შეღავათი თუ ბადე ჯარიმებზე"სათევზაოდ" - კვირის პალიტრა

შეღავათი თუ ბადე ჯარიმებზე"სათევზაოდ"

აუდიტორების მეშვეობით საგასადასახადო მეტი კომპანიის შემოწმებას შეძლებს

ხელისუფლების ბოლოდროინდელი ინიციატივა, რომ მეწარმემ მაკონტროლებელი ორგანო თავად აირჩიოს, ჯერ მხოლოდ მსჯელობის საგანია. პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის განმარტებით, საგადასახადო ინსპექტორი შესაძლოა კერძო აუდიტორმა ჩაანაცვლოს და აუდიტორული კომპანიის შემოწმების აქტი საგადასახადოს შემოწმების აქტად ჩაითვალოს. აუდიტორი კი საგადასახადოსგან უნდა იყოს ლიცენზირებული. მაგრამ ერთია მთავრობის მხრიდან შეთავაზება, მეორე - მისი ხორცშესხმა. კონკრეტული გადაწყვეტილებების გამოკვეთამდე, მეწარმეებსაც და კერძო აუდიტორებსაც ჯერჯერობით"დალოდების საათები" აქვთ. პირველ ეტაპზე პროექტი 3-6 თვის განმავლობაში, პილოტურ რეჟიმში ამოქმედდება.

ზურაბ ლალაზაშვილი (საერთაშორისო აუდიტური კომპანია BDO-ს მმართველი პარტნიორი საქართველოში, საქართველოს ბიზნეს-ასოციაციაში არსებული საგადასახადო-საბაჟო კომიტეტის თავმჯდომარე):"ჯერ იდეის განხილვა მიმდინარეობს და კომპანიებისთვის საქმიანი შეთავაზებები არ დაწყებულა. საუბარია საპილოტე რეჟიმში გადამხდელების შერჩევაზე, რომლებსაც აუდიტური კომპანიები შეამოწმებენ. თუმცა ჯერ უცნობია, რა კრიტერიუმებით შეირჩევიან თვით აუდიტური კომპანიები. სავარაუდოდ, აკრედიტაციის მისაღებად აუდიტორებსა და ასევე გადამხდელებსაც რამე პრინციპით დაყოფენ.

ეს შეიძლება იყოს წვრილი, საშუალო და მსხვილი გადამხდელები და მათი შემმოწმებელი აუდიტური კომპანიების გამორჩევა. მნიშვნელოვანია, როგორ გადაამოწმებს კერძო აუდიტორის მიერ უკვე შემოწმებულ მეწარმეს შემოსავლების სამსახური, ან თუ სახელმწიფომ მეწარმის შემოწმებისას დარღვევა აღმოაჩინა, პასუხისმგებლობა ვის დაეკისრება. ამჟამად განვიხილავთ ასეთ ვარიანტს, რომ მეწარმეს, რომელსაც აუდიტური კომპანია შეამოწმებს, შემოსავლების სამსახურის მხრიდან შემოწმება აღარ დაემუქროს, არამედ შემოწმდეს მეწარმის შემმოწმებელი კერძო აუდიტური კომპანია“.

შიშობენ, რომ აუდიტორი, რომელიც მეწარმეების შემოწმების უფლებას მიიღებს, შესაძლოა სახელმწიფოს წნეხის ქვეშ მოექცეს და შემოსავლების სამსახურის „საქმე აკეთოს“, ანუ მეწარმეების სერიულ დაჯარიმებას მიჰყოს ხელი. ზურაბ ლალაზაშვილი იმედოვნებს, რომ კერძო აუდიტორი პასუხისმგებელი არ იქნება შემოსავლების სამსახურის მიმართ, შესაბამისად, არც მეწარმის"გამოჭერაზე" იქნება გაფაციცებული, თუმცა ეს ალბათ ნაკლებად მოსალოდნელია.

რამდენად მიმზიდველი შეიძლება იყოს აუდიტური კომპანიებისთვის შემოწმებაზე მუშაობა? როგორც ირკვევა, შესაძლოა ბევრს ამ მიზნით აკრედიტაციის მიღება არც უღირდეს.

ფრიდონ ალშიბაია (აუდიტური ფირმა შპს „ააფ-კონსალტინგის“ მმართველი პარტნიორი):"აუდიტორული საქმიანობის ლიცენზია გაიცემა ნებისმიერ აუდიტურ კომპანიაზე, რომელშიც ერთი სერტიფიცირებული აუდიტორი მაინც მუშაობს. ლიცენზიას აუდიტორული საქმიანობის საბჭო გასცემს. ამ პროექტის მიზნებისთვის კი ლიცენზია შემოსავლების სამსახურმა უნდა გასცეს. ალბათ ეს არ გაკეთდება ყველა აუდიტური კომპანიისთვის. არ არის გამორიცხული, ზოგიერთმა მათგანმა ეს ლიცენზია არც აიღოს. მართალია, პროექტი თითქოს დამატებითი შემოსავლის მომტანია, მაგრამ ძალიან დიდია პასუხისმგებლობაც“.

როგორც ირკვევა, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ხელისუფლებისგან ეს იდეა წამოვიდა, ის არის, რომ შემოსავლების სამსახურს რესურსი არ ჰყოფნის, არ უღირს წვრილი კომპანიების დევნა. კერძო აუდიტორების მეშვეობით კი სახელმწიფო უფრო მეტ მეწარმეს შეამოწმებს. შესაბამისად, ბიუჯეტიც უფრო მეტად"იხეირებს". აქამდე შეუმოწმებელი ფირმების თუნდაც მცირე ჯარიმებმა, რომლებსაც კერძო აუდიტი დაარიცხავს, ჯამში შესაძლოა საკმაოდ დიდი თანხა შეადგინოს.

თუმცა ხელისუფლება, ცხადია, ამტკიცებს, რომ ეს ნაბიჯი ბიზნესის ხელშესაწყობისთვის იდგმება.

ფრიდონ ალშიბაია: „ჩემი აზრით, შემოსავლების სამსახურს რესურსი მართლაც არ ჰყოფნის. ვიცი რამდენიმე საწარმო, რომელთა შემოწმება ჯერ კიდევ შარშან უნდა დამთავრებულიყო და დღესაც გრძელდება. შეუძლებელია წინასწარ თქმა, ეს ინიციატივა რეალურად წაადგება ბიზნესს თუ არა. თუ არაკვალიფიციურად ჩატარებული აუდიტის გამო აუდიტური კომპანიისთვის დაკისრებული სანქციები დიდი იქნება, ბევრი აუდიტორი აღარ გარისკავს, შემოწმებას მაქსიმალური სიმკაცრით ჩაატარებს და ყველა სადავო თუ უდავო საკითხს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადაწყვეტს... საბოლოოდ მაინც მივალთ იმ მდგომარეობამდე, რომ გადამხდელისთვის მნიშვნელობა არ ექნება, „მგელი შეჭამს თუ მგლისფერი ტურა“. თუმცა ვნახოთ, ყველაფერს დრო გვიჩვენებს “.

გიორგი ცერცვაძე (შპს აუდიტურ კონცერნს „ცოდნისას“ გენერალური დირექტორი):"ახალი ინიციატივის ფარგლებში რამე შეთავაზება სახელმწიფოსგან არ მიგვიღია. თუ გადამხდელთა შემოწმების უფლება განურჩევლად ყველა აუდიტურ ფირმას მისცეს (მაგალითად, ახალლიცენზირებულ ფირმებსაც), ეს მძიმე შეცდომა იქნება. შესაძლოა ზემოაღნიშნული მიზეზები რეალური იყოს - შემოსავლების სამსახურს რესურსი არ ჰყოფნიდეს, ან ბიზნესის ხელშეწყობას ცდილობდეს. მინდა ვთქვა, რომ თუ იდეამ არ გაამართლა, „ბიზნესის სასიკეთოდ გადადგმული ნაბიჯი“ შეიძლება „ბიზნესისთვის გაწეულ დათვურ სამსახურად“ გადაიქცეს. დაჯარიმების საფრთხემ თითქმის ყველა მეწარმე აიძულა, აღრიცხვიანობა მოეწესრიგებინა და თავისი ბიზნესი „გაეთეთრებინა“, ახლა კი მას შეიძლება გაუჩნდეს იმედი, რომ დაჯარიმების საფრთხის წინაშე აღარ დგას და აუდიტურ კომპანიას ადვილად გაურიგდება“.

ბიზმესომბუდსმენი კი ამბობს, რომ მთავრობის ინიციატივის მიზანი ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის ნდობის აღდგენაა. გიორგი პერტაიას განცხადებით, კერძო აუდიტორის შემოწმება საგადასახადო სამსახურისთვის ხშირად არაფერს ნიშნავდა, მაინც ამოწმებდნენ და აჯარიმებდნენ კიდეც. გადამწყვეტი კი იქნება აუდიტური კომპანიების შერჩევა. რამდენად შესწვდება მათ მომსახურებას საშუალო ბიზნესი, ეს იმაზეა დამოკიდებული, მაგალითად, მხოლოდ ე.წ. „დიდი ოთხეული“ შეირჩევა (PricewaterhouseCoopers, Deloitte Touche Tohmatsu, Ernst & Young, KPMG), თუ აუდიტორების უფრო ფართო სპექტრი.

აუდიტური კომპანიებისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება საგადასახადო შემოწმებაზე აკრედიტაციის გაცემის პრინციპი და შემდეგ უკვე კონტროლის მექანიზმი. ზურაბ ლალაზაშვილის თქმით, მისი კომპანია მხოლოდ იმ შემთხვევაში დაინტერესდება, თუ დაინახავს, რომ ეს გრძელვადიანი სტრატეგიაა და არა ერთჯერადი ღონისძიება.

ციფრების ენით

- საქართველოში რეგისტრირებულია სამასზე მეტი აუდიტური კომპანია.

- რეგისტრირებულთაგან აქტიურად მოქმედია 20-30 კომპანია.

- 2011 წლის 1-ელი მარტის მდგომარეობით, საქართველოში რეგისტრირებულია 350 241 ბიზნესსუბიექტი.

თემურ იობაშვილი