სახიფათო პროფესია - ბიზნესმენი... ანუ რამდენ მილიონს გადაახდევინებენ ”კალასის” მეპატრონეს? - კვირის პალიტრა

სახიფათო პროფესია - ბიზნესმენი... ანუ რამდენ მილიონს გადაახდევინებენ ”კალასის” მეპატრონეს?

რამდენ მილიონს გადაახდევინებენ"კალასის" მეპატრონეს

ცოტა ხნის წინ შემოსავლების სამსახური სამშენებლო კომპანია"კალასის" ფინანსური დოკუმენტაციით დაინტერესდა. შესაბამისი შემოწმების შემდეგ, მაკონტროლებლების ვერსიით, კომპანია შემოსავლებს მალავდა, რაც"კალასის" დამფუძნებლისა და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გოჩა ძნელაძისა და მისი ორი თანამშრომლის დაპატიმრების მიზეზი გახდა. ჩვენი ინფორმაციით, ამჟამად დაკავებულებთან საპროცესო შეთანხმების დეტალები ზუსტდება. ბიზნესმენებისგან თავისუფლების სანაცვლოდ, არც მეტი და არც ნაკლები, 5 მილიონი ლარის გადახდას ითხოვენ.

ამ თემაზე მუშაობისას გონებაში სულ ხელისუფლების მიერ ინიცირებული პროექტი"ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე" მიტრიალებდა. თავის დროზე ხელისუფლებამ ეს პროექტი კრიზისში მყოფი სამშენებლო სექტორის წასახალისებლად, დასახმარებლად წამოიწყო. მართალია, ზოგიერთი დამოუკიდებელი ექსპერტი იმთავითვე ეჭვქვეშ აყენებდა ფულად ტრანზაქციებს, რომლებსაც სახელმწიფო ბანკების გავლით სამშენებლო კომპანიების დასახმარებლად ახორციელებდა, მაგრამ გაკოტრების პირას მყოფი დეველოპერების გადასარჩენად ამ ნაბიჯს ერთგვარი გამართლება ალბათ მაინც ჰქონდა. სხვათა შორის, პროექტის მეორე ეტაპზე კონკურსში სამშენებლო კომპანია"კალასიც" მონაწილეობდა და მერიის გარანტიით"საქართველოს ბანკისგან" დაფინანსებაც მიიღო.

კომპანია"კალასი" ამ ეტაპზე ორ მშენებლობას ასრულებს:"ვაკე პალასს" ბაგებში და"ავლაბარს". ავლაბარში კომპანია 1 კვ.მ. ფართს 750-800 დოლარად ყიდის, ხოლო"ვაკე პალასში" უძრავი ქონება, თეთრი კარკასის მდგომარეობაში, 1200-2000 დოლარამდე ფასობს. მაღალი ფასის მიუხედავად, ჩვენი ინფორმაციით,"ვაკე პალასში" თითქმის ყველა ბინა გაყიდულია. გეგმის თანახმად,"ვაკე პალასი" ექსპლუატაციაში ერთ თვეში უნდა შევიდეს, თუმცა თუ მის მეპატრონეებს სახელმწიფოს ხაზინაში სოლიდური თანხის შეტანა მოუწევთ, არ არის გამორიცხული, კომპანიას ფინანსური პრობლემები შეექმნას და კომპლექსის დასრულების ვადებმა გადაიწიოს.

გასაგები მიზეზების გამო, კომპანია"კალასში" დამფუძნებლისა და ორი თანამშრომლის დაკავების ფაქტზე არ საუბრობენ.

ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით"კალასის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერ მეგი სარიშვილსაც დავუკავშირდით, რომელმაც გოჩა ძნელაძის დაკავების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ დაგვიდასტურა. ამის შემდეგ"ეკოპალიტრა" ინფორმაციის გადამოწმებას სხვა გზით შეეცადა. რამდენიმე დღის წინ ბაგებში"ვაკე პალასის" სამშენებლო კომპლექსს ვეწვიეთ და იქ დასაქმებულ პერსონალს გავესაუბრეთ. მათაც დაგვიდასტურეს, რომ"კალასის" თავკაცები დაკავებული არიან და ამჟამად ხელისუფლებასთან გადასახდელი თანხის ოდენობაზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

ბიზნესიდან ფულის ამოღების მსგავსი ხერხები არახალია. როცა ხაზინას ფინანსური პრობლემები ექმნება, შემოსავლების სამსახური აქტიურდება და სამიზნედ ისეთ ბიზნესს ირჩევს, საიდანაც ფულის"ამოღების" მეტი შანსი აქვს. ფულის გადახდევინება ჯარიმების დაკისრების საბაბით იფუთება, ხოლო დაკავების სქემა აღმავალი ხაზით ვითარდება:

ჯერ აკავებენ კომპანიის ბუღალტერს, შემდეგ დირექტორს, ხოლო თუ ბიზნესი გაურჩდა და ფულის გადახდის თავიდან აცილებას შეეცადა, ჯერი მეპატრონეზეც მიდგება ხოლმე. ჩვენი ინფორმაციით,"კალასის" შემთხვევაშიც მსგავსი სცენარი განვითარდა. ჯერ კომპანიის მეიჯარე ფირმის მეპატრონე დააკავეს, რომელიც"კალასის" სამშენებლო ობიექტს მშენებლობისთვის საჭირო მასალით ამარაგებდა, შემდეგ ჯერი კომპანიის ერთ-ერთ დირექტორზე მიდგა, მას კი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გოჩა ძნელაძე მიაყოლეს.

თუმცა ასეთი ამბები საჯაროდ მაინც არ ხმაურდება. პირველ რიგში, ალბათ იმ იმედით, რომ შესაძლოა მაკონტროლებლებთან ან სამართალდამცავებთან გარიგება შედგეს და ჯარიმის მოცულობა შემცირდეს. ხელისუფლებაც ბიზნესის ამ დუმილით სარგებლობს და ამასობაში მომავალ სამიზნეს ირჩევს.

"ძნელაძის დაკავების გამო, კომპანიის ფინანსურ სამსახურს ბოლო თვის ხელფასი ჯერაც არ მოუცია. არადა, აქამდე სტაბილურად და, რაც მთავარია, კარგად გვიხდიდნენ. სამშენებლო სამუშაოები არ შეჩერებულა, მაგრამ დიდ გაურკვევლობაში ვართ, რადგან არ ვიცით, რა იქნება ხვალ. ეს სამშენებლო კომპლექსი ექვსი კორპუსისგან შედგება, აქედან ხუთი კორპუსი 13-სართულიანია, ერთი - 19-სართულიანი. სულ კომპლექსში 350 ბინა იქნება და უმეტესობა უკვე გაყიდულია. ეს საკმაოდ მაღალი ხარისხის მშენებლობაა და ადგილმდებარეობის გარდა, ესეც განსაზღვრავს მის მაღალ ფასს.

ფასის მიუხედავად,"ვაკე პალასზე" მოთხოვნა დიდია და ალბათ ეს არ გამოჰპარვია ხელისუფლებას, ამიტომაც გადაწყვიტეს, ახლა ფული იმათგან ამოიღონ, ვისაც ცოტა რამ მაინც შერჩენია. კახელი კაცი ვარ, სოფელი მივატოვე და დღე-ღამეს ვასწორებ, რომ ოჯახს რამე მივაწოდო. ასე თუ გაგრძელდა და ახლა სამშენებლო ბიზნესს დაერივნენ, ისევ გაჩერდება ყველაფერი და სამუშაოც აღარ გვექნება. კახეთშიც რა უნდა ვაკეთო, მოსავლის მოყვანამდე დრო სოფლის ბირჟაზე გაგვყავდა, ახლა კი იქ დგომაც აგვიკრძალეს. ჩამოივლის ხოლმე პოლიცია და სახლებში მიგვერეკება. პოლიციურ რეჟიმში ვცხოვრობთ", - გვითხრა"კალასის" სამშენებლო ობიექტზე დასაქმებულმა ერთ-ერთმა მუშამ.

ცნობილია, რომ სამშენებლო კომპანია"კალასის" დამფუძნებელი გოჩა ძნელაძე ყოფილ პარლამენტარ სანდრო ბრეგაძის სიძეა. ასევე, სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, სამშენებლო კომპანია"კალასის" წილში ყოფილი ფეხბურთელები, ძმები არველაძეებიც არიან.

ამასობაში ისევ"ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე" გამახსენდა, ამჟამად უკვე ახალი, მესამე ეტაპი. როგორც ცნობილი გახდა, სამშენებლო ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში, მერია 1 კვ.მ. ფართს კომპანიებისგან $400-ად შეისყიდის. მართალია, ეს თანხა მხოლოდ მშენებლობის თვითღირებულებას თუ აანაზღაურებს, მაგრამ ამას ვინ დაეძებს, როცა სახელმწიფო, წართმევის ნაცვლად რამის მოცემას გპირდება.

მართალია, მერე შესაძლოა გაცემული ათმაგად ამოიღოს ბიზნესიდან, მაგრამ ნათქვამია, მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტიაო. სხვათა შორის, სახელმწიფო მოხელეები ლამის გულში მჯიღის ცემით აცხადებენ ხოლმე, რომ მსგავსი პროექტები სახელმწიფო და კერძო სექტორის თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია; რომ ეს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, შეჩერებული მშენებლობების დასრულებასა და ეკონომიკური აქტივობის ზრდას შეუწყობს ხელს. მაგრამ თუ ბიზნესს ერთ ჯიბეში გროშს ჩაუდებ, მეორე ჯიბიდან კი მილიონს ამოაცლი, ფაქტობრივად, იმ ტოტს მოჭრი, რომელზეც ზიხარ. თუმცა ამას მხოლოდ მაშინ აცნობიერებ, როცა მიწას დაენარცხები...