩეკს თუ არ ვაძლევ კლიენტს, თანახმა ვარ, დამაჯარიმონ, ქრონომეტრაჟი რაღა საჭიროა? ქრონომეტრაჟის წესი უსამართლოა, იმიტომ რომ თვითონ კანონია უსამართლო. უამრავი მეწარმეა ჩემ დღეში, მაგრამ ხმას ვერ იღებენ, რადგან ბიზნესის დაკარგვის ეშინიათ. უცხოელი ბიზნესმენები გარბიან. ვისაც წასასვლელი არ აქვთ და აქ უნდა იცხოვრონ, დაშინებული არიან და გაჩუმებას ამჯობინებენ. ამ უსამართლობაზე ხმამაღლა იმიტომ ვლაპარაკობ, რომ ცოტა ხანში დასაკარგავი აღარაფერი მექნება. დავების საბჭოში ქრონომეტრაჟის გამო დაჯარიმებული უამრავი მეწარმის დავა მიმდინარეობს. ყოველ სხდომაზე მეწარმეების რიგი შედის და გადის, მაგრამ იქ გამართლებული არავინ მინახავს".

ქრონომეტრაჟის უსამართლობას ბიზნესომბუდსმენიც აღიარებს, რომელსაც მეწარმეები სხვა საგადასახადო ხარვეზებზეც ხშირად მიმართავენ.

გიორგი პერტაია (ბიზნესომბუდსმენი):"ქრონომეტრაჟი ხშირად მართლაც დიდ ცდომილებას იძლევა, რაც ბიზნესმენის დაჯარიმებას იწვევს. შემოწმების ეს წესი, რა თქმა უნდა, უსამართლოა. საგადასახადო სამსახურმა შემოწმების დროს ანგარიში უნდა გაუწიოს გაუთვალისწინებელ გარემოებებსაც, რამაც შემოსავლებს შორის სხვაობა გაზარდა, მაგალითად, გუდაურის სასტუმროს შემოწმებისას გათვალისწინებული უნდა იყოს მცირე თოვლი ან გზების ჩაკეტვა.

კვების ობიექტების ქრონომეტრაჟისას - რელიგიური დღესასწაულები და სხვა ფაქტორები. შემოსავლების სამსახურის ინსპექტორი ნებისმიერ სახინკლეში რომ შევიდეს, თანხებს შორის ცდომილებას აუცილებლად აღმოაჩენს. ადმინისტრირების თვალსაზრისით, ქრონომეტრაჟის პრობლემები ბოლო დროს შემცირდა, მაგრამ საგადასახადო კოდექსში აღნიშნული მუხლი მაინც რჩება. ქრონომეტრაჟი ინვესტორებისთვისაც დიდი პრობლემა იქნება, ეს ჩანაწერი კოდექსში ბევრ ინვესტორს აფრთხობს. ამ მუხლის შესაცვლელად აუცილებლად ვიმუშავებ".

ქრონომეტრაჟის შეცვლას ფინანსთა სამინისტრო ჯერჯერობით არ აპირებს. ფაქტია, რომ შემოსავლების სამსახურმა ეს მექანიზმი, საგადასახადო კოდექსის მუხლებს შორის"ჩამალულ" ბევრ სხვა პუნქტთან ერთად, ბიზნესის დაჯარიმების ბერკეტად დაიტოვა.

ნონა ქვლივიძე